სანდრა იზბაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანდრა იზბაშა
Sandra izbasa.jpg
სანდრა იზბაშა 2008 წელს
სრული სახელი სანდრა რალუკა იზბაშა
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დაიბადა 18 ივნისი, 1990 (1990-06-18) (30 წლის)
ბუქარესტი, რუმინეთი
სიმაღლე 1,67 მ.
წონა 52 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
გუნდი CSA სტიაუა ბუქარესტი
მწვრთნელ(ებ)ი ოქტავიან ბელუ, მარიანა ბიტანგი
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი ნიკოლაე ფორმინტე, ლივია პონორანი
ქორეოგრაფი პუია ვალერი, ადრიანა პოპი
მუსიკა

2008: Taniec Eleny
2010: Kalinka and
Hava Nagila
2011: Tango Amore
2012: Shine On You Crazy Diamond

2013: Feeling Good
კარიერა დაასრულა 10 აპრილი, 2014

სანდრა რალუკა იზბაშა (რუმ. Sandra Raluca Izbaşa; დ. 18 ივნისი, 1990 ბუქარესტი) — ყოფილი რუმინელი მხატვრული ტანმოვარჯიშე. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი: 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ვარჯიშში, ხოლო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე — ბჯენით ხტომებში, 2008 და 2012 წლებში ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში [1], ევროპის შვიდგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდრა იზბაშამ ტანვარჯიშში ვარჯიში 4 წლის ასაკიდან დაიწყო, 12 წლის ასაკში კი რუმინეთის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა. მისი მსოფლიო დებიუტი უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ტურნირებზე შედგა 2006 წელს.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპრილში იზბაშამ ვოლოსში, საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდურ ჩათვლაში რუმინეთის ნაკრებთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა. პირად ჩათვლაში იზბაშა 15,550 ქულით ჩემპიონი გახდა თავისუფალ ვარჯიშში, დვირზე 15,300 ქულით ბრინჯაო დაისაკუთრა, ბჯენით ხტომაში კი მხოლოდ 13,950 ქულის მოგროვება შეძლო და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.[2]

ოქტომბერში ორჰუსში (დანია) ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იზბაშამ რუმინეთის ნაკრებთან ერთად მეოთხე ადგილი დაიკავა. პირად ჩათვლაში სანდრამ მრავალჭიდში ბრინჯაოს (60,250 ქულით), დვირზე კი-ვერცხლის (15,500 ქულით) მედლები მოიპოვა. შედარებით სუსტი აღმოჩნდა მისი გამოსვლა თავისუფალ ვარჯიშსა (მე-6 ადგილი 15,375 ქულა) და ბჯენით ხტომებში (მე-8 ადგილი, 14,562 ქულა).[3] ნოემბერში გლაზგოში, დიდ ბრიტანეთში გამართულ მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე იზბაშამ ისევ იმარჯვა თავისუფალ ვარჯიშსა და დვირზე და ოქროს და ბრინჯაოს მფლობელი გახდა, 15,300 და 15,025 ქულით.[4]

2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტში პარიზში გამართულ მსოფლიო თასზე სანდრამ მხოლოდ თავისუფალ ვარჯიშში მოახერხა ბრინჯაოს მედლის აღება, 14,950 ქულით. ბჯენით ხტომებსა და დვირზე კი 13,937 და 14,950 ქულით საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა[5]. ერთი თვის შემდეგ, ამსტერდამში (ნიდერლანდები) გამართულ ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე იზბაშამ ერთბაშად ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა მრავალჭიდსა და დვირზე ასპარეზობაში (59,900 და 15,525 ქულით), ბჯენით ხტომებში მხოლოდ მერვე იყო (13,975 ქულა), თავისუფალ ვარჯიშში კი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, მაგრამ ტრავმის გამო, ფინალში არ უასპარეზია.[6]

იმავე წლის სექტემბერში სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე შტუტგარტში იზბაშამ რუმინეთის ნაკრებთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა გუნდურ ჩათვლაში, მრავალჭიდისა და თავისუფალი ვარჯიშის პირად ჩათვლაში კი ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.[7]

2008, პეკინის ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიური წლის დასაწყისში იზბაშამ კლერმონ-ფერანში ჩატარებულ ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. გუნდურ ჩათვლაში რუმინელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს, რაშიც მან დიდი წვლილი შეიტანა ბჯენით ხტომებში, დვირსა და თავისუფალი ვარჯიშში მოპოვებული მაღალი ქულებით (15,075, 15,350 და 15,750). პირად ჩათვლაში იზბაშამ დვირზე ვერცხლის, თავისუფალ ვარჯიშში კი — ოქროს მედალი მოიპოვა.[8]. იგი ასევე წარმატებით გამოვიდა კოტბუსის მსოფლიო თასზე, სადაც თავისუფალ ვარჯიშში და დვირზე ასპარეზობაში ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა [9].

