ამერიკული ოჯახის პერსონაჟების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერიალის ძირითადი მსახიობები 2012 წელს, ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე

აქ წარმოდგენილია სერიალ „ამერიკული ოჯახის“ პერსონაჟების სია და მათი ზოგადი დახასიათება.

დანფების ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილ დანფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპ ჰამფრი „ფილ“ დანფი (ინგლ. Phillip Humphrey „phil“ dunphy; მსახ. ტაი ბარელი) — კლერ დანფის (ქალიშვილობაში პრიჩეტი) 15-წლიანი მეუღლე და „მაგარი მამიკო“, როგორც ამას თავის თავს თავად უწოდებს[1]. იგი ძირითადად თავის ცოლზე საუბრობს და ცდილობს სამ შვილთან ურთიერთობის გზების პოვნას[1]. სერიალში იგი მრავალ პერსონაჟს კონკურენტად ევლინება, მაგალითად: ფილი ყოველთვის ამარცხებს თავის ვაჟს კალათბურთში. ხშირ შემთხვევაში იგი ძალიან ინფანტილურია, რის გამოც კლერი მოიხსენიებს, როგორც „ბავშვი, რომელზეც დაქორწინებული ვარ“-ით. შვილების აღსაზრდელად იგი იყენებს თავისი მშობლების მეთოდებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ თანატოლივით უნდა ესაუბროს და მოიქცეს ისე, როგორც მისი მშობლები მოიქცეოდნენ[1].

ფილის როლის შემსრულებელი, ტაი ბარელი 2014 წელს

ფილი პროფესიით უძრავი ქონების აგენტია, რომელიც საქმეში ძალიან თავდაჯერებულია. მან ერთხელ თქვა: „მე შემიძლია ესკიმოსს ბეწვის ქურთუკიც კი მივყიდო“[1]. ფილს აქვს კულროფობიის (კლოუნების შიში) მძიმე შემთხვევა, რაც მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც ლუკის დაბადების დღეზე, მიჩელის წინააღმდეგობის მიუხედავად, კემერონი კლოუნის ფორმით მივიდა. როგორც შემდეგში განიმარტა, ეს შიში მას მას შემდეგ დაეწყო, რაც ტყეში მკვდარი კლოუნი იპოვნა. სერიალში ასევე ჩანს, რომ ფილს უყვარს სახლის შეკეთება, თუმცა კლერის მითითებებს არასოდეს ასრულებს. ამის მაგალითია ის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში კიბეზე ერთი საფეხურია გაფუჭებული, რომელსაც არ აკეთებს, ამასთან ერთად, მან არ მიამაგრა კედელზე წიგნების კარადა, რომელიც მიწისძვრისას კინაღამ ლუკს დაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილი ხშირად ავლენს სიმპათიას თავისი ცოლის ახალგაზრდა დედინაცვლის, გლორიას მიმართ. თუმცა იგი ამბობს, რომ კლერს არასოდეს უღალატებს, კალათბურთის ჩემპიონატისას მას გლორიამ აკოცა[1]. ცნობილია ისიც, რომ სკოლის პერიოდში ფილი ჩირლიდერი იყო, მისი დაბადების დღე კი 3 აპრილსაა.

ფილ დანფი ყოველთვის ცდილობს, რომ თავის სიმამრს, ჯეი პრიჩეტს თავი მოაწონოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯეი რთულად გამოხატავს გრძნობებს, ფილი კი შიშობს, რომ ამის გამო მას ის არ მოსწონს. თუმცაღა ჯეიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ფილი მისთვის არასასურველი სიძე იყო და მათ ქორწილამდე მისი ტეხასში გაშვებაც სცადა სამუშაოდ. ამის გამო ჯეი მას ხშირად აიგნორებს, რის გამოც ფილი ყველაფერს აკეთებს მისთვის თავის მოსაწონებლად. იგი ამაყობდა, რომ ჯეის დაეხმარა უკაბელო პრინტერის დაყენებაში. მესამე სეზონში იგი ოჯახს უჩვენებს, რომ ოსტატურად შეუძლია ცხენით ჯირითი და თოფის გამოყენება, თუმცა ჯეის გულს მაინც ვერ იგებს.

მწვავე უსიამოვნებებისა და შოკურ მომენტებში, როდესაც ადამიანთა უმეტესობა იბნევა ან ცენზურას არღვევს, ფილი სიტუაციის გამუხტვას სახუმარო ფრაზებით ცდილობს. მისი ხუმრობებიდან ირკვევა, რომ მოსწონს ისტორიული პიროვნება, ჯონ ფილიპ სუზა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილს არ შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტა. ეს პირველად მაშინ გამოვლინდა, როდესაც ვერ შეძლო მიჩელის სამსახურიდან გაშვება, რასაც მოჰყვა იმ ფაქტის გამოაშკარავება, რომ მას ოცი წლის წინ კლერთან დაშორება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო და ბოლოს ცოლადაც შეირთო.

მთელი სერიალის განმავლობაში ფიგურირებს ფილის სახლის შიდა კიბის ერთი გაფუჭებული საფეხური, რომლის შეკეთებაც მას ყოველთვის ავიწყდება. ამ საფეხურს ოჯახის თითქმის ყველა წევრი უჩივის, თავად ფილსაც ბევრჯერ წამოუკრავს ფეხი, რის შემდეგაც იგი ამბობს: „ეს საფეხური უნდა შევაკეთო!“ თუმცა შემდეგ გზას აგრძელებს და ავიწყდება.

კლერ დანფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლერ მელინდა დანფი (ინგლ. Claire Melinda Dunphy, ქალიშვილობის გვარია პრიჩეტი (ინგლ. Pritchett); მსახ. ჯულია ბოუენი) — ფილ დანფის მეუღლე, ჯეი პრიჩეტის ქალიშვილი, მიჩელის უფროსი და, გლორიას გერი, მენისა და ჯოის ნახევარდა, დანფების ოჯახის დიასახლისი და სამი რადიკალურად განსხვავებული ბავშვის დედა[2]. გათხოვებამდე იგი საკმაოდ ურჩი შვილი იყო და წლების განმავლობაში ეხვეოდა სხვადასხვა პრობლემაში. აღსანიშნავია, რომ მისი შვილებიც, განსაკუთრებით კი ჰეილი, იგივე შეცდომებს უშვებს, რომელთაც კლერი ახალგაზრდობაში უშვებდა. ხშირ შემთხვევაში სტრესის გამო წყობიდან გამოდის და მთელს ოჯახს ეჩხუბება, თუმცა საბოლოოდ მოსიყვარულე და მზრუნველ დედად რჩება[2]. როდესაც სჭირდება, იგი კარგად იყენებს ჰეილის თავისუფალ და უპასუხისმგებლო, ალექსის ადვილად სამართავ და ლუკის მგრძნობიარე ხასიათს[2]. აღსანიშნავია, რომ კლერს საკმაოდ ხშირად აღიზიანებს თავისი ქმრის, ფილის თვისებები.

კლერის როლის შემსრულებელი, ჯულია ბოუენი 2014 წელს

კლერი ერთობ აზარტული და კონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მართალია. იგი ძალიან მკაცრი და სისუფთავის მოყვარულია. კემერონი და მიჩელი მას გამოცდილ მშობლად აღიქვამენ, ამიტომაც არაერთხელ მიმართეს რჩევისთვის. კლერს განსაკუთრებულად მოსწონს სირბილი და კითხვა. მას ასევე საოცრად უყვარს ჰელოუინის დღესასწაული და მისთვის ყოველთვის ცდილობს, რომ კარგად მოემზადოს. ეპიზოდში „საშინელებათა სახლი“ ირკვევა, რომ მეზობლებს კლერის რეალისტური საშიში დეკორაციების ეშინიათ, რის გამოც თავს არიდებენ. აღსანიშნავია, რომ კლერი ოჯახის ყველაზე აქტიური წევრია და უყვარს ორგანიზაციული საქმეების კეთება. როდესაც მას ყოფილი თანამშრომელი სტუმრობს ირკვევა, რომ კლერს წარმატებული კარიერა ჰქონდა სასტუმროების ქსელის მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა ქორწინებისა და ჰეილიზე დაორსულების გამო სამსახურიდან წამოვიდა. მოგვიანებით იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს სამსახურის მიტოვების გამო, რაც მისი ყოფილი თანამშრომლის წარმატების დანახვამ განაპირობა, თუმცა საბოლოოდ ხვდება, რომ მისთვის ოჯახი უფრო პრიორიტეტულია[3].

კლერი პერფექციონისტია. ამასთან დაკავშირებით ფილმა განაცხადა: „როდესაც ყველა დანარჩენი სილამაზეს ხედავს, ის უმცირეს შეცდომას უყურებს“. სერიალიდან ისიც ირკვევა, რომ მას არ გამოსდის საჩუქრების შერჩევა. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ფილმა ქორწინების წლისთავზე მას ძვირფასი სამაჯური აჩუქა, კლერმა კი მას ხუთი უფასო ჩახუტების კუპონი მისცა, რითაც დიდად ამაყობდა.

