მწყემსთა ჯვაროსნული ლაშქრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Crociata dei Pastori.jpg

მწყემსთა ჯვაროსნული ლაშქრობა (ფრანგ. Croisade des Pastoureaux) — მე-13 და მე-14 საუკუნეებში განხორციელებული ლაშქრობა. ისტორიას შემორჩა მწყემსთა ორი ჯვაროსნული ლაშქრობა. პირველი ბრძოლა თარიღდება 1251 წლით (მეშვიდე ჯვაროსნულ ლაშქრობის პერიოდი), მეორე კი - 1320 წლით.

მწყემსთა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1248 წელს, საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო, თუმცა ჯვაროსანთა მარცხის შემდეგ, ის ეგვიპტის ქალაქ დუმიეტთან ტყვედ ჩავარდა.

მწყემსთა პირველი მოძრაობა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ლუის მხარდაჭერითა და „უნგრელი ოსტატის” მეთაურობით წარმოიშვა. ვარაუდობენ რომ „უნგრელი ოსტატი” იყო უნგრელი მოხუცი ბერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან მიიღო მითითება მარიამ ღვთისმშობლისგან, ეხელმძღვანელა ფრანგი მწყემსებისათვის, ლუი IX-ს გამოსახსნელად. ბერმა პარიზში 60000-მდე გლეხს მოუყარა თავი, რომელთაგან უმეტესობა ახალგაზრდა ასაკისა იყო. „უნგრელი ოსტატი” პარიზში ლუის დედას, მოქმედ რეგენტს შეხვდა.

ქალაქიდან გასვლის შემდეგ, ჯგუფი გაიყო რამდენიმე ნაწილად და რუანსა, ტურსა და ორლეანში არეულობები მოაწყო. მათ, აგრეთვე ამიენსა და შემდგომ ბურჟში ებრაელებზე შეტევა წამოიწყეს. ამ ფაქტების გამო ხელისუფლებამ მწყემსი ჯვაროსნები დააპატიმრა და ეკლესიისგანაც განაკვეთინა. თუმცა „ოსტატის” ერთმა ჯგუფი არ დაემორჩილა ხელისუფლებას. დაპირისპირებულთა შორის ბურჟის მახლობლად მცირე ბრძოლა გაიმართა. ორმხრივი სროლისას „ოსტატი” მოკლეს. ასე დასრულდა მწყემსთა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.

მწყემსთა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1315 წელს ევროპაში „დიდი შიმშილი” მძვინვარებდა. 1314 წლის ზაფხული უხვნალექიანი იყო, 1315 წელს წყალდიდობები გახშირდა. მოსავლის აბსოლუტური უმრავლესობა განადგურდა. ევროპაში საკვები გამოილია. შიმშილობის მასშტაბები იმდენად ფართო იყო, ხალხი პირდაპირ ქალაქის ქუჩებში იხოცებოდა. განსაკუთრებით პარიზსა და ანტვერპენს უჭირდა. უკეთესი ვითარება არც სოფლად იყო. მომრავლდა კანიბალიზმის შემთხვევები. მარცვლეულის ფასი 5-ჯერ გაიზარდა. 1316-1317 წლებში ისევ ცუდი მოსავალი მოვიდა. 1318 წელს მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, თუმცა სიღარიბის შედეგებს - ეპიდემიასა და არეულობებს, ევროპა კიდევ კარგა ხნის განმავლობაში იმკიდა.

1320 წელს, ჩრდილოეთ საფრანგეთში მცხოვრები გლეხები წმინდა მიწისკენ გაემგზავრნენ. ლეგენდის თანახმად, ახალგაზრდა მწყემსს ხილვა ჰქონდა, რომ თითქოს მხარზე მაგიური ფრინველი ეჯდა, რომელიც ახალგაზრდა ქალწულად იქცა. ის მწყემს ურწმუნოებთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ასე ჩაისახა მწემსთა ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა. გზადაგზა ჯვაროსან მწყემსთა რაოდენობა განუხრელად იზრდებოდა.

მოგზაურობის დროს გლეხები საკვებსა და სხვა საარსებო საშუალებებს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან იღებდნენ, იყო ყაჩაღობის ფაქტებიც, გლეხები უპირველეს ყოვლისა ებრაელებს ავიწროებდნენ, ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტების რაოდენობამ ასტრონომიულ ციფრებს მიაღწია. მალე, მწყემსმა ჯვაროსნებმა აკვიტანიემდე მიაღწიეს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მკაცრი ზომები სასწრაფოდ მიეღო. გლეხების ქმედებებს იოანე XXII-ც უპირისპირდებოდა და მალე ფილიპ V-მ ჯარი გამოიყვანა, რომელმაც ყაჩაღობით განთქმული გლეხი ჯვაროსნები სრულად გაანადგურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწყემსთა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეთიუ პარისი, Chronica Maiora
  • მარგარეტ უეიდ ლაბორგი, წმინდა ლუი: ლუი IX-ს ცხოვრება. ლონდონი, 1968.
  • ერნესტ ლევიზი, საფრანგეთის ისტორია, მესამე ტომი, II. პარიზი, 1901.
  • რეჟინა პერნუდი, თეთრი დედოფალი. პარიზი, 1972.

მწყემსთა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევიდ ნირენბერგი, ძალადობის თემები: უმცირესობების დევნა შუა საუკუნეებში. პრინსტონი, 1996.
  • მალკოლმ ბარბერი, „1320 წლის მწყემსთა ჯვაროსნული ლაშქრობა, პუბლიკაცია საეკლესიო ისტორიის ჟურნალში.
Tank template.gif ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.