შინაარსზე გადასვლა

რეგისტანის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგისტანის მოედანი
უზბეკ. Registon

სამი მედრესე
კოორდინატები 39°39′17″N 66°58′32″E / 39.654722° ჩ. გ. 66.975556° ა. გ. / 39.654722; 66.975556
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
თარიღდება XV საუკუნე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 603
ინგლ.რუს.ფრ.

რეგისტანის მოედანი (უზბეკ. Registon) — მოედანი სამარყანდის ცენტრში. „რეგისტანი“ ცენტრალური აღმოსავლეთის მუსულმანურ სამყაროში ეწოდებოდა ქალაქის ცენტრალურ მოედნებს. სამარყანდის რეგისტანი არის ყველაზე ცნობილი იმის დამსახურებით, რომ აქ განთავსებულია XV–XVII საუკუნეების არქიტექტურული ანსამბლი, რომლის ცენტრსაც წარმოადგენს ულუღ ბეგის მედრესე (1417-1420 წწ.), შერდორის მედრესე (1619-1636 წწ.) და ტილია-კარის მედრესე (1646-1660 წწ.). სამი მედრესეს ანსამბლი ქალაქთმშენებლობის უნიკალური ნიმუშია. 2001 წელს სამარყანდის სხვა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რეგისტანი - ულუღ ბეგის მედრესე

რეგისტანის მოედანზე მედრესეს მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. შესასვლელი პორტალის თავზე ამოკვეთილია წარწერა „820 წელი“ (1417 წელი). აღნიშნული წარწერა უნდა აღნიშნავდეს მშენებლობის დასასრულს. მშენებლობის ყველაზე სწრაფი ტემპის შემთხვევაშიც კი მედრესეს მშენებლობისათვის საჭირო იყო 5-6 წელი მაინც. ითვალისწინებენ, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1420 წელს, მეცნიერები მშენებლობის დაწყების თარიღად მიიჩნევენ არაუგვიანეს 1415 წელს. მედრესეს შენობის პროექტის ავტორად მიიჩნევა ემირ შაჰრუჰის სასახლის კარის ხუროთმოძღვარი კავამადდინ შერაზი, მაგრამ შუა საუკუნეების ისტორიკოსი ვასიფი, ულუღ ბეკის თანამედროვე, არქიტექტორად ასახელებს კაზი-ზადე არ-რუმის მოსწავლეს კამალედდინ მუჰანდისს.

მშენებლობის დასრულებიდან ძალიან მალევე ულუღ ბეგის მედრესე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი XV საუკუნის მუსულმანურ აღმოსავლეთში. გადმოცემის თანახმად აქ უსწავლია პოეტს, მეცნიერსა და ფილოსოფოსს აბდ-ორ-რაჰმან ჯამის. მისი მსმენელები იყვნენ ტარიკატის შეიხი ხოჯა აჰრარი და პოეტი ალიშერ ნავოი. სასწავლო დაწესებულებაში კითხულობდნენ ლექციებს მათემატიკაში, გეომეტრიაში, ლოგიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ღვთისმეტყველებაში. ლექციებს კითხულობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ აბდ-ორ-რაჰმან ჯამი, ჯემშიდ გიას ად-დინ ალ-კაში, ალ-კუშჩი და თავად ულუღ ბეგი. მედრესეს პირველი ხელმძღვანელი (მუდარისი) იყო მაულანა მუჰამად ხავაფი.

1533 წელს მავერანაჰრის ხელისუფლებაში მოვიდა უზბეკი უბაიდულა-ხანი, რომელმაც დედაქალაქი გადაიტანა ბუხარაში. მას შემდეგ რაც დედაქალაქის სტატუსი დაკარგა, სამარყანდის მნიშვნელობა დაეცა. მაგრამ ულუღ ბეგის მედრესე ინარჩუნებდა ცენტრალური აზიის საუკეთესო სასწავლებლის სტატუსს. ბუხარის ხანის ნაცვლის იალანგტუშ ბაჰადურის მმართველობის დროს მოხდა რეგისტანის მოედნის ძირეული გადაკეთება, მედრესეს შენობა კაპიტალურად გაარემონტეს. სწორედ მისი გრანდიოზული ზომები გახდა ახალი მედრესეს მშენებლობის მიზეზი, რომელსაც შემდეგ ეწოდა შერდორის მედრესე. ფეოდალური ომებისა და სახალხო მღელვარების პერიოდში, რომელიც თან ახლდა აშთარხანიდების ბოლო მმართველის აბულფეიზ-ხანის პერიოდს, მედრესეს გარე ხედი მნიშვნელოვნად დაზიანდა. XVIII საუკუნის სამარყანდელი ისტორიკოსის აბუ თაჰირის ცნობით ბუხარის ხანის ნაცვალმა ბრძანა მედრესეს მეორე სართულის დანგრევა უსაფრთხოების მიზნით.