გარდა ღვიძლი (მიჩელი) და ნახევარ (ჯოი) ძმებისა, კლერს მამის მეორე ქორწინებიდან კიდევ ერთი ძმა ჰყავს მენი დელგადოს სახით, რომელიც მისი სისხლისმიერი ძმა არაა და მხოლოდ მისი დედინაცვლის შვილია, თანაც მისი შვილების ტოლია, თუმცა კლერი მას კარგად უგებს. აღსანიშნავია, რომ მას არ მოსწონდა გლორია, რის გამოც როგორც ირკვევა კლერმა საემიგრაციო სამსახურშიც დარეკა და მისი გადეპორტება სცადა, მაგრამ საბოლოოდ მას დაუახლოვდა. მიუხედავად ამისა, კლერს მისი ლამაზი ფორმების ყოველთვის შურს, რასაც არაერთხელ გამოხატავს. ამის გამო მას ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ გლორია ორსულად იყო, რადგან იმედოვნებდა, რომ ფიგურა დაერღვეოდა, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ კლერი გლორიას დედასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე საკუთართან.

ჰეილი დანფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეილი გვენდოლინ დანფი მარშალი (ინგლ. Haley Gwendolyn Dunphy Marshall; მსახ. სარა ჰილანდი) — კლერ და ფილ დანფების უფროსი და დაქორწინებული ქალიშვილი, რომელიც განასახიერებს სტერეოტიპულ ამერიკელ თინეიჯერს[4]. ჰეილი დაიბადა 1993 წლის 10 დეკემბერს[5]. სერიალის დასაწყისში იგი სოფომორის სკოლაში სწავლობს. სერიალში ჰეილი გამოყვანილია, როგორც ფლირტის მოყვარული გოგონა, რომელიც სოციალურ ურთიერთობებს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე განათლებას. იგი გულუბრყვილოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მშობლებთან კამათს ეხება. ამასთან ერთად, იგი ზოგჯერ საოცარ გამჭრიახობასა და ეშმაკობას ავლენს, მაგალითად მაშინ, როდესაც საპონს ტელეფონის ფორმა მისცა, რათა ოჯახურ შეჯიბრში მოეგო, რომლის მიხედვითაც ვინც ყველაზე დიდ ხანს გაძლებდა ტექნიკის გარეშე მანქანას უყიდდნენ, ჰეილიმ კი მოიტყუა, რომ ტელეფონზე საუბრობდა, რის გამოც ფილი დანებდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ჰეილიმ საპონს მისცა ტელეფონის ფორმა და ყველა მოატყუა[4].

ჰეილის როლის შემსრულებელი, ჰანა ჰილანდი 2015 წელს

ჰეილის ახლო ურთიერთობა აქვს მამასთან, რომელსაც განსაკუთრებით მაშინ დაუახლოვდა, როცა ფილმა მისი და დილანის ურთიერთობას დაუჭირა მხარი, განსხვავებით კლერისგან, რომელიც გამუდმებით ცდილობს წყვილის დაშორებას[4]. როგორც მესამე სეზონში გამოჩნდა, ჰეილიმ ქალწულობა სწორედ დილანთან დაკარგა. იგი სკოლაში პოპულარობით სარგებლობს და მოსწონს თავისი სოციალური სტატუსი. ის საკმაოდ აქტიური თინეიჯერია და აქვს სექსუალური ცხოვრებაც, რაც მისი და მშობლების ურთიერთობაში ხშირად იწვევს უხერხულობას. ჰეილი ფიქრობდა დილანთან ერთად გადასვლაზე, თუმცა საბოლოოდ კოლეჯში წავიდა. მეოთხე სეზონში ჰეილის კანონის დარღვევის გამო კოლეჯიდან აძევებენ, რის გამოც იგი მშობლიურ სახლს უბრუნდება. ამ დროს იგი ხსნის მოდის ბლოგს და ბიზნესისა და ფოტოგრაფიის შესასწავლად შედის საზოგადოებრივ კოლეჯში. საბოლოოდ იგი კარგი ფოტოგრაფი ხდება და გამოფენასაც აწყობს, რომელზეც მისი ნამუშევრები იყიდება. მეექვსე სეზონში იგი მუშაობას იწყებს დიზაინერ სინკლერის ასისტენტად. მეცხრე სეზონიდან იგი კომპანია ნერპში იწყებს მუშაობას.

მთელი მეექვსე სეზონის განმავლობაში ჰეილი ცდილობს ენდისთან (მისი ნახევარბიძის ძიძა) დაახლოვებას. უკვე ეპიზოდში „თეთრი შობა“ ჰეილი და ენდი ურთიერთობას იწყებენ. მეშვიდე სეზონის დასასრულს ენდიმ მას მის მშობლიურ ქალაქ იუტაში გადასვლა და იქ მუშაობა შესთავაზა, თუმცა ჰეილი უარს ამბობს და ისინი შორდებიან. როდესაც იგი ენდის აეროპორტში აცილებს, ჰეილი აღიარებს, რომ ის იყო პირველი კაცი, რომელიც მას „მართლა უყვარდა“. ამის შემდეგ იგი ურთიერთობას იწყებს სინოპტიკოს რაინერ შაინთან, თუმცა იმავე სეზონში შორდება. მეცხრე სეზონის მეცამეტე ეპიზოდიდან იგი ურთიერთობას იწყებს ალექსის ასტროფიზიკის მასწავლებელ ერვინ ფენერმანთან. მეათე სეზონიდან სერიალში განქორწინებული დილანი ბრუნდება, რომელიც აღიარებს, რომ კვლავ ჰეილი უყვარს. იმავე სეზონის მეოთხე ეპიზოდში ჰეილი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ დილანი უყვარს და მას აღარ დაშორდება.

ეპიზოდში „ქათამმა გზა გადაკვეთა?“ ჰეილი აღმოაჩენს, რომ დილანისგან ორსულადაა, რის შემდეგაც ისინი ქორწინდებიან, საბოლოოდ კი იგი მისგან ტყუპებს: პოპისა და ჯორჯს აჩენს.

ალექს დანფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა ანასტასია „ალექს“ დანფი (ინგლ. Alexandra Anastasia "Alex" Dunphy; მსახ. არიელ უინტერი) — კლერ და ფილ დანფების შუათანა ქალიშვილი, რომელიც სერიალის დასაწყისში თითქმის 13 წლისაა, მეხუთე სეზონში კი 16 წლის ხდება. მისი პერსონაჟი სწავლაზე ორიენტირებული, თუმცა მაინც მიმზიდველია. ალექსი და-ძმებს შორის ყველაზე ჭკვიანი და ჰეილის აბსოლუტური ანტიპოტია. იგი ერთობ განათლებულია და ყოველთვის უფრო სწავლაზე ფიქრობს, ვიდრე მეგობრების შეძენაზე, სოციალურ ცხოვრებასა და ბიჭებზე[6]. როგორც ზედაპირული დისა და მოსულელო ძმის შუათანა და, ალექსი ხშირად ცდილობს მათ გასულელებას, რაც ძალიან მოსწონს[6]. იგი ყოველთვის სარგებლობს მათი გულუბრყვილობით და ცდილობს სისულელეები გააკეთებინოთ, მაგალითად: პირველ სეზონში ალექსი და-ძმას არწმუნებს, რომ დამჯდარი ელემენტი თმაზე ხახუნით დაიტენება და ისინიც დაუყოვნებლივ ცდილობენ ამ „ტექნიკის“ გამოყენებას[4]. მან ასევე დაარწმუნა ლუკი, რომ კლერი დედამისი არ იყო და რეალურად იგი ფილს ძველი შეყვარებულისაგან ჰყავდა, რომელიც მის წასაყვანად მოდიოდა. ასევე ალექსმა მოატყუა ლუკი, რომ ჯეი მალე მოკვდებოდა[4].

ალექსის როლის შემსრულებელი, არიელ უინტერი 2015 წელს

როგორც სტერეოტიპული წინდახედული ბავშვის გასახიერება, ალექსი სხვებთან შედარებით თავისი ინტელექტის გამო უპირატესობას გრძნობს, რასაც გამუდმებით უჩვენებს ყველას. იგი ყოველთვის ცდილობს პრივილეგიების მოპოვებას, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ჩელოზე დაკვრა ისწავლა, რადგან ჩელოზე უფრო დიდი მოთხოვნაა ვიდრე ვიოლინოზე, ამიტომაც სკოლის ორკესტრში მოხვედრის უფრო დიდი შანსი ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზოგჯერ თავს თანატოლებისგან იზოლირებულად გრძნობს (ერთხელ მშობლებს მწუხარებით უთხრა: „მე მეგობრები არ მყავს“), სკოლაში მსგავსი ბავშვები ჰყავს შემოკრებილი, რომლებიც მას აკერპებენ. მიუხედავად ამისა, იგი ხშირად იღებს რჩევებს ჰეილისგან, რადგან იგი უკეთ ერკვევა სოციალურ ურთიერთობებში. სწორედ დის გავლენით შეცვალა მან სკოლის დამამთავრებელ საღამოზე გამოსასვლელი სიტყვა. მესამე სეზონში იგი დისტანციურ ურთიერთობაში იმყოფებოდა ვაიომინგში მცხოვრებ ბიჭთან, რომელიც ინტერნეტით გაიცნო. შემდეგ სეზონში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა იგი გეი აღმოჩნდა, თუმცა თავად მან ამის შესახებ არ იცოდა.

