სესილია მეკლენბურგ-შვერინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სესილია მეკლენბურგ-შვერინელი
Cecilie of Mecklenburg-Schwerin Crown Princess of Germany and Prussia.jpg
სრული სახელი
სესილია ავგუსტა მარია
წოდებები
გერმანიისა და პრუსიის კრონპრინცესა
დაიბადა 20 სექტემბერი, 1886
შვერინი, გერმანია
გარდაიცვალა 6 მაისი, 1954, (67 წლის)
ბად-კისინგენი, გერმანია
საგვარეულო მეკლენბურგ-შვერინი
მეუღლე(ები) ვილჰელმი, გერმანიის კრონპრინცი
(ქ. 1905 - გარდ. 1951)
შვილ(ებ)ი ვილჰელმი
ლუდვიგ ფერდინანდი
ჰუბერტი
ფრიდრიხი
ალექსანდრინა
სესილია
მამა ფრიდრიხ ფრანც III, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
დედა ანასტასია მიხეილის ასული
რელიგია ლუთერანობა

სესილია მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Cecilie zu Mecklenburg-Schwerin; დ. 20 სექტემბერი, 1886, შვერინი, გერმანია ― გ. 6 მაისი, 1954, ბად-კისინგენი, გერმანია) ― მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც III-ის ქალიშვილი. პრუსიისა და გერმანიის კრონპრინცესა 1905-1951 წლებში. გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის რძალი, დანიის დედოფალ ალექსანდრინას და, ნიდერლანდების დედოფალ იულიანას ბიძაშვილი, დანიის მეფე ფრედერიკ IX-ის დეიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა სესილია დაიბადა 1886 წლის 20 სექტემბერს შვერინში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც III-ისა და მისი მეუღლის, დიდ მთავარ ანასტასია მიხაილოვნა რომანოვას ქალიშვილი. იმის გამო, რომ მამამისი ასთმისაგან იტანჯებოდა, მან ბავშვობის დიდი ნაწილი სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ კანში გაატარა. აქ იგი შეხვდა ისეთ ევროპელ მონარქებს, როგორებიც იყვნენ საფრანგეთის იმპერატრიცა ეუხენია და დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII.

1897 წლის აპრილში სესილიას მამამ თავი მოიკლა, რის შემდეგაც დიდი ჰერცოგი მისი ძმა, ფრიდრიხ ფრანც IV გახდა და მათი ოჯახიც გერმანიაში დაბრუნდა. უკვე 1898 წელს მისი უფროსი და, პრინცესა ალექსანდრინა თავად დანიის მეფე კრისტიან X-ს გაჰყვა ცოლად, რამაც ხელი შეუწყო სესილიას ასეთივე სარფიან ქორწინებას.

კრონპრინცესა სესილია 1906-1908 წლებში

1904 წლის ივნისში პრინცესა სესილია პირველად შეხვდა პრუსიისა და გერმანიის კრონპრინც ვილჰელმს, იმპერატორ ვილჰელმ II-ისა და იმპერატრიცა ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელის უფროს ძეს. რამდენიმე ბალზე შეხვედრის შემდეგ მათ ერთმანეთი მოეწონათ და იმავე წლის 4 სექტემბერს დაინიშნენ კიდეც. უკვე 1905 წლის 6 ივნისს ბერლინში შედგა სესილიასა და ვილჰელმის ქორწინება, რითაც იგი გერმანიისა და პრუსიის კრონპრინცესა, ანუ მომავალი დედოფალი გახდა. ახლადდაქორწინებული წყვილი საცხოვრებლად ბრანდენბურგის სასახლეში გადავიდა.

ქორწინებიდან სულ მალე სესილიამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც იმპერატორის პატივსაცემად ვილჰელმი დაარქვეს. მომდევნო წლებში კრონპრინცესამ კიდევ სამი ვაჟი და ორი გოგონა გააჩინა.

1910 წელს სესილია და ვილჰელმი მსოფლიო ტურში წავიდნენ, რა დროსაც ისინი ეწვივნენ შრი-ლანკას, ინდოეთს, ეგვიპტეს, უკანა გზაზე კი რუსეთის იმპერატორსაც შეხვდნენ სანქტ-პეტერბურგში. ისინი ასევე ჩავიდნენ ვენაში, სადაც გაიცნეს ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოზეფი, შემდეგ ეწვივნენ დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-სა და დედოფალ მარია ტეკელს ლონდონში და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდნენ ბერლინს.

1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა სესილიას ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ომის დაწყებიდან მალევე, 1915 წელს მან გოგონა გააჩინა, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქონდა. უკვე 1918 წელს, ომის დასრულებასთან ერთად დაემხო გერმანული მონარქიაც, რის გამოც მან დაკარგა წოდება, ტიტულები, სოციალური მდგომარეობა და უამრავი ნათესავიც. მისი მამამთილი ემიგრაციაში ნიდერლანდებში წავიდა, თუმცა გერმანიის ახალმა მთავრობამ სესილიასა და მის ქმარ-შვილს ქვეყანაში დარჩენის ნება დართოთ, რის შემდეგაც ისინი პოტსდამში, ახალ სასახლეში გადავიდნენ.

