ასტეროიდთა სარტყელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი ნაჩვენებია თეთრად, ჩანს ასევე ასტეროიდების 3 ძირითადი დაჯგუფება, იუპიტერის ორბიტაზე ბერძნები და ტროელები, ხოლო ყავისფრად გამოსახული არიან ჰილდას ოჯახის პლანეტოიდები.
გრაფიკულ გამოსახულებაზე მოჩანს როგორ ყოფს ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი მზის სისტემას ორ ნაწილად, კოიპერის სარტყელი და ამ სარტყლის ყველაზე დიდი სხეული პლუტონი, ოორტის ღრუბელი და სედნა, რომელიც ამ რეგიონის უდიდეს სხეულად მიიჩნევა.
ჰილდების განლაგება იუპიტერის ლიბრაციის წერტილებთან და ტროიანული ტიპის ასტეროიდებთან მიმართებაში
ასტეროიდ ვესტის მოძრაობა

ასტეროიდთა სარტყელი — რეგიონი მზის სისტემაში, რომელიც პლანეტების — მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს და რომელშიც კონცენტრირებულია მცირე პლანეტებად (პლანეტოიდები), ასტეროიდებად წოდებული, ძირითადად არასწორი ფორმის სხეულები, რომლებსაც სხვადასხვა ზომა და შემადგენლობა გააჩნიათ.

ასტეროიდთა სარტყელი ასევე არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც მზის სისტემას ყოფს ორ თვისობრივად განსხვავებულ ნაწილად — შიდა და გარე მზის სისტემად. სივრცეს მზიდან ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის ჩათვლით, რომელშიც დედამიწის ტიპის პლანეტებია (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) განლაგებული, შიდა მზის სისტემას, ხოლო ასტეროიდთა სარტყელს მიღმა არსებულ სივრცეს, რომელშიც გაზის გიგანტები (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი) არიან მოთავსებული, გარე მზის სისტემას უწოდებენ.

ასტეროიდთა სარტყელს ასევე ძირითად სარტყელსაც უწოდებენ, რათა განასხვაონ ის მცირე პლანეტების კონცენტრაციის სხვა ადგილებისგან, როგორიც არის კოიპერის სარტყელი, ოორტის ღრუბელი და გაბნეული დისკი. სამივე ეს რეგიონი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, და „დასახლებულია“ ძირითადად მცირე ზომის სხეულებით.

ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის და ნეპტუნის ორბიტის მიღმა განლაგებული მცირე სხეულები ერთმანეთისგან შემადგენლობით ისევე განსხვავდებიან, როგორიც დედამიძის ტიპის პლანეტები გაზის გიგანტებისგან. ძირითადი სარტყლის ასტეროიდებს დედამიწის ტიპის პლანეტების მსგავსი შემადგენლობა აქვთ, ისინი ძირითადად მყარი მატერიებისგან — სილიკატებისა და მეტალებისგან შედგებიან, მაშინ როდესაც კოიპერის სარტყელსა, ოორტის ღრუბელსა თუ გაბნეულ დისკში განლაგებული პლანეტოიდები ძირითადად, წყალბადის, მეთანისა და ამიაკის გაყინულ ლოდებს წარმოადგენენ.

თვითონ ძირითადი სარტყლის სიახლოვეს არსებობს ასტეროიდთა ავტონომიური დაჯგუფებები, რომლებიც უმთავრესად იუპიტერის, მარსისა და დედამიწის ორბიტზე არიან კონცენტრირებული. ეს პლანეტოიდები ძირითადი სარტყლიდან უმთავრესად იუპიტერის და სხვა პლანეტების გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად არიან გამოდევნილი. ძირითადი სარტყლიდან დიდი პლანეტების ზემოქმედებით გამოდევნილ ასტეროიდებს თანამგზავრული ტიპის ასტეროიდებად ან ტროიანებად მოიხსენიებენ. საქმე ისაა, რომ ასეთი ასტეროიდები, როგორც წესი მოძრაობენ გამომდევნი პლანეტის ორბიტებზე და ამით გარკვეულწილად მოგვაგონებენ თანამგზავრებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ისინი ბრუნავენ არა პლანეტების ირგვლივ, არამედ უშუალოდ პლანეტის ორბიტაზე. ასეთი ასტეროიდები როგორც წესი ჯგუფებად მოგზაურობენ და ან წინ უსწრებენ პლანეტას ორბიტალურ გზაზე ან უკან მიყვებიან მას. ტროიანი ასტეროიდები ავტონომიურ ჯგუფებად კონცენტრირდებიან ლაგრანჟის, იგივე ლიბრაციის წერტილებში.

ტროიანი ასტეროიდების ყველაზე დიდი ჯგუფები იუპიტერის ორბიტაზეა თავმოყრილი. ეს ბუნებრივია, იუპიტერის გრავიტაციის სიმძლავრის გამო ხდება. იუპიტერის ორბიტაზე კონცენტრირებული ტროიანი ასტეროიდების ორ ძირითად ჯგუფს, რომლებიც ლიბრაციის ორ ძირითად წერტილში L4 და L5 არიან კონცენტრირებული ტროელებსა და ბერძნებს (აქეელებს) უწოდებენ. ბერძნები წინ უსწრებენ იუპიტერს, ხოლო ტროელები ჩამორჩებიან მას, რითაც ქმნიან ბუნებრივ ოპოზიციურ ჯგუფებს, ამიტომაც მოხდა მათთვის ბერძნების და ტროელების სახელის მინიჭება.

თანამგზავრული ტიპის ასტეროიდების/ტროიანების გარდა არსებობენ კიდევ ჰილდები — ნახშირბადოვანი ასტეროიდების დინამიური ჯგუფი, რომლებსაც არა აქვთ „სწორი“ ორბიტები. ისინი სამკუთხედის მსგავსად არიან განლაგებული ასტეროიდთა ძირითადი სარტყლიდან იუპიტერის ლიბრაციული წერტილების L3, L4 და L5 მიმართულებით. ჰილდას ოჯახის ასტეროიდები ქმნიან ძირითადი სარტყლის ე.წ. გარეგან შრეს. ამ ასტეროიდების მოძრაობის ამპლიტუდა ძალიან მერყევია, რაც იუპიტერის ძლიერ გრავიტაციას უკავშირდება. ასტეროიდთა ამ ჯგუფს სახელი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის — ჰილდას გამო ეწოდა, რომელიც 1975 წელს აღმოაჩინეს.

ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი მზედან 2,8 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული და მისი საერთო მასა მთვარის მასის 4 % უტოლდება. ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის უდიდესი სხეულია ცერერა (ცერესი), ერთადერეთი სხეული ასტეროიდთა სარტყელში, რომელსაც „სწორი“ მრგვალი ფორმა გააჩნია, ამის გამო მას ჯუჯა პლანეტასაც უწოდებენ. ასტეროიდებს შორის ზომებით გამოირჩევიან ასევე — 2 პალადა (პალასი) და 4 ვესტა. ორივე მათგანს, ისევე როგორც სიდიდით მეოთხე ასტეროიდ 10 ჰიგიას, მომრგვალებული ფორმა აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანის ფორმა არ არის სრულყოფილი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Elkins-Tanton, Linda T. (2006). Asteroids, Meteorites, and Comets, First, New York: Chelsea House. ISBN 0-8160-5195-X.