აგვისტოში იზბაშამ რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ნაკრებებთან დაძაბული კონკურენციის პირობებში, რუმინელებმა მოახერხეს ბრინჯაოს მედლების მოპოვება გუნდურ ჩათვლაში. იზბაშამ სამ იარაღზე შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა (ბჯენითი ხტომები, დვირი, თავისუფალი ვარჯიში), სადაც შესაბამისად, 15,100, 15,600 და 15,550 ქულა დააგროვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაკრების წარმატებაში[10]. პირად ჩათვლაში იზბაშა მრავალჭიდში მე-8 ადგილზე აღმოჩნდა, 60,750 ქულით,[11] თავისუფალ ვარჯიშში კი, 15.650 ქულით ჩემპიონი გახდა და მნიშვნელოვნად გაუსწრო ფავორიტებად მიჩნეულ ამერიკელ შაუნ ჯონსონსა და ნასტია ლიუკინს და ჩინელ ფეი ჩენს .[12].

იზბაშამ 2008 წლის სეზონი დეკემბერში მადრიდში გამართულ ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე თავისუფალ ვარჯიშში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა. დვირზე იგი მეოთხე იყო, 14,925 ქულით [13].

2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტში იზბაშამ იტალიაში, ჯესოლოში გამართულ თასზე იასპარეზა.[14]. იმავე წლის აპრილში, მილანში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა — მხოლოდ მეშვიდე ადგილი თავისუფალ ვარჯიშში[15]. ამავე წელს იზბაშა კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

სექტემბერში სანდრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ, გამოსვლა ნაადრევად დაასრულა, ასპარეზობის დროს მიღებული ტრავმის გამო — აქილევსის მყესი გაუწყდა და დაცემისას ხელი დაიზიანა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა [16].

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს იზბაშამ ვარჯიში განაახლა და სექტემბერში გენტის მსოფლიო თასზე იასპარეზა, სადაც თავისუფალ ვარჯიშში ოქროს მედალს დაეუფლა. წლის ბოლოს რეშიცაში გამართულ რუმინეთის ეროვნულ ჩემპიონატზე სანდრამ ოთხიდნა სამ იარაღზე მაღალი შედეგი აჩვენა: თავისუფალ ვარჯიშში იგი პირველი იყო, დვირსა და ბჯენით ხტომებში კი-მეორე. იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინელებმა გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავეს, სანდრამ ბჯენით ხტომებში, დვირსა და თავისუფალი ვარჯიშის კატებორიებში იასპარეზა, პირად პირველობაში კი მეშვიდე აღმოჩნდა თავისუფალ ვარჯიშში. წარუმარებლობის მიუხედავად, სპორტსმენმა განაცხადა, რომ წარმატებას არც ელოდა, მხოლოდ სურდა, რომ გუნდს დახმარებოდა გუნდურ ტურნირში, პირად ჩათვლაში გამოსვლას კი მისთვის უფრო მოსათელი დატვირთვა ჰქონდა, რომ ნელ-ნელა აღედგინა ფორმა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ.

2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის სეზონი იზბაშამ პარიზის მსოფლიო თასზე თავისუფალ ვარჯიშში მოპოვებული ოქროს მედლით დაიწყო. ბერლინში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე იგი ჩემპიონი გახდა თავისუფალ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში, სექტემბერში კი მონაწილეობა მიიღო ერცინგენში გამართულ ტურნირში, სადაც რუმინეთის ნაკრების მეტოქეები გერმანიისა და შვეიცარიის ნაკრებები იყვნენ და იასპარეზა ნაირსიმაღლის ორძელზე, დვირსა და ბჯენით ხტომებში. ოქტომბერში იგი გეგმავდა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას, მაგრამ, ფეხი დაიზიანა, რამაც იძულებული გახადა, მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

