ანასტასია მიხეილის ასული
ანასტასია მიხეილის ასული | |
---|---|
მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 აპრილი, 1883 |
მმართ. დასასრული: | 10 აპრილი, 1897 |
წინამორბედი: | მარია შვარცბურგ-რუდოლშტადტელი |
მემკვიდრე: | ალექსანდრა ჰანოვერელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ივლისი, 1860 |
დაბ. ადგილი: | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გარდ. თარიღი: | 11 მარტი, 1922, (61 წლის) |
გარდ. ადგილი: | ეზა, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ფრიდრიხ ფრანც III, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი (ქ. 1879 - გარდ. 1897) |
შვილები: |
ალექსანდრინა, დანიის დედოფალი ფრიდრიხ ფრანც IV, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი სესილია, გერმანიის კრონპრინცესა |
დინასტია: | რომანოვები |
მამა: | დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლაევიჩ რომანოვი |
დედა: | სესილია ბადენელი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ანასტასია მიხეილის ასული (რუს. Анастасия Михайловна; დ. 28 ივლისი, 1860, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი ― გ. 11 მარტი, 1922, ეზა, საფრანგეთი) ― რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლაევიჩისა და პრინცესა სესილია ბადენელის ასული. მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგინია 1883-1897 წლებში, როგორც ფრიდრიხ ფრანც III-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასია დაიბადა 1860 წლის 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ძისა და მაშინდელი მოქმედი იმპერატორის, ალექსანდრე II-ის ძმის, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლაევიჩისა და მისი მეუღლის, პრინცესა სესილია ბადენელის მეორე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. მისი დაბადებიდან მალევე, 1862 წელს მამამისი კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა, რის გამოც მათი ოჯახი თბილისში გადასახლდა. ამის გამო ანასტასია და მისი ძმები საქართველოში აღიზარდნენ, რის გამოც მან თავისი გათხოვებამდელი ცხოვრება თითქმის მთლიანად აქ გაატარა.
1878 წელს მამამისს მეფისნაცვლობა ჩამოერთვა და ანასტასიას ოჯახიც პეტერბურგში დაბრუნდა. იქ მალევე დაიწყეს მისი საქორწინო მოლაპარაკებები და 1879 წელს ცოლად შერთეს მეკლენბურგ-შვერინის პრინც ფრიდრიხ ფრანცს, რომელიც ანასტასიას ბიცოლის, მარიას ძმა იყო. 1883 წლის აპრილში გარდაიცვალა მისი მამამთილი, ამიტომაც დიდი ჰერცოგი ანასტასიას ქმარი, ფრიდრიხ ფრანც III გახდა, რამაც ის დიდ ჰერცოგინიად აქცია.
ანასტასიასა და ფრიდრიხ ფრანცის ქორწინება არც ისე ბედნიერი იყო, რასაც მრავალი მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში ის, რომ დიდი ჰერცოგი ჰომოსექსუალი იყო და ცოლს ხშირად ღალატობდა, ამასთან, იგი ასთმით იყო დაავადებული და დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ, უფრო მცხუნვარე ადგილებში ატარებდა გამოსაჯანმრთელებლად. თუმცაღა, ამის მიუხედავად მათ მაინც შეეძინათ სამი შვილი: ორი გოგონა და ერთი ვაჟი.
1897 წელს ფრიდრიხ ფრანც III-მ საფრანგეთში ყოფნისას თავი მოიკლა, რის გამოც ახალი დიდი ჰერცოგი მათი ძე, ფრიდრიხ ფრანც IV გახდა. აღსანიშნავია, რომ ანასტასია მეორედ აღარ გათხოვილა, თუმცა არაერთი რომანი ჰქონდა. 1902 წელს იგი დიდ სკანდალში გაეხვა, რადგან თავისი საყვარლისაგან დაფეხმძიმდა და უკანონო შვილიც გააჩინა. უკვე პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც გერმანიაში მონარქია და მასთან ერთად მისი ვაჟის მმართველობაც დაემხო, ანასტასიამ ქვეყანა დატოვა და საფრანგეთში გადასახლდა. იგი სწორედ იქ, 1922 წლის 11 მარტს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ინსულტის შეტევის შედეგად.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასიას ქმრისაგან სულ სამი შვილი ჰყავდა:
- ალექსანდრინა (1879-1952), ცოლად გაჰყვა დანიის მეფე კრისტიან X-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე, ფრედერიკ IX;
- ფრიდრიხ ფრანც IV (1882-1945), მეკლენბურგ-შვერინის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი, ცოლად შეირთო პრინცესა ალექსანდრა ჰანოვერელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
- სესილია (1886-1954), ცოლად გაჰყვა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის უფროს ძეს, კრონპრინც ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
გარდა ამისა, მას თავისი საყვარლის, ვლადიმირ ალექსანდროვიჩ პალტოვისაგან ასევე ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:
- გრაფი ალექსი ლუი დე ვენდენი (1902-1976), ცოლად შეირთო პაულეტა სოქსი, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა: ქსენია და ანასტასია;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alexander, Grand Duke of Russia. Once a Grand Duke. Cassell, London, 1932.
- Beéche, Arturo. The Grand Duchesses. Eurohistory, 2004. ISBN 0-9771961-1-9
- Domin, Marie-Agnes. Anastasia Mikailovna Romanova, Editions Atlantica, 2002. ISBN 2-84394-546-1.
- Cockfield, Jamie H. White Crow. Praeger, 2002.
- Mateos Sainz de Medrano. Ricardo. A Child of The Caucasus. Royalty Digest, Vol 3, N 1. July 1993.
- Michael, Prince of Greece. Jewels of the Tsars. The Vedome Press, 2006.
- Yussupov, Felix. Lost Splendor, 1952 [1].
- Zeepvat, Charlotte. The Camera and the Tsars. Sutton Publishing, 2004, ISBN 0-7509-3049-7.
- Zeepvat, Charlotte. The other Anastasia: A woman who loved and who lived. Royalty Digest Quarterly. N2 2006. ISSN 1653-5219.
|