შინაარსზე გადასვლა

მიხეილ სუსლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მიხეილ სუსლოვი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მიხეილ სუსლოვი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
მიხეილ სუსლოვი
Михаи́л Андре́евич Су́слов
მიხეილ სუსლოვი Михаи́л Андре́евич Су́слов
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 დეკემბერი, 1965 – 25 იანვარი, 1982
წინამორბედინიკოლაი პოდგორნი
მემკვიდრეკონსტანტინ ჩერნენკო (დე ფაქტო)
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 სექტემბერი, 1953 – 17 დეკემბერი, 1957
წინამორბედითანამდებობა კვლავ შეიქმნა
ბოლოს იკავებდა გიორგი მალენკოვი
მემკვიდრეალექსეი კირიჩენკო

ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 აპრილი, 1953 – 1954
წინამორბედივაჰან გრიგორიანი
მემკვიდრებორის პონომარიოვი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აპრილი, 1946 – 12 მარტი, 1949
წინამორბედიგიორგი დიმიტროვი
მემკვიდრევაჰან გრიგორიანი

დაბადებული21 ნოემბერი, 1902
სოფ. შახოვსკოე, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი25 იანვარი, 1982 (79 წლის)
მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ეროვნებარუსი
რეზიდენციაკუტუზოვის პროსპექტი, მოსკოვი
პოლიტიკური პარტიასკკპ
მეუღლეელისაბედ სუსლოვა
შვილებირევოლი (დ. 1929)
მაია (დ. 1939)
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობასახელმწიფო მოღვაწე
ჯილდოებისოციალისტური შრომის გმირი სოციალისტური შრომის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი
ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი სამამულო ომის I ხარისხის ორდენი საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ მედალი „სამამულო ომის პარტიზანს“ I ხარისხის მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის

მიხეილ სუსლოვი (რუს. Михаи́л Андре́евич Су́слов; დ. 21 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1902 — გ. 25 იანვარი, 1982) — საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი და პარტიის არაოფიციალური იდეოლოგი, პასუხისმგებელი შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, გაითქვა სახელი როგორც პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ორთოდოქსულმა ლიდერმა.

დაიბადა 1902 წელს, რუსეთში, ხოლო 1921 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1920-იან წლებში სწავლობდა ეკონომიკას, ხოლო 1931 წელს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო თავი დაანება მასწავლებლად მუშაობას და გახდა ერთ-ერთი იმ მრავალი საბჭოთა მოღვაწეთაგან, რომელმაც იოსებ სტალინის რეჟიმის მიერ წამოწყებულ რეპრესიებში მიიღო მონაწილეობა. 1939 წელს დაინიშნა სტავროპოლის მხარის კომპარტიის პირველ მდივნად. მეორე მსოფლიო ომის დროს სათავეში ედგა ადგილობრივ პარტიზანულ მოძრაობას. 1946 წელს გახდა კომპარტიის საორგანიზაციო ბიუროს წევრი, ხოლო 1950 წლის ივნისში აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1952 წლის 16 ოქტომბრიდან იყო სკკპ-ის მე-19 პრეზიდიუმის სრულუფლებიანი წევრი.

სტალინის გარდაცვალების შედეგად დაწყებული ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ, სუსლოვმა დაკარგა მოპოვებული გავლენა და ცნობადობა, თუმცა, 1950-იანი წლების ბოლოს სუსლოვი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის რევიზიონისტული მიდგომის მიმართ ოპოზიციაში მყოფი კომუნისტების ლიდერი. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ, სუსლოვმა მხარი დაუჭირა კოლექტიური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას. იგი აგრეთვე ემხრობოდა შიდაპარტიულ დემოკრატიას და ეწინააღმდეგებოდა ერთპიროვნული მმართველობის სისტემას, როგორც ეს სტალინისა და ხრუშჩოვის დროს იყო. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს, სუსლოვი ითვლებოდა „მეორე კაცად“ და პარტიის მთავარ იდეოლოგად. სუსლოვი გარდაიცვალა 1982 წლის 25 იანვარს, 79 წლის ასაკში. ითვლება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ბრეჟნევზე გავლენის მოპოვებისთვის და მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებისთვის.

ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი

სუსლოვი დაიბადა რუსეთის იმპერიაში, სოფელ შახოვსკოეში, 1902 წლის 21 ნოემბერს. 1918 წელს მან დაიწყო მუშაობა სარატოვის კომკავშირში, ხოლო საბოლოო ჯამში გახდა სიღარიბესთან ბრძოლის კომიტეტის წევრი. 1921 წელს, კომკავშირში სამწლიანი მუშაობის შემდეგ, სუსლოვი გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. მუშათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სუსლოვმა დაიწყო ეკონომიკის სწავლა პლეხანოვის სახელობის ინსტიტუტში (1924–1928). პლეხანოვის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სუსლოვმა მოღვაწეობა დაიწყო წითელი პროფესურის ინსტიტუტში;[1] იგი ასწავლიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში[2] და საწარმო აკადემიაში.[1]

1931 წელს პარტიულ აპარატში მუშაობის დაწყების გამო მან თავი დაანება აკადემიურ მოღვაწეობას — იგი გახდა კომპარტიის სახალხო კონტროლის კომისიისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის ინსპექტორი.[1] ძირითადად, სუსლოვი განიხილავდა „პირად საქმეებს“, დისციპლინის გადაცდომებს და პარტიიდან გარიცხვაზე შეტანილ აპელაციებს. 1933–1934 წლებში სუსლოვი სათავეში ედგა ლაზარე კაგანოვიჩის მიერ ინიციირებულ ურალისა და ჩერნიგოვის მხარეებში ჩატარებულ პარტიულ წმენდებს. იური დრუჟნიკოვი წერს, რომ სუსლოვმა მონაწილეობა მიიღო სასამართლოს რამდენიმე საჩვენებელ პროცესში[3] და მხარი დაუჭირა კომპარტიიდან ტროცკისტების, ზინოვიევისტების და სტალინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი წევრების გარიცხვას.[1] იოსებ სტალინის ბრძანებით, სუსლოვმა ჩაატარა პარტიული წმენდები ქალაქ როსტოვში,[4] ხოლო 1939 წელს დაინიშნა სტავროპოლის მხარის კომპარტიის პირველ მდივნად.[2]

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დროს, სუსლოვი იყო ჩრდილოკავკასიური ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი[1] და გერმანელების მიერ ჩრილოკავკასიის დაკავების შემდეგ, სათავეში ედგა სტავროპოლის მხარის პარტიზანულ მოძრაობას.[2] საბჭოთა ისტორიოგრაფიის თანახმად, სუსლოვი პარტიზანთა ხელმძღვანელის რანგში საკმაოდ წარმატებული გამოდგა, თუმცა, მოვლენების უშუალო მონაწილეების ჩვენებები საპირისპიროს ამტკიცებს. ამ მოწმეების თანახმად, მოძრაობას ჰქონდა რიგი საორგანიზაციო პრობლემები, რომელთა გამოც ბრძოლის ველზე პარტიზანთა ეფექტურობა მცირდებოდა. ომის დროს სუსლოვმა დიდი დრო დაუთმო მუშათა მობილიზაციას და მათ წაქეზებას გერმანელებთან ბრძოლაზე. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ პარტიზანულ მოძრაობას ადგილობრივ დონეზე მართავდნენ იქაური პარტიული წრეები. ჩრდილოეთ კავკასიის გათავისუფლებისას სუსლოვს ახლო კავშირი ჰქონდა წითელ არმიასთან.[1]

