სოციალური ლიბერალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სოციალური ლიბერალიზმი , ასევე ცნობილი როგორც მემარცხენე ლიბერალიზმი გერმანიაში,[1][2][3] თანამედროვე ლიბერალიზმი შეერთებულ შტატებში და ახალი ლიბერალიზმი დიდ ბრიტანეთში,[4][5] არის პოლიტიკური ფილოსოფია და მრავალფეროვნება ლიბერალიზმი, რომელიც მხარს უჭერს რეგულირებად საბაზრო ეკონომიკას და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას. სოციალური ლიბერალიზმი გულისხმობს საერთო სიკეთისა და პიროვნულ თავისუფლების ჰარმონიულ თანაარსებობას სახელმწიფოში.[6]

სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკა აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში.[7][8][9][10][11] ამ პოლიტიკის გამტარებელი სუბიექტები მიჩნეულნი არიან, როგორც ცენტრიზმის ან მემარცხენე ცენტრის წარმომადგენლები. სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკის მხარდამჭერები ემხრობიან ეკონომიკური კონკურენციის გარკვეულწილად შეზღუდვას და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქციის შესრულებას, რათა გარანტირებული იყოს პიროვნების განვითარებისათვის თანაბარი შესაძლებლობები და თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დაპირისპირება. აღნიშნული საკითხი გახდა სოციალური და ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრეთა შორის დაპირისპირების მიზეზი. ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრეთა აზრით, სახელმწიფოს ფუნქციები უნდა შეიზღუდოს და მხოლოდ თავდაცვის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველყოფაზე იქნეს დაყვანილი. ამის საპირწონედ, სოციალური ლიბერალიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მოსახლეობის სოციალური დაცვაა: გაჭირვებულთა საკვებითა და ბინით უზრუნველყოფა; ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სასკოლო განათლება; საპენსიო უზრუნველყოფა; ბავშვებზე, შშმ პირებსა და მოხუცებზე ზრუნვა; სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; უმცირესობათა დაცვა; დანაშაულებათა აღკვეთა; მეცნიერებისა და ხელოვნების მხარდაჭერა და სხვა.[12][13][14]

შეერთებულ შტატებში სოციალურ ლიბერალიზმსა და სოციალურ კონსერვატიზმს შორის არსებული განსხვავებები მეტწილად განპირობებულია სოციალურ-კულტურულ საკითხებში მათი პოზიციებით - მაგალითად, აბორტი და ერთსქესიანთა ქორწინება. იმის გამო, რომ კულტურული ლიბერალიზმი გამოხატავს ლიბერალიზმის სოციალურ განზომილებას, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც სოციალურ ლიბერალიზმს, თუმცა იგი არ არის ისეთივე ფართო პოლიტიკური იდეოლოგია, როგორიც სოციალური ლიბერალიზმია. ამ გაგებით. სოციალურ ლიბერალს შეიძლება ჰქონდეს უფრო კონსერვატიული ან ლიბერალური შეხედულებები ფისკალური პოლიტიკის შესახებ.[15]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ბრიტანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-19 საუკუნის ბოლოს კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპები ეჭვქვეშ დააყენა ეკონომიკური ზრდის კრიზისმა, მაშინდელ ინდუსტრიულ ქალაქებში სიღარიბის და უმუშევრობის ზრდამ, პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებამ. ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკაში ჩაურევლობის მიერ შემოტანილი შედეგებს განსაკუთრებით დაუპირისპირდნენ კონსერვატიული ძალები, რომლებიც აღშფოთებით საუბრობდნენ არსებული სოციალური დისბალანსისა და 1870 წელს წარდგენილი დაწყებითი განათლების საკანონმდებლო აქტის შესახებ. მას შემდეგ კი, სოციალიზმი გახდა მნიშვნელოვანი საშუალება რეფორმებისა და ცვლილების მიღწევისათვის. მაშინდელ მდგომარეობას აქტიურად აკრიტიკებდა საზოგადოება, მათ შორის მწერლებიც - ჩარლზ დიკენსის, ტომას კარლილისა და მეთიუ არნოლდის ჩათვლით.[16]

ჯონ სტიუარტ მილიმ უდიდესი წვლილი შეიტანა ლიბერალურ აზროვნებაში კლასიკური ლიბერალიზმის ელემენტების შერწყმით, რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე ლიბერალიზმი. თანამედროვე ლიბერალები ცდილობდნენ ძველი ლიბერლიზმის ენით ესაუბრათ ამ პრობლემათა მოსაგვარებლად. პრობლემების, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ სახელმწიფოს უფრო ფართო და ინტერვენციონალური კონცეფციით იქნებოდა შესაძლებელი.[17]

მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოება და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს მიერ საკმარისი აღარ იყო, საჭირო გახდა მისი პოზიტიური გზით ჩარევა და პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა, რათა ყველა ადამიანს ჰქონოდა წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობა.

