შინაარსზე გადასვლა

შერდორის მედრესე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერდორის მედრესე
უზბეკ. Sherdor madrasasi
კოორდინატები 39°39′18″N 66°58′35″E / 39.654883° ჩ. გ. 66.976336° ა. გ. / 39.654883; 66.976336
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
მოქანდაკე აბდულა ჯაბარი
დაწყების თარიღი 1619
დასრულების თარიღი 1636

შერდორის მედრესე (უზბეკ. Sherdor madrasasi) — XVII საუკუნის მუსულმანური სასულიერო-საგანმანათლებლო და საკულტო დანიშნულების კომპლექსი სამარყანდში. რეგისტანის მოედნის არქიტექტურული ანსამბლის მედრესე, რომელიც აგებულია იალანგტუშ ბაჰადურის მიერ. ულუღ ბეგისა და ტილია-კარის მედრესეებთან ერთად ქმნის ერთიან მთლიან არქიტექტურულ ანსამბლს. 2001 წელს სამარყანდის სხვა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

შერდორის მედრესე აგებულია 1619-1636 წლებში სამარყანდის მმართველის იალანგტუშ ბაჰადურის ბრძანების შესაბამისად, სამარყანდელი ხუროთმოძღვრის აბდულა ჯაბარის ოსტატობით.

მედრესეს მშენებლობის ადგილად შეარჩიეს რეგისტანის მოედნის აღმოსავლეთი ნაწილი. ამ მიზნით დაანგრიეს ძლიერ დაძველებული ულუღ ბეგის ხანაკი, რომელიც აგებული იყო 1424 წელს. ხანაკის მასალები გადაეცა ახალი მედრესეს ასაშენებლად, რაც დადასტურდა საბჭოთა არქეოლოგის ს. იურენევის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

შერდორის მედრესე აშენდა ულუღ ბეგის მედრესეს წინ. არქიტექტორის ჩანაფიქრის მიხედვით ერთანეთის პირისპირ ორ მედრესეს უნდა ჰქონოდა სარკის ეფექტი. მაგრამ ხუროთმოძღვარმა ვერ გაითვალისწინა, რომ ულუღ ბეგის მედრესეს აშენებიდან გასული ორი საუკუნის განმავლობაში მოედნის დონემ ორი მეტრით აიწია, რამაც გამოიწვია ის, რომ ახალი მეჩეთი უფრო მომცრო იყო ვიდრე ულუღ ბეგის მედრესე.

მშენებლობის დასრულების შემდეგ მედრესეს უწოვეს დამკვეთის სახელი, მაგრამ ამ სახელმა მოსახლეობაში ვერ ჰპოვა გავრცელება. თანამედროვე სახელწოდება - შერდორი - მთავარი შესასვლელის ტიმპანზე არსებული მოზაიკური გამოსახულების მიხედვით. დეკორაციის ხელოსანმა მასზე გამოსახა კატისებრი ჯეირანზე ნადირობის სცენა კატისებრი ფანტასტიკური ცხოველის საშუალებით, რომელიც წააგავს ვეფხვს ან ლომკაცს მზის სხივებით. სახელწოდება ითარგმნება როგორც „ლომის მსგავსი“ ან „ვეფხვის მსგავსი“. მედრესეს პოტალზე გამოსახული სიმბოლო, ამჟამად უზბეკეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა.

თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, შერდორის მედრესე იყო ცნობილი, როგორც ისლამური სამყაროს საგანმანათლებლო დაწესებულება, მაგრამ მისი პრესტიჟი უფრო ნაკლები იყო ვიდრე ულუღ ბეგის მედრესისა. მიუხედავად შთამბეჭდავი ზომებისა, მედრესეში ერთდროულად მხოლო ორმოც კაცს შეეძლო სწავლა. მევრესეს ცნობილ კურსდამთავრებულთა შორისაა თათარი ღვთისმეტყველი, სუფიური საძმოს ნაკშბანდის შეიხი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი შიგაბუტდინ მარჯანი.

თავისი არსებობის განმავლობაში მედრესე გადაურჩა რამდენიმე მიწისძვრას, რომელთა შორის ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში მომხდარ მიწისძვრა. შენობა გადარჩა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად დაზიანდა: ძლიერ განიცადა დეფორმაცია მთავარმა შესასვლელმა, მრავალ ადგილზე აიყარა მოპირკეთება, გადაიხარა მინარეთი. XX საუკუნის დასაწყისში მედრესეში სწავლება შეწყდა. 1924 წელს მოახდინეს შენობის ნაციონალიზაცია და მასზე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს მედრესეს ადგილზე დაიწყო არქეოლოგიური კვლევა, რის შემდეგაც დაიწყო რესტავრაციის მეორე ეტაპი. 1960-1962 წლებში შეარემონტეს მინარეთი, ხოლო 1962 წელს მხატვარ ვ. გოროხოვისა და არქიტექტორ ა. ფრეიტაგის პროექტის მიხედვით აღადგინეს მთავარი პორტალის ტიმპანის მოზაიკა.

  • Самаркад. Музей под открытым небом.. — Ташкент: Издательство литературы и искусства имени Гафура Гуляма, 1986. — С. 99-117. — 248 с.
  • Памятники искусства Советского Союза. Средняя Азия. Справочник-путеводитль. / Автор текста и составитель альбома Г.А. Пугаченкова. — М.: Искусство, 1983. — С. 392. — 428 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]