მარი ტერეზ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ტერეზ დე ბურბონი
კონტის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 22 იანვარი, 1688
მმართ. დასასრული: 9 თებერვალი, 1709
წინამორბედი: მარი ანა დე ბურბონი
მემკვიდრე: ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 თებერვალი, 1666
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 22 თებერვალი, 1732, (66 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი ფრანსუა, კონტის პრინცი
შვილები: მარი ანა, კონდეს პრინცესა
ლუი არმან II, კონტის პრინცი
ლუიზ ადელაიდა, ლა-როშე-სურ-იონის მადმუაზელი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი ჟიული, კონდეს პრინცი
დედა: ანა ჰენრიეტა კურპფალცელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მარი ტერეზ დე ბურბონი (ფრანგ. Marie Thérèse de Bourbon; დ. 1 თებერვალი, 1666 — გ. 22 თებერვალი, 1732) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და ანა ჰენრიეტა კურპფალცელის უფროსი ქალიშვილი. კონტის პრინცესა და პოლონეთის ტიტულარული დედოფალი 1688-1709 წლებში როგორც ლუი ფრანსუა დე ბურბონ-კონტის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ტერეზი დაიბადა 1666 წლის 1 თებერვალს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და მისი ცოლის, ანა ჰენრიეტა კურპფალცელის პირველი შვილი. მას დაბადებისთანავე მიანიჭეს მადმუაზელ დე ბურბონის წოდება, სახელი კი საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის პატივსაცემად დაარქვეს.

მამის მხრიდან იგი საფრანგეთის სამეფო დინასტიის, ბურბონების შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან ნახევრად შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანეთის სამეფო დინასტიის, სტიუარტებისა და ასევე გერმანული სამეფო დინასტია ვიტელსბახების, რომლებიც ბავარიას განაგებდნენ.

თავდაპირველად იგეგმებოდა მისი მითხოვება კარინანოს იტალიელ პრინც ემანუელე ფილიბერტო სავოიელზე, თუმცა მოულოდნელად მასთან ნიშნობა ჩაშალეს და მარი ტერეზი 1688 წლის 22 იანვარს ცოლად თავის ბიძაშვილს, კონტის პრინც ფრანსუა ლუის გაჰყვა ცოლად. მათი ჯვრისწერა ვერსალის სასახლის სამლოცველოში შედგა.

კონტის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონტის პრინცსა და პრინცესას არც თუ ისე კარგი ქორწინება ჰქონდათ. მარი ტერეზს ქმარი ოდნავადაც არ უყვარდა, საპასუხოდ კი ფრანსუა ლუი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ცნობილია, რომ ფრანსუა ლუის თავისი ცოლის რძალთან, კონდეს პრინცესა ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონთან ჰქონდა რომანი. გარდა ამისა, კონტის პრინცს ჰქონდა ჰომოსექსუალური გადახრები, რის გამოც ცოლს დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

ამას ისიც ემატებოდა, რომ მარი ტერეზს თავისსავე შვილებთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ისინი დედისგან მოშორებით იზრდებოდნენ. მათი "ოჯახი" მხოლოდ ფრანსუა ლუის გარდაცვალებისას შეიკრიბა სრული შემადგენლობით. მიუხედავად ყველაფრისა, მარი ტერეზს მშვიდი, გაწონასწორებული და ღვთისმოსავი ქალის რეპუტაცია ჰქონდა, რის გამოც მას ვერსალში ხშირად აქებდნენ. ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი, რომელიც მარი ტერეზის დედის ბიძაშვილი და ასევე ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის ქვრივი იყო, დაქვრივებული მარი ტერეზის შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„ეს პრინცესა ერთადერთი კარგი რამაა, რაც კონდეს ოჯახს აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს იმ გერმანული სისხლის დამსახურებაა, რომელიც მის ძარღვებში ჩქეფს. ის პატარაა და ყოველთვის ერთ მხარეს იჭერს, თუმცა იგი ქმრის ზურგს არასდროს ეფარება. მამის მსგავსად, მას მშვენიერი თვალები აქვს. მას არ აქვს პრეტენზია სილამაზეზე, თუმცა იგი საოცრად მოკრძალებული და ღვთისმოსავია.“

პოლონეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1697 წელს მისი ქმარი მეფე ლუი XIV-ის მიერ წარდგენილ იქნა პოლონეთის მეფის კანდიდატად. ამრიგად კონტის პრინცი პოლონეთის პოტენციური მეფე გახდა. ამის გამო ფრანგები მას უკვე მიიჩნევდნენ პოლონეთის მეფედ, მარი ტერეზს კი ყველა პოლონეთის დედოფლად მოიხსენიებდა. მათ მართლაც ყველაზე დიდი შანსები ჰქონდათ, თუმცა მეფის არჩევნებში საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ II-მ გაიმარჯვა, რომელიც ბოლოს თავად ჩავიდა პოლონეთში და არსებობს ჭორები, რომ მან სეიმის მონაწილეები მოისყიდა.

ქვრივი პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1709 წელს ფრანსუა ლუი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კონტის პრინცი მათი ვაჟი ლუი არმანი გახდა, მარი ტერეზს კი კონტის ქვრივი პრინცესის წოდება მიენიჭა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა სამეფო კარი და კონტების რეზიდენციაში, ოტელ დე კონტში გადავიდა, რომელიც პარიზის გარეუბანში მდებარეობდა. აქ მან თავისთან სამუშაოდ სამეფო არქიტექტორი რობერ დე კოტი მიიწვია.

1713 წელს მისი ქალიშვილი მარი ანა ცოლად გაჰყვა მარი ტერეზის ძმის შვილს, კონდეს პრინც ლუი ანრი I-ს. მათი ქორწინება ვერსალში შედგა, რასაც რამდენიმე დღეში მოჰყვა მეორე დინასტიური ქორწინება მარი ტერეზის ვაჟ ლუი არმანსა და მის ძმის შვილს, ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონ-კონდეს შორის, ასევე ვერსალში.

მარი ტერეზი გარდაიცვალა 1732 წლის 22 თებერვალს, 22 თებერვალს, 66 წლის ასაკში, სიფილისით. იგი დაკრძალეს ქალაქ პარიზის წმინდა ანდრე დე არკის სახელობის ტაძარში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარი ანა (1689-1720), ცოლად გაჰყვა კონდეს პრინც ლუი ანრი I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. სახელი და სქესი უცნობია (1693), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. უცნობი სახელის მქონე ვაჟი (1694-1698), პრინცი დე ლა-როშე-სურ-იონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ლუი არმანი (1695-1727), კონტის პრინცი, ცოლად შეირთო ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონ-კონდე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
  5. ლუიზ ადელაიდა (1696-1750), ლა-როშე-სურ-იონის მადმუაზელი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  6. უცნობი სახელის მქონე გოგონა (1697-1699), მადმუაზელ დ'ალე, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ლუი ფრანსუა (1703-1704), ალეს გრაფი, გარდაიცვალა ჩვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pevitt, Christine, Philippe, Duc d'Orléans: Regent of France, Weidenfeld & Nicolson, London, 1997, p.100.
  • Ora è la sede del Ministère de l'artisanat, 80 rue de Lille, Paris 7e