როგორც გაირკვა ალექსს ძალიან ცოტა ძილი ჰყოფნის, რაც მაშინ გამომჟღვნდა, როდესაც მთელი ღამის ნათევი კვლავ საოცარ ენერგიაზე იყო და თავის სამხატვრო პროექტზე ფიქრობდა. ეპიზოდში „გატეხილი გული“ გაირკვა, რომ ალექსი ჰემოფობია (ადამიანი, რომელსაც სისხლის ეშინია). მეხუთე სეზონიდან იგი სათვალეების ტარებას იწყებს. მეექვსე სეზონიდან იგი სწავლის გასაგრძელებლად საუკეთესო კოლეჯს ეძებს, რათა მალე ჩაირიცხოს და „ოჯახს თავი დააღწიოს“. ალექსი ჰარვარდის უნივერსიტეტში არ მიიღეს, თუმცა კალტექში ჩაირიცხა, სადაც მეშვიდე სეზონიდან სწავლობს. საბოლოოდ ირკვევა, რომ აქ იგი სენჯეი პატელს ხვდებოდა, თუმცა როდესაც ეს ამბავი გასაჯაროვდა, უკვე დაშორებულები იყვნენ.

მერვე სეზონში ალექსი ურთიერთობას იწყებს ბენთან, რომელიც ბაბუამისის კომპანია „პრიჩეტის კარადები და ჟალუზები“-ში მუშაობს. მოგვიანებით იგი მასაც შორდება. იმავე სეზონის მეცხრე სერიაში იგი მეხანძრე ბილს ხვდება, რომელმაც იგი დაწვას გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სიმპათიური და ათლეტური იყო, ალექსი მას შორდება, რადგან ის საკმარისად განათლებული არ იყო მისთვის.

ლუკ დანფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკას ფილიპ „ლუკ“ დანფი (ინგლ. Lucas Philip "Luck" Dunphy; მსახ. ნოლან გაუდი) — კლერ და ფილ დანფების ნაბოლარა, მესამე შვილი და ერთადერთი ვაჟი, რომელიც ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მოსწონს[7]. მას სახელი დიდი ბაბუის, ლუკასის (დედამისის დედის, დიდი პრიჩეტის მამა) პატივსაცემად დაარქვეს. წინდაუხედავი ხასიათის გამო ხშირად ეხვევა პრობლემებში, მაგალითად: ერთხელ თავის დას შემთხვევით სათამშო თოფიდან ტყვია მოარტყა, რისთვისაც ანალოგიურად დაისაჯა. მას სკოლაში მენისთან კონფლიქტიც ჰქონდა, რა დროსაც დაუფიქრებლად წამოისროლა დედისგან განაგონი ფრაზა და მენის დედას, გლორიას „ოქროზე მონადირე“ უწოდა, რაც შემდეგში კლერსა და გლორიას შორის უთანხმოებაში გადაიზარდა[7]. ლუკს უყვარს თამაში და როგორც ბავშვების უმეტესობას, ხშირად არ ესმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებას, რის გამოც არც თუ ისე იშვიათად აქვს პრობლემები.

ლუკის როლის შემსრულებელი, ნოლან გაუდი 2015 წელს

ლუკს ასევე მრავალი კითხვა აწუხებს, რომლებიც საეჭვო ქმედებებისაკენ უბიძგებენ, მაგალითად: ბისერში თავის გაჭედვა, თავზე ყუთის ჩამოცმა, ტრამპლინზე გადახტომა და ა.შ.[7] ორივე მშობელი თანხმდება, რომ მათ „ბურთი დაუვარდათ“ (მეტაფორულად ნიშნავს, რომ შეცდომა დაუშვეს) ლუკის აღზრდისას. რამდენჯერმე ოჯახის სხვადასხვა წევრმა მის გონებაჩამორჩენილობაზეც იეჭვა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ იგი ხუთ წლამდე საფენებით დადიოდა[8]. ფილმა ერთხელ კლერს უთხრა, რომ ლუკს ყველაზე სულელ ბავშვად მიიჩნევდა, თუმცა შემდეგ კლერის მოსაზრებას დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც ჰეილი უფრო სულელი იყო, ვიდრე ლუკი.

პრობლემების გამო მშობლებმა ლუკი ფსიქოლოგთანაც მიიყვანეს, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ნორმალური ბავშვი იყო, უბრალოდ ზედმეტად ბევრი კითხვა აწუხებდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ფილს და კლერს ლუკი ფსიქოლოგთან დარჩათ, თუმცა ანერვიულებულებმა აღმოჩინეს, რომ იგი მარტო დაბრუნდა სახლში, რის გამოც გამოიტანეს დასკვნა, რომ ის მათ გარეშეც შეძლებდა პრობლემებთან გამკლავებას და მარტო ცხოვრებას.

შემდეგში ლუკმა განაცხადა, რომ არ სურდა კოლეჯში წასვლა და უნდოდა, რომ ილუზიონისტი გამხდარიყო. იგი ასეც მოიქცა, თუმცა შემდეგ ჯეის კლუბში დაიწყო მუშაობა, რითაც დაამტკიცა, რომ შეეძლო ოჯახის დახმარება.

იგი ხშირად თამაშობს Nintendo 3DS-ს. მთელი სერიალის განმავლობაში იგი ხშირად თამაშობს და ურთიერთობს თავის თანატოლ მენისთან, რომელიც ოფიციალურად ბიძად ერგება, თუმცა მისი მეგობარია. ხშირ შემთხვევაში ისინი მარტონი არ თამაშობენ და აწყობენ გეგმებს, დგამენ სცენებს და ა.შ. იმის გამო, რომ ლუკი 28 ნოემბერსაა დაბადებული, მისი დაბადების დღე ზოგჯერ მადლიერების დღეს ემთხვევა[9].

დილან მარშალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილან სტარდასტ მარშალი (ინგლ. Dylan Stardust Marshall; მსახ. რედ ეგვინი) — ჰეილის სკოლისდროინდელი შეყვარებული, შემდეგში კი მისი ქმარი და შვილების მამა. საშუალო სკოლაში სწავლისას იგი გიტარაზე უკრავდა, ბენდში მღეროდა და კოლეჯში წასვლას გეგმავდა. მას ხშირად უხერხულ სიტუაციაში აყენებს ფილი, რომელსაც სურს, რომ ემეგობროს[4]. დილანს მრავალმხრივი ინტერესები აქვს, მაგალითად: უყვარს ძველი დასავლეთ ევროპული ფილმები. აღსანიშნავია, რომ იგი ზოგჯერ ინტერესს იჩენს კლერის მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მასზე და ჰეილიზე ეროტიული სიზმარი ნახა და ერთხელ ვალენტინის დღეს უთხრა: „თქვენს ასაკში ყველა დედა ისევე გემრიელად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც თქვენ“. ამის გამო კლერს დილანი არ მოსწონს და გამუდმებით ცდილობს, რომ ჰეილის სხვა ბიჭები გააცნოს, თუმცა ჰეილი საბოლოოდ ყველა მათგანს შორდება. დილანმა ჰეილისათვის დაწერა სიმღერა, სახელად „მთვარის შუქზე“, რომელიც მისი ოჯახის წინ შეასრულა. ვინაიდან სიმღერა სექსზე იყო, ოჯახის წევრებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მის შესრულებას. ცნობილია, რომ მისი შთაგონების წყარო ბობ დილანის, სამ 41-ის, ბლინკ-182-ისა და ბენდ ახალი ბავშვების შემოქმედებაა.

მას შემდეგ, რაც ჰეილი ქორწინების შეთავაზებაზე უარს ეუბნება, დილანი სერიალს დროებით ტოვებს. მოგვიანებით ალექსმა გამოააშკარავა, რომ ჰეილიმ ქალწულობა სწორედ დილანთან დაკარგა. ეპიზოდში „დისნეილენდში“ ირკვევა, რომ დილანს არც ისე წარმატებული კარიერა აქვს და რომ იგი ჯამბაზად მუშაობს. აქ ჰეილი და დილანი რიგდებიან კლერის ნების საწინააღმდეგოდ. მეოთხე სეზონში იგი კემისა და მიჩელის სახლში გადადის საცხოვრებლად, რადგან ნასვამმა კემერონმა მას დაუფიქრებლად შესთავაზა მათთან გადასვლა, თუმცა გამოფხიზლებული წყვილი ვერ ბედავს წინადადების უკან წაღებას, საბოლოოდ კი გაბრაზებული ლილი უყვირის დილანს და აიძულებს სახლიდან წასვლას. მერვე სეზონში დილანი ექიმზე ქორწინდება, სახელად ელენ კოლჩეკი, თუმცა მას მალევე გაეყარა და ისევ ჰეილის დაუბრუნდა. საბოლოოდ დილანი და ჰეილი ქორწინდებიან, ჰეილი კი მისგან ტყუპ ბავშვებს: პოპისა და ჯორჯს აჩენს.