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860-იან წლებში გერმანიაში მემარცხენე ლიბერალი პოლიტიკოსები - მარქს ჰირში, ფრანც დუნკერი და ჰერმან შულცე-დელიცჩი - აარსებენ ბრიტანელების მიერ დანერგილი პროფკავშირების მოდელის მსგავსს, რათა მუშათა სამუშაო და ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულიყო. ამის მიღწევას კი ინტერესების შეჯერებითა და დამსაქმებლებთან, კლასობრივი ბრძოლის ნაცვლად, აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით ცდილობდნენ. ზემოთ ხსენებული პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი, შულცე-დელიცჩი, ცნობილი იყო, როგორც გერმანიის კოოპერატიული მოძრაობის დამფუძნებელი. იგი ითვლება მსოფლიოს პირველი საკრედიტო კავშირების შემქმნელად. ზოგიერთი ლიბერალი ეკონომისტი - როგორებიც არიან ლუჟო ბრენტანო და გერჰარტ ფონ შულცე-გოვერნიცი - მონაწილეობდნენ სოციალური რეფორმის გატარების ხელშეწყობაში, რის ფარგლებშიც 1873 წელს შექმნეს გერმანიის ეკონომიკური ასოციაცია (Verein für Socialpolitik). სოციალური რეფორმა დაფუძნებული იყო ეკონომიკის ისტორიულ სკოლაზე, უარყოფდა კლასიკურ ეკონომიკურ თეორიებს და სთავაზობდა ე.წ. მესამე გზას, მანჩესტერისეულ ლიბერალიზმს, რომელმაც სოციალისტურ რევოლუციასთან ერთად შექმნა გერმანიის იმპერია 1871 წელს.

ამასთან, მე-19 საუკუნის განმავლობაში გერმანიის მემარცხენე-ლიბერალური მოძრაობა გაიყო სხვადასხვა მიმართულებით, ჩამოყალიბდა ახალი პარტიები. მემარცხენე-ლიბერალური პარტიების - გერმანიის პროგრესის პარტიისა და მისი მემკვიდრეების - ძირითადი მიზანი სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, წარმომადგენლობითი მთავრობის იდეისა და საკუთრების უფლების დაცვა იყო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ე.წ. „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნის იდეას - „კეთილდღეობის სახელმწიფო“, რომელსაც ისინი სოციალიზმს უწოდებდნენ. მემარცხენე-ლიბერალურ პარტიებს შორის ძირითადი განსხვავება იყო ეროვნული ამბიციები, თავისუფალი ვაჭრობა და პროტექციონიზმი, ეროვნული ეკონომიკის მშენებლობა.

1893 წელს ტერმინი „სოციალური ლიბერალიზმი“ პირველად გამოიყენა ისტორიკოსმა იგნაზ ჯასტროუმ, რომელიც ასევე შეუერთდა გერმანიის ეკონომიკურ ასოციაციას. მან გამოაქვეყნა სოციალ-დემოკრატიული მანიფესტი "სოციალ-ლიბერალი: ლიბერალიზმის ამოცანები პრუსიაში", რათა შექმნილიყო "სამოქმედო ჯგუფი", რომელიც იზრუნებდა ხალხის საზოგადო კეთილდღეობისთვის გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, რომელიც თანაპარტიელებმა უარყვეს.[18]

მემარცხენე ლიბერალებთან ურთიერთობა ჰქონდა პროტესტანტი პასტორის, ფრიდრიხ ნაუმანის მიერ დაარსებულ ეროვნულ-სოციალურ ასოციაციასაც.[19] მან კლასობრივი დაპირისპირების მოგვარება, ნაცვლად მარქსიზმის გამოყენებისა, ეროვნული და პროტესტანტულ-ქრისტიანული ღირებულებების სოციალურ ლიბერალიზმთან ნაზავით სცადა. ნაუმანმა ამას "პროლეტარულ-ბურჟუაზიული ინტეგრალური ლიბერალიზმი" უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ვერ შეძლო საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვება და მალევე დაიშალა, მან გავლენა მოახდინა გერმანულ თეორიულ მემარცხენე ლიბერალიზმზე.