შერდორის მედრესე

შერდორის მედრესე აგებულია 1619-1636 წლებში სამარყანდის მმართველის იალანგტუშ ბაჰადურის ბრძანების შესაბამისად, სამარყანდელი ხუროთმოძღვრის აბდულა ჯაბარის ოსტატობით.

მედრესეს მშენებლობის ადგილად შეარჩიეს რეგისტანის მოედნის აღმოსავლეთი ნაწილი. ამ მიზნით დაანგრიეს ძლიერ დაძველებული ულუღ ბეგის ხანაკი, რომელიც აგებული იყო 1424 წელს. ხანაკის მასალები გადაეცა ახალი მედრესეს ასაშენებლად, რაც დადასტურდა საბჭოთა არქეოლოგის ს. იურენევის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

შერდორის მედრესე აშენდა ულუღ ბეგის მედრესეს წინ. არქიტექტორის ჩანაფიქრის მიხედვით ერთმანეთის პირისპირ ორ მედრესეს უნდა ჰქონოდა სარკის ეფექტი. მაგრამ ხუროთმოძღვარმა ვერ გაითვალისწინა, რომ ულუღ ბეგის მედრესეს აშენებიდან გასული ორი საუკუნის განმავლობაში მოედნის დონემ ორი მეტრით აიწია, რამაც გამოიწვია ის, რომ ახალი მეჩეთი უფრო მომცრო იყო ვიდრე ულუღ ბეგის მედრესე.

მშენებლობის დასრულების შემდეგ მედრესეს უწოდეს დამკვეთის სახელი, მაგრამ ამ სახელმა მოსახლეობაში ვერ ჰპოვა გავრცელება. თანამედროვე სახელწოდება - შერდორი - მთავარი შესასვლელის ტიმპანზე არსებული მოზაიკური გამოსახულების მიხედვით. დეკორაციის ხელოსანმა მასზე გამოსახა ჯეირანზე ნადირობის სცენა კატისებრი ფანტასტიკური ცხოველის საშუალებით, რომელიც წააგავს ვეფხვს ან ლომკაცს მზის სხივებით. სახელწოდება ითარგმნება როგორც „ლომის მსგავსი“ ან „ვეფხვის მსგავსი“. მედრესეს პოტალზე გამოსახული სიმბოლო ამჟამად უზბეკეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა.

თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, შერდორის მედრესე იყო ცნობილი, როგორც ისლამური სამყაროს საგანმანათლებლო დაწესებულება, მაგრამ მისი პრესტიჟი უფრო ნაკლები იყო ვიდრე ულუღ ბეგის მედრესისა. მიუხედავად შთამბეჭდავი ზომებისა, მედრესეში ერთდროულად მხოლო ორმოც კაცს შეეძლო სწავლა. მედრესეს ცნობილ კურსდამთავრებულთა შორისაა თათარი ღვთისმეტყველი, სუფიური საძმოს ნაკშბანდის შეიხი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი შიგაბუტდინ მარჯანი.

თავისი არსებობის განმავლობაში მედრესე გადაურჩა რამდენიმე მიწისძვრას, რომელთა შორის ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში მომხდარ მიწისძვრა. შენობა გადარჩა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად დაზიანდა: ძლიერ განიცადა დეფორმაცია მთავარმა შესასვლელმა, მრავალ ადგილზე აიყარა მოპირკეთება, გადაიხარა მინარეთი. XX საუკუნის დასაწყისში მედრესეში სწავლება შეწყდა. 1924 წელს მოახდინეს შენობის ნაციონალიზაცია და მასზე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს მედრესეს ადგილზე დაიწყო არქეოლოგიური კვლევა, რის შემდეგაც დაიწყო რესტავრაციის მეორე ეტაპი. 1960-1962 წლებში შეარემონტეს მინარეთი, ხოლო 1962 წელს მხატვარ ვ. გოროხოვისა და არქიტექტორ ა. ფრეიტაგის პროექტის მიხედვით აღადგინეს მთავარი პორტალის ტიმპანის მოზაიკა.