პრიჩეტ-დელგადოს ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეი პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეის როლის შემსრულებელი ედ ო’ნელი 2015 წელს

ჯეი ფრენსის პრიჩეტი (ინგლ. Jay Francis Pritchett; მსახ. ედ ო’ნელი) — კლერის, მიჩელისა და ჯოის მამა, გლორიას მეორე ქმარი, ჰეილის, ალექსისა და ლუკის ღვიძლი ბაბუა, ლილის შეძენილი ბაბუა, ფილისა და კემის სიმამრი, მენის მამინაცვალი. იგი არის კარადებისა და ჟალუზების მწარმოებელი კომპანიის მფლობელი, ოჯახის უმდიდრესი წევრი და მისი უფროსიც მრავალ სიტუაციაში. ჯეის აქვს მშრალი და სარკასტული იუმორის გრძნობა. როგორც მისი ვაჟი და ქალიშვილი, ჯეიც რეალისტია, თუმცა ზომიერად მგრძნობიარე, განსხვავებით მისი ცოლის, გლორიასაგან, რომელსაც არ ადარდებს, რომ ჯეი მასზე გაცილებით უფროსია. აღსანიშნავია, რომ ჯეის რთული ურთიერთობა აქვს, რასაც მიჩელის არატრადიციული ორიენტაცია კიდევ უფრო ართულებს. იუმორისტულ სიუჟეტებს თუ არ ჩავთვლით, მას არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვს თავის სიძე ფილთან, რომელსაც იგი ხშირად ბოროტად იყენებს, ან საერთოდ აიგნორებს. ამის გამო ფილი გამუდმებით ცდილობს ჯეისთვის თავის მოწონებას. თუმცაღა, მესამე სეზონში იგი ამბობს, რომ მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, ფილი მას ძალიან ჰგავს.

ჯეის პერსონაჟს უყვარს ტიპური მამაკაცისათვის დამახასიათებელი რაღაცები, მაგალითად: სპორტი, თვითმფრინავები და ა.შ. იგი ხშირად გამოხატავს თანაგრძნობას ოჯახის წევრების მიმართ და ცდილობს მათ დახმარებას, განსაკუთრებით თავისი გერის, მენისთან მიმართებაში. სერიალის პროგრესირებასთან ერთად მათი ურთიერთობაც უფრო პოზიტიური ხდება და საბოლოოდ ტიპური მამა-შვილის ურთიერთობა ხდება. ამის გამო ჯეი მენის მის მესამე შვილსაც უწოდებს. მესამე სეზონის ბოლოს ირკვევა, რომ გლორია ორსულადაა. იგი ამას ჯეის მხოლოდ მეოთხე სეზონში ეუბნება, რაზეც ჯეიმ უპასუხა, რომ მისთვის „ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ოდესმე განუცდია“. როგორც თავად ამბობდა, სურდა, რომ ბავშვი ბიჭი ყოფილიყო, რადგან გოგონებთან ურთიერთობა არ გამოსდის და კლერსაც მის გამო აქვს მამაკაცური თვისებები. საბოლოოდ ბიჭი დაიბადა, რომელსაც გლორიას დედის გავლენით ფულხენსიო დაარქვეს, თუმცა ყველა ჯოის ეძახის. აღსანიშნავია, რომ ჯეის ძალიან უყვარს თავისი ძაღლი, სახელად სტელა, რომელიც დიდად არ მოსწონს გლორიას, რაც ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი. ჯეის გამჭრიახი ხასიათი აქვს. იგი ვიეტნამის ომის დროს ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა. როგორც ერთ-ერთ ეპიზოდში გაირკვა, მისი დაბადების დღე 1 აპრილსაა.

გლორია პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლორია მარია რამირეს-პრიჩეტი (ინგლ. Gloria Maria Ramirez-Pritchett), ფორმალური გვარია დელგადო (ინგლ. Delgado (პირველი ქმრის გვარია)), ქალიშვილობის გვარია რამირესი (ესპ. Ramírez; მსახ. სოფია ვერგარა) — ჯეის მეორე ცოლი, მენისა და ჯოის დედა, კლერისა და მიჩელის დედინაცვალი. გლორია წარმოშობით კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიადანაა, ისევე, როგორც მისი როლის შემსრულებელი სოფია ვერგარა. იგი ერთობ მოსიყვარულე ცოლი და დედაა[10]. თავდაპირველად, ჯეის ოჯახი (განსაკუთრებით კლერი) არ იღებდა მას მასსა და ჯეის შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო. ერთ-ერთ ეპიზოდში ლუკი მას „ოქროზე მონადირეს“ უწოდებს, რაც მან თავისდროზე დედისაგან მოისმინა. პერსონაჟის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ესპანურის გავლენით ინგლისური სიტყვებისა და ფრაზების დამახინჯება და არასწორად გამოყენება. თავად ვერგარამ განაცხადა, რომ ასეთი სიტყვებიდან ბევრი მისი იმპროვიზირებული იყო[11]. ერთ-ერთ ეპიზოდში გლორიას ამის გამო მთელი ოჯახი დასცინის, გაბრაზებული გლორია კი ამბობს: „აბა თქვენ სცადეთ უცხო ენაზე საუბარი!“.

გლორიას როლის შემსრულებელი სოფია ვერგარა 2019 წელს

გლორია ყოველთვის მენის მხარესაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯეი მას მოუწოდებს, რომ ნაკლებად მგრძნობიარე იყოს და დამალოს თავისი ლათინური ფესვები. ზოგჯერ იგი მშობლის უცნაურ მიდგომას ავლენს. მაგალითად, როდესაც მენი დაიბადა გლორიას ქალიშვილი უნდოდა, ამიტომაც ცხოვრების პირველი წლები მენის გოგოსავით აცმევდა, შემდეგ კი მოატყუა, რომ ეს გოგონა ფოტოებიდან მისი გარდაცვლილი ტყუპისცალი დაა. იმავე სეზონში გლორიას მოსწონს მენის იდეა, რომ სკოლაში პონჩო ჩაიცვას, რასაც ჯეი არ ემხრობა. მოგვიანებით ისინი სკოლაში მიდიან და აღმოჩენენ, რომ მენი აპირებს პონჩოში გამოწყობილმა კლასელებისათვის ფლეიტაზე დაუკრას და კოლუმბიური ცეკვა შეასრულოს, რაც გლორიას არ მოეწონა და ჯეის ჩუმად უთხრა: „პონჩო თავისთავად მშვენიერია. მაგრამ პონჩო, პლუს ფლეიტა და პლუს სულელური ცეკვა? ჩემი შვილი ვაჟიშვილად მოკვდება“. ამის გამო იგი ჯეის სთხოვს, რომ მენის ფლეიტა გატეხოს და იგი ასეც იქცევა.

სერიალიდან ირკვევა, რომ გლორია ცუდი მძღოლია, რაც თავადაც იცის, მაგრამ როცა სხვები მიუთითებენ ამაზე იგი საშინლად ბრაზდება. იმის გამო, რომ მისი რამდენიმე ნათესავი ყასაბია, გლორიას არ უჭირს ცხოველების დახოცვა, რაც მისი ისტორიიდან ჩანს, როდესაც ყვება, რომ ერთხელ თავისი ხელით მოკლა ვირთხა, შემდეგ კი მისი სხეული ეკლესიის კართან დატოვა „რათა სხვა ვირთხებისათვის ეს გაფრთხილება ყოფილიყო“. ასევე თავისი ფესვების გამო მას ძალიან ცხარე საკვების ჭამა შეუძლია და აქვს ძლიერი რელიგიური ხედვები. იგი მორწმუნე კათოლიკეა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველ კვირას დადის მესაზე, მენიც დაჰყავს და ჯეისაც სთხოვს, რომ წავიდეს[10]. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რელიგიურობისა ახლო და თბილი ურთიერთობა აქვს მიჩელთან და მის ქმართან. იგი დიდ დროს ატარებს მათ შვილ ლილისთან, რადგან თავად მას არ ჰყავს ქალიშვილი. გლორიას ასეთი დამოკიდებულების გამო მიჩელმა და კემმა ის და ჯეი ლილის სავარაუდო მეურვეებად დაასახელეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე დაემართებათ.

