შინაარსზე გადასვლა

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი
41°41′45″ ჩ. გ. 44°48′00″ ა. გ. / 41.69605000° ჩ. გ. 44.80026000° ა. გ. / 41.69605000; 44.80026000
დაარსდა 1852
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი
სტატუსი სახელმწიფო
ექსპონატი 1 200 000
კლასიფიკაცია ისტორიული
ოფიციალური საიტი http://museum.ge/
Map

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი — საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალური მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1919 წელს თბილისში კავკასიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის სახელწოდებით. 1921 წელს დაექვემდებარა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს. 1941 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე შევიდა მის სისტემაში. 1947 წელს ეწოდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობა აგებულია რუსთაველის პროსპექტზე 1913 —1929 წლებში, არქიტექტორი გ. ნეპრინცევი. ფასადის არქიტექტურა ეკუთვნის არქიტექტორ ნ. სევეროვს და იმ დროის ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მუზეუმი სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა. იგი მოიცავს ჰუმანიტარულ (არქეოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა) და საბუნებისმეტყველო (გეოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია) დარგებს. მუზეუმში თავმოყრილია არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ბუნებისა და მოსახლეობის მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი დიდძალი, პირველხარისხოვანი მასალა. მუზეუმში 1984 წლის 31 დეკემბრისათვის 1 006520 ექსპონატი ირიცხებოდა. მის ფონდში შედის უმდიდრესი არქეოლოგიური კოლექციები უძველესი დროიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ახ. წ. IV საუკუნე), შუა საუკუნეები (V—XVIII საუკუნეები) საქალაქო ცხოვრებისა და მატერიალური კულტურის, (1801—1921) მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი მიღწევების ამსახველი მასალები, უძველესი ტრადიციები და და XIX საუკუნის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული კოლექციები, მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, გეოლოგიის, ბოტანიკის და ზოოლოგიის ვრცელი ფონდები, მათ შორის უნიკალური ძეგლები: ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული უძველესი ნივთები კახეთის ყორღანული სამარხებიდან (ძვ. წ. III ათასწლეული), ძვ. წ. II ათასწლეული სახელგანთქმული ოქროსა და ვერცხლის თასები და სხვა ინვენტარი თრიალეთის ყორღანებიდან, ვანის, ახალგორის, ალგეთის სამარხეულ კომპლექსებში შემავალი სიუველირო ხელოვნების შედევრები (ძვ. წ. VI—IV სს.), მცხეთაში, არმაზციხეში, არმაზისხევში, ზღუდერში, კლდეეთში და სხვაგან გათხრილი ქართული ოქრომჭედლობის შემდგომი განვითარების დამადასტურებელი ოქროს სამკაულები (I—IV საუკუნეები), მდიდარი გლიპტიკური მასალა და სხვა, ურარტული ეპიგრაფიკის იშვიათი კოლექცია (ძვ. წ. VIII—VII საუკუნეები), ვესპასიანეს წარწერა (ახ. წ. I ს.), არმაზის ბილინგვა (ახ. წ. II ს,), უძველესი ქართული წარწერა ბოლნისის სიონიდან (ახ. წ. V ს.), შუხუთის მოზაიკა (ახ. წ. IV —V სს.), ხის კარების კოლექცია, მათგან იშვიათი ნახელავი კარი ჩუკულის ეკლესიიდან (XI ს.), დმანისის ვერცხლის სამკაულის განძი (XII ს.), ლითონის ჭურჭლის კოლექცია, მათ შორის სპილენძის თეფშები ვახტანგ VI-ის, მეფე ბაქარის, თეკლე ბატონიშვილის წარწერებით (XVIII ს.) და თეფში წარწერით „ქ. სააკაძის გიორგისა და შიოშისა ვარ“ (XVII ს.), ერეკლე II-ის წარწერიანი ჯამი, 2 თოფი და ხმალი, ბაქარისა და სოლომონ II-ის თოფები (XVIII ს.) და სხვა.

ეთნოგრაფიული მასალებიდან — სახვნელი იარაღები, მათგან „ქართული დიდი გუთანი“, კერამიკული ჭურჭელი წარმოების ყველა ცენტრიდან, ქართველ ოსტატთა ნახელავი ვერცხლის ნივთები და იარაღი, ქართველ და სხვა კავკასიელი ხალხების ტანსაცმლის უიშვიათესი კოლექცია, აღმოსავლური საბრძოლო იარაღი და სხვა. ქართული მონეტების უმდიდრესი კოლექცია, მათ შორის უიშვიათესი — კოლხეთის მეფის აკეს ოქროს სტატერი (ძვ. წ. III ს.), ლაშა გიორგის სპილენძის მონეტა (XIII ს.). განძები ვერცხლის რომაული მონეტებისა სოფელ ეკიდან (907 ც.), თამარ მეფის სპილენძის მონეტებისა სოფელ ვეჯინიდან (2759 ც.) და სხვა. გეოლოგიური ფონდიდან, პირველი მონაპოვარი სსრკ-ში — უმაღლესი ადამიანის მსგავსი მაიმუნის ნაშთი, მესამეული ხანის სპილოს ჩონჩხი სოფელ ტარიბანიდან, მონოგრაფიულად შესწავლილი უხერხემლო ფაუნის ორიგინალები, ტიპური ფორმები და სხვა რეგიონებისა და ქვეყნების ფლორის ჰერბარიუმი, მათ შორის კავკასიის ფლორის XIX საუკუნის მკვლევართა კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი სახეობის პირველადი აღწერის ნიმუში — ნომენკლატურული ტიპები და სხვა კოლექციები ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფებიდან, მათ შორის ენდემები, რელიქტები, იშვიათი ან დღეს უკვე გადაშენებული ცხოველების სახეობები.

შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

  • ქანთარია ნ., ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 37;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]