შინაარსზე გადასვლა

ფორცა, იტალია!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფორცა, იტალია!“

ავტორი გურამ ფანჯიკიძე
რედაქტორი ჯ. კვარაცხელია
გარეკანის მხატვარი ლ. ფანჯიკიძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
თემა ფეხბურთი
ჟანრი სპორტული ლიტერატურა
გამომცემელი საბჭ. საქართველო
გამოცემის თარიღი 28 დეკემბერი, 1982
გვერდი 294

ფორცა, იტალია!გურამ ფანჯიკიძის სპორტული ნარკვევების კრებული.

გურამ ფანჯიკიძის ავტორობით არაერთი წიგნი გამოიცა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების შესახებ, რომელთა უშუალო მოწმე და დამსწრეც თვითონ იყო. ასევე მრავალი საინტერესო წერილი გამოაქვეყნა მან ქართული და საბჭოთა ფეხბურთის პრობლემებზე.[1] მათგან მნიშვნელოვან ნაწილს თავი მოუყარა აღნიშნულ კრებულში, რომელსაც წინ წარუმძღვარა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებათა მიხედვით დაწერილი ახალი ნარკვევები და ამ სახით შესთავაზა იგი მკითხველს.[2][3]

სპორტული ნარკვევების კრებული „ფორცა, იტალია!“1982 წელს 100 ათასიანი ტირაჟით გამოიცა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ და ხუთი ნაწილისგან შედგება — „ფორცა, იტალია!“ (გვ. 3–72), „ფეხბურთის სამშობლოში“ (გვ. 73–126), „მექსიკა ბურთით და უბურთოდ“ (გვ. 127–196), „არგენტინა, არგენტინა!“ (გვ. 197–241) და „დინამო, დინამო, დინამო!“ (გვ. 242–293). კრებულში წარმოდგენილი ხუთი ნაწილიდან ოთხი მათგანი მანამდე ცალკე წიგნებად გამოიცა და ფეხბურთის გულშემატკივრებსა და საფეხბურთო ლიტერატურის მოყვარულთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.[4]

სპორტული ნარკვევი „ფორცა, იტალია!“ — ცხრა ნაწილისგან შედგება — „ოთხი წლის შემდეგ“ (გვ. 3–11), „სანამ ურემი გადაბრუნდებოდა“ (გვ. 11–30), „მიმქრალი ვარსკვლავები“ (გვ. 30–35), „ვენდეტა“ (გვ. 35–47), „გაუხუნარი პელე“ (გვ. 47–49), „ფორცა, იტალია!“ (გვ. 49–57), „ინტერვიუ ჩემპიონატის შემდეგ“ (გვ. 57–61), „მცირეოდენი დასკვნები“ (გვ. 61–66) და „მსოფლიოს XII ჩემპიონატი ფეხბურთში“ (გვ. 66–72). ნარკვევი 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ავტორის შთაბეჭდილებანი ძირითადად იმ თამაშებს მოიცავს, რომლის უშუალო მოწმე და მნახველი თავად იყო. წიგნში გამოტანილი ავტორისეული დასკვნები მისივე სიტყვებით — ჩემპიონატის მთლიანი შთაბეჭდილებიდან გამომდინარეობს, რომელიც ნაწილობრივ უშუალოა, უმეტესწილად კი ტელევიზიით ნანახი მატჩებითაა შევსებული. ნაწყვეტი ნარკვევიდან:

ვიკიციტატა
„...5 ივლისს ბარსელონას „ესპანიოლის“ სტადიონის მწვანე მოედანზე ერთმანეთის წინაშე წარსდგნენ იტალიისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გუნდები. აი, რა შემადგენლობით გამოიყვანეს გუნდები ტელე სანტანამ და ენცო ბეარზოტმა:

ბრაზილია: პერესი, ლეანდრო, ოსკარი, ლუიზინიო, ჟუნიორი, ფალკაო, სერეზო, სოკრატესი, ზიკო, სერჟინიო (ისიდორო, 69), ედერი.
იტალია: ძოფი, ჯენტილე, კოლოვატი (ბერგომი, 33), შირეა, კაბრინი, ორიალი, ტარდელი (მარინი, 76), ანტონიონი, კონტი, გრაციანი, როსი.
როგორ მოვიდნენ ამ მატჩამდე ბრაზილიელები?

