მეტეორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მეტეორიტი ან მეტეოროიდი.
მეტეორული სხეული კოსმოსში — „მეტეოროიდი“.
მეტეორული სხეული ატმოსფეროში — „მეტეორი“.
მეტეორული სხეული დედამიწაზე — „მეტეორიტი“.

მეტეორი (ძვ. ბერძნ. μετέωρος [meteoros] — „ატმოსფერული და ციური მოვლენები“) — ზედა ატმოსფეროში მეტეორული სხეულების შეჭრისას მიმდინარე მოვლენები.

ატმოსფეროსთან ურთიერთმოქმედებისას მეტეორული სხეულები მასის ნაწილს კარგავენ, ჰაერს დააიონებენ და ანათებენ. ამასთან ერთად შეიმჩნევა ვარსკვლავის მსგავსი ობიექტის სწრაფი გაქროლება ცის თაღზე, რის გამოც წინათ მეტეორებს ვარდნილ ვარსკვლავებს უწოდებდნენ. 4 ვარსკვლავიერ სიდიდეზე უფრო ბრწყინვალე მეტეორს ბოლიდებს უწოდებენ. ზოგი მათგანის დანახვა დღისითაც შეიძლება. ბოლიდების ნამსხვრევები მიწაზე ცვივა მეტეორიტების სახით. მეტეორულ სხეულთა გროვასთან დედამიწის ატმოსფეროს შეხვედრის შედეგია მეტეორული ნაკადები და მეტეორული წვიმა. განცალკევებულ მეტეორებს სპორადულებს უწოდებენ. მეტეორებს შეისწავლის მეტეორული ასტრონომია, მეტეორული გეოფიზიკა და სხვა დარგები.

პირველი დოკუმენტირებული ცნობა მეტეორზე დაახლოებით ძვ.წ. 2000 წელს დაწერილ ეგვიპტურ პაპირუსშია. ძვ. წ. 1768 წლიდან გვხვდება ჩინეთში მეტეორებზე დაკვირვების ჩანაწერები. ასევე ძველია მეტორის ინტერპრეტაციის ცდები. ისინი მიაჩნდათ უხილავ ვარსკვლავებად (დიოგენე აპოლონიელი, ძვ. წ. V საუკუნე), დედამიწიდან აორთქლებულ მასად (არისტოტელე ძვ. წ. IV საუკუნე) და სხვა. 1794 წელს ე. ხლადნიმ დაამტკიცა ენისეის ნაპირებიდან პეტერბურგში პ. პალასის მიერ ჩატანილი მეტეორიტის კოსმოსური წარმოშობა. 1798 წელს პირველად დაადგინეს მეტეორის სიმაღლე დედამიწის ორი დაშორებული პუნქტიდან ერთდროული დაკვირვების შედეგად (მანძილი პუნქტებს შორის 14 კმ). ლეონიდების მეტეორული წვიმის დაკვირვებისას 1832-1833 წლებში შეამჩნიეს, რომ მეტეორების ხილული გზები იწყება ცის ერთი წერტილიდან — რადიანტიდან, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მეტეორები პარალელურ ორბიტაზე მოძრაობდნენ. შემდგომში მეტეორულ წვიმებს იკვლევდნენ ბ. შვეიცარი, თ. ბრედიხინი, ფ. ბესელი, ა. ჰუმბოლდტი, ჯ. სკიაპარელი და სხვები. შედგენილ იქნა მეტეორული ნაკადების რადიანტთა კატალოგები. 1885 წელს ვეინიკმა პრაღაში პირველმა შესძლო მეტეორის ფოტოგრაფირება, 1904-1907 წლებში ს. ბლაჟკომ მოსკოვში პირველად მიიღო მეტეორის სპექტრების ფოტოგრაფიები. 1929-1931 წლებში შეამჩნიეს მეტეორული იონიზაციის გავლენა რადიოტალღების გავრცელებაზე, 1942-1944 წლებში კი მეტეორებზე პირველი რადიოლოკაციური დაკვირვებები ჩატარდა.

მეტეორების გამოკვლევის მეთოდები მრავალგვარია. XIX საუკუნეში მეტეორებს ძირითადად ვიზუალურად აკვირვებოდნენ. XX საუკუნის შუა ხანებიდან წამყვანია ფოტოგრაფიული და სპექტრული საშუალებები, რადიოლოკაცია, კოსმოსურ საფრენ აპარატებზე მოთავსებული ხელსაწყოებით ზოდიაქურ სინათლეზე დაკვირვება, მეტეორებზე დაკვირვება და სხვა.

ერთდროულად დაკვირვება ≈30 კმ დაშორებული ორი პუნქტიდან მეტეორების სიმაღლის, სიჩქარისა და ტრაექტორიის დადგენის საშუალებას იძლევა. მეტეორების რადიოლოკაცია 5-50 კმ მანძილით დაშორებული ორი მიმღებით საშუალებას იძლევა დავადგინოთ მეტეორების მანძილი, სიჩქარე და მიმართულება. ყველაძე მძლავრი აპარატურა არეგისტრირებს 10−6-10−7 გრამი, კოსმოსური აპარატები კი 10−7-10−11 გრამი მასის მქონე მეტეორულ სხეულებს.

ატმოსფეროში მეტეორები ელიფსური ორბიტებით შემოიჭრებიან რამდენიმე ათასი კმ/წმ სიჩქარით. შემდგომში ხდება მათი დამუხრუჭება , გახურება (2000 K-მდე), აორთქლება, მსხვრევა. 10−9 გრამზე ნაკლებმასიანი სხეულები ≈110-130 კმ სიმაღლეზე მუხრუჭდებიან, 10−9-10 გრამი მასის მქონე სხეულები მთელ მასას კარგავენ ატმოსფეროში დამუხრუჭებისთანავე და ქმნიან მეტეორებს, რომელთა ვარსკვლავიერი სიდიდეა +20-დან 4-მდე. უფრო დიდმასიანი (რამდენიმე ათასი ტონა) სხეულების ნამსხვრევები შესაძლოა დედამიწაზეც ჩამოცვივდეს მეტეორიტების სახით, რომლებიც დიდი ზომის მეტეორიტულ კრატერებს წარმოქმნიან.

მეტეორის გამოსხივების სპექტრი შეიცავს ემისიურ ხაზებს და სუსტ მოლეკულურ ზოლებს. ყველაზე ინტენსიურია , , , , , და სხვა ელემენტების ხაზები. უპირატესად ეს ელემენტები შედის მეტეორიტებშიც.

მეტეოროტების გამოჩენა ხდება 80-130 კმ სიმაღლეზე, გაქრობა 60-100 კმ-ზე. კაშკაშა ბოლიდებმა შეიძლება 20-40 კმ სიმაღლემდე ჩამოაღწიონ. დედამიწაზე დღე-ღამეში საშუალოდ რამდენიმე ათეული ტონა მეტეორული ნივთიერება ცვივა. ეს პროცესი მრავალნაირ გავლენას ახდენს ატმოსფეროზეც, მაგალითად, წარმოშობს ვერცხლისფერ ღრუბლებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 611.
  • Ловеля Б., Метеорная астрономия, перевод с англисского, М., 1958;
  • Федыйский В. В., Метеоры, М., 1956.