მონღოლეთის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონღოლეთი და მისი მეზობლები

მონღოლეთის რესპუბლიკა (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური აზიის აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3000 კმ-ის მანძილზე რუსეთს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით - ჩინეთს. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150 კმ) ესაზღვრება ყაზახეთს. მთლიანად ტერიტორია შეადგენს 1 564 116 კვ.კმ-ს, დაახლოებით იმდენს, რასაც ალასკა.

ალთაის მთები

თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვის დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე გობის ალთაი და ხენტეი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ხანგაის მთიანეთი. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა და ტუულის ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ულან-ბატორი (ულაანბაატარი), მონღოლეთის დედაქალაქი და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: სელენგა, კერულენი, ონონი, ძაბხანი, კობდო. ქვეყნის ტერიტორიის 60 %-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის ლანდშაფტები. ტყეს მონღოლეთის ტერიტორიის 10 % უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია. ყველაზე გავრცელებულია მღრღნელები, გვხვდება კურდღელი ტოლაი, აკლიმატიზებულია ონდატრა. ტყეებში ბინადრობს მგელი, სიასამური,ციყვი, ბურუნდუკი. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კულანი, ანტილოპები, შველი, მარალი, ხემტეის მთებშილოსი, მუშკი. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც (ველური აქლემი, პრჟევალსკის ცხენი, გობის დათვი) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება.

გობის უდაბნო

მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს გობის უდაბნო. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვის, აქლემისთვის და ცხენისთვის საძოვრად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი. ერდენეტში მოიპოვებენ სპილენძსა და მოლიბდენს, აგრეთვე ქვანახშირს. არსებობს ნავთობის საბადოებიც, რომელიც ათვისებული არაა. ქვეყანაში დიდია ფოსფატის დეპოზიტი, მაგრამ უმეტესი ნაწილი აუთვისებელია გარემოს დაცვითი პრობლემების გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]