ნამდვილი ტრიუმფით. მათ არა მარტო დაამარცხეს თავისი მოწინააღმდეგენი (ბრაზილია — სსრკ — 2:1, ბრაზილია — შოტლანდია — 4:1, ბრაზილია — ახალი ზელანდია — 4:0, ბრაზილია — არგენტინა — 3:1), არამედ მაყურებელი მოხიბლეს ჭეშმარიტად ლამაზი ფეხბურთით. არგენტინასთან მათი ლაღი გამარჯვების შემდეგ ათიდან, ალბათ, ერთს თუ შეეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემპიონი ბრაზილია არ გახდებოდა.“

ფეხბურთის სამშობლოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტული ნარკვევი „ფეხბურთის სამშობლოში“1967 წელს გამოიცა გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ და იგი 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა.[5] ნაწყვეტი ნარკვევიდან:

ვიკიციტატა
„...ტრადიციულად, ბავშვობიდან, ინგლისსა და ინგლისელებზე ასეთი შეხედულება მქონდა: ინგლისი ნისლიანი ქვეყანაა. ინგლისელები ძალიან ამაყი და ცივი ხალხია. მთელს მსოფლიოშია განთქმული მათი სიდინჯე. ქუჩაში მანქანები რომ ერთმანეთს შეასკდნენ, არც ერთი ინგლისელი იქით არ გაიხედავს, ერთი წუთითაც არ შეჩერდება. ინგლისელები დიდ ყურადღებას აქცევენ ჩაცმას. არამცთუ საზოგადოებრივ ადგილებში და ქუჩაში, ეზოშიც კი ვერავინ გაბედავს, ხალვათად ჩაცმული გამოვიდეს.

აი, ჩვეულებრივ, დაახლოებით ასეთი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს ინგლისზე და ინგლისელებზე, თუ ისინი არასდროს არ ყოფილან დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე. ასეთივე წარმოდგენისა ვიყავი პირადად მეც. ამიტომ საზღვარი არ ჰქონდა ჩემს გაკვირვებას, როცა ავტობუსის ფანჯრებიდან ვხედავდი ცნობისმოყვარე და მოღიმარ ინგლისელებს. ისინი მანქანებიდან გვეკითხებოდნენ, რომელი ქვეყნიდან ხართო. არც ჩაცმულობაზე ეტყობოდათ რაიმე განსაკუთრებული.

მერეც, როცა ინგლისელებს უფრო ახლოს გავეცანით, ისინი სულაც არ აღმოჩნდნენ ცივი და მიუკარებლები. პირიქით, ინგლისელები ძალზე გულისხმიერები და ყურადღებიანები არიან.

სადაც არ უნდა იყოთ, სტუმრად თუ მაღაზიაში, მიღებაზე თუ სკოლაში, მასპინძლები თვალებში მოგჩერებიან, ცდილობენ გამოიცნონ, რა გაწუხებთ, რა გსურთ, ხომ არაფერი გეწყინათ, თავს უხერხულად ხომ არ გრძნობთ.

ერთხელ ქალაქ პეტერლეში კარტოფილის ფაბრიკის მეპატრონემ მიგვიწვია. ამ ქარხნის სიმბოლოა მეფე ტუდორი და მისი ექვსი ცოლი. როდესაც ჩვენი ავტობუსი ფაბრიკის მწვანე ეზოში შევიდა, პატარა, ძველებურ ფარდულში უცნაური სანახაობა წარმოგვიდგა — დიდებულ ტანსაცმელში გამოწყობილი მეფე ტუდორი და ექვსი დედოფალი. ავტობუსიდან გადმოვედით თუ არა, მეფე და მისი ცოლები მხიარულად შემოგვეგებნენ. მისალმების შემდეგ გამოვთქვით სურვილი მეფესა და მის ცოლებთან სურათი გადაგვეღო. ყველანი ირგვლივ შემოვერტყით. ფაბრიკის მეპატრონე შორიახლოს იდგა და ღიმილით მოგვჩერებოდა. სურათის გადაღების დროს ერთმა ჩვენგანმა დააგვიანა. გულდაწყვეტილი ქალიშვილი სრულიად გამოგვეყო, შეუმჩნევლად განზე გადგა, ფაბრიკის თანამშრომლებს შეერია და რაღაც სტენდს დაუწყო თვალიერება. ეს არ გამოპარვია ფაბრიკის მეპატრონეს, როცა სურათი გადავიღეთ და დავიშალეთ, იგი მივიდა ქალიშვილთან და თავაზიანად სთხოვა, თუ შეიძლება თქვენთან ერთად სამახსოვრო სურათს გადავიღებო. ქალიშვილი სიხარულით დაეთანხმა. ფაბრიკის პატრონმა იხმო მეფე და მისი ცოლები, ფოტოგრაფი და ყველაფერი ისე მოაგვარა, თითქოს მართლა სურდა იმ ქალიშვილთან სურათის გადაღება.

