მარი ანა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ანა დე ბურბონი
Marie Anne de Bourbon
კონტის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 16 იანვარი, 1680
მმართ. დასასრული: 9 ნოემბერი, 1685
წინამორბედი: ანა მარია მარტინოცი
მემკვიდრე: მარი ტერეზ დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ოქტომბერი, 1666
დაბ. ადგილი: ვენსენი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 3 მაისი, 1739, (72 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი არმან I, კონტის პრინცი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
დედა: ლუიზა დე ლა ვალიერი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მარი ანა დე ბურბონი (ფრანგ. Marie Anne de Bourbon; დ. 2 ოქტომბერი, 1666 — გ. 3 მაისი, 1739) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის უკანონო ქალიშვილი რომელიც 1667 წლის 14 მაისს მეფის კანონიერ შვილად სცნეს. იგი მამის ფავორიტი ქალიშვილი იყო. თექვსმეტი წლის ასაკში დააქორწინეს თავის შორეულ ბიძაშვილზე, კონტის პრინც ლუი არმან I-ზე, თუმცა 1685 წელს, 19 წლის ასაკში დაქვრივდა, ისე, რომ შვილიც არ დარჩენია. მას შემდეგ, რაც დედამისმა სამეფო კარი დატოვა და მონაზვნად აღიკვეცა, მარი ანამ ლა ვალიერის ჰერცოგინიობა მიიღო და ვერსალში დასახლდა, სადაც იგი აქტიურად ერეოდა სამეფო კარის საქმიანობებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადება და ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ანა და მისი ძმა ლუი

მარი ანა დაიბადა 1666 წლის 2 ოქტომბერს ვენსენის შატოში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის უფროსი ქალიშვილი, რომელსაც სახელი მარი მეფის ცოლის, დედოფალი მარია ტერეზა ესპანელის, ხოლო ანა მეფის დედის, დედოფალ ანა ავსტრიელის პატივსაცემად დაარქვეს. სულ მალე, მარი ანა ლუი XIV-ის გამორჩეულად საყვარელი ქალიშვილად იქცა. ის და მისი უმცროსი ძმა, ვერმონდუას გრაფი ლუი იზრდებოდნენ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ჟან ბატისტ კოლბერის მეუღლის, მადამ კოლბერის მეთვალყურეობის ქვეშ. მადამ კოლბერი მათ სამეფო კარიდან მოშორებით ზრდიდა მშვიდ გარემოში.

1667 წლის 14 მაისს მარი ანა ოფიციალურად გამოცხადდა ლუი XIV-ის ლეგიტიმურ ქალიშვილად, რითაც მან მამისაგან მიიღო ბურბონის გვარი. თავისი ახალგაზრდობის პერიოდში, მარი ანა ცნობილი იყო მადმუაზელ დე ბლუას სახელით, რომელიც შემდგომში მისმა ნახევარ-დამ, ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის ქალიშვილმა ფრანსუაზ მარიმ მიიღო.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ანა 1680 წელს

1680 წლის 16 იანვარს სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში მარი ანა ცოლად შერთეს მისსავე ბიძაშვილს, კონტის პრინც ლუი არმან I-ს. მან თავის ახალგაზრდა მეუღლეს თავი ძალიან მალე შეაყვარა. ასევე ცნობილია, რომ მეფემ მას მზითვში მილიონი ლივრი გაატანა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ხალხი მას მაინც უკანონო ქალიშვილად აღიქვამდა და მისმა ქორწინებამ სამეფო დინასტიის წარმომადგენელზე დიდი სკანდალი გამოიწვია. ყოველივე ამ სკანდალისა და საქორწინო ეიფორიის გადავლის შემდეგ მარი ანამ ახალი სკანდალი გამოიწვია, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ქმარი საწოლში არც თუ ისე კარგი იყო.

1683 წელს, მარი ანას დაბადების დღიდან მალევე გარდაიცვალა მისი ძმა, ვერმონდუას გრაფი ლუი დე ბურბონი, რაც დიდი ტრაგედია იყო კონტის პრინცესისათვის. ახალგაზრდა გრაფი ჯერ სასახლიდან გააძევეს შევალიერ დე ლორენთან ჰომოსექსუალური კავშირის გამო, შემდეგ კი იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა 16 წლის ასაკში. როგორც ისტორიული წყაროები მეტყველებენ, მარი ანაზე წარუშლელი ტრავმა დატოვა ლუის გარდაცვალებამ, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს კი ერთი ცრემლიც არ გადმოუგდიათ.