ვაიმარის რესპუბლიკაში დაარსდა გერმანიის დემოკრატიული პარტია, რომელიც მემარცხენე სოციალური და მემარჯვენე ეკონომიკური იდეებით ჩამოყალიბდა. პარტია ემხრობოდა დემოკრატიული კონსტიტუციით მოწყობილ სახელმწიფოს და სოლიდარობაზე, უფლებებსა და ვალდებულებებზე დამყარებულ დაბალანსებულ ეკონომიკას.

1945 წლის შემდეგ, თავისუფალ დემოკრატებში გაერთიანდნენ სოციალ-ლიბერალთა უმრავლესობა მაშინ, როცა დანარჩენები გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში შევიდა. 1960-იან წლებამდე ომის შემდგომი ორდოლიბერალიზმი იყო გერმანიის მოდელი. მასზე გავლენა მოახდინა სოციალურ ლიბერალურმა შეხედულებებმა, რომლებიც ემყარებოდა მოვალეობასა და უფლებებს.

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური ლიბერალიზმი საფრანგეთში მესამე რესპუბლიკის ფრანგული სოლიდარიზმის მოაზროვნეებმა განავითარეს, რომელთა შორის იყვნენ ალფრედ ფულიე და ემილ დიურკემი. ორივე მათგანი სოციოლოგიის გავლენას განიცდიდა. თავის მხრივ კი, მათ შრომებმა ზეგავლენა იქონიეს ისეთ რადიკალურ პოლიტიკოსებზე, როგორიც იყო ლეონ ბურჟუა. მათი აზრით, შრომის დანაწილება ხელს შეუწყობდა ინდივიდუალიზმსა და უფრო მეტი შესაძლებლობის შექმნას. თუმცა, ამან უფრო რთული ურთიერთდამოკიდებულება გააჩინა. საზოგადოებრივი სამუშაოების რიცხვისა და კეთილდღეობის დონის გასაზრდელად, ისინი მხარს უჭერდნენ პროგრესულ დაბეგვრას. მიაჩნდათ, რომ ინდივიდს ვალი ჰქონდა საზოგადოების წინაშე, რომლის გადახდაც პროგრესული დაბეგვრით იყო შესაძლებელი. ამასთან ერთად, სახელმწიფოს, ნაცვლად ეკონომიკაში უხეში ჩარევისა, უნდა შეეთავსებინა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კოორდინაცია. ფრანგ მოაზროვნეთა მიზანი არათუ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, არამედ სოციალური მობილობის ბარიერების მოხსნა იყო.[20]

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეერთებულ შტატებში ტერმინს - „სოციალური ლიბერალიზმი“ - კლასიკური ლიბერალიზმისგან ან ლესე ფერისგან განსასხვავებლად იყენებდნენ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სპექტრზე. აშშ-ში აღნიშნული ტერმინი დაკავშირებულია რუზველტის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან 30-იან წლებში, იგივე „ახალი წესი“.[21][22]

1870-იან და 1880-იან წლებში ამერიკელ ეკონომისტებზე - რიჩარდ ელი, ჯონ ბეითს კლარკი და ჰენრი კარტერ ადამსი - გავლენა იქონია სოციალიზმმა და ევანგელურ-პროტესტანტულმა მოძრაობამ. ისინი განსაკუთრებულად გამოხატავდნენ თანადგომას პროფკავშირების მიმართ. თუმცა, არცერთს არ განუვითარებია სისტემატური პოლიტიკური ფილოსოფია, მოგვიანებით კი თავს სოციალისტურ აზროვნებას აღარც აკუთვნებდნენ. 1883 წელს ლესტერ ფრენკ ვარდმა გამოაქვეყნა „დინამიური სოციოლოგია“ და ჩამოაყალიბა სოციალური ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები, ამავდროულად აკრიტიკებდა ლესე ფერის იდეას, რომელსაც ჰერბერტ სპენსერი და უილიამ გრემ სამნერი უჭერდნენ მხარს. ისტორიკოსმა ჰენრი სტილ კომაჯერმა ფრენკ ვარდს „თანამედროვე საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ მამა უწოდა.[23] ჯონ დიუი მხარს უჭერდა სოციალისტურ მეთოდებს ლიბერალური მიზნების მისაღწევად. რუზველტის ე.წ „ახალ წესში“ არაერთი სოციალ-ლიბერალური იდეა აისახა.[24] აღნიშნული პოლიტიკის მიზანი დიდი დეპრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება იყო.

იმპლემენტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალ-ლიბერალურ იდეებზე დაფუძნებული სახელმწიფო ნელ-ნელა ვითარდებოდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, თუმცა მისი აქტიური განვითარების ფაზად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ითვლება, რომლის დროსაც შერეული საბაზრო ეკონომიკა იმკვიდრებდა თავს. სოციალურ ლიბერალიზმს ზოგჯერ „ჩანერგილ ლიბერალიზმს“ უწოდებდნენ, რომელიც დრო და დრო უფროდაუფრო მეტ მხარდაჭერას იძენდა მთლიან პოლიტიკურ სპექტრში. ამის მიზეზები კი პორალიზებული საზოგადოების ტენდენციებსა და კაპიტალისტური ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებში უნდა ვეძიოთ. ბიზნესი მეტ-ნაკლებად მხარს უჭერდა აღნიშნულ სისტემას, რადგან მათთვის რადიკალური მემარცხენე შეხედულებები კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდებოდა. მარტივად რომ შევაჯამოთ, სოციალური ლიბერალიზმი მსხვილი ბიზნესის, სახელმწიფოსი და პროფესიული კავშირების თანამშრომლობით ხასიათდება.[25]

დიდი ბრიტანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალ-ლიბერალური პოლიტიკის დანერგვა თავდაპირველად დიდი ბრიტანეთის ლიბერალური პარტიის მიერ 1906-1914 წლებში მიმდინარეობდა. აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობდა პენსიებს ღარიბი მოხუცებისთვის, ჯანმრთელობის, ავადმყოფობისა და უმუშევრობის დაზღვევას. ცვლილებები მოიცავდა პროგრესული დაბეგვრის რეფორმასაც, რომლის ფარგლებშიც 1909 წელს წარადგინეს „სახალხო ბიუჯეტის“ საკანონმდებლო ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სისტემა ეყრდნობოდა კანონებს ღარიბების შესახებ, სახელმწიფოში არსებულმა კრიზისმა ლიბერალურ პარტიას ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ უბიძგა . არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახალი რეგულაციების შემოღებითა და გადასახადების გაზრდის გათვალისწინებით, ბიზნეს სექტორი მხარს კონსერვატორებს უჭერდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ რეფორმებს მუდმივად აკრიტიკებდნენ როგორც ცალკეული მეწარმეები, ასევე სავაჭრო გაერთიანებები. რეფორმათა ციკლთან დაკავშირებული პირები იყვნენ ჯონ მეინარდ კეინზი, დევიდ ლოიდ ჯორჯი, უინსტონ ჩერჩილი, უილიამ ბევერიჯი.[26]

ევროპაში სოციალ-დემოკრატიული პარტიების უმეტესობამ (განსაკუთრებით ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ) ძლიერი გავლენა მოახდინა სოციალ-ლიბერალურ შეხედულებებზე. მიუხედავად ბრიტანეთის ორი ძირითადი პარტიისა, რომლებსაც ფესვები გადგმული აქვთ სოციალიზმსა და კონსერვატიზმში, ბოლო დროის არსებითი პოლიტიკური და ეკონომიკური დებატები ეხება სოციალურ ლიბერალურ და კლასიკურ ლიბერალურ კონცეფციებს.[27]

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე რუსტოვმა, გერმანელმა ეკონომისტმა, პირველმა შემოგვთავაზა სოციალური ლიბერალიზმის გერმანული ვარიანტი. თავდაპირველად, 1932 წელს მან ნეოლიბერალიზმის სახელით ხსნიდა სოციალურ ლიბერალიზმს, რომელშიც იგი სოციალიზმისა და გერმანიის იმპერიაში დამკვიდრებული კლასიკური ლიბერალიზმისგან განსხვავებულ, ახალ ეკონომიკურ ალტერნატივას გულისხმოდა. საინტერესოა, რომ 1938 წელს იგი შეხვდა მისი ეპოქის გამოჩენილ მოაზროვნეებს ეკონომიკაში - რომელთა შორის იყვნენ ლუდვიგ მიზესი, ფრიდრიხ ჰაიეკი, ვილჰელმ როპკე. შეხვედრის მიზანი კი გამოსავლის მოძებნა იყო - როგორ შეიძლებოდა ლიბერალიზმის განახლება. რუსტოვი მხარს უჭერდა ძლიერი სახელმწიფოს იდეას, რათა დაცული ყოფილიყო თავისუფალი ბაზარი. ამასთან, სახელმწიფოს შესაძლო ჩარევის მიზნად ბაზრის წარუმატებლობის შემთხვევების თავიდან არიდებას ასახელებდა. მიზესის აზრით კი, მონოპილიებისა და კარტელების არსებობის რეალური მიზეზი პროტექციონიზმი და სახელმწიფოს ჩარევაა. მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი ლეგიტიმური როლი ბაზარზე შესასვლელად არსებული ბარიერების გაუქმება უნდა ყოფილიყო. მიზესი არ ეთანხმებოდა რუსტოვს, მეტიც რუსტოვის იდეებს თავისუფალი ბაზრის უარყოფასთან და სოციალიზმთან აიგივებდა.

