ფობია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფობია (ბერძნ. φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როდესაც ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როდესაც ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.

გავრცელება[რედაქტირება]

ფობიები (თავისი კლინიკური მნიშვნელობით) შიშით გამოწვეული დარღვევების (პაიკური დარღვევა, პოსტ-ტრავმული შიში და სხვ.) ყველაზე ხშირი ფორმაა. ამერიკული კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ფობიით შეპყრობილი 8.7%-დან 18.1%-მდე ამერიკელია. მეტიც, აღმოჩნდა რომ ფობიები ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში ყველაზე გავრცელებული სულიერი ავადმყოფობაა ,ხოლო 25-წლის ზევით მამაკაცებში რიგით მეორე.

მიზეზები[რედაქტირება]

საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. თავის ცნობილ ექსპერიმენტში მარტინ ზელიგმანმა ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ცდას შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.

კლინიკური ფობიები[რედაქტირება]

ფსიქოლოგების და ფსიქიატრების უმეტესობა ფობიების დიდ ნაწილს სამ კატეგორიად ყოფს:

  • სოციოფობიები — შიშები, რომლებიც სხვა ადამიანს ან სოციალურ სიტუაციებს მოიცავენ, მაგალითად სცენაზე გამოსვლის შიში, ან სხვების მზერის შიში — მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილას ჭამა. სოციოფობიები თავის მხრივ, ასე იყოფიან:
    • ძირითადი სოციოფობია, აგრეთვე ცნობილი როგორც საზოგადოების შიშით გამოწვეული დარღვევა, და
    • სპეციფიკური სოციოფობია, რომელისადმი შიშიც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ფიზიკური პრობლემები ფსიქოსომატური გამოვლინებებითაც. მაგალითად, მას, ვისაც საზოგადოებრივ ადგილებში მოშარდვის შიში აწუხებს, არ შეუძლია მოშარდვა ისეთ ადგილას, სადაც ის სრულიად განმარტოებით არ იქნება.
  • სპეციფიკური ფობიები — შიში, რომელიც ერთი კონკრეტული გამაღიზიანებლითაა გამოწვეული — მაგალითად, ობობა, ძაღლი, ლიფტი, ფრენა, დაავადება და ა. შ.
  • აგორაფობია — სახლის ან ნაცნობი „უსაფრთხო“ ადგილის დატოვების შიში. აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს.

ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ მათი თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.

მკურნალობა[რედაქტირება]

ზოგიერთი თერაპევტი ვირტუალური რეალობის ან გამოსახულებითი ვარჯიშების მეთოდს მიმართავს, რომ შიშის ობიექტის მიმართ პაციენტს შიში გაუნელდეს. ესენი შიშისგან გათავისუფლების სისტემური თერაპიის სემადგენელი ნაწილებია.

გაცნობიერებული ქცევის თერაპია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ის საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ გააცნობიეროს ნეგატიური აზრების ციკლი და ამ აზრების გარდაქმნის გზები დასახოს. ამ მეთოდს ჯგუფური მკურნალობისთვისაც მიმართავენ. შიშისგან თანდათანობითი გათავისუფლებისა და გქთ-ს მეთოდები ხშირად წარმატებულია და გულისხმობს, რომ პაციენტმა √ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დისკომფორტი დაძლიოს.

შიშის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. შეიძლება ხანმოკლე პერიოდით პაციენტს ბენზოდიაზეპინი გამოუწერონ.

ამგვარი მკურნალობის საშუალებები სხვა მეთოდებს როდი გამორიცხავს. ხშირად თერაპევტი ერთდროულად რამდენიმე საშუალებას მიმართავს.

არა ფსიქოლოგიური სახის გარემოებები[რედაქტირება]

სიტყვა „ფობია“ შეიძლება აღნიშნავდეს შიშისგან განსხვავებულ გარემოებებს. მაგალითად, მართალია ჰიდროფობია წყლის შიშს აღნიშნავს, მაგრამ ის ასევე შეიძლება რაიმე ავადმყოფობის დროს, წყლის დალევის შეუძლებლობასაც დაერქვას. შეიძლება იმ შემთხვევაშიც გამოიყენებოდეს, როდესაც ქიმიური შენაერთი არ იხსნება წყალთან.

შესაბამისად, სიტყვა ფოტოფობია შეიძლება გამოიყენებოდეს ფიზიკური უკმაყოფილების აღსანიშნავად (მაგ., თვალის ანთების ან გუგების გაფართოების დროს სინათლის მიმართ გაღიზიანება) და არა აუცილებლად სინათლის შიშის განსასაზღვრად.

ცნებები, რომლებიც ზიზღს ან კლასობრივ დისკრიმინაციას გამოხატავენ

ზოგიერთი ტერნმინი, რომელსაც სუფიქსი „-ფობია“ ერთვის, პირველ რიგში, ადამიანების ან სხვა ობიექტების ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ და სამედიცინო ტერმინის ანალოგიით გამოიყენება. როგორც წესი, ამგვარი „ფობიებს“ განმარტავენ, როგორც შიშს, ზიზღს, უკმაყოფილებას, დისკრიმინაციას ან მტრულ დამოკიდებულებას „ფობიის“ საგნის მიმართ. ხშირ შემთხვევაში, ამგვარი დამოკიდებულება ეფუძნება წინასწარ ჩამოყალიბებულ უარყოფით შეხედულებას და ზოგადად ქსენოფობიის კონკრეტული სახეა.

კლასობრივი დისკრიმინაცია ყოველთვის ფობიას როდი გულისხმობს, სამედიცინო თვალსაზრისით, რადგანაც ითვლება, რომ ისინი მხოლოდ სხვა ფსიქოლოგიური პრობლემის სიმპტომები ან უცოდინარობის შედეგი, ან პოლიტიკური და სოციალური მრწამსითაა გამოწვეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამედიცინო ფობიებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, ძლიერ შიშთან ასოცირდება, კლასობრივი დისკრიმინაცია ხშირად სოციალური ურთიერთობებიდან მომდინარეობს.

მაგალითად:

  • ეფებოფობია — ახალგაზრდების ან მოზარდების შიში
  • ჰომოფობია — ჰომოსექსუალების მიმართ შიში და ზიზღი. ხშირად ამ ტერმინს ჰომოსექსუალიზმის ზნეობრივი თვალსაზრისით გაკიცხვის მიზნით იყენებენ.
  • ისლამოფობია — მუსლიმების ზიზღი.
  • ქსენოფობია — უცხოელების ან რაიმე უცხოს მიმართ შიში. ამ ტერმინს ხშირად მიმართავენ ნაციონალისტური პოლიტიკური მრწამსის ან მოძრაობის აღსანიშნავად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფობია&oldid=2665260“-დან