ომის დროს, სუსლოვი ზედამხედველობდა კავკასიიდან ჩეჩნებისა და სხვა ხალხების დეპორტაციას.[4] 1944–1946 წლებში სუსლოვი ხელმძღვანელობდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლიეტუვის საქმეთა ბიუროს. 1970-იანებში „სამიზდატით“ გამოცემული ლიტერატურის თანახმად, სუსლოვი პირადად იყო პასუხისმგებელი ნაციონალისტი ლიეტუველების დეპორტაციასა და მკვლელობებზე.[5] საიმონ სებაგ-მონტეფიორეს თქმით, სუსლოვმა „სასტიკად გაწმინდა“ ბალტიისპირეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[6]

სტალინის პროტეჟე

სუსლოვი (პირველი მარჯვნიდან), 1950

1946 წელს სუსლოვი დაინიშნა საორგანიზაციო ბიუროს წევრად და მაშინვე გახდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო პოლიტიკის განყოფილების თავმჯდომარე. ერთი წლის შემდეგ იგი დანიშნეს ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელადაც. ომის შემდგომ წლებში სუსლოვი მკაცრად აკრიტიკებდა ებრაულ ანტიფაშისტურ კომიტეტს.[7] 1947 წელს სუსლოვი აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს წევრად.[2] ეს თანამდებობა მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. სუსლოვი იოსებ სტალინის სრული ნდობით სარგებლობდა და 1948 წელს, ლენინის გარდაცვალების ოცდაოთხი წლის თავზე „ბელადის“ დავალებით სიტყვითაც გამოვიდა.[8] 1949 წლის სექტემბრიდან 1950 წლამდე იკავებდა გაზეთ „Правда“-ს გენერალური რედაქტორის თანამდებობას.[1]

1949 წელს სუსლოვი გიორგი მალენკოვთან, ლავრენტი ბერიასთან და ლაზარე კაგანოვიჩთან ერთად გახდა მოსკოვის ადგილობრივი კომპარტიის ლიდერის, გიორგი პოპოვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების საგამოძიებო კომისიის წევრი.[9] რუსი ისტორიკოსი როი მედვედევი თავის წიგნ „უცნობ სტალინში“ (Неизвестный Сталин) წერს, რომ სტალინმა სუსლოვი „საიდუმლო მემკვიდრედ“ დატოვა.[4] 1950 წლის ივნისში სუსლოვი აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად, ხოლო პარტიის მეცხრამეტე ყრილობისას სუსლოვი აირჩიეს პარტიის პრეზიდიუმის (მომავალი პოლიტბიურო) წევრად. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სუსლოვის გავლენა მკვეთრად შემცირდა, ხოლო 1953 წელს იგი სულაც გარიცხეს პარტიის პრეზიდიუმიდან; თუმცა, მან განაგრძო მოღვაწეობა უზენაეს საბჭოში და საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეც კი გახდა.[10]

ხრუშჩოვის ერა

1955 წელს სუსლოვმა შედარებით აღადგინა ძველი გავლენა და პრეზიდიუმის შემადგენლობაში დაბრუნდა.[9] 1956 წელს პარტიის მეოცე ყრილობაზე, ნიკიტა ხრუშჩოვი გამოვიდა საიდუმლო სიტყვით იოსებ სტალინის პიროვნების კულტზე. იმავე წლის 16 თებერვალს სუსლოვმა თავის იდეოლოგიურ რაპორტში გააკრიტიკა სტალინის პიროვნების კულტი:[11]

„[მათ] მოუტანეს საკმაო ზიანი პარტიის საორგანიზაციო და იდეოლოგიურ მუშაობას. მათ დააკნინეს მასებისა და პარტიის როლი, დააკნინეს კოლექტიური ხელმძღვანელობა, ხელი შეუშალეს შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ცალკეული წევრების აქტიურობას, ინიციატივასა და საქმიანობას, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია კონტროლის სიმცირე, უპასუხისმგებლობა და ცალკეული პირების საქმიანობაში გამოვლენილი თვითნებობა, ხელი შეუშალა კრიტიკისა და თვითკრიტიკის განვითარებასა და საშუალება მისცა ერთპიროვნული და ხშირად მცდარი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის შემოღებას.“
— სუსლოვი პარტიის მეოცე ყრილობაზე.

