შინაარსზე გადასვლა

როდოპოლისი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როდოპოლისი — ისტორიული ქალაქი დასავლეთ საქართველოში. ნაქალაქარი შემორჩენილია იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სოფელ ვარციხის ახლოს, ქუთაისიდან 17 კმ, ბაღდათიდან 15 კმ. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ახლანდელი ვარციხის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა

პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. პროკოპი კესარიელი მას ეგრისის სამეფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევდა.[2] ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. 549 წელს სპარსელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია, ხოლო ომის შემდეგ კვლავ აღადგინეს. IX-XI საუკუნეებში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.

იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკის მიხედვით ვარდციხეში აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ. მანვე ააშენებინა მცირე ზომის, გალავანშემოვლებული, გეგმით ოთხკუთხა ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ერისთავებმა მოსწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს“. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1769 წელს გენერალმა ტოტლებენმა მისი გალავანი რამდენიმე ადგილზე გამოანგრევინა, რათა იქ ოსმალებისთვის იქ გამაგრების საშუალება არ მიეცა.

როდოპოლისი მდებარეობდა ტყეებით გარშემორტყმულ ვაკე ადგილზე, რომლის ირგვლივ ბევრი მდინარე ჩამოედინება.

არქეოლოგიური გათხრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარციხის ტერიტორიაზე 1968 წლიდან დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები. 1972 წლიდან კი ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გამოვლინდა IV-VI სს. კოშკებიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. ამ ხანაში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო. ამ დროის არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა და მინა) ეგრისის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიუთითებს. აღმოჩენილი წითელლაქიანი კერამიკა და ამფორები აქ რიონ-ფასისის გზით უნდა მოხვედრილიყო. ეს გზა, რომელიც ანტიკურ ხანაში იყო ცნობილი, ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე ინარჩუნებდა მნიშვნელობას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ქალაქ არტაშატიდან სებასტოპოლისაკენ მიმავლ გზას, რომელიც ზეკარზე, ხანისწყლის ხეობასა და ვარციხეზე გადიოდა. გათხრების შედეგად გამოვლინდა აგრეთვე ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც ვარციხის შემდეგი აღმავლობის ხანას (IX–XI სს.) განეკუთვნება. ამ დროის ცხოვრების კვალი მოიცავს IV-VI სს. ციხე-ქალაქის მთელ ტერიტორიას. მოპოვებული მასალიდან საყურადღებოა IX-X სს. მოჭიქული კერამიკა.

ვარციხიდან 800 მეტრის მოშორებით, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას გაითხარა ნამოსახლარი გორა, რომელიც ხელოვნური თხრილით იყო გამაგრებული. აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანის რიყის ქვითა და კირქვით ნაგები, ხანძრით განადგურებული შენობების ნაშთები. ანტიკური ხანის კულტურული ფენები ვრცელდება სამოსახლოს ირგვლივ. აღმოჩენილია ადგილობრივი და იმპორტული (შავლაქიანი ჭურჭელი, ამფორები) კერამიკა. გაითხარა ძვ. წ. IV-III საუკუნეებში სამარხი, რომელშიც გამოვლინდა ბრინჯაოს სამაჯურები, მინისებრი პასტის მძივები, წითლად გამომწვარი დოქი და ე. წ. კოლხური თეთრი.

მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე დაზვერვებით გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების ვარციხის თანადროულ სამოსახლოთა ნაშთები.