1685 წელს მარი ანას მეუღლე სმალპოქსით დაავადდა, რაც განუკურნებელი სენი იყო. სულ მალე, 1685 წლის 9 ნოემბერს ახალგაზრდა ლუი არმანი გარდაიცვალა. ლუი არმანსა და მარი ანას ქორწინებიდან შვილები არ დარჩენიათ, რის გამოც მას კონტის ქვრივი პრინცესა ეწოდა, ტახტზე კი ლუი არმანის ძმა ავიდა. ახალგაზრდა და მშვენიერ მარი ანას უამრავი ხელისმთხოვნელი გამოუჩნდა, თუმცა იგი მეორედ გათხოვებას აღარ აპირებდა. ცნობილია, რომ მან უარი თვით მაროკოს სულთან ისმაილ იბნ შარიფსაც კი უთხრა.

ამავე 1685 წელს მადამ დე მონტესპანისა და ლუი XIV-ის ქალიშვილი, მარი ანას ნახევარ-და ლუიზ ფრანსუაზი ბურბონის ჰერცოგს შერთეს ცოლად, რითაც მარი ანა თითქმის უკონკურენტოდ დარჩა ვერსალში, რასაც ფაქტია მისი ძალაუფლებისა და გავლენების ზრდა მოჰყვა. იგი წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო არა მხოლოდ ვერსალში, არამედ მთელ საფრანგეთში.

1698 წლიდან განიხილებოდა მარი ანასა და მისი ნახევარ-ძმის, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონის ვაჟის, ანჟუს ჰერცოგ ფილიპის ქორწინება, თუმცა 1700 წელს იგი ესპანეთის მეფე გახდა ფილიპე V-ის სახელით და ცოლადაც სარდინიის მეფის ასული მარია ლუიზა შეირთო, მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ კი პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგის ასულ ისაბელ ფარნეზეზე იქორწინა.

1692 წლიდან მარი ანას ძალაუფლება შედარებით შემცირდა, რადგანაც მისმა კიდევ ერთმა ნახევარ-დამ, ფრანსუაზ მარიმ იქორწინა ლუი XIV-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის ერთადერთ ვაჟზე, რითაც ცხადია ფრანსუაზ მარის გავლენები ერთიორად გაიზარდა. ამ ქორწინებით ფრანსუაზ მარი ამაღლდა ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენლობამდე, რითაც ყველა თავის დაზე უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი გახდა. გარდა ამისა, იგი თვეში იღებდა 2 მილიონ ლივრს, რაც მის ყველა დანარჩენი დის თვიურ შემოსავალს 2-3-ჯერ აღემატებოდა. ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებდათ მარი ანასა და მის ნახევარ-დას, ლუიზ ფრანსუაზს, რომლებიც მართალია აქამდე მტრობდნენ, თუმცა ახლა უკვე ფრანსუაზ მარის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ანა დე ბურბონი 1706 წელს

ვერსალში ახლად ჩასულმა მარი ანამ თავის ნახევარ-ძმას, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს გააცნო ემილი დე შიონი, რომელიც შემდგომში მისი ცოლი გახდა, თუმცა ამ დროს ლუი უკვე იყო დაქორწინებული მარია ანა ვიქტორია ბავარიელზე. მარია ანა ვიქტორიასა და მარი ანას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთხელ კონტის პრინცესამ ისიც კი უთხრა, რომ მისი ქმარი ემილიზე იყო შეყვარებული, რაზეც მადამ დოფინისაგან პასუხად მიიღო, რომ მარი ანასთან შედარებით მას შვილების გაჩენა მაინც შეეძლო, თუმცა საბოლოოდ მარია ანა ვიქტორია ნაადრევად დაიღუპა და ლუიმაც ემილიზე იქორწინა.

1710 წელს მარი ანას დედა გარდაიცვალა, რომელიც 1674 წლიდან მოყოლებული კარმელიტის მონასტერში მონაზვნად იყო აღკვეცილი. ამრიგად, მარი ანას დედისაგან მემკვიდრეობით ერგო ლა ვალიერის საჰერცოგო და ამასთან მის მიერ 26 წლის მანძილზე ნაგროვები უზარმაზარი ქონება.

