შინაარსზე გადასვლა

ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია (ფრანგ. Les 36 situations dramatiques) — წიგნი, რომელიც ეძღვნება იმის დამტკიცებას, რომ ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები ეფუძნება მსოფლიოს ლიტერატურის ისტორიაში დღემდე მოფიქრებული ოცდათექვსმეტიდან ერთ-ერთ სიუჟეტურ კოლიზიას.

ნაშრომი „ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ 1895 წელს გამოაქვეყნა ლიტერატურისა და თეატრის ისტორიის ფრანგმა მკვლევარმა, თეორეტიკოსმა ჟორჟ პოლტიმ (Georges Polti, 1868—1946).

საკვლევ მასალაში ჟ. პოლტი მიმართავს ანტიკურ დრამატურგიას, ძველი ინდოეთისა და ძველი ჩინეთის ტექსტებს, შუა საუკუნეების, აღორძინების ხანის ნაწარმოებებს, ფრანგ, იტალიელ და გერმანელ რომანტიკოსებს, აგრეთვე უახლესი დროის დრამატულ ნაწარმოებებს და, გამონაკლისის სახით, სხვა ჟანრის (რომანი, ეპოსი) ტექსტებსაც.

სულ მთლიანობაში სამეცნიერო ანალიზისას ჟორჟ პოლტი ეყრდნობდა 1 200 ნაწარმოებიდან შემუშავებულ მასალას. კვლევის პროცესში ყველაზე ხშირ გამოყენებად ავტორთა შორის არის ევრიპიდე, სოფოკლე და ესქილე, აგრეთვე უილიამ შექსპირი, პიერ კორნელი და ვოლტერი, პიეტრო მეტასტაზიო და ვიტორიო ალფიერი, ვიქტორ ჰიუგო და ემილ ზოლა.

ოცდათექვსმეტი სიუჟეტიდან ჟორჟ პოლტი ყოველ მათგანს რამდენიმე სახეობად ჰყოფს, ჩამოთვლის მოქმედ პირებს და მოკლედ ახასიათებს მოქმედ პირთა შორის ურთიერთობებს და მოჰყავს მაგალითები, რომლებიც მთლიანად, ან ნაწილობრივ შეესაბამებიან ამა თუ იმ განზოგადებად ტიპს.

ჟ. პოლტის აზრით, მის ოცდათექვსმეტ სიუჟეტურ სიტუაციას საფუძვლად უდევს არსებულ, ან შესაძლო ადამიანურ ურთიერთობათა და განცდათა ტიპოლოგია.

ნაშრომის შექმნის წინარეისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟორჟ პოლტის ნაშრომის კონცეფციას ამოსავალ წერტილად დაედო იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (Johann Wolfgang von Goethe, 17491832) „ეკერმანთან საუბრებში“ გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ ცნობილ იტალიელ დრამატურგს კარლო გოცის (Carlo Gozzi, 17201806) თავის დროზე რამდენიმე სრულიად სტანდარტული და ამავდროულად რაოდენობრივად სრულიად დათვლადი დრამატული სიტუაციები ჩამოუყალიბებია. სამწუხაროდ, კარლო გოცისეული ეს სია-ჩამონათვალი დრამატული სიტუაციებისა ი. ვ. ფონ გოეთეს დროიდან მოყოლებული დაკარგულად ითვლება და დღემდე მიუკვლეველია.

გერმანული დრამის კლასიკოსს ფრიდრიხ შილერს (Johann Christoph Friedrich von Schiller, 17591805) უცდია უარეყო ხსენებული „კარლო გოცის თეზისი“ დათვლადი და სტანდარტული სიტუაციების შესახებ, თავადაც უცდია მოეფიქრებინა სხვადასხვა სიუჟეტების ტიპები, მაგრამ ოცდათექვსმეტის მოგონებაც ვერ მოუხერხებია.

გარდა ამისა, შესაძლო დრამატულ სიტუაციათა შეზღუდულ რაოდენობაზე გაკვრით წერდა აგრეთვე ფრანგი რომანტიკოსი პოეტი ჟერარ დე ნერვალი (Gérard de Nerval, 18081855). ჟორჟ პოლტიმ, მისივე სიტყვების მიხედვით, ხელახლა აღმოაჩინა გოცის 36 სიუჟეტი.

ჟორჟ პოლტის ადგილი თანამედროვე კვლევებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე მკვლევართა აზრით, ჟორჟ პოლტის ნაშრომი პროტოსტრუქტურალისტურ კვლევას წარმოადგენს, მიანიშნებენ რა ამით ავტორის თავდაჯერებულობაზე იმაში, რომ მის მიერ შემუშავებული ტიპოლოგია ობიექტურად მართლა არსებობს სინამდვილეში. ჟ. პოლტის იდეების მნიშვნელოვნება მდგომარეობს არა სიუჟეტთა კლასიფიცირებაში, არამედ პრინციპულ მიდგომაში, რომლის მიხედვითაც შთაგონების საფუძველს წარმოადგენენ ლოგიკა და კულტურული ნიმუშები, რომელთა თეორიული გააზრება სასარგებლოა ხელოვნებისათვის. ცნობილი რუსი მკვლევარი, ა.ე. სერიკოვი თავის ნაშრომში „ტიპური სიუჟეტური სქემები თხზულებებსა და ცხოვრებაში“ აღნიშნავს, რომ „დრამატული ნაწარმოების გმირის შესაძლო ქმედებათა და ვლენათა თეზაურუსის შეზღუდულობის თვითონ იდეა დიდ ყურადღებას იმსახურებს.“

ჟორჟ პოლტის კონცეფციის პოპულარობას ხელი შეუწყო ანატოლი ლუნაჩარსკიმ მისი საკმაოდ ხშირი ციტირებით. ა. ლუნაჩარსკი აღნიშნავდა, რომ ჟ. პოლტის მიერ წარმოებული ეს „გაშიფრვა მას მეტისმეტად მიახლოებულად და მეტისმეტად განზოგადებულად მიაჩნდა“.

სულ 36 შესაძლო სიტუაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანურ ურთიერთობათა და განცდათა 36 შესაძლო ჟორჟ პოლტის მიერ შემოთავაზებული სიუჟეტი, ან სიუჟეტური კოლიზია, რომელზედაც დაიყვანება ცნობილი პიესები.

ჟორჟ პოლტის თეორიის მომხრეები არც თუ იშვიათად შენიშნავენ იმას, რომ პოლტისეული სიის გაფართოების დღემდე განხორციელებულმა, მრავალრიცხოვანმა ამაო მცდელობამ მხოლოდ დაადასტურა ძირითადი, მოარული სიუჟეტების ამოსავალი კლასიფიკაციის სისწორე.

  1. ვედრება.
  2. ხსნა, შველა.
  3. დანაშაულზე შურისძიება.
  4. ახლობლის შურისძიება ახლობლის გამო.
  5. გატანჯული, დღეგამწარებული, სვეგამწარებული.
  6. უნებლიე უბედურება.
  7. ვინმეს გაწირვა.
  8. ბუნტი.
  9. თავგანწირული მცდელობა.
  10. მოტაცება.
  11. გამოცანა.
  12. მიღწევა.
  13. სიძულვილი ახლობელთა შორის.
  14. მეტოქეობა ახლობელთა შორის.
  15. ადიულტერი მკვლელობით.
  16. სიგიჟე, დაუფიქრებლობა.
  17. საბედისწერო გაუფრთხილებლობა.
  18. უნებური სისხლაღრევა.
  19. ახლობლის უნებური მკვლელობა.
  20. თავგანწირვა იდეალის სახელით.
  21. თავგანწირვა ახლობელთათვის.
  22. ყველაფრის გაწირვა ერთი ვნების გამო.
  23. ვალის სახელით ახლობელთათვის გაღებული მსხვერპლი.
  24. უთანაბროთა ქიშპობა, მეტოქეობა.
  25. ადიულტერი.
  26. სიყვარულის დანაშაული.
  27. საყვარელი არსების უღირსობა.
  28. სიყვარული წინააღმდეგობების გადალახვით.
  29. სიყვარული მტრისადმი.
  30. პატივმოყვარეობა.
  31. ბრძოლა ღმერთის წინააღმდეგ.
  32. უსაფუძვლო ეჭვიანობა.
  33. სასამართლო შეცდომა. მცდარი განაჩენი.
  34. სინდისის ქენჯნა.
  35. კვლავ ნაპოვნი. დაკარგულის ნახვა.
  36. ახლობლების დაკარგვა.
  • (ფრანგული) De Bary, Cécile: Georges Polti, ou l’anticipation du théâtre potentiel // Poetique: Revue de theorie et d’analyse litteraires, N.138, 2004, გვ. 183—192.
  • (რუსული) Сериков, А.Е.: Типичные сюжетные схемы в повествованиях и в жизни // Вестник Самарской Гуманитарной академии. Серия «Философия. Филология» — 2009. — № 2 (6). — გვ. 60-84.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • (ინგლისური) Polti, Georges. The thirty-six dramatic situations / Translated into English by Lucile Ray — Franklin (Ohio): James Knapp Reeve, 1924.