გლორია არც ისე ნათელი წარსული აქვს. ვინაიდან იგი ღარიბული წრიდანაა და თმის სტილისტადაც მუშაობდა სალონში, კლერი ფიქრობს, რომ იგი ჯეის ფულის გამო გაჰყვა ცოლად, რის გამოც მას „ოქროზე მონადირე“ უწოდა. სერიალში ჩანს კიდეც, რომ გლორია მთლიანად ჯეის ხარჯზე ცხოვრობს, თუმცა თავად ყოველთვის ამბობს, რომ მასზე სიყვარულის გამო დაქორწინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ჯეიზე იმდენად უმცროსია, რომ მისი უფროსი შვილი, კლერი გლორიაზე უფროსია. უკვე მესამე სეზონში ირკვევა, რომ გლორია ჯეისგან ორსულადაა, თუმცა ეშინია, რომ ჯეის ეს არ მოეწონება, ამიტომაც ამ ამბავს მეოთხე სეზონამდე მალავს. თუმცაღა, ჯეის მისი ორსულობის ამბავი გაუხარდა. მოგვიანებით მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც დედამისის, პილარის გავლენით ფულხენსიო დაარქვეს და კათოლიკედ მონათლეს, თუმცა ოჯახში მას ყველა ჯოის უწოდებს. როგორც შემდეგში ირკვევა, გლორიას კრიმინალური წარსულიც აქვს, სამჯერ დაადეპორტეს ამერიკიდან, იძებნებოდა ფლორიდისა და ტეხასის შტატებში და ა.შ. ამ პრობლემების მოგვარებაში მას მისი იურისტი გერი, მიჩელი ეხმარება, მეექვსე სეზონში კი გლორია საბოლოოდ ხდება ამერიკის მოქალაქე.

მენი დელგადო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენის როლის შემსრულებელი რიკო როდრიგესი 2015 წელს

მანუელ ალბერტო ხავიერ „მენი“ დელგადო (ინგლ. Manuel Alberto Javier "Manny" Delgado; მსახ. რიკო როდრიგესი) — გლორიას უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან, რომელიც ხავიერ დელგადოსგან ჰყავს[12]. იგი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი პერსონაჟია ალექსის შემდეგ. სხვა პერსონაჟები ხშირად აღნიშნავენ, რომ იგი ასაკოვანივით აზროვნებს. სერიალში მენი ხშირად აძლევს საკმაოდ ბრძნულ რჩევას თავისზე გაცილებით უფროს ადამიანებს, რისი მაგალითიცაა მისი ცნობილი დიალოგი კლერთან ქორწინებასა და შვილებზე. ასევე მისი ხასიათის ერთ-ერთი მთავარი შტრიხია ყავის სმა, რადგან როდესაც იგი ჭკვიანურად საუბრობს, ხელში ყოველთვის ყავის ჭიქა უკავია. იგი ცდილობდა, რომ საფონდო ბირჟის ბიზნესში ჩართულიყო, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა და ბიოლოგიური მამის კვალდაკვალ აზარტული თამაშებისაკენ მიდრეკილება გამოამჟღავნა[12].

მენიმ დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო სიცოცხლის სიყვარული და ვნებიანობა, რაზეც თავად გლორიამ თქვა: „იგი ისეთივე მგზნებარეა, როგორც მამამისი“[10]. ამასთან, მენი ძალიან რომანტიკული ხასიათისაა, თუმცაღა პეპლების ძალიან ეშინია[12]. ამასთან, მას არ ეშინია ბედი სცადოს ასაკით უფროს გოგონებთან. აღსანიშნავია, რომ მას ერთ ხანს ჰეილიც მოსწონდა და რამდენჯერმე სცადა მასთან დაახლოვება, ერთხელ აკოცა კიდეც, თუმცა ამაოდ[12]. მას ძალიან მოსწონს თავისი ბიოლოგიური მამა, რომელიც სერიალში ძალიან იშვიათად ჩანს. თუმცაღა მენი მასზე დადებით კონტექსტში ხშირად საუბრობს, მაგრამ მისგან ხშირად რჩება იმედგაცრუებული. მენი თამაშობს სკოლის საფეხბურთო გუნდში და კარგი მოჭადრაკეა. მენი და მისი შეძენილი დის შვილი ლუკი კარგი მეგობრები არიან, მიუხედავად თავდაპირველი დაპირისპირებისა. ისინი ერთად ცდილობენ გოგონებთან ურთიერთობას და ამისათვის სქემებსაც ადგენენ.

ჯოი პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფულხენსიო ჯოზეფ „ჯოი“ პრიჩეტი (ინგლ. Fulgencio Joseph "Joe" Pritchett; მსახ. ჯერემი მაგუარი) — ჯეისა და გლორიას ერთადერთი საერთო შვილი. მესამე სეზონის ბოლო ეპიზოდში გლორია აღმოაჩენს, რომ ორსულადაა, რასაც მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდში ეუბნება ჯეის. დაბადებიდან მალევე ბებიამისის, პილარის გავლენით იგი კათოლიკედ მოინათლა და დაარქვეს დედამისის ბაბუის სახელი — ფულხენსიო, თუმცა მეორე სახელად ჯეიმ მას ჯოზეფი შეურჩია, ამიტომაც ოჯახის წევრები მას ჯოის უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოის და მენის დაბადების დღეები ემთხვევა, რაზეც გლორია ძალიან წუხს და ცდილობს, რომ დღე ორივე ვაჟს თანაბრად გაუნაწილოს. ეს მაშინაც გამოიკვეთა, როცა ჯეიმ სცადა მენის დაბადების დღის დეკორაციები ჯოისაზეც გამოეყენებინათ, მაგრამ გლორიამ უარი თქვა. რეალურად ჯოის არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი როლი და იგი უბრალოდ კადრში ჩანს ხოლმე. საბოლოოდ ჩანს, თუ როგორ ასწავლის მენი მას ესპანურსა და ცურვას.

სტელა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტელა (ინგლ. Stella; ნამდვილი სახელია ბრიჯიტი) — ფრანგული ბულდოგი პრიჩეტების ოჯახში, რომელიც სერიალში მეორე სეზონის 22-ე სერიიდან შემოდის. იგი თავიდან ერთი გამომგონებლის, გულიელმოს ძაღლი იყო, რომელმაც ის ჯეის აჩუქა. ჯეის მისი გაშვება უნდოდა, მაგრამ მოგვიანებით ძალიან შეუყვარდა და სამუდამოდ დაიტოვა. როგორც ყველა ძაღლი, სტელა ხშირად ანადგურებს ნივთებს, განსაკუთრებით გლორიას ძვირიან ფეხსაცმელებს, რაზეც მას მწვავე რეაქცია აქვს და არ მოსწონს სტელას სახლში ყოფნა. ამის საპირისპიროდ, ჯეი მისდამი დიდი სიყვარულით გამოირჩევა, რაც გლორიას ხშირად აფიქრებინებს, რომ ის ძაღლს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე ცოლს.

ტაკერ-პრიჩეტის ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჩელ პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჩელის როლის შემსრულებელი ჯესი ტაილერ ფერგიუსონი 2014 წელს

მიჩელ ვინსენტ „მიჩ“ პრიჩეტი (ინგლ. Mitchell Vincent "Mitch" Pritchett; მსახ. ჯესი ტაილერ ფერგიუსონი) — ჯეის უფროსი ვაჟი, კლერის უმცროსი ძმა, გლორიას გერი, მენის შეძენილი ძმა, ჯოის ნახევარ-ძმა, ჰეილის, ალექსისა და ლუკის ბიძა. ლილის მამებიდან ერთი. კემერონის 16-წლიანი პარტნიორი[13]. მეხუთე სეზონის ბოლოს ის და კემერონი საბოლოოდ ქორწინდებიან.

ის არის ზომიერი და ზრდილობიანი ადამიანი, თუმცა აქვს მრავალი მგრძნობიარე თვისება. უმეტეს შემთხვევაში ის კემერონის საწინააღმდეგო ხასიათისაა, რაც წყვილს შორის მსუბუქ უთანხმოებებს იწვევს. კემერონი ძალიან მგრძნობიარე და თავისუფალია, მიჩელი კი პირიქით. რბილი და მორიდებული ხასიათის გამო, მიჩელს კემერონის ქმედებები ხშირად აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. იგი არაკომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც საქმე ეხება მის პირად სივრცეში შეჭრასა და საზოგადოებაში გრძნობების გამოხატვას. იგი ზედმეტად ფრთხილი მამაა. სერიალში ასევე ჩანს, რომ მიჩელი გამოცდილი იურისტია, რის გამოც იგი რამდენჯერმე იცვლის სამსახურს თავისი სურვილისამებრ[14].

სერიალში რამდენჯერმეა წამოჭრილი მიჩელისა და ჯეის ურთიერთობის დაძაბულობა, რაც მისი ჰომოსექსუალობითაა გამოწვეული. ეს იმიტომ, რომ ხანდახან ჯეის რცხვენია სახალხოდ და განსაკუთრებით მეგობრებთან იმის აღიარების, რომ მიჩელი გეია, რაც მიჩელს ძალიან სწყინს და იწყება კონფლიქტი.