1956 წლის უნგრეთის რევოლუციის დროს სუსლოვი ანასტას მიქოიანთან ერთად ბუდაბეშტთან ახლო მდებარე ლოკაციიდან ხელმძღვანელობდა საბჭოთა ჯარის მოქმედებებს და ეხმარებოდა უნგრეთის ახალ მთავრობას. სუსლოვი და მიქოიანი დაესწრნენ უნგრეთის სოციალისტურ მუშათა პარტიის პოლიტბიუროს სხდომას, სადაც პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს იანოშ კადარი. საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილ ტელეგრამაში სუსლოვი და მიქოიანი აცნობიერებდნენ, რომ სიტუაცია უნგრეთში უფრო დაიძაბა, თუმცა, ამავე დროს, ესალმებოდნენ ერნე გიორეს გენერალური მდივნის თანამდებობიდან გადაყენებას და მის ადგილას კადარის დანიშვნას.[11] სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმში სუსლოვისა და მიქოიანის ქმედებები უნგრეთში გააკრიტიკეს. პრეზიდიუმის აზრით, მათ უნგრეთის ახალ მთავრობას ბევრი რამ დაუთმეს.[12] უნგრეთში ინტერვენციასთან დაკავშირებით, სუსლოვს თავდაპირველად მყარი პოზიცია არ ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ მან მხარი დაუჭირა წითელი არმიის შეყვანასა და კონტრრევოლუციური მთავრობის შეცვლას.[13]

1957 წლის ივნისში სუსლოვმა მხარი დაუჭირა ხრუშჩოვს „ანტიპარტიულ ჯგუფთან“ (გიორგი მალენკოვი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, ლაზარე კაგანოვიჩი და დიმიტრი შეპილოვი) ბრძოლაში.[13] თავის მემუარებში ანასტას მიქოიანი წერდა, რომ თავად უბიძგა სუსლოვს ხრუშჩოვის მხარდაჭერისკენ და დაარწმუნა, რომ ხრუშჩოვი მაინც გამარჯვებული დარჩებოდა, გინდ პრეზიდიუმში საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონოდა.[13] იმავე წლის ოქტომბერში, სუსლოვმა მარშალი და თავდაცვის მინისტრი გიორგი ჟუკოვი „ბონაპარტიზმში“ დაადანაშაულა, რის შემდეგაც ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ჟუკოვი ყველა პარტიული და სახელმწიფო თანამდებობიდან გადააყენა.[13]

1958 წლის 22 იანვარს ხრუშჩოვმა სიტყვით გამოსვლისას წამოწია სამანქანო და სატრაქტორო სადგურების ლიკვიდაციის წინადადება, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მარქსისტურ-ლენინისტური დოქტრინის თანახმად, კერძო საკუთრების კოოპერატივის მიერ ფლობა ითვლებოდა საზოგადოებრივი მფლობელობის „დაბალ“ ფორმად; კოოპერატიული საკუთრების გაფართოება ეწინააღმდეგებოდა სტალინის მიერ ინტერპრეტირებულ მარქსისტულ თეორიას. სუსლოვი მხარს უჭერდა სტალინის ეკონომიკურ პოლიტიკას და თვლიდა, რომ ხრუშჩოვის ეს შემოთავაზება იდეოლოგიურად იყო მიუღებელი. თუმცა, 1958 წლის მარტში სიტყვით გამოსვლისას მან უარი თქვა რეფორმის იდეოლოგიურ მნიშვნელობაზე გაემახვილებინა ყურადღება და ძირითადი აქცენტი გააკეთა რეფორმათა პრაქტიკულობასა და პროდუქტიულობის გაზრდაზე. პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სუსლოვი მოერიდა ხრუშჩოვის პირდაპირ ხსენებას.[13]