საგულისხმოა, რომ რუსტოვის მიერ შემოთავაზებული „ნეოლიბერალიზმი“, რომელსაც დღეს ორდოლიბერალიზს ან სოციალურ საბაზრო ეკონომიკას უწოდებენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ ლუდვიგ ერჰარდის მეთაურობით მიიღო, რომელიც თავდაპირველად ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი კანცლერი გახდა. მისი მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა თავისუფალი ბაზარი და გაუქმდა ფასების კონტროლი. ამ პერიოდის ეკონომიკური რეფორმების წყალობით გერმანიის ეკონომიკა მოძლიერდა და გაჯანსაღდა, თუმცა ე.წ „კეთილდღეობის სახელმწიფო“, რომელსაც საფუძველი ბისმარკმა ჩაუყარა, სულ უფრო ძვირი შესანახი ხდებოდა.[28]

რეგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლების ეკონომიკური პრობლემების შემდეგ, ლიბერალურმა აზროვნებამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა . კეინზის შეხედულებები თავისუფალი ბაზარისთვის ხელისშემშლელად მიიჩნიეს, ხოლო საყოველთაო კეთილდღეობისთვის განკუთვნილი ხარჯები სულ უფრო იზრდებოდა. შესაბამისად, იზრდებოდა გადასახადები, რის ხარჯზეც მცირდებოდა სამომხმარებლო ხარჯები, ასევე, აქტიურად ყალიბდებოდა „დამოკიდებულების კულტურა“. ისეთი მწერლები, როგორებიც იყვნენ მილტონ ფრიდმანი და სამუელ ბრიტანი, რომლებზეც გავლენა მოახდინა ფრიდრიხ ჰაიეკმა, მხარი დაუჭირეს სოციალური ლიბერალიზმით შექმნილი დღის წესრიგის შეცვლას. მათ მიერ შემოთავაზებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ხშირად ნეოლიბერალიზმს უწოდებენ, გავლენა იქონია დასავლეთის პოლიტიკაზე, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მთავრობებზე, რომლებიც ატარებდნენ ეკონომიკის დერეგულირების პოლიტიკას და ცდილობდნენ სოციალურ მომსახურებებზე ხარჯების შემცირებას.[29]

პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპაში, სოციალური ლიბერალური პარტიები მცირე ან საშუალო ზომის ცენტრისტული და მემარცხენე ცენტრის პარტიები არიან.[30] ევროპული სოციალური პარტიები ხშირად მონაწილეობენ სამთავრობო კოალიციების დაკომპლექტებაში. მაგალითად - გაერთიანებული სამეფოს ლიბერალ-დემოკრატები, ნიდერლანდების დემოკრატები და დანიის სოციალ-ლიბერალური პარტია. ამასთან ერთად, ისინი აქტიურად არიან ჩართული კონტინენტურ ევროპულ პოლიტიკაში - სოციალ-ლიბერალები გაწევრიანებული არიან ევროპის პარლამენტის „ევროპის განახლების“ ფრაქციაში, რომელიც პარლამენტში სიდიდით მესამეა. მასთან აფილირებულნი არიან როგორც სოციალ-ლიბერალური, ასევე კლასიკური ლიბერალური პარტიები. მიუხედავად ამისა, სოციალ-ლიბერალური იდეების მქონე ზოგიერთი პარტია დგავს სხვა ფრაქციების მხარდამხარ - მაგალითად, ევროპის სახალხო პარტია, მწვანეთა და ევროპის თავისუფალი ალიანსის ფრაქცია, სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი. საგულისხმოა, რომ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ერთი იდეოლოგიის მიხედვით არ მოქმედებენ და მათი გადაწყვეტილებები ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპიროც კია. ამასთან, პოლიტიკური იდეოლოგიები დროთა განმავლობაში იცვლება და ახლიდან ყალიბდება. მიუხედავად ამისა, სოციალ-ლიბერალური პარტიები გაწევრიანებული არიან ისეთ ქსელებში, როგორებიც არიან - აფრიკის ლიბერალური ქსელი, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპის პარტიისთვის, ლიბერალთა და დემოკრატთა აზიური საბჭო, ევროპის ლიბერალური ფორუმი, ლათინური ამერიკის ლიბერალური ქსელი.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hoensbroech, Paul Kajus Graf (1912). Der Linksliberalismus. Leipzig.
  2. Felix Rachfahl (1912). Eugen Richter und der Linksliberalismus im Neuen Reiche. Berlin.
  3. Ulrich Zeller (1912). Die Linksliberalen. Munich.
  4. Freeden, Michael (1978). The New Liberalism: An Ideology of Social Reform. Oxford: Oxford University Press.
  5. Adams, Ian (2001). Political Ideology Today (Politics Today). Manchester: Manchester University Press. ISBN 0719060206.
  6. De Ruggiero, Guido (1959). The History of European Liberalism. pp. 155–157.
  7. Faulks, Keith (10 December 1999). Political Sociology: A Critical Introduction. Edinburgh University Press. ISBN 9780748613564. Retrieved 10 December 2018 – via Google Books.
  8. Adams, Ian (2001). Political Ideology Today (Politics Today). Manchester: Manchester University Press. ISBN 0719060206.
  9. Ortiz, Cansino; Gellner, Ernest; Merquior, José Guilherme; Emil, César Cansino (1996). Liberalism in Modern Times: Essays in Honour of Jose G. Merquior. Budapest: Central European University Press. 185866053X.
  10. Hombach, Bodo (2000). The politics of the new centre. Wiley-Blackwell. ISBN 9780745624600.
  11. Matland, Richard E.; Montgomery, Kathleen A. (2003). Women's access to political power in post-communist Europe. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-924685-4.
  12. დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
  13. Rohr, Donald G. (September 1964). "The Origins of Social Liberalism in Germany". The Journal of Economic History. 24 (3).
  14. Gaus, Gerald & Courtland, Shane D. (Spring 2011). "The 'New Liberalism'". The Stanford Encyclopedia of Philosophy.
  15. Chideya, Farai (2004). "The Red and the Blue: A Divided America". Trust: Reaching the 100 Million Missing Voters and Other Selected Essays. Soft Skull Press. pp. 33–46. ISBN 9781932360264.
  16. Richardson, pp. 36–37.
  17. Eatwell, Roger; Wright, Anthony (1999) Contemporary Political Ideologies. Continuum International Publishing Group. ISBN 9780826451736. 
  18. Na, Inho (200). Sozialreform oder Revolution: Gesellschaftspolitische Zukunftsvorstellungen im Naumann-Kreis 1890–1903/04. Tectum Verlag, გვ. 27. 
  19. Derman, Joshua (2012), Max Weber in Politics and Social Thought: From Charisma to Canonization, Cambridge: Cambridge University Press, с. 25
  20. Eatwell, Roger; Wright, Anthony (1999). Contemporary Political Ideologies (1999). pp. 35–36.
  21. Marks, Gary; Wilson, Carole (July 2000). "The Past in the Present: A Cleavage Theory of Party Response to European Integration". British Journal of Political Science 30 (3): 433–459. . დაარქივებულია ორიგინალიდან 25 June 2008-ში. https://web.archive.org/web/20080625032020/http://www.utdallas.edu/~cjwilson/prof/BJPS00.pdf.
  22. Richardson, James L. (2001). Contending Liberalisms in World Politics: Ideology and Power. Colorado: Lynne Rienner Publishers. 155587939X. 
  23. Commager, Henry Steele, ed. (1967). Lester Ward and the Welfare State. New York: Bobbs-Merrill.
  24. Richardson, pp. 38–41.
  25. Richardson, pp. 137–138.
  26. Feuchtwanger, pp. 273–317.
  27. Vincent, Andrew (2010). Modern Political Ideologies, Third, John Wiley & Sons, გვ. 54. 
  28. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის cis.org.au არ არის მითითებული ტექსტი; $2
  29. Faulks, Keith (10 December 1999). Political Sociology: A Critical Introduction. Edinburgh University Press. ISBN 9780748613564. 
  30. Kirchner, Emil (2000). Liberal parties in Western Europe. Cambridge University Press, გვ. 356–357. ISBN 9780521323949.