შინაარსზე გადასვლა

დიდებული სეიბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სეიბა დიდებული)
აბრეშუმის ძაფის ხე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  სეიბა
სახეობა:  C. speciosa
ლათინური სახელი
Ceiba speciosa
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 61782892

აბრეშუმის ძაფის ხე (ლათ. Ceiba speciosa, ადრე ლათ. Chorisia speciosa) — ფოთოლმცვენი ხის სახეობა სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუპტროპიკულ ტყეებში. აქვს რამდენიმე ადგილობრივი სახელი, მაგალითად „პალო ბორაჩო“ (ესპ. palo borrachoმთვრალი ჯოხი) ან პაინეირა (paineira) ბრაზილიურ პორტუგალიურად. ბოლივიაში მას ტობორიჩის ეძახიან, რაც „თავშესაფარ ხეს“ ნიშნავს.[1] მიეკუთვნება იგივე ოჯახს, რომელსაც ბაობაბი და კაპოკი. ამავე გვარის კიდევ ერთ ხეს, Ceiba chodatii-ს ხშირად იგივე სახელით მოიხსენიებენ.

აბრეშუმის ძაფის ხის ბუნებრივი გავრცელების არეალია არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, აღმოსავლეთ ბოლივია, პარაგვაი, ურუგვაი და სამხრეთ ბრაზილია. კარგად უძლებს გვალვასა და საშუალო სიცივეს. სწრაფად იზრდება უხვწყლიან გარემოში; ზოგჯერ სიმაღლეში 25 მეტრსაც აღწევს. აქვს ბოთლის ფორმის მერქანი. როგორც წესი, გაბერილია მერქნის ქვედა ნაწილი, რომელიც სიგანეში 2 მეტრამდე აღწევს. მერქანი ასევე დაფარულია წვეტიანი, ბასრი ეკლებით, რომლებიც გარეულ ცხოველებს მასზე აძვრომაში ხელს უშლის. ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო, ახალგაზრდა ხეების მერქანი მწვანეა, რისი საშუალებითაც ამ მცენარეს ფოტოსინთეზის უნარი აქვს მაშინ, როდესაც ფოთლები გაცვენილია; ასაკთან ერთად იგი რუხი ხდება.[2]

ფოთლები, ღეროები და ყვავილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოტები ძირითადად ჰორიზონტალურადაა განფენილი და ასევე დაფარულია ეკლებით. ფოთლები შედგება 5-7 გრძელი ფურცლისგან. ყვავილები შუაგულში მოთეთროა, შედგება ხუთი ფურცლისგან, რომლებიც წვერისაკენ ვარდისფერში გადადის. ყვავილების დიამეტრი 10-15 სანტიმეტრია და მოყვანილობითა და გარეგნობით ჰიბიკუსის ყვავილებს წააგავს. მათი ნექტარი იზიდავს მწერ-პოლინატორებსა და კოლიბრებს.[3] ყვავის თებერვალ-მაისში (მშობლიურ სამხრეთ ნახევარსფეროში), მაგრამ შესაძლოა გაყვავდეს წელიწადის სხვა დროსაც. როგორც ფოთოლმცვენი ხე, ზამთრის თვეებში ის მთლიანად შიშველია, განსაკუთრებით როდესაც ის მშობლოური სამხრეთ ამერიკის მიღმა იზრდება.

ისხამს კვერცხისებრ, 20 სმ სიგრძის ნაყოფს, რომელიც შეიცავს ბამბისა და აბრეშუმის მსგავსი, ბუსუსებიანი ბოჭკოთი დაფარულ ლობიოს ზომის შავ თესლებს.[2]

ნაყოფში არსებული ბამბა არ არის ისეთივე კარგი ხარისხის, როგორც კაპოკის ხის ნაყოფში, მაგრამ ნაზი და მოქნილია; იყენებენ შესაფუთად, კანოეების დამზადებისას, ქაღალდისა და თოკების დასამზადებლად. თესლებისგან ხდიან მცენარეულ ზეთს.

აბრეშუმის ძაფის ხე ძირითადად კულტივირებულია დეკორაციული მიზნებისთვის. გარდა კერძო ბაღებისა, მას ხშირად რგავენ ქალაქის ქუჩებში, ძირითადად სუბტროპიკულ რეგიონებში — სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის სამხრეთ ნაწილში. თუმცა, მერქანზე არსებული ეკლები მოითხოვს ბუფერულ ზონებს, რათა დაცულ იყვნენ ადამიანები და ცხოველები. დიდებულ სეიბას ხშირად უმატებენ ჰალუცინოგენურ სასმელ აიაჰუსაკაში.

ბოლივიის სანტა-კრუსის დეპარტამენტში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც სამყარო სულ ახალი შექმნილი იყო, წყვდიადის სულები ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. ამასობაში, ბოროტმა სულებმა შეიტყვეს, რომ ადგილობრივ ინდიელთა ბელად ურურიტის ულამაზესი ქალიშვილი არავერა ცოლად გაჰყვა ღმერთ-კოლიბრს (ფრინველი) და ელოდებოდა ვაჟს, რომელსაც ყველა მათგანი უნდა დაესაჯა; შესაბამისად, მათ ორსულის მოკვლა განიზრახეს. როდესაც ეს არავერამ გაიგო, ქმრის ნაჩუქარი მფრინავი სავარძლით სოფლიდან გაიქცა, მაგრამ ბოროტი სულები სასწრაფოდ დაედევნენ და უტევდნენ ყველგან, სადაც კი დაიმალა. საბოლოოდ, დაღლილმა არავერამ გადაწყვიტა ტობორიჩის ხის მერქანში დამალულიყო, სადაც იმშობიარა კიდეც. ბიჭი გაიზარდა და წინასწარმეტყველებაც აღასრულა, შური იძია დედამისის გამო, რომელმაც მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე ხეში დამალულმა გაატარა. გადმოცემის მიხედვით, ამფორის ფორმის ტობორიჩის ხის მერქანში სამარადისოდ ჩამარხული პრინცესა არავერა ქვეყანას ამ ხის ულამაზესი ყვალილების სახით მოევლინა, რომელიც მუდამ იზიდავს კოლიბრებს; ამ გზით იგი ურთიერთობას ინარჩუნებს თავის ქმართან.[4]

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად, ამ ხეს Ceiba speciosa (დიდებული სეიბა) ეწოდება, ადგილობრივი მოსახლეობა მას მაინც „ტობორიჩის“ უწოდებს, რაც „თავშესაფარ ხეს“ ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: