საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 2.jpg
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
აბრევიატურა

სგს

დაარსების თარიღი

1924 წლის 22 იანვარი

ტიპი

სამეცნიერო საზოგადოება

იურიდიული სტატუსი

მოქმედი

ადგილმდებარეობა

ლ. გუდიაშვილის ქ. 11 [1]

წევრები

2000 (1976 წლის შეფასება)

ოფიციალური ენები

ქართული

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (სგს) — ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება; აერთიანებს გეოგრაფებსა და გეოგრაფიით დაინტერესებულ პირებს. შეიქმნა 1924 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული კაბინეტისა და 1850 წელს თბილისში დაარსებული რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ბაზაზე.[2] თავდაპირველად საზოგადოებაში იყო ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებები, საექსკურსიო ბიურო და კარტოგრაფიული კაბინეტი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაშია 4 განყოფილება (სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-მეთოდური, სარედაქციო-საგამომცემლო და გეოგრაფიული ცოდნის გამავრცელებელი) 15 სექციით, 5 კომისია, 7 ფილიალი (სოხუმის, ბათუმის, ცხინვალის, ქუთაისის, გორის, გურჯაანის, ახალციხის) და 2000-ზე მეტი წევრი (1976 წლის შეფასება). უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელსაც იწვევენ 4 წელიწადში ერთხელ.[2]

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი ალექსანდრე ჯავახიშვილი.[3] საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება სამეცნიერო კოორდინაციას უწევს გეოგრაფიულ სამუშაოებს, ატარებს სამეცნიერო ხასიათის მოხსენებებსა და კონფერენციებს, კონსულტაციებსა და ექსპერტიზებს, ხელმძღვანელობს ნებაყოფლობით ფენოლოგიურ ქსელს, საუკეთესო სამეცნიერო-გეოგრაფიული ნაშრომებისათვის ანიჭებს ვახუშტისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემიებს. გამოსცემს სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას. გამოსულია საზოგადოების მოამბე (2 ტომი) და შრომები (13 ტომი) მონოგრაფიები და სხვა.[2] გამოსცემს აგრეთვე „კავკასიის გეოგრაფიულ ჟურნალს“,[4] სადაც იბეჭდება სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.[3]

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924-1947 წლებში შედიოდა განათლების სამინისტროში, 1947-1998 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 1998 წლის 3 ივნისიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. 1996 წლიდან საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სრულუფლებიანი და ამერიკის მეცნიერების ხელშემწყობ ასოციაციასთან არსებული საერთაშორისო კონსორციუმის წევრია.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]