შინაარსზე გადასვლა

კენ ალიბეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კანატჯან ალიბეკოვი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალიბეკი (მრავალმნიშვნელოვანი).
კენ ალიბეკი
დაბ. თარიღი 1950[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ქოქსაღიზი
მოქალაქეობა  სსრკ
 ყაზახეთი
 აშშ
საქმიანობა ბიოლოგი და ექიმი
მუშაობის ადგილი სტეპნოგორსკის მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ყანატჟან „კანატ“ ალიბეკოვი (ყაზახ. Қанатжан Байзақұлы Әлібеков; ინგლ. Ken Alibek; დ. 1950) — ყაზახი-ამერიკელი მიკრობიოლოგი და ბიოლოგიური იარაღის (BW) ადმინისტრაციული მართვის ექსპერტი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი.

კენ ალიბეკმა 1975 წელს დაამთავრა ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო ფაკულტეტი ინფექციური დაავადებების და ეპიდემიოლოგიის სპეციალობით. შემდეგ მიავლინეს სამეცნიერო საწარმო „ბიოპრეპარატში“.

1975 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საწარმო „ბიოპრეპარატში“, სადაც ხდებოდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და გამოცდა. იმ დროს „ბიოპრეპარატის“ სამ ქარხანაში შეიქმნა სამეცნიერო ექსპერიმენტული საწარმოო ბაზები. ალიბეკოვი ჯერ ბერდსკის ქარხნის ბაზაზე მუშაობდა, შემდეგ დააწინაურეს და გადაიყვანეს ქალაქ ომუტნინსკში. ომუტნინსკში სწრაფად ავიდა იერარქიული კიბის მწვერვალზე და გახდა დირექტორი. მუშაობის დროს 1983 წელს ტულარემიის საფუძველზე შეიმუშავა ბიოლოგიური იარაღი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიყვანეს ქალაქ სტეპნოგორსკში „სტეპნოგორსკის სამეცნიერო კვლევისა და წარმოების ბაზის“ დირექტორის თანამდებობაზე (გოროდოკი 19). ალიბეკოვის დანიშვნის დროისთვის ბაზა, რომელიც დაპროექტდა და აშენდა უახლესი ტექნოლოგიით, შესული იყო ექსპლუატაციაში. ალიბეკოვი ხელმძღვანელობდა ჯილეხისა და მარბურგის ცხელების საფუძველზე ბიოლოგიური იარაღის შექმნის სამუშაოებს. ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებული მუშაობის პერიოდში, ალიბეკოვმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.[5]

1988 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა „ბიოპრეპარატის“ მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ.[6]

საქმიანობა სსრკ-ს დაშლის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის დასაწყისში სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ალიბეკოვი გადადგა თანამდებობიდან. მუშაობდა მოსკოვის კომერციულ ბანკში. 1992 წელს ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. [7]

1999 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით „Biohazard“ (თანაავტორი ჟურნალისტი სტივენ ჰენდელმანი). წიგნი გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე.

ალიბეკოვი არის ამერიკული კომპანიის, რომელიც მუშაობს ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის სისტემების განვითარებაზე, AFG Biosolutions Inc-ის პრეზიდენტი და თანამფლობელი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის ბიოლოგიური თავდაცვის ეროვნული ცენტრის (National Center for Biodefense) ხელმძღვანელი.[8]

საქმიანობა უკრაინაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენ ალიბეკოვმა უკრაინაში 2006 წელს გახსნა ფარმაცევტული ქარხანა „Max-Well“ — ტრანსნაციონალური ამერიკული კომპანია MaxWell Biocorporation-ის შვილობილი კომპანია, იგი გახლდათ ქარხნის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წელს ქარხანა ახალ მფლობელებს მიჰყიდეს და ალიბეკოვი სამუშაოდ ყაზახეთში წავიდა.[9][10]

საქმიანობა ყაზახეთში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს ალიბეკოვი გადავიდა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში ქიმიისა და ბიოლოგიის კათედრას. სხვა საკითხებთან ერთად მუშაობდა კიბოს სამკურნალო და სიცოცხლის გამახანგრძლივებელ პრეპარატებზე, ასევე იყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე და ხელმძღვანელობდა ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრს. ამავე დროს, შეინარჩუნა აშშ-ის მოქალაქეობა. 7 წლის შემდეგ, ალიბეკოვის შრომას მეცნიერული შედეგი არ მოჰყოლია. თავისი საქმიანობის განმავლობაში კენ ალიბეკმა მიიღო 1 მილიარდ ტენგეზე მეტი საბიუჯეტო სახსრებიდან პროექტისთვის „ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი სისტემური თერაპია“.  ალიბეკოვის სამი განაცხადი გამოგონების თაობაზე არ დაამტკიცა ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ინსტიტუტმა“.[11][12]

ალიბეკოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. 2017 წელს მან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც უკმაყოფილება გამოთქვა ყაზახეთში მუშაობის გამო.

