საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, სეოკ — შეიქმნა 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა 377 დელეგატი. კონფერენციამ ერთხმად მიიღო დადგენილება სეოკ-ის დაფუძნების შესახებ. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად — ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად — დავით კინწურაშილი. მათ გარდა სეოკ-ის აღმასკომის პირველ შემადგენლობაში შევიდნენ: ნოდარ გუგუშვილი, ვაჟა კაჭარავა, დავით კუპრეიშვილი, დავით სულაქველიძე, ივანე ყიფიანი, ავთანდილ ციბაძე, ნიკოლოზ ცხაკაია და ზურაბ წერეთელი.

დამფუძნებელ კონფერენციაზე აირჩიეს სეოკის წევრები (171 კაცი), კომისიათა ხელმძღვანელები (სპორტულ ფედერაციებთან მუშაობის - ივანე ყიფიანი, საგამომცემლო-სარედაქციო - ნოდარ გუგუშვილი, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის და პროპაგანდის - ავთანდილ ციბაძე, საერთაშორისო ურთიერთობის - დავით კაკაბაძე), მიიღეს დეკლარაცია და სეოკ-ის წესდება.

წესდების მიხედვით, სეოკ-ი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას საქართველოში. სეოკ-ს აქვს განსაკუთრებული უფლება საქართველო წარადგინოს ოლიმპიურ თამაშებზე, სოკ-ის სხვა შეჯიბრებებზე. სეოკ-ი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს, ნიშნავს თავის წარმომადგენელს სოკ-ში, მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში, აწყობს ოლიმპიურ დღეს და კვირეულს, სპორტში ძალადობის და დოპინგის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. სეოკ-ი იცავს თავის ავტონომიას და არ ექცევა არავითარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეკონომიკური ზეგავლენის ქვეშ, რომელთაც შეუძლიათ შეაფერხონ ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნათა შესრულება.

სპორტის შესახებ საქართველოს კანონის (მიღებულია 1996 წლის 20 სექტემბერს) მესამე თავის მე-9 მუხლის თანახმად:

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ-ი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკ-ი იურიდიული პირია.
  • სეოკ-ი ხელმძღვანელობის საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით.
  • საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.
  • სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
  • სეოკ-ი თანამშრომლობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ეროვნულ ფედერაციებთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
  • სეოკ-ი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.

1992 წლის 9 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სეოკ-ი დროებით და პირობითად აღიარა, 1993 წლის 23 სექტემბერს მონაკოში გამართულ 99-ე სესიაზე კი თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო. იმავე წელს სეოკ-ი აღიარეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ევროპისა და მსოფლიო ასოციაციებმა. სეოკ-ი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის (მათ შორის - თანამეგობრობის ქვეყნების ეოკ-თა ასოციაციის, ევროპის ქვეყნების არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების ასოციაციის, „სამართლიანი თამაშების“ საერთაშორისო ფედერაციის, გაერთიანება „ევროპის ქალები და სპორტი“) წევრია, ორმხრივი ხელშეკრულებით თანამშრომლობს მრავალლი ქვეყნის ეოკ-თან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან.

1991 წლიდან სეოკ-ის გენერალური მდივანია ემზარ ზენაიშვილი. 1992 წლის 25 მარტს გამართულმა სესიამ სეოკ-ის ხელმძღვანელობამ ოთხი წლით (ატლანტის ოლიმპიური თამაშების დამთავრებამდე) გაუგრძელა უფლებამოსილება. 1994 წლის 25 მაისს გამართულ სესიაზე სეოკ-ის პირვვლი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ჯანსუღ ბაგრატიონმა.

სეოკ-ის ფარგლებში მოქმედებს 12 სამხარეო ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიური აკადემია, ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბი. 1993 წლიდან გამოდის ყოველთვიური გაზეთი „ოლიმპიელი“, 1995 წელს გაიხსნა ოლიმპიური მუზეუმი.

1996 წლის 13 დეკემბერს, საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს სეოკ-ის ახალი ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი - ჯანსუღ ბაგრატიონი, ვიცე-პრეზიდენტი - თამაზ იმნაიშვილი, რუსუდან სიხარულიძე და მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი - ემზარ ზენაიშვილი, აღმასკომის წევრები - ელგუჯა ბერიშვილი, დავით გობეჯიშვილი, ომარ გოგიაშვილი, ვლადიმერ გოიაშვილი, გიორგი თოფაძე, ედიშერ მაჩაიძე, მერაბ მეტრეველი, ომარ ღონღაძე, რობერტ შავლაყაძე და ვაჟა შუბლაძე. სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს ნონა გაფრინდაშვილი.

1996 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი აირჩიეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. გუგუშვილი, ოლიმპიური ენციკლოპედია, გვ. 122-123, თბ. 1997 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]