შინაარსზე გადასვლა

საუდის არაბეთის ეროვნული მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საუდის არაბეთის ეროვნული მუზეუმი

მუზეუმში დაცული ხელნაწერი ყურანი
24°38′50″ ჩ. გ. 46°42′39″ ა. გ. / 24.64722° ჩ. გ. 46.71083° ა. გ. / 24.64722; 46.71083
დაარსდა 1999
ქვეყანა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
მდებარეობა King Abdul Aziz Historical Centre
სტატუსი ეროვნული ისტორიის მუზეუმი
დირექტორი ლაილა ალფადაგი
ოფიციალური საიტი nationalmuseum.org.sa

საუდის არაბეთის ეროვნული მუზეუმი (არაბ. المتحف الوطني السعودي) — მთავარი ეროვნული მუზეუმი ერ-რიადში, საუდის არაბეთში. ის დაარსდა 1999 წელს.[1][2] დაწესებულება მეფე აბდულაზიზის ისტორიული ცენტრის შემადგენლობაში შედის.

ეროვნული მუზეუმი იყო „მურაბას“ განვითარების გეგმის ნაწილი, რომელიც ძველი მურაბას სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განახლებას ითვალისწინებდა საუდის არაბეთში ასი წლის თავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. გახსნა 1999 წელს დაიგეგმა და შესაბამისად 26 თვე რჩებოდა მუზეუმის ნაგებობის როგორც დასაპროექტებლად, ასევე ასაშენებლად.[3] მუზეუმის აშენების იდეები ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან განიხილებოდა. დიზაინერისა და მთავარი არქიტექტორის, რეიმონდ მორიამას[4] მთავარი ინსპირაციის წყარო ქვიშის დიუნები გახდა, რომელიც ერ-რიადის მიმდებარედ არსებობდა (ცნობილი როგრც „წითელი ქვიშა“).[5] მუზეუმის დასავლეთი ფასადი მურაბას მოედნის მიმდებარედ ქვიშის დიუნების კონტურს წააგავს და მასზე დატანილი ნიშანი მექას მიმართულებას მიუთითებს.[3] დასავლეთი ფასადი არაბეთის ნახევარკუნძულის ისლამური ისტორიის ნიმუშს წარმოადგენს. მთავარ გალერეებამდე მუზეუმის დამთვალიერებელი „გაერთიანების დრამში“ შედის, სადაც თანამედროვე საუდის არაბეთის ექსპონატებია გამოფენილი. მუზეუმის ბოლო გალერეა ორ წმინდა მეჩეთსა და ჰაჯს ეძღვნება. მუზეუმში ასევე მოწყობილია ორი დამატებითი გალერეა სპეციალური გამოფენებისათვის.

გამოფენების დიდაქტიკური დიზაინის კონცეფცია გარკვეულწილად განსხვავდება კლასიკური მუზეუმების ტრადიციული მიდგომებისაგან. მუზეუმში ნაკლებადაა წარმოდგენილი ინდივიდუალური ნამუშევრების გამოფენები. მუზეუმში დაცულია მრავალი ნამუშევრის რეპლიკა (ასლი), რომლებიც ძირითადად კონკრეტულ პუნქტებს და საკითხებს ასახავს. ასლები იმდენად კარგადაა შესრულებული, რომ ხშირად ოროგინალისაგან მათი გარჩევა უჭირთ.[5]

მუზეუმის საგამოფენო დარბაზებს შორისაა:

ადამიანისა და სამყაროს დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანისა და სამყაროს დარბაზი მუზეუმის პირველ სართულზე მდებარეობს. ამ დარბაზში დაცულია არტეფაქტები, რომლებიც დედამიწის გეოლოგიური ცვლილებების და ადამიანის განვითარების ადრეული ეტაპის არტეფაქტებს მოიცავს. მუზეუმის ამ ნაწილში დაცულია ვაბარის კრატერში აღმოჩენილი მეტეორიტის ნაწილები, რომელიც რუბ-ელ-ხალის უდაბნოში ჩამოვარდა. ინტერაქტიური ჩვენებები მოიცავს: მზის სისტემის, ფილების ტექტონიკის, გეოლოგიის, გეოგრაფიისა და არაბეთის ნახევარკუნძულზე ფლორისა და ფაუნის განვითარების ნიმუშებს. საუდის არაბეთის ეროვნული მუზეუმის ამ ნაწილში ასევე გამოფენილია პლატიბელოდონისა და იქთიოზავრების ჩონჩხები.

არაბული სამეფოების დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული სამეფოების დარბაზში დაცულია ისლამამდელი არაბეთის 14 სამეფოს ექსპონატები, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულზე ძველი წელთაღრიცხვით 5 წლიდან ახალი წელთაღრიცხვით 700 წლამდე პერიოდში არსებობდა. ეს სამეფოებია: უბაიდი (ძვ.წ. 5300 - ძვ.წ. 3600), დილმუნი (ძვ.წ. 2400 - ძვ.წ. 1700), ადი (ძვ.წ. 4000 - ძვ.წ. 3500), თამუდი (ძვ.წ. 3500 - ძვ.წ. 3000), მიდია (ძვ.წ. 1700 - ძვ.წ. 1050), ქედარი (ძვ.წ. X საუკუნე), ედომი (ძვ.წ. X საუკუნე), დედომი (ძვ.წ. VI საუკუნე), ლიჰიანი (ძვ.წ. VI საუკუნე), მაი-ინი (ძვ.წ. 4 - ძვ.წ. 1), კინდას ნაბატეის სამეფო (ძვ.წ. 3000), კინდას მეორე სამეფო (ახ.წ. 4), მანადჰერა (ახ.წ. 400 - ახ.წ. 700), გასანიდი (ახ.წ. 400 - ახ.წ. 700).