ინგლისში ყველა ისე იცვამს, როგორც სურს. ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. ეს პირველსავე წუთებზე შევნიშნეთ, როცა ავტობუსის ფანჯრებიდან დავინახეთ ლამაზ შარვლებში გამოწყობილი ქალიშვილები თუ ხანში შესული ქალები. ქუჩაში უმთავრესად სპორტულ ყაიდაზე აცვიათ: ნაქსოვი კოსტუმები, ჯემპრები, სვიტრები, კოვბოური შარვლები, ტყავის პიჯაკები. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეგხვდათ კაბებში გამოპრანჭული ჰომოსექსუალისტები.

ინგლისში აქვთ ერთი პრინციპი — უნდა ჩაიცვა ისე, რომ არავისგან გამოირჩეოდე, ყურადღება არ უნდა მიიქციო. რაც შეეხება ტრადიციულ კოსტუმებს, ისინი მხოლოდ მიღებაზეა სავალდებულო და, როგორც მისტერ დევისმა გვითხრა, სასურველია მუქი ფერისა იყოს.

თუმცა არისტოკრატები და მდიდარი საქმოსნები მაინც ვერ ელევიან ძველებურ ელეგანტურ კოსტუმებსა და ცილინდრებს.

ლონდონის ქუჩებში დაჰქრიან ათასგვარი მარკის მანქანები, მდიდრული „იმპერიალები“, ამერიკული „ლინკოლნები“ და „კონტინენტალები“, გერმანული „მერსედესები“ ინგლისური ულტრათანამედროვე ფორმის ორადგილიანი „იაგუარები“, შეხვდებით ძველებურ, ტრადიციულ „როლს-როისებსაც“.

დღესაც ვერ გამიგია, რა მოსწონთ ინგლისელებს ამ უზარმაზარი და უშნო მანქანისა. იგი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკული „ლინკოლნი“.

„როლს-როისები“ განსაკუთრებით არისტოკრატებს და მილიონერებს უყვართ. იგი ხომ სუფთა ინგლისური მოვლენაა, ე. ი. უკვე ტრადიციაა. ტრადიციას კი აფასებენ ინგლისელები! თუმცა ამაზე ქვემოთ.

ასე რომ, ჩვენი წარმოდგენები ინგლისსა და ინგლისელებზე სულ ერთი საათის განმავლობაში დაიმსხვრა. ამას კიდევ ერთი უმთავრესი რამ დაემატა — უკანასკნელ წლებში ნისლი ინგლისის ძალზე იშვიათი სტუმარი გახდა. ხანდახან სამი წელი ისე გაივლის, რომ ნისლი თურმე ერთხელაც არ ჩამოწვება ლონდონის ქუჩებში.“

მექსიკა ბურთით და უბურთოდ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტული ნარკვევი „მექსიკა ბურთით და უბურთოდ“1971 წელს 20 ათასიანი ტირაჟით გამოიცა გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ და იგი 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა. ამ წიგნში, გარდა საფეხბურთო ამბებისა, ავტორი მოგვითხრობს მაიას, ტოლტეკებისა და აცტეკების ცივილიზაციებზე, იმდროინდელ მექსიკასა და მექსიკელებზე.

არგენტინა, არგენტინა!

