შინაარსზე გადასვლა

მერკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერკური (მრავალმნიშვნელოვანი).
მერკური


ზონდ „მესენჯერიდან“ გადაღებული მერკურის სურათი (მრავალი ფოტოსგან შემდგარი)
ორბიტალური მახასიათებლები
ეპოქა: J2000.0
აფელიუმი 69 816 927 კმ
0,46669733 ა. ე.
პერიჰელიუმი 46 001 210 კმ
0,30749909 ა. ე.
დიდი ნახევარღერძი (a) 57 909 068 კმ
0,38709821 ა. ე.
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,20530294
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 87,969 დღე[1]
გარშემოვლის სინოდური პერიოდი 115,88 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 47,87 კმ/წმ
საშუალო ანომალია () 174,795884°
დახრილობა (i) 7,00° ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ
3,38° მზის ეკვატორის მიმართ
ამომავალი კვანძის
გრძედი
 ()
48,330541°
პერიცენტრის არგუმენტი () 29,124279°
ფიზიკური მახასიათებლები[2]
შეზნექვა < 0,0006
ეკვატორული რადიუსი 2439,7 კმ
საშუალო რადიუსი 2439,7 ± 1,0 კმ
დიდი წრის გარშემოწერილობა 15 329,1 კმ
ზედაპირის ფართობი (S) 7,48×107 კმ²
0,147 დედამიწისეული
მოცულობა (V) 6,08272×1010 კმ³
0,056 დედამიწისეული
მასა (m) 3,33022×1023 კგ
0,055274 დედამიწისეული[3]
საშუალო სიმკვრივე () 5,427 გრ/სმ³
0,984 დედამიწისეული
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) 3,7 მ/წმ²
0,377 g
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 4,25 კმ/წმ
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე 10,892 კმ/სთ
ბრუნვის პერიოდი (T) 58,646 დღე (1407,5 საათი)
ღერძის დახრილობა 0,01°
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () 18 სთ 44 წთ 2 წმ
281,01°
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 61,45°
ალბედო 0,119 (ბონდი)
0,106 (გეომ. ალბედო)
ტემპერატურა
 
მინ. საშ. მაქს.
0°N, 0°W
90 ºК
(−183 °C)
340 ºК
(67 °C)
700 К[4]
(427 °C)
85°N, 0°W
80 ºК
(−193 °C)
200 ºК
(−73 °C)
380 ºК
(107 °C)
ატმოსფერო
ატმოსფერული წნევა ~10−15;ბარი
შემადგენლობა:

42,0 % ჟანგბადი
29,0 % ნატრიუმი
22,0 % წყალბადი
6,0 % ჰელიუმი
0,5 % კალიუმი
0,5 % დანარჩენი (წყალი, აზოტი, ქსენონი, კრიპტონი, ნეონი, კალციუმი, მაგნიუმი)[1][3]

მერკური (სიმბოლო: ☿) — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის. მისი ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე). როდესაც ორჯერ დაასრულებს ორბიტალურ პერიოდს, მერკური ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. პლანეტას რომაული ღმერთის - მერკურის სახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.

მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15 °C და დღისით 426.85 °C. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალური ექსცენტრისიტეტი უდიდესია. პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკური პერიჰელიუმში იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრე აფელიუმში ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.

მერკური და ვენერა დედამიწის ცაზე შესაძლებელია გამოჩნდნენ, როგორც დილის, ასევ საღამოს ვარსკვლავი (რადგან ისინი უფრო ახლოს არიან მზესთან, ვიდრე დედამიწა), თუმცა, ცაზე მერკურის მზესთან მიახლოება მის დანახვას უფრო რთულს ხდის, ვიდრე ვენერასია.

შინაგანი სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლდოვანი პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მასშტაბები ემთხვევა).
მერკურის შინაგანი სტრუქტურა:
1. ქერქი: 100–300 კმ. სისქის
2. მანტია: 600 კმ. სისქის
3. ბირთვი: 1800 კმ. რადიუსის

მერკური 4 კლდოვანი პლანეტიდან ერთ-ერთია მზის სისტემაში. ის დედამიწის მსგავსად კლდოვანი სხეულია. მერკური ყველაზე პატარა პლანეტაა მზის სისტემაში, რომლის ეკვატორული რადიუსი 2439,7 კილომეტრს შეადგენს. მერკური უფრო პატარაა (თუმცა, უფრო მასიური), ვიდრე მზის სისტემაში არსებული უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრები - განიმედე და ტიტანი. მერკურის შედგენილობაში დაახლოებით 70 % მეტალური და 30 % სილიკატური მატერია შედის. პლანეტა სიმკვრივით მეორე ადგილზეა მზის სისტემაში - 5,427 გრ/სმ³. ეს ოდნავ მცირეა დედამიწის სიმკვრივეზე - 5,515 გრ/სმ³.

მერკურის სიმკვრივე მის შინაგან სტრუქტურის გარკვევაში გვეხმარება. მართალია, დედამიწის მაღალი სიმკვრივე შესამჩნევად გრავიტაციულ შეკუმშვაში გამოიხატება, პრაქტიკულად ბირთვში, მერკური ბევრად პატარაა და მისი შიდა რეგიონები არაა ასე შეკუმშული. აქედან გამომდინარე, ასეთი მაღალი სიმკვრივის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ მისი ბირთვი ძალიან დიდი და რკინით მდიდარია.