კომპარტიის ოცდამეერთე ყრილობა 1959 წლის იანვარში გაიმართა, რომელზეც ხრუშჩოვს ახალი შვიდწლიანი გეგმის შედგენა უნდოდა. ყრილობაზე, სუსლოვმა მორიდებით გააკრიტიკა ხრუშჩოვის განცხადება, რომ ქვეყანა განვითარების სოციალისტური ეტაპიდან კომუნისტურ ეტაპზე გადავიდა. სუსლოვი მიიჩნევდა, რომ ხრუშჩოვის განცხადებები პარტიას ჰყოფდა. ხრუშჩოვის დისკრედიტაციისთვის სუსლოვმა კარლ მარქსისა და ვლადიმერ ლენინის ციტატები მოიყვანა:[14]

„მარქსი და ლენინი გვასწავლიან, რომ კომუნიზმი უცბად არ დგება, არამედ ჯერ ჩნდება, იზრდება, ვითარდება, გადის განვითარების ეტაპებსა და ფაზებს... საბჭოთა საზოგადოების განვითარების ახალი ეტაპი აღინიშნება სოციალისტური ქონების ორი ფორმის – სახელმწიფოსა და კოლექტიური გაერთიანებით... სოციალური ცვლილებების პროცესი ხანგრძლივი იქნება და რა თქმა უნდა, ვერ დასრულდება შვიდ წელიწადში“.
— სუსლოვი პარტიის ოცდამეერთე ყრილობაზე.

თანდათანობით, სუსლოვი სულ უფრო და უფრო აკრიტიკებდა ხრუშჩოვის პოლიტიკას,[15] მის სტილს და ძველი, სტალინისტური გვარდიის მოშორების სურვილს.[16] გარდა ამისა, ხრუშჩოვსა და სუსლოვს შორის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირეულ საკითხებში: სუსლოვი ეწინააღმდეგებოდა ამერიკულ-საბჭოთა ურთიერთობების გამოსწორებას[15] და იუგოსლავიასთან ახალი მიდგომის პოვნას.[17] შიდა პოლიტიკაში სუსლოვი ეწინააღმდეგებოდა დესტალინიზაციას და ეკონომიკური დეცენტრალიზაციის გეგმებს.[18]

1959 წელს სუსლოვი უზენაესი საბჭოს წარმომადგენლის რანგში საპარლამენტო ვიზიტით ეწვია გაერთიანებულ სამეფოს. ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ წელს უკვე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჰიუ გეითსკელი ეწვია საბჭოთა კავშირს.[19]

რევოლუციის შემდეგ, ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები დაიძაბა; ცენტრალური კომიტეტისადმი გაგზავნილ ანგარიშში სუსლოვი წერდა: „საკითხის ძირითადი ასპექტი არის ის, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში ბოლო დროს შეიმჩნევა ჩინეთში არსებული სოციალისტური ურთიერთობების მომწიფულობის გაზვიადების ტენდენცია... ადგილი აქვს პატივმოყვარეობას და ქედმაღლობას. [ეს ნაკლოვანებები] ძირითადად გამოწვეულია ამხანაგ მაო ძედუნის პიროვნების კულტით... რომელმაც, გავრცელებული აზრის თანახმად, თავად ირწმუნა საკუთარი უცოდველობა“.[20] სუსლოვი მაოს პიროვნების კულტს სტალინის შემთხვევას ადარებდა.[21]

„ანტიპარტიული ჯგუფის“ ჩავარდნის შემდეგ, სუსლოვი სათავეში ჩაუდგა ცენტრალური კომიტეტის ოპოზიციურ ფრაქციას, რომელსაც „მოსკოვის ფრაქციასაც“ უწოდებდნენ.[22] ხრუშჩოვმა მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება ოპოზიციასთან კრიზისების დროს გარკვეულ დათმობებზე წასვლის გზით. კარიბის კრიზისის შემდეგ სუსლოვმა მოახერხა პოლიტბიუროდან ხრუშჩოვის რამდენიმე მხარდაჭერის დათხოვნა და მათი „თავისი ხალხით“ ჩანაცვლება. ხრუშჩოვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა კარიბის კრიზისის შემდეგ, ხოლო სუსლოვის გავლენა ერთიორად გაიზარდა. 1964 წელს ხრუშჩოვი ძალაუფლებას ჩამოაშორეს. სუსლოვი, მართალია, ოპოზიციის ლიდერი იყო, თუმცა, წინა წელს ჩინეთში ყოფნისას მძიმედ ავად გახდა, რის გამოც მოძრაობას წინ ლეონიდ ბრეჟნევი და ალექსეი კოსიგინი გაუძღვნენ.[23]

