ჰონდურასული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალეადა, ტიპური ჰონდურასული კერძი

ჰონდურასული სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Honduras) — ტრადიციული ჰონდურასული კერძების ერთობლიობა, რომელიც შეიქმნა მესოამერიკული, ესპანური, კარიბული და აფრიკული გასტრონომიების შერწყმით. აქ ასევე ვხვდებით გარიფუნას ხალხის კერძებს. ქოქოსი და ქოქოსის რძე წარმოდგენილია როგორც ტკბილ, ისე მარილიან კერძებში. რეგიონალური საჭმელებიდან ყველაზე ცნობილია ბალეადა, კარნე-ასადა, ტამალესი და შემწვარი თევზი. ძირითადი და ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტებია სიმინდი, ბრინჯი, ხახვი, ასევე ქათმისა და თევზის ხორცი. სანაპიროსთან მდებარე რეგიონებში გავრცელებულია ქოქოსის რძით მომზადებული თევზი.

სუპებს შორის, რომელთაც ჰონდურასელები ამზადებენ, ყველაზე ცნობილებია: ლობიოს წვნიანი, მონდონგოს სუპი, აგრეთვე ზღვის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის სუპი. როგორც წესი, ყველა ამ სუპშია წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ბოსტნეული და რაც მთავარია სიმინდი.

სხვა ტიპური კერძებია: მანტუნკა, ტოტრილიები და ტამალესი. ჰონდურასული სამზარეულო აგრეთვე ერთობ მდიდარია ისეთი ტროპიკული ხილით, როგორებიცაა: პაპაია, ანანასი, ქლიავი, საპოტე, ბანანი და ე.წ. ვნების ხილი. აღსანიშნავია, რომ აქ ბანანისაგან არაერთ საჭმელს აკეთებენ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი მწიფე არაა და მწვანე შეფერილობისაა.

საუზმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონდურასული საუზმე

როგორც წესი, ჰონდურასელებს დიდი და მსუყე საუზმე აქვთ. ჩვეულებრივ, იგი შედგება შემწვარი კვერცხის, შემწვარი ლობიოს, ჰონდურასული მარილიანი არაჟნის, კესო-ფრესკოს, ავოკადოს, ტორტილიებისა და შემწვარი ბოსტნეულისაგან. ასევე ტრადიციაა, რომ საუზმისათვის, უპირველეს ყოვლისა, მზადდება ტორტილიები, რომელთაც შემდეგში მთელი დღის განმავლობაში თითქმის ყველა კერძთან ერთად მიირთმევენ.

საუზმის სხვა ვარიანტებიდან პოპულარულია კარნე-ასადა (შემწვარი ხორცი) და ჩორისო (ჰონდურასული ცხარე სოსისი). როგორც წესი, „კარგ საუზმეს“ თან ახლავს ადგილობრივი, ჰონდურასული ყავაც. თავის მხრივ, აქაური ყავა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. იგი ჰონდურასის მთიან რეგიონში, ვულკანური წარმოშობის ნიადაგზე მოჰყავთ, რაც მას გამორჩეულ არომატებს აძლევს. ეს კი ქმნის იმის საფუძველს, რომ არსებობს ჰონდურასული ყავის რამდენიმე ბრენდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია პოპულარული.

მათთვის, ვინც დილით სახლში საუზმობას ვერ ასწრებს, ქუჩაში სწრაფი კვების ობიექტებში მაინცაა ხელმისაწვდომი ბალეადა, რომელსაც ისინი მხოლოდ დილაობით აცხობენ. აქ ასევე იყიდება შემწვარი კვერცხი, სიმინდის ტამალესი, ელოტე, ახალი ორჩატა და პოსოლე, ანუ ჩვეულებრივ ის საჭმელები, რომელთაც საუზმეზე მიირთმევენ.

საუზმეზე დესერტად უმეტეს შემთხვევაში როსკილას მიირთმევენ. იგი ჰონდურასულ დონატად ითვლება და მზადდება სიმინდის ცომისაგან.

ტაპადო, ზღვის პროდუქტების ჰონდურასული წვნიანი

მთავარი კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონდურასში აშკარად იგრძნობა მესოამერიკული და ესპანური სამზარეულოების ძლიერი გავლენა. აქ პოპულარულია ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებული სუპები, რომლებშიც ასევე იყენებენ კასავას, იუკას, კილანტროს, მწვანე ბაბანსა და სხვა ავთენტურ პროდუქტებს. განსაკუთრებით პოპულარულია ხამანწკებისა და კიბორჩხალების სუპი, რომელიც მარინერას სახელითაა ცნობილი. სუპებიდან ასევე აღსანიშნავია ფრიხოლესი, თეთრი და შავი ლობიოს წვნიანი ნივრით.

კიდევ ერთი ცნობილი ჰონდურასული კერძია კარნეადა, რომლის ფესვებიც მექსიკიდან იღებს სათავეს და მზადდება ცხვრის დაჭრილი და გრილზე შემწვარი ხორცის, ფორთოხლის მჟავე წვენის, მარილის, წიწაკისა და სანელებლების შერევით.

ასევე პოპულარულია კერძი კასამიენტო, ლობიოსა და ბრინჯის ნაზავი, რომელსაც კარიბულ და სალვადორულ გასტრონომიებშიც ვხვდებით. ერთობ გავრცელებული და მოთხოვნადია იოხოას შემწვარი თევზი, რომელსაც ტბა იოხოაში იჭერენ. როგორც წესი, მას მიირთმევენ კომბოსტოსთან, დამწნილებულ ხახვთან და კარგად შემწვარ ტახადიტასთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ken Albala, Honduras, in Food Cultures of the World Encyclopedia, vol. 2, Americas, ABC-CLIO, 2011, p. 183-190 ISBN 9780313376269
  • Valentina Zaldívar de Farach, El cocinero hondureño: libro de cocina, V. Zaldívar de Farach, Honduras, 2002 (2e éd.), 312 p.
  • Honduras : Food and Economy [archive] (Countries and their Cultures)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]