ულუღ ბეგის მედრესე (სამარყანდი)
ულუღ ბეგის მედრესე უზბეკ. Ulug`bek madrasasi | |
---|---|
კოორდინატები | 39°39′17″N 66°58′29″E / 39.654722° ჩ. გ. 66.974672° ა. გ. |
მდებარეობა | სამარყანდი, უზბეკეთი |
დაწყების თარიღი | 1415 |
დასრულების თარიღი | 1420 |
ულუღ ბეგის მედრესე (უზბეკ. Ulug`bek madrasasi) — XV საუკუნის მუსულმანური სასულიერო-საგანმანათლებლო და საკულტო დანიშნულების კომპლექსი სამარყანდში. რეგისტანის მოედნის არქიტექტურული ანსამბლის უძველესი მედრესე, რომელიც აგებულია თემურიდების დინასტიის მმართველობის პერიოდში მეცნიერისა და ასტრონომის ულუღ ბეგის მიერ. შერდორისა და ტილია-კარის მედრესეებთან ერთად ქმნის ერთიან მთლიან არქიტექტურულ ანსამბლს. 2001 წელს სამარყანდის სხვა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემურლენგის პერიოდიდან რეგისტანი წარმოადგენს შუა საუკუნეების სამარყანდის უმთავრეს სავაჭრო და საზოგადებრივ ცენტრს. აქ განთავსებული იყო სავაჭრო დახლები, ქარავან-სარაიები და დახურული სავაჭრო ტიმები, რომელთა შორის უდიდესი იყო ტილპაკ-ფურუშონი. თემურლენგის შვილიშვილის მავერანაჰრის მმართველის, ულუღ ბეგის მმართველობის პერიოდში მოედნის იერსახე ნელ-ნელა იცვლება. რეგისტანის გარდაქმნის პროცესი ულუღ ბეგმა დაიწყო ცენტრალურ აზიაში უდიდესი ისლამური უნივერსიტეტის მშენებლობით.
რეგისტანის მოედანზე მედრესეს მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. შესასვლელი პორტალის თავზე ამოკვეთილია წარწერა „820 წელი“ (1417 წელი). აღნიშნული წარწერა უნდა აღნიშნავდეს მშენებლობის დასასრულს. მშენებლობის ყველაზე სწრაფი ტემპის შემთხვევაშიც კი მედრესეს მშენებლობისათვის საჭირო იყო 5-6 წელი მაინც. ითვალისწინებენ, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1420 წელს, მეცნიერები მშენებლობის დაწყების თარიღად მიიჩნევენ არაუგვიანეს 1415 წელს. მედრესეს შენობის პროექტის ავტორად მიიჩნევა ემირ შაჰრუჰის სასახლის კარის ხუროთმოძღვარი კავამადდინ შერაზი, მაგრამ შუა საუკუნეების ისტორიკოსი ვასიფი, ულუღ ბეკის თანამედროვე, არქიტექტორად ასახელებს კაზი-ზადე არ-რუმის მოსწავლეს კამალედდინ მუჰანდისს.
მშენებლობის დასრულებიდან ძალიან მალევე ულუღ ბეგის მედრესეგახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი XV საუკუნის მუსულმანურ აღმოსავლეთში. გადმოცემის თანახმად აქ უსწავლია პოეტს, მეცნიერსა და ფილოსოფოსს აბდ-ორ-რაჰმან ჯამის. მისი მსმენელები იყვნენ ტარიკატის შეიხი ხოჯა აჰრარი და პოეტი ალიშერ ნავოი. სასწავლო დაწესებულებაში კითხულობდნენ ლექციებს მათემატიკაში, გეომეტრიაში, ლოგიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ღვთისმეტყველებაში. ლექციებს კითხულობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ აბდ-ორ-რაჰმან ჯამი, ჯემშიდ გიას ად-დინ ალ-კაში, ალ-კუშჩი და თავად ულუღ ბეგი. მედრესეს პირველი ხელმძღვანელი (მუდარისი) იყო მაულანა მუჰამად ხავაფი.
1533 წელს მავერანაჰრის ხელისუფლებაში მოვიდა უზბეკი უბაიდულა-ხანი, რომელმაც დედაქალაქი გადაიტანა ბუხარაში. მას შემდეგ რაც დედაქალაქის სტატუსი დაკარგა, სამარყანდის მნიშვნელობა დაეცა. მაგრამ ულუღ ბეგის მედრესე ინარჩუნებდა ცენტრალური აზიის საუკეთესო სასწავლებლის სტატუსს. ბუხარის ხანის ნაცვლის იალანგტუშ ბაჰადურის მმართველობის დროს მოხდა რეგისტანის მოედნის ძირეული გადაკეთება, მედრესეს შენობა კაპიტალურად გაარემონტეს. სწორედ მისი გრანდიოზული ზომები გახდა ახალი მედრესეს მშენებლობის მიზეზი, რომელსაც შემდეგ ეწოდა შერდორის მედრესე. ფეოდალური ომებისა და სახალხო მღელვარების პერიოდში, რომელიც თან ახლდა აშთარხანიდების ბოლო მმართველის აბულფეიზ-ხანის პერიოდს, მედრესეს გარე ხედი მნიშვნელოვნად დაზიანდა. XVIII საუკუნის სამარყანდელი ისტორიკოსის აბუ თაჰირის ცნობით ბუხარის ხანის ნაცვალმა ბრძანა მედრესეს მეორე სართულის დანგრევა უსაფრთხოების მიზნით.
XIX საუკუნის დასაწყისში ულუღ ბეგის მედრესე ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. მედრესეს რესტავრაცია დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში. ამჟამად, თავდაპირველი ელემენტებიდან შემონახულია სამხრეთ-დასავლეთი მინარეთი. ჩრდილო-დასავლეთის მინარეთი შემონახულია ნაწილობრივ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Самаркад. Музей под открытым небом.. — Ташкент: Издательство литературы и искусства имени Гафура Гуляма, 1986. — С. 99-117. — 248 с.
- Памятники искусства Советского Союза. Средняя Азия. Справочник-путеводитль. / Автор текста и составитель альбома Г.А. Пугаченкова. — М.: Искусство, 1983. — С. 392. — 428 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Регистан — сердце города барсов
- Статья Михаила Массона «Зуб времени», землетрясения и особенно сам человек на сайте Православной церкви в Средней Азии დაარქივებული 2011-03-18 საიტზე Wayback Machine.
- Площадь Регистан. Древние свидетели истории Самарканда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
- Справочник по архитектуре и проектированию. Медресе Улугбека. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
- Портал города Самарканда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-19. ციტირების თარიღი: 2017-11-26.