მიჩელი მუსიკალური თეატრის გულშემატკივარია და ბავშვობაში კლერთან ერად ფიგურული სრიალის ჩემპიონატშიც მონაწილეობდა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ყინულზე სრიალზე მეტად დასთან ერთად გუნდური მუშაობა მოსწონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ცუდად ერკვევა მამაკაცის ხელსაქმეში და არ გამოსდის ხელსაწყოებთან ურთიერთობა, რის გამოც, როდესაც მას რაიმე ინსტრუმენტი უჭირავს ხელში გარშემო ყველას ეშინია, რომ რაიმეს ავნებთ.მის სამუშაო კაბინეტში ჩამოკიდებული დიპლომებიდან ვიგებთ, რომ მიჩელი კორნელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში სწავლობდა სამართლის განხრით.

კემერონ ტაკერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კემერონის როლის შემსრულებელი ერიკ სტოუნსტრიტი 2015 წელს

კემერონ სკოტ „კემ“ ტაკერი (ინგლ. Cameron Scott "Cam" Tucker; მსახ. ერიკ სტოუნსტრიტი) — მიჩელის ქმარი რვა წლის განმავლობაში და თექვსმეტწლიანი პარტნიორი, ლილის მამებიდან ერთი, რომელსაც ერთობ მგრძნობიარე და დრამატული პიროვნება აქვს. ამის გამო მას ხშირად უწოდებენ „დრამის დედოფალს“[15].

მისი პიროვნება მიჩელის აბსოლუტური ანტიპოტია, რაც წყვილს შორის ხშირად აჩენს მსუბუქ კონფლიქტს. ცნობილია, რომ კემერონი 1972 წლის 29 თებერვალს დაიბადა და გაიზარდა მისურის შტატში მცხოვრები ფერმერების ოჯახში. იგი თამაშობდა ილინოისის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდში და ჯეის მსგავსად სპორტის დიდი მოყვარულია[15]. ამის გამო იგი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ხშირად მიჩელს მთავარ დამცველადაც ევლინება.

კემერონს აქვს ბევრი უჩვეულო ჰობი, მაგალითად: იაპონური ყვავილების შეგროვება, ანტიკვარული შადრევნების სიყვარული და კალმების კოლექცია. მას ასევე დამთავრებული აქვს ფიცბოს კლოუნების სკოლა, რის გამოც პროფესიონალი კლოუნია.[15]ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარს ფილმების გადაღება, თუმცაღა ძირითადად ოჯახის მნიშვნელოვან მომენტებს იღებს. იგი ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ფილმებთან ერთად, უყვარს ფოტოების გადაღება, რის გამოც ლილის სახლში ხშირად უწყობს პროფესიონალურ ფოტოსესიებს. სერიალში ისიცაა ნახსენები, რომ ბავშვის აყვანამდე კემერონი მუსიკის მასწავლებელი იყო. მას შემდეგ, რაც ლილი გაიზარდა, კემერონმა კვლავ დაიწყო მუშაობა, თუმცა ამჯერად იგი ლუკისა და მენის სკოლაში ფეხბურთის მწვრთნელი გახდა. იგი ასევე გამოცდილი როკ დრამერია, რაც მაშინ გამოჩნდა, როდესაც დილანის ბენდში მთავარი დრამერი ჩაანაცვლა.

სერიალიდან იმასაც ვიგებთ, რომ როდესაც კემმა მიჩელთან ურთიერთობა დაიწყო გამხდარი და უკეთესფორმებიანი იყო. სერიალის დასაწყისში მისი და მიჩელის ურთიერთობა დაძაბული იყო, რადგან მათ ბავშვის აღზრდის განსხვავებული მეთოდები ჰქონდათ, თუმცა ბოლო სეზონებში მათ ბედნიერი ურთიერთობა აქვთ[15]. ცნობილია ისიც, რომ კემერონი ფილმ „ოზის ჯადოქრის“ დიდი გულშემატკივარია[13].

მეოთხე სეზონში იგი მენისა და ლუკის სკოლაში მუსიკის მასწავლებელი ხდება, თუმცა მეხუთე სეზონიდან ძველი მასწავლებელი ბრუნდება და კემს ათავისუფლებენ. ამის გამო მან ისტორიის მასწავლებლობა სცადა, მაგრამ ვინაიდან ისტორია არ იცოდა გაკვეთილი ალექსმა ჩაატარა, კემი კი სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ხდება. მეექვსე სეზონში იგი მთავარ მწვრთნელად გადაიყვანეს, რამდენიმე გამარჯვებამ და მისმა ღია ჰომოსექსუალობამ კი მას ადგილობრივი პრესის ყურადღება მოუტანა. ბოლო სეზონში იგი საოცნებო სამსახურს იღებს მშობლიურ მისურიში, რის გამოც იგი მიჩელთან და ბავშვებთან ერთად იქ გადადის საცხოვრებლად, ლოს-ანჯელესის ახლადნაყიდ სახლს კი მალევე ყიდიან.

ლილი ტაკერ-პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდრი ანდერსონ-ემონსი 2014 წელს

ლილი ტაკერ-პრიჩეტი (ინგლ. Lily Tucker-Pritchett; მსახ. 1-2 სეზონებში ჯეიდენ და ელა ჰილერები, მე-3 სეზონიდან ოდრი ანდერსონ-ემონსი) — მიჩელისა და კემერონის ნაშვილები ვიეტნამელი ქალიშვილი. ცნობილია, რომ მას სახელი დაარქვეს სერიალ „სექსი დიდ ქალაქშის“ პერსონაჟ შარლოტ იორკ-გოლდენბლატის ქალიშვილის პატივსაცემად, რომელიც ასევე აზიიდან იშვილეს. პრიჩეტების მთელმა ოჯახმა იგი თავიდანვე დიდი სიხარულით მიიღო, თუმცაღა მიჩელს ეშინოდა, რომ ასე არ იქნებოდა[14]. ლილი ორივე მამასთან ახლოსაა, თუმცა როცა მიჩელი მუშაობს სახლში კემთან ერთად რჩება[15]. პირველ სეზონებში კემი მას ხშირად უწყობდა ფოტოსესიებს ისეთი ცნობილი პიროვნებების კოსტიუმებში, როგორებიც არიან: დაიანა როსი, ოლივია ნიუტონ-ჯონი, მადონა და სტივი უონდერი. მიჩელის ინიციატივით ლილის ფერბერის მეთოდით ზრდიდნენ, რის მიხედვითაც ბავშვმა ჯერ ბევრი უნდა იტიროს, შემდეგ კი თავისით დაიძინოს, რაც მას დამოუკიდებლად დაძინებას თავიდანვე აჩვევს. მის ტირილს კემერონი ხშირად ვერ უძლებდა და ცდილობდა ჩუმად დაეძინებინა, მაგრამ მიჩელმა კამერები დაუყენა.

პირველი ორი სეზონი ლილი არ საუბრობდა და მას ტყუპი დები, ჯეიდენ და ელა ჰილერები განასახიერებდნენ. მესამე სეზონიდან ტყუპებმა სერიალი დატოვეს, რადგან მათმა დედამ განაცხადა, რომ არ მოსწონდა შვილების მსახიობობა[16], ამიტომაც ლილის როლი ოდრი ანდერსონ-ემონსმა მოირგო, რომელსაც თავიდანვე მისცეს ტექსტი და სერიალში ლილიმაც ლაპარაკი დაიწყო[16]. ლაპარაკთან ერთად ლილიმ გამოავლინა თავისი სარკასტული და თეატრალური ხასიათი, რასაც ხშირად მიაწერენ მის მამებს. აღსანიშნავია, რომ იგი მესაკუთრე ხასიათისაა და როცა გაიგო, რომ მეორე ბავშვი უნდა აეყვანათ ეჭვიანობა დაიწყო და ყველა ბავშვს ხელს კრავდა ფრაზით: „მოშორდი ჩემს მამიკოებს!“.

ლარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარი (ინგლ. Larry) — ლილის, მიჩელისა და კემერონის კატა. იგი მეოთხე სეზონის პირველ სერიაში მიიყვანეს სახლში, მას შემდეგ რაც მიჩელმა და კემერონმა ვერ მოახერხეს მეორე ბავშვის აყვანა.

