ხამანწკასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხამანწკასებრნი
Crassostrea gigas p1040847.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: ორსაგდულიანები
ლათინური სახელი
Ostreidae

ხამანწკასებრნი (ლათ. Ostreidae) — ორსაგდულიანი მოლუსკების ოჯახი. აერთიანებს 25-მდე გვარს. აქვთ მომრგვალო, სამკუთხედი ან სოლისებრი ნიჟარა აღჭურვილი კონცენტრული ხაზებით ან რადიალური ნეკნებით და ნაოჭებით. საგდულების საკეტი უკბილოა, ჩაკეტვა ჩამკეტი მუსკულატურით ხდება. ზოგი სახეობის (ლათ. Crassostrea gigas) ნიჟარა 45 სმ აღწევს. ფეხი რედუცირებულია. ხამანწკასებრნი იკვებებიან პასიურად, წყლის ფილტრაციით. ზოგი სახეობა გაყოფილსქესიანია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. ზოგი სახეობა რამდენიმე მილიონ კვერცხს ყრის. გამოჩეკილი ხამანწკასებრნი მოძრავი არიან, შემდეგ კი სუბსტრატს ემაგრებიან.

ხამანწკასებრთა უმრავლესობა ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებშია გავრცელებული. შავ ზღვაში გვხვდება Ostrea edulis, ხოლო იაპონიის ზღვის სამხრეთ ნაწილში Crassostrea gigas, რომლებიც ქმნიან უდიდეს დასახლებებს. ხამანწკასებრნის ზოგ სახეობას (Crassostrea gigas, Crassostrea virginica და სხვა) სარეწაო მნიშვნელობა აქვს, იყენებენ საკვებად, როგორც ნედლს (ცოცხლად), ისე დაკონსერვებულს.

ხამანწკასებრნის ხორცი შეიცავს 11% ცილებს, 2% ცხიმებს, 6% ნახშირწყლებს, 3% ნაცარს, 78% წყალს, აგრეთვე C ვიტამინს და B ჯგუფის ვიტამინებს. აშშ-ში, იაპონიაში, ევროპის ქვეყნებში ხამანწკასებრნს ხელოვნურად ამრავლებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]