ბრეჟნევის ერა

კოლექტიური ხელმძღვანელობა

სუსლოვი აღმოსავლეთ გერმანიის მმართველი პარტიის ყრილობაზე, მეორე მარცხნიდან პირველ რიგში.

1964 წლის ოქტომბერში ხრუშჩოვი საბოლოოდ ჩამოაშორეს საბჭოთა მთავრობას; ამ ღონისძიებაში სუსლოვმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. 1960-იან წლებში, ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ, ბრეჟნევთან და კოსიგინთან ერთად სუსლოვი იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არასდროს ჰქონია სურვილი საბჭოთა კავშირის პირველი პირი ყოფილიყო და ამას ჩუმად მოღვაწეობას ამჯობინებდა.[24] ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში სუსლოვი იყო ერთ-ერთი იმ ოთხი ადამიანიდან, რომელიც ერთდროულად იკავებდა თანამდებობას პარტიის სამდივნოში და პოლიტბიუროში (დანარჩენი სამი — ლეონიდ ბრეჟნევი, ანდრეი კირილენკო და ფიოდორ კულაკოვი).[25]

კოლექტიური ხელმძღვანელობა ხრუშჩოვის გადადგომისთანავე ჩამოყალიბდა და შედგებოდა ბრეჟნევისგან, რომელიც იყო პარტიის პირველი მდივანი, კოსიგინისგან, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და მიქოიანისგან (შემდეგ კი ნიკოლოზ პოდგორნისგან), რომელიც დე იურე სახელმწიფოს მეთარუი იყო. დასაწყისშივე, სუსლოვი აკრიტიკებდა ერთპიროვნულ მმართველობას, როგორც ეს სტალინის დროს იყო, თუმცა, აგრეთვე უკმაყოფილებას გამოხატავდა ხრუშჩოვის დესტალინიზაციის მცდელობებთან დაკავშირებით. 1970 წელს ბრეჟნევს სურდა თავად დაეკავებინა მთავრობის მეთაურის პოსტი, თუმცა, სუსლოვმა მას აზრი შეაცვლევინა.[26] ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში კომპარტიის არაოფიციალურ „ტროიკაში“ მასთან ერთად სუსლოვი და კირილენკო შედიოდნენ,[27] ხოლო პოლიტბიუროს იერარქიაში სუსლოვი მეოთხე იყო – ბრეჟნევის, პოდგორნის და კოსიგინის შემდეგ.[28]

ბრეჟნევის გენერალური მდივნობისას სუსლოვს სულ უფრო და უფრო ნეგატიური განწყობა უყალიბდებოდა ცვლილებების მიმართ. იგი ეწინააღმდეგებოდა აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების მიერ ნებისმიერი სახის ანტი-საბჭოთა პოლიტიკის გატარებას, თუმცა, არ მიემხრო 1956 წელს უნგრეთში და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეყვანას. ქრისტიან შმიდტ-ჰაუერი სუსლოვს აღმოსავლეთ ბლოკის „ორთოდოქსი კომუნისტების“ „პაპს“ უწოდებს. მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, სუსლოვი შიშობდა, რომ თანდათანობით საბჭოთა კავშირის როლი კომუნისტურ მოძრაობაში დაკნინდებოდა. შმიდტ-ჰაუერი თავის წიგნ „გორბაჩოვი: გზა ძალაუფლებისკენ“ წერს, რომ სუსლოვი იყო „რუსი ნაციონალისტი“, რომელსაც სჯეროდა, რომ „რუსეთი სამყაროს ცენტრი იყო“.[29]