ოჯახის სხვა წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდის როლის შემსრულებელი შელი ლონგი 1996 წელს

დიდი პრიჩეტი (ინგლ. Dede Pritchett; მსახ. შელი ლონგი) — ჯეის პირველი ცოლი, კლერისა და მიჩელის დედა, ჰეილის, ალექსისა და ლუკის ბებია, ლილის შეძენილი ბებია, ფილისა და კემის სიდედრი. ხშირად ივარაუდება, რომ დიდი მენტალურად დაავადებულია მისი აგრესიული და მანიპულატორული ხასიათის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ მან უფრო მარტივად მიიღო მიჩელის სექსუალური ორიენტაცია, ვიდრე ჯეიმ. როგორც ცნობილია მას და მიჩელს ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც ჯეი მას „დედიკოს ბიჭს“ უწოდებს და რასაც ასევე ცუდად იხსენებს კლერი, რომელიც მამასთან უფრო ახლოს იყო. დიდი ამ ურთიერთობას იყენებს მიჩელის მანიპულირებისათვის და აკეთებინებს იმას, რასაც მოისურვებს. ცნობილია ისიც, რომ ჯეის მასთან განქორწინება ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როცა მათი შვილები სკოლაში დადიოდნენ. დისნეილენდში წასვლის წინ მომხდარი ჩხუბის გამო ჯეი მიხვდა, რომ მანამდე უნდა დაშორებოდა მას, სანამ ბავშვები სრულწლოვანები გახდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ჯეისთან ბედნიერ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა, მაინც მძიმე დამოკიდებულება აქვს გლორიას მიმართ. მათ ქორწილში იგი დათვრა, გლორიას შეურაცხყოფა მიაყენა, მათი საქორწინო ტორტი გაანადგურა და შემდეგ რამდენიმე კაცმა ძლივს გაიყვანა დარბაზიდან. დიდი ასევე პასიურ აგრესიას ამჟღავნებს კემერონისადმი მისი ჭარბი წონის გამო. იგი გარეგნობის გამო ხშირად აკრიტიკებს კლერსაც. მიუხედავად გლორიასთან და საკუთარ შვილებთან არეული ურთიერთობისა, დიდი მენისთან მეგობრობს. შემდეგში ირკვევა, რომ ის და მენი ერთმანეთს ხელნაწერ წერილებს სწერდნენ და პირად თემებზე საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ სერიალში დიდის ჩამოსვლაზე ბუნება აფრთხილებს პრიჩეტებს, რადგან მის მისვლამდე ცოტა ხნით ადრე დალაგებული სიტუაციები უეცრად ირევა.

მას შემდეგ, რაც დიდიმ გაიგო, რომ გლორია ფეხმძიმედაა, მათი ურთიერთობა დალაგდა. მათ საერთო ენა გამონახეს, რაც ჯეის ნაკლოვანებები აღმოჩნდა, რომლებიც ორივეს აღიზიანებდა. ამასთან მან გლორია გააფრთხილა, რომ ჯეი არ იქნებოდა ისეთი მამა, რომელიც ბავშვებს მოუვლიდა და საფენებს გამოუცვლიდა.

მეათე სეზონის ეპიზოდში „კარგი მწუხარება“ დიდი თავის მეგობრებთან ერთად მოგზაურობის დროს ძილში კვდება[17].

ფრენკ დანფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედ ვილარდი 2011 წელს

ფრენსის ალენ „ფრენკ“ დანფი (ინგლ. Francis Allen "Frank" Dunphy; მსახ. ფრედ ვილარდი) — ფილ დანფის მამა, კლერის მამამთილი, ჰეილის, ალექსისა და ლუკის ბაბუა. შობაზე დანფ-პრიჩეტების ოჯახი მას ვებკამერით ესაუბრება ხოლმე.

შობის შემდეგ ფრენკი სერიალში პირველად მაშინ ჩნდება, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის დროს ფილს სტუმრობს თავის ძაღლ სკაუტთან ერთად. ამ დროს იგი ფილის დედის გარეშე იყო, რამაც კლერს ეჭვები გაუჩინა, რომ ისინი დაშორდნენ[18][19]. მშვიდი და ლაღი ფრენკი ბრაზიანი და ცივი ჯეის ერთგვარი საპირისპირო პერსონაჟია. ეს იმაშიც მჟღავნდება, რომ შვილიშვილები ჯეის უჟმურ-ბაბუს (Grump-pa), ხოლო ფრენკს მხიარულ-ბაბუს (Fun-pa) უწოდებენ. ამის გამო ფილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს მამასთან, რომელიც მისთვის სამაგალითო და მისაბაძი პიროვნებაა.

მეოთხე სეზონის ბოლოს ფრენკის ცოლი გარდაიცვალა. მერვე სეზონიდან ფრენკი ფილის ბავშვების ძიძასთან, ლორენთან იწყებს ურთიერთობას. იმავე სეზონის მეცხრამეტე სერიაში ფრენკი და ლორენი ქორწინდებიან.

ეპიზოდში „მემკვიდრეობა“ ფილი ფრენკს ფლორიდაში სტუმრობს, მისგან სიახლეები მოისმინა და იმავე ეპიზოდის ბოლოს ფრენკიც კვდება.

ბენჯამინ ბრეტი 2013 წელს

ხავიერ დელგადო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხავიერ დელგადო (ესპ. Javier Delgado; მსახ. ბენჯამინ ბრეტი) — მენის ბიოლოგიური მამა და გლორიას პირველი ქმარი. სერიალის დაწყებისას ის და გლორია უკვე განქორწინებულები არიან. პილოტში გლორია ამბობს, რომ ყველაფერი რასაც ისინი აკეთებდნენ არის: „ჩხუბი და სიყვარულით დაკავება“. ასევე მისი თქმით, ერთ-ერთ ასეთ დროს მათ ფანჯარაც მოტეხეს. მენისათვის იგი ყოველთვის სამაგალითო მამაა, ხოლო ჯეის მასთან უსიამოვნო დამოკიდებულება აქვს, რადგან იგი ახსენებს, რომ მენის კიდევ ერთი მამა ჰყავს. როგორც აღმოჩნდა, მას ცხენით ჯირითის ნიჭი აქვს. ერთ-ერთ ეპიზოდში იგი თავის ინტელექტუალ შეყვარებულთან ერთად ჩნდება და გლორიას ბებიამისის ბეჭდის დაბრუნებას სთხოვს, რათა მას სთხოვოს ხელი, თუმცა შეთავაზებაზე უარს იღებს.

წარსულში ხავიერი ბეისბოლის პროფესიონალი მოთამაშე იყო. მას ასევე თავისი კავშირები აქვს ბეისბოლის მოთამაშეებსა და მატადორებთან. მოგვიანებით ის და ჯეი დაახლოვდნენ[20].

ბარბ ტაკერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბ ტაკერი (ინგლ. Barb Tucker; მსახ. სელია უესტონი) — კემერონის დედა და ლილის შეძენილი ბებია. იგი პირველად ეპიზოდში „დედა ტაკერი“ გამოჩნდა. ამ ეპიზოდში იგი მარტო სტუმრობს კემსა და მიჩს. იმ დროს, როდესაც კემერონი თავისი „შესანიშნავი დედით“ ამაყობს, მიჩელი დისკომფორტს განიცდის ბარბის შეუსაბამო შეხებების გამო. როდესაც მიჩელმა ამის შესახებ განაცხადა, ბარბმა ეს მიიჩო და მათი პრეტენზიები მოისმინა. მოგვიანებით მიჩელს ბოდიშიც მოუხადა. მიუხედავად ამისა, იგი თავის ქმედებებს ვერ აკონტროლებს და შიშველ მიჩელთან აბაზანაში შედის. მეორედ სერიალში იგი მათ ქორწილში ჩნდება, სადაც კინაღამ დაშორდა თავის ქმარს, მერლ ტაკერს, თუმცა გლორიამ და ჯეიმ მათი შერიგება მოახერხეს.

დონი პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონი პრიჩეტი (ინგლ. Donnie Pritchett; მსახ. ჯონათან ბანკსი) — ჯეის ძმა. იგი სერიალში სულ ერთხელ ჩანს სერიაში „კუნთებიანი კაცი“, რა დროსაც იგი ჯეისთან ჩადის სტუმრად, სადაც ირკვევა, რომ დონის კიბო აქვს. ამის შემდეგ იგი კემერონის მიერ დადგმულ ლუკისა და მენის სასკოლო მიუზიკლს ესწრება, შემდეგ კი ჯეისთან ემოციური საუბარი აქვს.

მერლ ტაკერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერლ ტაკერი (ინგლ. Merle Tucker; მსახ. ბარი კორბინი) — კემერონის მამა და ლილის შეძენილი ბაბუა. იგი პირველად ეპიზოდში „ბოლო მგელი“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მარტო სტუმრობს კემსა და მიჩელს. ამავე ეპიზოდში ირკვევა, რომ მას და ჯეის ერთმანეთი არ მოსწონთ, რადგან მერლი ფიქრობს, რომ ურთიერთობაში მიჩელია ქალის როლში, რასაც აგრძნობინებს კიდეც, ჯეის აზრით კი პირიქით, კემი უფრო „ქალურია“. საუბრის შედეგად მერლმა და ჯეიმ გადალახეს ეს დაბრკოლება და საბოლოოდ შერიგდნენ კიდეც, რის შემდეგაც კემსა და მიჩს საწოლის ჩარჩოს აწყობაშიც დაეხმარნენ. მეორედ სერიალში იგი ქორწილში ჩნდება ცოლთან ერთად, სადაც იგი ბარბს კინაღამ დაშორდა, რადგან მიაჩნდა, რომ გლორიას მსგავს მეორე ცოლს იშოვიდა, თუმცა გლორიამ და ჯეიმ ისინი შეარიგეს.