2012, ლონდონის ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპრილში სანდრამ საფრანგეთში, შოლეში ჩატარებულ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და წვლილი შეიტანა რუმინეთის ნაკრების გამარჯვებაში. პირად ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა მრავალჭიდში. მაისში ბრიუსელში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე იზბაშამ ორი ოქრო მოიპოვა ბჯენითი ხტომის კატეგორიაში — როგორც გუნდურ, ისე პირად ჩათვლაში. ივლისის დასაწყისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც რუმინეთის გარდა, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ქალთა ნაკრებებიც მონაწილეობდნენ, სანდრა ჩემპიონი გახდა, გუნდთან ერთად, პირად ჩათვლაში კი მრავალჭიდში მეორე აღმოჩნდა.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე რუმინეთის ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, აშშ-ისა და რუსეთის ნაკრებების შემდეგ. სანდრამ გუნდურ ჩათვლაში ნაკრებს 15.100 და 15.200 ქულა შესძინა ბჯენით ხტომებსა და თავისუფალ ვარჯიშში. მან იგივე კატეგორიებში იასპარეზა პირად ჩათვლაშიც. ბჯენით ხტომებში სანდრა ყველასაგან მოულოდნელად, ჩემპიონი გახდა და გაუსწრო უდავო ფავორიტად მიჩნეულ ამერიკელ მაკაილა მარონის, თავისუფალ ვარჯიშში კი, ასევე მოულოდნელად, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, რადგან ბოლო დიაგონალის შესრულებისას, მოულოდნელად, დაეცა. დახურვის ცერემონიაზე, სანდრა ოლიმპიურ მედროშედ იქნა არჩეული.

2013[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის დასაწყისში იზბაშას არ უასპარეზია, რადგან უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხის მისაღებად ემზადებოდა. ოქტომბერში, ანტვერპენში გამართულ მსოფლიო ჩემპიინატზე სანდრამ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო საფეხური, მაგრამ, თავისუფალი ვარჯიშის ფინალში ისევ დაეცა, რის გამოც, საბოლოოდ, მეშვიდე აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა, 2015 წელს ჰქონდა დაბრუნების მცდელობა, რათა მომდევნო, 2016 წლის ოლიმპიადაზე ეცადა ბედი. ვინაიდან დრო უკვე ცოტა რჩებოდა და არ იყო საკმარისი უწინდებური ფორმის აღსადგენად, სანდრა იზბაშამ საბოლოოდ განაცხადა აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ.

შემდგომი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ იზბაშა ხშირად მონაწილეობს სატელევიზიო პროექტებში, აქტიურობს სოციალურ ქსელებში, პოპულარიზაციას უწევს ტანვარჯიშს და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ეწევა სამწვრთნელო სამუშაოს უმცროსი ასაკის დამწყებ სპორტსმენებთან.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს, სპორტში მიღწეული წარმატებებისათვის, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ სანდრა იზბაშა "სპორტული დიდების" (Meritul Sportiv) III, ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ კი — I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა [17]. 2009 წლის აპრილში სანდრა იზბაშას ფოტო ტანვარჯიშის საერთაშორისო გაზეთის ყდაზე გამოჩნდა[18].