ბრეჟნევის მმართველობისას სუსლოვმა „კომუნისტური პარტიის მთავარი იდეოლოგის“ ტიტული მიიღო. სუსლოვი ბევრს მუშაობდა ვლადიმერ ლენინის, კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ არ თაკილობდა უარი ეთქვა მარქსიზმ-ლენინიზმის ზოგიერთ პოსტულატზე[30] – მაგალითად, როცა ბოლო მოეღო პარტიის მიერ ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის კონტროლს.[31] ამავე დროს, კვლავ არსებობდა ცენზურა ლიტერატურისთვის; თანაც, ცენზურას ექვემდებარებოდა არა მარტო საბჭოთა წყობის მიმართ კრიტიკული ნაწარმოებები, არამედ თვით ლენინის ნამუშევრებიც.[32]

ბოლო წლები და გარდაცვალება

სუსლოვის საფლავი კრემლის ნეკროპოლისში

1980-იანი წლების დასაწყისში პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში განვითარებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა სერიოზული ზიანი მიაყენა პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიას. საკითხთან დაკავშირებით სუსლოვის აზრი დიდ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან პოლიტბიუროს სპეციალურად შექმნილი კომისიის თავმჯდომარე ზუსტად ის იყო. კომისიაში მის გარდა შედიოდნენ იური ანდროპოვი, დიმიტრი უსტინოვი, ანდრეი გრომიკო და კონსტანტინე ჩერნენკო. 28 აგვისტოს კომისია განიხილავდა პოლონეთში წითელი არმიის შეყვანის ვარიანტს,[33] თუმცა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველმა მდივანმა დაარწმუნა კომისია, რომ საბჭოთა ინტერვენცია სიტუაციას მხოლოდ გაართულებდა. სუსლოვი მას დაეთანხმა და განაცხადა: „ჯარის შეყვანა კატასტროფას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი იზიარებს აზრს, რომ ჯარის შეყვანაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს“.[34] სუსლოვმა, თავის მხრივ, დაარწმუნა პირველი მდივანი, პოლონეთში კომენდანტის საათი დაეწესებინა.[35]

1982 წლის იანვარში, იური ანდროპოვმა გაუმხილა სუსლოვს, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სემიონ ცვიგუნი ლეონიდ ბრეჟნევის შვილებს, იურის და გალინას კორუფციაში წაყენებული ბრალდებებისგან იცავდა. სუსლოვმა ცვიგუნს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ახსნა-განმარტების მიცემა სთხოვა და პარტიიდან გარიცხვითაც კი დაემუქრა, თუმცა 1982 წლის წლის 19 იანვარს ცვიგუნი გარდაიცვალა. ორ დღეში, თავად სუსლოვს კორონარული უკმარისობა დაემართა და 25 იანვარს იგი გარდაიცვალა.[36] მიჩნეულია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ბრეჟნევის მემკვიდრეობისთვის, რომელშიც ანდროპოვმა კირილენკოსა და ჩერნენკოს აჯობა.[29] სუსლოვი 29 იანვარს, კრემლის კედლის ნეკროპოლისში დაასაფლავეს. ბრეჟნევმა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიდი მწუხარება გამოთქვა.[37]

ჯილდოები

სუსლოვმა ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის სოციალისტური შრომის გმირის ორი ჯილდო, ხუთი ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ერთი ორდენი და დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიამ სუსლოვი კარლ მარქსის ოქროს მედლით დააჯილდოვა. სუსლოვმა აგრეთვე მიიღო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის და ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები.[1]