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტული ნარკვევი „არგენტინა, არგენტინა!“1979 წელს 40 ათასიანი ტირაჟით გამოიცა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ და იგი 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა. ნარკვევი ხუთი ნაწილისგან შედგება — არგენტინა, არგენტინა! (გვ. 3–43), ტოტალური ფეხბურთი? (გვ. 43–52), არგენტინული დღიურიდან (გვ. 53–70), გამოძახილი (გვ. 71–79) და არგენტინის ჩემპიონატის პანორამა (გვ. 80–89). ნაწყვეტი ნარკვევიდან:

ვიკიციტატა
„...გავიხსენოთ, რამდენი კამათი იყო შვეიცარიაში ჩემპიონის თაობაზე: უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ოქროს ქალღმერთი უნგრეთს უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე გერმანიას. გავიხსენოთ ინგლისის ჩემპიონატი: უმრავლესობა თუ არა, ნახევარი მაინც ფიქრობდა, რომ ამჯერად გერმანიას უფრო ეკუთვნოდა ტიტული. გავიხსენოთ გერმანიის ჩემპიონატიც: აქაც უმრავლესობა თვლიდა, რომ ჰოლანდია უფრო ღირსი იყო ასულიყო საფეხბურთო ოლიმპზე. და თვით არგენტინის ჩემპიონატიც ასეა, რომლის ვნებათღელვაზე უკვე გვქონდა საუბარი. მაგრამ არასოდეს არაფერი არ ყოფილა საკამათო, როცა ჩემპიონები ბრაზილიელები ხდებოდნენ.“

დინამო, დინამო, დინამო!

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტული ნარკვევი „დინამო, დინამო, დინამო!“1981 წელს 60 ათასიანი ტირაჟით გამოიცა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ და იგი თბილისის „დინამოს“ მიერ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვებას მიეძღვნა. ნარკვევი რვა ნაწილისგან შედგება — დინამო, დინამო, დინამო! (გვ. 5–6), გზა ფინალამდე (გვ. 6–9), როტერდამისაკენ (გვ. 10–21), ტიტების ქვეყანაში (გვ. 21–27), 90 წუთი ფინალამდე (გვ. 27–33), დიუსელდორფი 81 (გვ. 34–49), დაუვიწყარი ფინალი (გვ. 49–57) და თბილისის დინამოელები ევროპის ტურნირებში (გვ. 58–61). წიგნში აღწერილია „დინამოს“ მიერ განვლილი გზა ფინალამდე, მათ შორის იმდროინდელ ევროპულ ავტორიტეტულ პერიოდულ გამოცემათა (Daily Express, Daily Mail, The Sun, The Times) ფურცლებზე ასახული სპორტულ ჟურნალისტთა და ფეხბურთის სპეციალისტთა შეფასებები და შთაბეჭდილებები დინამოელთა მიერ ჩატარებულ თამაშებთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორი, რომელიც თან ახლდა დინამოელებს როტერდამსა და დიუსელდორფში, ვრცლად მოგვითხრობს ამ დრამატული და მღელვარებით სავსე ისტორიული მატჩების შესახებაც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Панджикидзе Гурам Иванович. FootballFacts.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-02. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2020.
  2. ფანჯიკიძე, გურამ. ფორცა, იტალია! — თბ.: საბჭ. საქართველო, 1982. — 294 გვ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2020.
  3. ფანჯიკიძე, გურამ. (28 დეკემბერი, 1982) ფორცა, იტალია!. საბჭ. საქართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-06. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2020.
  4. კეკელიძე, გიორგი. (27 აპრილი, 2012) ფეხბურთი, როგორც წიგნი ან პირიქით. ტაბულა. ციტატა: „ალბათ წაგიკითხავთ ან მამა-პაპათაგან გსმენიათ. გურამ ფანჯიკიძის ბესტსელერები — „მექსიკა ბურთით და უბურთოდ“, „ფეხბურთის სამშობლოში“, „ფორცა, იტალია!“, „მარადონა რეი“ და სხვები. ყველა ოჯახში რომ უნდა შემოთაროებულიყო — ისეთი.“ ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2020.
  5. ფეხბურთის სამშობლოში : მსოფლიო პირველობის ჩემპიონატი ინგლისში. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2020.[მკვდარი ბმული]