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდრა იზბაშა გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით და არტისტიზმით. მისი პროგრამა ყოველთვის მოიცავდა ტექნიკურად რთული ელემენტების რთულ კომბინაციებს. თავიდან იგი განსაკუთრებულად ძლიერი იყო თავისუფალ ვარჯიშში და დვირზე, მოგვიანებით დაოსტატდა ბჯენით ხტომებშიც, ხოლო, ნაირსიმაღლის ორძელზე. შედარებით სუსტად ასპარეზობდა. კარიერის დასასრულს იგი ძირითადად, თავისუფალ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში გამოდიოდა და მისი ყველაზე დიდი წარმატებებიც სწორედ ამ ორ კატეგორიას უკავშირდება. გამოირჩეოდა ძლიერი ნებისყოფით და განწყობილების მდგრადობით, დაძაბული კონკურენციის პირობებშიც კი. სწორედ ამ თვისების წყალობით მოიპოვა ოქროს მედალი ბჯენით ხტომებში 2012 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახტომების ტექნიკური სირთულე 6.1 და 5.8 ჩამორჩებოდა მთავარი ფავორიტის-მაკაილა მარონისას (6.5 და 6.1), მან მოახერხა ორივე ნახტომის ტექნიკურად უმაღლეს დონეზე შესრულება, ხოლო მარონიმ პირველ ნახტომზე 0.3 საჯარიმო ქულა მოაგროვა, მეორეზე კი 1.0 დააკლდა, დაცემის გამო. ასპარეზობის დასრულების შემდეგ იზბაშამ აღნიშნა, რომ ნაკლებად ელოდა მედალს, რადგან გამოსვლა ბოლოს უწევდა, ბჯენითი ხტომების ფინალები ყოველთვის ნერვების ომი იყო, რაც საბოლოოდ, დადასტურდა კიდეც. მან ასევე პატივისცემა გამოხატა მეტოქის მიმართ, უწოდა მას მსოფლიოს საუკეთესო მხტომელი და აღნიშნა, რომ წარუმატებლობა, სავარაუდოდ, მცირე ასაკის (მარონი ამ დროს 16 წლისა იყო) და აქედან გამომდინარე, გამოუცდელობის ბრალი იყო[19].

შეჯიბრებების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზბაშა (მარჯვნივ) დიანა ბულიმართან და ლარისა იორდაკესთან ერთად.
წელი ღონისძიება გუნდური ჩათვლა მრავალჭიდი ბჯენითი ხტომები ნაირსიმაღლის ორძელი დვირი თავისუფალი ვარჯიში
2006 ევროპის ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 7 3 1ჩემპიონი
მსოფლიო ჩემპიონატი 4 3 8 2ვერცხლის მფლობელი 6
2007 ევროპის ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 8 2ვერცხლის მფლობელი
მსოფლიო ჩემპიონატი 3 9 8
2008 ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი
ოლიმპიური თამაშები 3 8 1ჩემპიონი
2009 ევროპის ჩემპიონატი 7
2010 მსოფლიო ჩემპიონატი 4 7
2011 ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
2012 ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ოლიმპიური თამაშები 3 5 1ჩემპიონი 8
2013 მსოფლიო ჩემპიონატი 7

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Athletes :: Show Archived August 13, 2012, საიტზე Wayback Machine. . Fig.lx2.sportcentric.com. Retrieved on 2012-07-24.
  2. 2006 European artistic gymnastics Championships Volos, Greece. Gymnasticsresults.com. ციტირების თარიღი: 2012-07-24.
  3. 30th Women's Artistic Gymnastics World Championships Aarhus (DEN). Gymnasticsresults.com (2005-12-30). ციტირების თარიღი: 2012-07-24.
  4. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2006-11-12). ციტირების თარიღი: 2012-07-24.
  5. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2007-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-03. ციტირების თარიღი: 2012-07-27.
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-28. ციტირების თარიღი: 2012-08-28.
  7. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2007-09-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2012. ციტირების თარიღი: 2012-07-27.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-20. ციტირების თარიღი: 2012-09-12.
  9. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2008-04-13). ციტირების თარიღი: 2012-07-27.
  10. http://www.figbeijing2008.sportcentric.com/vsite/vfile/page/fileurl/0,11040,5195-191332-208555-139345-0-file,00.pdfთარგი:Deadlink
  11. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 26, 2014. ციტირების თარიღი: October 11, 2012.
  12. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2013. ციტირების თარიღი: August 10, 2012.
  13. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2008-12-14). ციტირების თარიღი: 2012-07-27.
  14. International Gymnast Magazine Archived March 4, 2016, საიტზე Wayback Machine. “Parolari, Recea win in Jesolo” by Albert Minguillon I Colomer, March 15, 2009
  15. http://fig.lx2.sportcentric.com/system/files/53/original/WAG%20Result%20Finals.pdfთარგი:Deadlink
  16. International Gymnast Magazine Archived March 4, 2016, საიტზე Wayback Machine. Izbasa Out of Worlds with Torn Achilles' Tendon, September 18, 2009, by Dwight Normile
  17. http://www.cosr.ro/sportiv/sandra-raluca-izbasa
  18. International Gymnast Magazine, Izbasa's Edge by Dwight Normile, page 35, April 2009, ISSN 0891-6616
  19. https://16-233.tumblr.com/post/72598379109/sandra-izbasa-on-mckayla-maroney