გეოლოგების შეფასებით, მერკურის ბირთვი პლანეტის მოცულობის 42 %-ს შეადგენს. შედარებისთვის, დედამიწის ბირთვი მხოლოდ 17 %-ს იკავებს. მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ მერკურის თხევადი, გამდნარი ბირთვის აქვს. ბირთვს 500-700 კილომეტრის გარშემო აკრავს მანტია, რომელიც სილიკატებითაა გაჯერებული. „მარინერ-10-დან“ და მიწიური დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების თანახმად, მერკურის ქერქი 100-300 კილომეტრის სისქის უნდა იყოს. პლანეტის ზედაპირზე ერთი განსაკუთრებული ნიშანი არის უამრავი ვიწრო ქედების არსებობა, რომელიც რამდენიმე ასეულ კილომეტრზე იჭიმება სიგრძეში. მიჩნეულია, რომ ესენი წარმოიქმნენ, როდესაც მერკურის ბირთვი და მანტია გაგრილდა და შევიწროვდა. ამ დროს კი ქერქი უკვე გამკვრივებული იყო.

მერკურის ბირთვი უფრო მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი პლანეტა მზის სისტემაში. ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მიღებული თეორია არის, რომ მერკურის თავდაპირველად ჰქონდა მეტალ-სილიკატური თანაფარდობა, რომელიც ხონდრიტ მეტეორიტებშია გავრცელებული. მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში, მერკურის შესაძლებელია პლანეტოიდი დაეჯახა, რომლის მასა მერკურის მასის 1/6 იყო და რამდენიმე ასეული კილომეტრი ზომისა. თეორიის მიხედვით, შეჯახებამ პლანეტის თავდაპირველი ქერქი და მანტია მოაშორა მას და დატოვა ბირთვი, როგორც შედარებით დიდი კომპონენტი. მსგავსი პროცესის დახმარებით, რომელსაც „გიგანტური შეჯახების ჰიპოთეზა“ ეწოდება, დედამიწის მთვარის ფორმირებას ხსნიან მეცნიერები.

ალტერნატიულად, მერკური შესაძლებელია წარმოიქმნა მზიური ნისლეულისგან, სანამ მზის ენერგიის გამოსხივება დარეგულირდებოდა. პლანეტას, თავდაპირველად, დღევანდელი მასაზე ორჯერ მეტი ჰქონდა, მაგრამ როდესაც პროტომზე შეიკუმშა, ტემპერატურები მერკურის მახლობლად შესაძლებელია 2226.8 °C (2500 ºK)-დან 3226.8 °C (3500 ºK)-მდე ყოფილიყო, და კიდევ უფრო მაღალი - 9726.9 °C (10 000 ºK). ამ ტემპერატურაზე, მერკურის ზედაპირიდან ქვები აორთქლდა, რის შედეგადაც წარმოიქმნა „ქვის ორთქლი“, რომელიც შემდეგ მზიურმა ქარებმა გააქრეს.

ზედაპირის გეოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერკურის ზედაპირი ძალიან წააგავს დედამიწის მთვარეს გარეგნობით. პლანეტის ზედაპირზე ფაშატის მსგავსი დაბლობები და ძალიან ბევრი ვულკანური კრატერი შეინიშნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მერკური მილიარდობით წლების მანძილზე გეოლოგიურად პასიური პლანეტა იყო. აქამდე მერკური კლდოვან პლანეტებს შორის ყველაზე ნაკლებად იყო გამოკვლეული, რადგანაც მას მხოლოდ ერთი ზონდი ეწვია (ორბიტაზე) - „მარინერი“. ეს მოხდა 1975 წელს. ასევე მერკურის მიწიდანაც აკვირდებოდნენ. მაგრამ მესენჯერიდან მიღებული მონაცემების შემდეგ, მერკურის შესახებ ბევრი რამ გაირკვა. მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჩვეულო კრატერი მასხივებელი ღრმულით, რომელსაც მკვლევრები „ობობას“ უწოდებენ. მას შემდეგ Apollodorus დაერქვა.

მერკურის მახასიათებლების (ვულკანები, ქედები...) სახელები სხვადასხვა წყაროებიდან მოდის. თუ რომელიმე მახასიათებელს ადამიანის სახელი ჰქვია, ესე იგი ის ადამიანი გარდაცვლილია და მის პატივსაცემად ჰქვია. კრატერებს მსახიობების, მუსიკოსების, მხატვრებისა და იმ ავტორების სახელები ჰქვიათ, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთ საქმეში. ქედებს იმ მეცნიერთა სახელი ჰქვიათ, რომელთაც მერკურის შესწავლაში მიუძღვით წვლილი. ღრმულებს არქიტექტურის ნიმუშების სახელები ჰქვიათ. ესკარპებს კი სამეცნიერო ექსპედიციების გემების სახელები ეწოდებათ, ხოლო დაბლობებს რადიო ტელესკოპის შესაძლებლობების.

2008 წელს მესენჯერიდან მიღებულმა მონაცემებმა მეცნიერებს უფრო დიდი შესაძლებლობა მისცა მერკურის ზედაპირის არეული ბუნება გაერკვიათ. მერკურის ზედაპირი უფრო ჰეტეროგენურია, ვიდრე მარსის ან მთვარის, რომლებიც შეიცავენ ერთი და იგივე გეოლოგიურ განფენილობებს, როგორიცაა ფაშატები და ზეგნები.

  1. 1.0 1.1 David R. Williams.. (30 ნოემბერი 2007) Mercury Fact Sheet. NASA. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი 2009.
  2. Solar System Exploration: Planets: Mercury: Facts & Figures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-11-19. ციტირების თარიღი: 2011-06-09.
  3. 3.0 3.1 პროექტი „მზის სისტემის კვლევა“, მერკური
  4. ESA Science & Technology: Background Science. ევროპული კოსმოსური სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 2009-3-20.