პირადი ცხოვრება

სუსლოვი დაქორწინებული იყო ელისაბედ ალექსანდრეს ასულზე (1903–1972), რომელიც მოსკოვის სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად მუშაობდა. ელისაბედს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ექიმის რეკომენდაციებს ის არ ითვალისწინებდა. ერთხელ, ელისაბედის სანახავად კრემლის საავადმყოფოში მიიწვიეს ბერნარდ ლოუნი, ლიეტუვაში დაბადებული ამერიკელი ექიმი; ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი შემთხვევებიდან, როცა უცხოელი ექიმი კრემლის საავადმყოფოში მიიღეს. სუსლოვი ლოუნის მუშაობას აფასებდა, თუმცა თავად მას არ შეხვდა, რადგან ლოუნი „იმპერიალისტური“ ქვეყნიდან იყო.[38] სუსლოვსა და მის მეუღლეს ჰყავდათ ორი შვილი – რევოლი (დ. 1929; სახელი დაარქვეს რევოლუციის პატივსაცემად) და მაია (დ. 1939; პირველი მაისის პატივსაცემად).[39]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Уфаркиным, Николаем Васильевичем (Ufarkinym, Nikolai Vasilyevich) — Суслов, Михаил Андреевич; 11 თებერვალი, 2011
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Law 1975, p. 224.
  3. Druzhnikov, Yuri (1997). Informer 001: The Myth of Pavlik Morozov. Transaction Publishers, გვ. 62. ISBN 978-1-56000-283-3. 
  4. 4.0 4.1 4.2 Montefiore 2005, p. 642n.
  5. „Samizdat document on Suslov's role in Lithuania“. Lituanus. 24 (1). Spring 1978.
  6. Montefiore 2005, p. 560n.
  7. (1995) War, Holocaust and Stalinism: A Documented Study of the Jewish Anti-Fascist Committee in the USSR. Routledge, გვ. 69–70. ISBN 978-3-7186-5739-1. 
  8. Petroff 1988, p. 62.
  9. 9.0 9.1 Brown 2009, p. 218.
  10. Law 1975, pp. 224–225.
  11. 11.0 11.1 Petroff 1988, p. 84.
  12. Brown 2009, p. 283.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Brown 2009, p. 285.
  14. Petroff 1988, p. 115.
  15. 15.0 15.1 Law 1975, p. 225.
  16. Law 1975, p. 209.
  17. Khrushchev, Nikita (2006). Memoirs of Nikita Khrushchev: Reformer, 1945–1964. Pennsylvania State Press, გვ. 511. ISBN 978-0-271-02861-3. 
  18. Petroff 1988, p. 117.
  19. Oudenaren, John Van (1991). Détente in Europe: The Soviet Union and the West since 1953. Duke University Press, გვ. 118. ISBN 978-0-8223-1141-6. 
  20. (2001) Profiling Political Leaders: Cross-cultural Studies of Personality and Behavior. Greenwood Publishing Group, გვ. 126. ISBN 978-0-275-97036-9. 
  21. Leffler, Melvyn P. (2009). The Cambridge History of the Cold War. Cambridge University Press, გვ. 369. ISBN 978-0-521-83719-4. 
  22. Law 1975, p. 160.
  23. Law 1975, p. 210.
  24. Brown 2009, p. 402.
  25. Law 1975, p. 231.
  26. Schmidt-Häuer 1986, p. 77.
  27. Mitchell, R. Judson (1990). Getting To the Top in the USSR: Cyclical Patterns in the Leadership Succession Process. Hoover Press, გვ. 26. ISBN 978-0-8179-8921-7. 
  28. 170. Memorandum From the President’s Assistant for National Security Affairs (Kissinger) to President Nixon. history.state.gov (April 10, 1971). ციტირების თარიღი: 6 March 2018.
  29. 29.0 29.1 Schmidt-Häuer 1986, p. 78.
  30. Service 2009, p. 418.
  31. Service 2009, pp. 418–419.
  32. Service 2009, p. 419.
  33. Brown 2009, p. 430.
  34. Brown 2009, p. 435.
  35. Petroff 1988, p. 197.
  36. Schmidt-Häuer 1986, p. 73.
  37. Schmidt-Häuer 1986, p. 74.
  38. (2005) Самые секретные родственники. Olma Media Group, გვ. 416. ISBN 978-5-94850-408-7. 
  39. Petroff 1988, p. 73.