1713 წელს კონტის ქვრივმა პრინცესამ პარიზში იყიდა ოტელ დე ლორჟეს პატარა სასტუმრო, სადაც იგი 1715 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც 1716 წლამდე გადასახლდა შუაზუს შატოში. 1718 წელს თავისი ბიძაშვილისაგან იყიდა შამპ-სურ-მარნის სამეფო სასახლე. რამდენიმე წელიწადში მარი ანამ ეს სასახლე ლუი XV-ის საყვარელს, მადამ დე პომპადურს მიჰყიდა იჯარით.

ლუი XV და მარიანა ვიქტორია ესპანელი

ასევე 1713 წელს მარი ანამ დააქორწინა მაზლის შვილი ლუი არმან II დე კონტი დააქორწინა თავის ნახევარ-დის შვილ ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონზე.

ხნიერ ასაკშიც კი, მარი ანა დე ბურბონი თავისი სილამაზით იყო ცნობილი. იგი ძალიან ახლოს იყო მამამისთან და ასევე თავის ნახევარ-ძმა დოფინთან. ცნობილია, რომ 1711 წელს დოფინის გარდაცვალებით განადგურებულმა მარი ანამ ვერსალი დროებით დატოვა. სწორედ ამ დროს გაიცნო მან კლერმონის ღარიბი გრაფი, რომელთანაც მალევე დაახლოვდა და სამეფო კარზე მასთან ერთად დაბრუნდა. ყველამ იცოდა და თავადაც არ მალავდა, რომ კლერმონის ახალგაზრდა გრაფთან რომანი ჰქონდა. მალევე ამ ამბავმა ლუი XIV-ის ყურამდეც მიაღწია, რომელსაც წყვილის სასიყვარულო წერილები, რის გამოც მეფემ კლერმონი ვერსალიდან გააძევა.

1715 წლის 1 სექტემბერს ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი 5 წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტიც მარი ანას საძულველი დის, ფრანსუაზ მარის მეუღლე, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II გახდა. 1721 წლიდან მარი ანა პასუხისმგებელი იყო ლუი XV-ის საცოლის, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და ისაბელ ფარნეზეს ასულ მარიანა ვიქტორია ესპანელის აღზრდასა და მეთვალყურეობაზე. მარიანა ვიქტორიაზე მარი ანა ოთხი წლის მანძილზე ზრუნავდა, თუმცა 1725 წელს საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა, ლუიმ პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკაზე იქორწინა და მარიანა ესპანეთში დააბრუნა. მარიანა ვიქტორიას ესპანეთში დაბრუნებით იმდენად განრისხდა მარი ანა, რომ სამუდამოდ დატოვა ვერსალი და იქ აღარასდროს დაბრუნებულა.

ვერსალიდან წასული მარი ანა თავის კიდევ ერთ ნახევარ-ძმასთან ერთად ცხოვრობდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა 1739 წლის 3 მაისს, 72 წლის ასაკში, ტვინის სიმსივნით.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლა ვალიერის ჰერცოგინია: 1680-1698;
  • ბლუას მადმუაზელი: 1681-1692;
  • პენტიევრის ჰერცოგინია: 1696-1697;
  • ეტამპის ჰერცოგინია: 1712-1718;
  • კონტის პრინცესა: 1680-1685.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Simone Bertière: Les Reines de France au temps des Bourbons. Band 2: Les Femmes du Roi-Soleil. Édition de Fallois, Paris 1998, ISBN 978-2-253-14712-1, S. 448.
  • Anaïs Geeraert: Marie-Anne, Mademoiselle de Blois, Zugriff am 27. August 2011.
  • René de Belleval: Les Bâtards de la maison de France. Vivien, Paris 1901, S. 206 (online).
  • Simone Bertière: Les Reines de France au temps des Bourbons. Band 2: Les Femmes du Roi-Soleil. Édition de Fallois, Paris 1998, ISBN 978-2-253-14712-1, S. 215–216.
  • Musée d'art et d'histoire Louis Senlecq: Les trésors des princes de Bourbon Conti. Somogy, Paris 2000, ISBN 2-85056-398-6, S. 154.
  • Simone Bertière: Les Reines de France au temps des Bourbons. Band 2: Les Femmes du Roi-Soleil. Édition de Fallois, Paris 1998, ISBN 978-2-253-14712-1, S. 457.
  • Pierre Narbonne: Journal des règnes de Louis XIV et Louis XV. De l'année 1701 à l'année 1744. Durand, Paris 1866, S. 105 (online).
  • Sylvia Jurewitz-Freischmidt: Galantes Versailles. Die Mätressen am Hofe der Bourbonen. Piper, München 2006, ISBN 978-3-492-24494-7, S. 254.