პრინცესა სესილია ქმართან ერთად

მას შემდეგ, რაც სესილიას მამამთილი გარდაიცვალა, მისი ქმარი ტიტულარული იმპერატორი გახდა, თავად სესილია კი იმპერატრიცა, თუმცა მათი წოდება ფორმალობას არ სცდებოდა, ვინაიდან აღარც ძალაუფლება და აღარც კანონიერი უფლებები მათ აღარ გააჩნდათ. მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა დამხობილი მონარქისაგან განსხვავებით, სესილია და ვილჰელმი ქვეყნიდან არ გაუძევებით და ისინი მდიდრულად განაგრძობდნენ ცხოვრებას თავიანთ სასახლეში. სიტუაცია განსაკუთრებით შეიცვალა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომელიც, აღსანიშნავია, რომ ყოფილ მონარქებთან დიდად თანამშრომლობდა.

1933 წელს სესილიას უფროსი ვაჟი, ვილჰელმი დოროთეა სალვიატზე დაქორწინდა, რომელიც, მართალია იტალიელი დიდგვაროვანი იყო, მაგრამ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი არ ყოფილა, ამიტომაც იგი მისი ძისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა, რასაც დიდი სკანდალიც მოჰყვა. ამ დროს სესილიას კიდევ სჯეროდა, რომ საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, გერმანიაშიც აღდგებოდა მონარქია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავად გერმანელებს მათდამი კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ამიტომაც მას უნდოდა, რომ ტახტის შესაძლო მემკვიდრე თავისი წრის ქალზე ყოფილიყო დაქორწინებული.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად სესილიას ქმარი და ვაჟებიც ჩაერთნენ ბრძოლაში. ცნობილია, რომ ვილჰელმი აქტიურად იბრძოდა საფრანგეთში. თავად სესილიას უფროსი ვაჟი, პრინცი ვილჰელმი სწორედ საფრანგეთში ბრძოლისას გარდაიცვალა. ეს ამბავი ჰიტლერმა პირადად მიუსამძიმრა სესილიას და მის ვაჟს „ქვეყნისათვის მებრძოლი გმირი“ უწოდა. მას შემდეგ, რაც ომში გერმანია დამარცხდა და საბჭოთა ჯარებმა ბერლინი დაიკავეს, სესილიამ ოჯახთან ერთად დატოვა დედაქალაქი და 1945 წლიდან იგი ბავარიაში, კერძოდ კი ბად-კისინგენში გადასახლდა.

ბავარიაში მისი მეორე ვაჟი, პრინცი ჰუბერტი 1950 წელს გარდაიცვალა აპენდიციტით. რასაც მალევე, 1951 წელს მოჰყვა სესილიას მეუღლის გარდაცვალებაც, რამაც საშინლად იმოქმედა მასზე. 1952 წლის მაისში იგი მეორედ ეწვია დიდ ბრიტანეთს, სადაც შეხვდა ჯორჯ V-ის ქვრივსა და თავის ძველ მეგობარს, დედოფალ მარიას. ამის შემდეგ იგი დანიაში გაემგზავრა, სადაც მოინახულა თავისი და, უკვე დედა-დედოფალი ალექსანდრინა, რომელიც იმავე წელს გარდაიცვალა. 1953 წლის 3 იანვარს სესილია თავისი დის დაკრძალვას დაესწრო როსკილეს კათედრალში. ამის შემდეგ იგი ბად-კისინგენში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1954 წლის 6 მაისს, 67 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესილიას ქმრისგან ექვსი შვილი ჰყავდა:

  1. ვილჰელმი (1906-1940), ცოლად შეირთო დოროთეა სალვიატი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ლუდვიგ ფერდინანდი (1907-1994), ჰოენცოლერნთა დინასტიის მეთაური, ცოლად შეირთო დიდი მთავარი კირა კირილოვნა რომანოვა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. ჰუბერტი (1909-1950), პირველად იქორწინა ბარონესა მარია ფონ ჰუმბოლდტ-დახროედენზე, მეორედ კი პრინცესა მაგდალენა როის ცუ კოისტრიცზე. შვილები ჰყავდა ორივე ცოლისგან;
  4. ფრიდრიხი (1911-1966), ცოლად შეირთო ლედი ბრიჯიდ გინესი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  5. ალექსანდრინა (1915-1980), ჰქონდა დაუნის სინდრომი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  6. სესილია (1917-1975), ცოლად გაჰყვა არქიტექტორ კლიდ კენეთ ჰარისს, რომელთანაც შეეძინა შვილები;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cecilie, Crown Princess of Germany, 'My Memories of Imperial Russia', Royal Russia, No. 10, 2016. ISBN 978-1-927604-20-5
  • Easton, Laird M., ed. and trans., Journey to the Abyss: The Diaries of Count Harry Kessler 1880–1918, New York, Vintage Books, 2013. ISBN 978-0-307-27843-2
  • Kirschstein, Joerg, Kronprinzessin Cecilie: Eine Bildbiographie, Berlin, Quintessenz Verlags GmbH, 2004. ISBN 3-86124-579-5
  • Zeepvat, Charlotte, 'The Other Anastasia: A Woman who Loved and Who Lived', Royalty Digest Quarterly, No. 2, 2006. ISSN 1653-5219