ტილია-კარის მედრესე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტილია-კარის მედრესე

ტილია-კარის მედრესეს მშენებლობა დაიწყო 1646 წელს სამარყანდის მმართველის იალანგტუშ ბაჰადურის ბრძანების შესაბამისად, იმ ადგილზე სადაც ჯერ კიდევ XV საუკუნიდან არსებობდა ძლიერ დაძველებული ქარავან-სარაი. მშენებლობის დროს ნაწილობრივ გამოიყენეს მისი ფუნდამენტი და კედელი. მშენებლობის ასაწყისი მომენტისთვის სამარყანდის ორი მეჩეთი (ბიბი-ხანიმის მეჩეთი და ალიკე კუკელტაში) ნანგრევებად იყო ქცეული და დაპროექტების დროს მიიღეს გადაწყვეტილება მედრესეს შენობასთან ერთად აეშენებინათ უმაღლესი სასულიერო სკოლა და ჯუმა მეჩეთი. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა 14 წელი და დასრულდა 1660 წელს, მშენებლობის დამკვეთის იალანგტუშ ბაჰადურის სიკვდილის შემდეგ. ალბათ ამ მიზეზით, მედრესეს ზოგიერთი ელემენტის დასრულება დაუდევრად განხორციელდა, ხოლო ტილია-კარის მეჩეთის გარე გუმბათი არასოდეს დასრულებულა. ტილია-კარის მეჩეთის მშენებლობით დასრულდა რეგისტანის მოედნის გაფორმება და არქიტექტურულმა ანსამბლმა მიიღო საბოლოო სახე. XIX საუკუნეში მედრესეს შენობა დააზიანა ძლიერმა მიწისძვრამ. განსაკუთრებით დაზიანდა შესასვლელი პორტალი. დაინგრა მისი ზედა ნაწილი ტიმპანთან ერთად. ბუხარის ემირის ჰაიდარის ბრძანებით კარიბჭე აღადგინეს. XX საუკუნის ასაწყისში მედრესეს მოპირკეთების დიდი ნაწილი ჩამოყრილი იყო. სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც დეკორაციის ფრაგმენტების გადარჩენა იყო ფრიად მნიშვნელოვანი საქმე. 1930-იანი წლების დასაწყისში დაიწყო გარე ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. 1950-1958 წლებში გარემონტდა მედრესეს კარის ფასადი და მეჩეთის გუმბათის ბარაბანი. 1970-იანი წლების მეორე ნახევარში აღადგინეს მთავარი ჭიშკრის ტიმპანის დეკორაცია და ააგეს მეჩეთის გუმბათიც. 1979 წელს დასრულდა მეჩეთის ინტერიერის მოხატულობის აღდგენითი სამუშაოები.

შეიბანიდების მავზოლეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეიბანიდების მავზოლეუმი

ტილია-კარის მედრესედან აღმოსავლეთით მდებარეობს შეიბანიდების მავზოლეუმი. შეიბანიდების სახელმწიფოს დამაარსებელია აბულ ხაირის შვილიშვილის მუჰამედ შეიბანის მიერ, რომელმაც 1500 წელს დაიპყრო სამარყანდი და ბუხარა და დაამხო თემურიდების დინასტიის უკანასკნელი მმართველი. ამის შემდეგ იგი იპყრობს ტაშკენტს. 1506 წელს დაიპყრო ხივა და 1507 წელს თავს ესხმის მერვს, აღმოსავლეთ სპარსეთსა და დასავლეთ ავღანეთს.

შეიბანიდები შეაჩერეს სეფიანთა იმპერიის თავდასხმებმა, რომლებმაც 1502 წელს დაიპყრეს აყ-ყოიუნლუ (ირანი). მუჰამედ შეიბანი იყო წარმოშობით უზბეკი. უზბეკების შეჭრა აღნიშნულ ტერიტორიაზე გახდა თანამედროვე უზბეკი ერის ფომირების უკანასკნელი ელემენტი.

ჩორსუს სავაჭრო გუმბათი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩორსუს სავაჭრო გუმბათი

შერდორის მედრესეს უკან დგას ჩორსუს ძველი სავაჭრო გუმბათი, რომელიც ადატურებს რეგსტანის, როგორც შუა საუკუნეების სავაჭრო ცენტრის სტატუსს. ჩვენამდე მოღწეული ექვსკუტხა გუმბათი აგებულია XV საუკუნეში, ხოლო XVIII საუკუნის ასაწყისში გადააკეთეს. 2005 წელს სავაჭრო გუმბათი გაარემონტეს. ამჟამად გუმბათში განთავსებულია სახვითი ხელოვნების გალერეა, სადაც გამოფენილია უზბეკი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრები.

  • Веймарн Б. Регистан в Самарканде. — М., 1946. 104 с. (Серия «Сокровища зодчества народов СССР»).
  • Крюков К. С., Регистан. [Памятник архитектуры], 4 изд., Таш., 1970.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]