ელიზაბეთ პენია 2009 წელს

პილარ რამირესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილარ რამირესი (ესპ. Pilar Ramirez; მსახ. ელიზაბეთ პენია) — გლორიას დედა. იგი პირველად ჩნდება ეპიზოდში „ფულხენსიო“. ამ დროს იგი თავის მეორე ქალიშვილ სონიასთან ერთად კოლუმბიიდან ჩადის გლორიასთან ახლადდაბადებული ბავშვის სანახავად. აქ პილარმა აღიარა, რომ ჯეი არასოდეს მოსწონდა და ბავშვს მისი განსვენებული ქმრის პატივსაცემად ფულხენსიო უნდა რქმეოდა. ჯეი და გლორია მასთან დათმობაზე მიდიან და ბავშვს მართლაც ფულხენსიოს არქმევენ.

მოგვიანებით პილარი თავის ქალიშვილს კვლავ სტუმრობს, ოღონდ ამჯერად შობაზე. ამ ვიზიტისას იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა კლერს და მას უფრო თბილად და საკუთარი შვილივით ექცეოდა, ვიდრე გლორიას.

სონიას როლის შემსრულებელი მსახიობი 2014 წელს

სონია რამირესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონია რამირესი (ესპ. Sonia Ramirez; მსახ. სტეფანია ბეატრის ალვისური) — გლორიას და. სერიალში პირველად გამოჩნდა სერიაში „ფულხენსიო“, რა დროსაც დედასთან ერთად სტუმრობს გლორიას ახლადდაბადებული დისშვილი სანახავად. როგორც გამოჩნდა, წყალდიდობის შემდეგ მას სურდა კოლუმბიიდან წასვლა. ჯოის ნათლობისას ის და გლორია ჩხუბობენ, რადგან გლორიამ ამერიკაში წასასვლელად მისი ადგილი და სახელი მიითვისა, ამასთან, როგორც ირკვევა, ჯეის პირველად სონია მოეწონა და არა გლორია, თუმცა სწორედ მან მოახერხა მასზე დაქორწინება.

მოგვიანებით სონია კვლავ ბრუნდება სერიალში. იგი თავისი დის ოჯახს სტუმრობს, სადაც ცდილობს ჯეისთან დაახლოვებას, რადგან იგი ჯერ კიდევ მასზეა შეყვარებული. შემდეგ ცდილობს, რომ გლორია თავიდან მოიშოროს, როდესაც იგი ჯეის ეუბნება, რომ მას არ ენდობა. ამის შემდეგ ჯეი მიდის სონიასთან ოთახში, რათა შეაცდინოს, ამ დროს კი ამას საბავშვო მონიტორით იწერს, რომლითაც გლორიას მათი ესმის. ამით გამოაშკარავდა, რომ ჯეი მართალი იყო და დებს შორის ბრძოლა კვლავ განახლდა.

პემ ტაკერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პემერონ ჯესიკა „პემ“ ტაკერი (ინგლ. Pameron Jessica "Pam" Tucker; მსახ. დანა პოუელი) — კემერონის უფროსი და, ბარბისა და მერლის ქალშვილი. თავდაპირველად იგი სერიალში მაშინ ჩნდება, როდესაც კემთან და მიჩელთან ჩადის სტუმრად, რა დროსაც ირკვევა, რომ იგი კემის ბავშვობის სიყვარულზეა დანიშნული, რასაც და-ძმას შორის პატარა კონფლიქტიც მოჰყვება. სერიალში მეორედ კემისა და მიჩელის ქორწილში ჩნდება, თუმცა მხოლოდ ეპიზოდურად, მესამედ კი იგი ფრენკის ქორწილისას გამოჩნდა. ამ დროს იგი ორსულადაა და საბოლოოდ თავის პირველ ბავშვს აჩენს.

ბეკი პრიჩეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეკი პრიჩეტი (ინგლ. Becky Pritchett; მსახ. მერი ლუიზა უილსონი) — ჯეის და, გლორიას მული, კლერის, მიჩელისა და ჯოის მამიდა. სერიალში პირველად გამოჩნდა ეპიზოდში „კოცნა“, როდესაც მან მთელს ოჯახს უთხრა, რომ ჯეის მამამისმა მთელს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ აკოცა და ამიტომ იყო ასეთი გულცივი. მოგვიანებით იგი სერიალში კვლავ ბრუნდება, როდესაც მისი ვაჟის, ბრაიანის ქორწილში ჯეი, კლერი, დიდი და მიჩელი ჩადიან.

სერიალის მეცხრე სერიალში ბეკი კვლავ გამოჩნდა, რა დროსაც კლერმა მას ის ყელსაბამი შენიშნა, რომელიც მას ჯეისა და გლორიას ქორწილში ათხოვა და შემდეგ აღარ დაუბრუნა. პატარა გაუგებრობისა და ოჯახური სკანდალის შემდეგ ბეკი თავს იმართლებს, რომ დაბრუნება დაავიწყდა და კლერს მის ყელსაბამს აძლევს, რითაც ისინი კვლავ რიგდებიან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 http://abc.go.com/shows/modern-family/cast/phil-dunphy Abc.go.com. Retrieved February 11, 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 https://web.archive.org/web/20100131004538/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/claire-/274497 ABC.com. Archived from the original on January 31, 2010. Retrieved February 8, 2010.
  3. "Moon Landing". Modern Family. Season 1. Episode 14. Los Angeles, California. February 3, 2010. ABC.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 https://web.archive.org/web/20100130072114/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/haley-/274499 Abc.go.com. Archived from the original on January 30, 2010. Retrieved February 11, 2010.
  5. Haley's 21st Birthday
  6. 6.0 6.1 https://web.archive.org/web/20100918031044/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/alex/274503 Abc.go.com. September 23, 2009. Archived from the original on September 18, 2010. Retrieved February 11, 2010.
  7. 7.0 7.1 7.2 https://web.archive.org/web/20090909233802/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/luke-/274501 Abc.go.com. September 23, 2009. Archived from the original on September 9, 2009. Retrieved February 11, 2010.
  8. Season 8, Episode 11, 12:06
  9. https://mobile.twitter.com/nolan_gould/status/538390900087746560
  10. 10.0 10.1 10.2 https://web.archive.org/web/20101111212912/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/gloria/274489 Abc.go.com. Archived from the original on November 11, 2010. Retrieved February 11, 2010.
  11. Pinto, Rochelle (November 17, 2011). "Up close and personal with Sofia Vergara". hindustantimes.com. Archived from the original on August 25, 2013. Retrieved August 19, 2013. Vergara is also one of the few actors who get to improvise with the writers' permission. "I was worried in the beginning, thinking 'How will they know how a Latin woman thinks?' But now they even write my mispronunciations. The script will say (Gloria says something in Spanish) and then I'll just say whatever I think is funny."
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 https://web.archive.org/web/20101221121020/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/manny/274505 Abc.go.com. Archived from the original on December 21, 2010. Retrieved February 11, 2010.
  13. 13.0 13.1 Bowman, Donna. https://www.avclub.com/articles/the-old-wagon,45173/
  14. 14.0 14.1 https://web.archive.org/web/20101222163218/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/mitchell/274491 Abc.go.com. Archived from the original on December 22, 2010. Retrieved February 11, 2010.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 https://web.archive.org/web/20090909233736/http://abc.go.com/shows/modern-family/bio/cameron-/274493 Abc.go.com. Archived from the original on September 9, 2009. Retrieved February 11, 2010.
  16. 16.0 16.1 http://www.people.com/people/article/0,,20530028,00.html დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. People.com. Retrieved August 19, 2013.
  17. Roots, Kimberly. https://tvline.com/2018/10/24/modern-family-dede-dies-dead-death-season-10-episode-5-shelley-long-good-grief/. TVLine. Retrieved October 25, 2018.
  18. https://web.archive.org/web/20100114150320/http://www.fancast.com/blogs/2010/tv-news/fred-willard-due-for-big-modern-family-encore/ Xfinity TV. Archived from the original on January 14, 2010. Retrieved August 19, 2013.
  19. Wieselman, Jarett (March 3, 2010). https://web.archive.org/web/20121017183101/http://www.nypost.com/p/blogs/popwrap/jesse_tyler_ferguson_x0oMdiuQj1soe8XN4aYNbM New York Post. Archived from the original on October 17, 2012. Retrieved August 19, 2013.
  20. http://www.tv.com/modern-family/up-all-night/episode/1312435/recap.html?tag=episode_header;recap# დაარქივებული 2010-03-23 საიტზე Wayback Machine. Tv.com. January 20, 2010. Retrieved February 11, 2010.