ისლამამდელი პერიოდის დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამამდელი პერიოდის დარბაზი, ასევე ცნობილი როგორც ჯაჰილას პერიოდის დარბაზი ასახავს არაბების ცხოვრების წესს წინასწარმეტყველი მაჰმადის გამოჩენამდე და შესაბამისად, არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამის გავრცელებამდე.

წინასწარმეტყველის მისიის დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინასწარმეტყველის მისიის დარბაზში განთავსებულია ინფორმაცია მუჰამედის ოჯახის, წარმოშობის, დაბადებისა და მექადან მედინაში მოგზაურობის ისტორიის შესახებ.

ისლამისა და არაბეთის ნახევარკუნძულის დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზში წარმოდგენილია ქრონოლოგია არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამის ჩასახვიდან მუჰამედის მედინაში ჩასვლამდე; ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია პირველი მსოფლიო ომისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შესახებ.

საუდების პირველი და მეორე სახელმწიფოს დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული დარბაზი მოიცავს არტეფაქტებს საუდების პირველი სახელმწიფოსა (დაარსდა 1744 წელს) და საუდების მეორე სახელმწიფოს (დაარსდა 1824 წელს) შესახებ.

სამეფოს გაერთიანების დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზში ნაჩვენებია არტეფაქტები საუდის არაბეთის მესამე სახელმწიფოს, ანუ თანამედროვე საუდის არაბეთის სამეფოს დაარსების შესახებ. ასევე მეფე იბნ საუდის ისტორიას მას შემდეგ, რაც მან ერ-რიადი დაიკავა.

ჰაჯისა და ორი წმინდა მეჩეთის დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ეს დარბაზი ჰაჯის და ასევე მასჯიდ ალ-ჰარამისა (მდებარეობს მექაში) და მასჯიდ ალ-ნაბავის (მდებარეობს მედინაში) მნიშვნელობის შესახებ მოიცავს ინფორმაციას. ამ დარბაზში ასევე დაცულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წვლილი მიუძღვის იბნ საუდის ამ ორი მეჩეთის განვითარებაში. საუდის არაბეთის ეროვნული მუზეუმის ამ დარბაზში ასევე დაცულია სამი მოდელი: მექის პროვინციის, მასჯიდ ალ-ნაბავისა და მასჯიდ ალ-ჰარამის მოდელებს.

2018 წლის ივნისში საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტმა, სულთან ბინ სალმან ალ საუდიმ მუზეუმის გაფართოების შესახებ განაცხადა. დამთვალიერებლებისთვის მუზეუმში უნდა განთავსებულიყო დამატებითი სერვისები, მათ შორის: 3767 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საგამოფენო დარბაზი, 2285 კვადრატული მეტრის თეატრი, 13000 კვადრატული მეტრის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სავარჯიშო ოთახები, 6476 კვადრატული მეტრის ფართობის რესტორანი, შუშის სახურავი, სამი მიწისქვეშა სართული.[6][7][8]

2021 წლის იანვარში დაინიშნა მუზეუმის ახალი დირექტორი ლაილა ალფადაგი, რომელსაც მუზეუმის სამომავლო განვითარების შესახებ განცხადებები აქვს გაკეთებული.[9]

  1. Moriyama & Teshima Planners Limited, developers for the urban design and landscaping of the 83-აკრი (34 ჰა) site of the King Abdulaziz Historical Centre.
  2. Lord Cultural Resources დაარქივებული 2008-10-22 საიტზე Wayback Machine. , codeveloper of the exhibitional concept for the museum.
  3. 3.0 3.1 National Museum Case Study დაარქივებული 2008-12-30 საიტზე Wayback Machine. by Moriyama & Teshima Architects
  4. Projects — International — National Museum of Saudi Arabia. Moriyama & Teshima Architects. ციტირების თარიღი: 27 June 2021.
  5. 5.0 5.1 issue/199905/history.s.new.home.in.riyadh.htm History's New Home In Riyadh] by Trevor Boddy in Saudi Aramco World, September/October issue from 1999. (Volume 50, Number 5)
  6. „Saudi tourism authority to begin Riyadh’s National Museum expansion project“. Arab News (ინგლისური). 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-06-20.
  7. „Expansion of Saudi Arabia's National Museum in Riyadh“. Blooloop (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-20. ციტირების თარიღი: 2018-06-20.
  8. „Saudi to begin major overhaul of Riyadh museum“. Gulf Business (ინგლისური). 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-06-20.
  9. A Look at Laila Alfaddagh, the Director General of Saudi Arabia's National Museum en (2021-03-09). ციტირების თარიღი: 2021-04-30