Los Angeles Times-ის გამოძიება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 1992 წლის შემოდგომაზე კენ ალიბეკოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა ემიგრაციაში, გაამხილა დეტალური და შემაძრწუნებელი ინფორმაცია, სადაც ისაუბრა საკუთარ როლზე საბჭოთა კავშირისთვის ბიოლოგიური იარაღის შექმნაში. როგორც მიკრობიოლოგი და საბჭოთა არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, კენ ალიბეკოვი  მონაწილეობდა საბჭოთა კვლევებში. როგორც მან აშშ-ის დაზვერვას განუცხადა, სულ მცირე 30000 მეცნიერი მუშაობდა სსრკ-ში ათობით საიდუმლო ლაბორატორიაში, რომლებიც, მიუხედავად 1972 წელს მიღებული საერთაშორისო აკრძალვისა, ამუშავებდნენ ბიოლოგიურ იარაღს. მისი თქმით, გადასახლებული რუსი მეცნიერები გარდაუვალი საფრთხის წყაროს წარმოადგენდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შესაძლოა, რამდენიმე სპეციალისტი წასულიყო ერაყსა და ჩრდილოეთ კორეაში. ორივე ქვეყანაში შესაძლოა გავრცელებულიყო ჯილეხი და ჩუტყვავილა. ჩუტყვავილას გავრცელება განსაკუთრებით საშიში იქნებოდა, რადგან რუსებს შეეძლოთ ვირუსის გენეტიკურად მოდიფიცირება და ამით სასიკვდილო საფრთხის შექმნა მათთვისაც კი, ვინც ადრე აცრილი იყო.

ალიბეკოვის პოლიტიკური წონა ვაშინგტონში გაძლიერდა, თუმცა მოგვიანებით მისი ყველაზე სენსაციური კვლევის შედეგებმა ვერ გაუძლო ამერიკელი მეცნიერების კრიტიკას. მან 2006 წელს დატოვა ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიოუსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა შიდა კონფლიქტების გამო.

Los Angeles Times-მა შეისწავლა ალიბეკის საჯარო გამოსვლები, კვლევები და ბიზნეს საქმიანობა, როგორც აშშ-ის ტერორიზმთან ომის ნაწილი და დაასკვნა, რომ კენ ალიბეკი არ არის კვალიფიციური ექსპერტი ბიოლოგიური იარაღის სფეროში და დიდი ალბათობით, ცოდნა და ინფორმაცია არ იყო სანდო. ასევე, დოქტორმა ფილიპ კ. რასელმა, არმიის გადამდგარმა გენერალმა და ექიმმა, რომელიც მსახურობდა ბუშის ადმინისტრაციაში 2001 წლიდან 2004 წლამდე ჩუტყვავილას საფრთხის დასაძლევად, განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, ალიბეკს ჰქონდა სანდო ინფორმაცია ჯილეხის გავრცელების შესახებ ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ რაც შეეხება სხვა საფრთხეებს, როგორიცაა გენმოდიფიცირებული ჩუტყვავილა, უფრო მეტად ეყრდნობოდა  ფანტაზიებს, ვიდრე ზუსტ ფაქტებს.[13][14]

2007 წლიდან კენ ალიბეკი აუტიზმის კვლევებით დაკავდა. ის მხარს უჭერს აზრს, რომ ეს აშლილობა არის ინტრაუტერიული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების შედეგი. ოფიციალური სამედიცინო პრაქტიკის, ოფიციალური ლიცენზიის და როგორც მეცნიერის, ასევე ექიმისთვის აუცილებელი კვალიფიკაციის არქონის მიუხედავად, კენ ალიბეკი საკუთარ თავს ექიმს და მეცნიერს უწოდებს და ასევე მკურნალობს ბავშვებს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნომოდულატორული მიდგომებით. მისი პაციენტები სხვადასხვა ქვეყნის, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცის  მაცხოვრებლები არიან. კონსულტაციები ძირითადად უფასოა და ხდება ტელემედიცინის საშუალებით. კენ ალიბეკი აცხადებს, რომ მკურნალობს აუტიზმს, მაგრამ არ არსებობს ობიექტურად შეფასებული მონაცემები ამ მიდგომის ეფექტურობის შესახებ.[15]

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენ ალიბეკმა მეორე ადგილი დაიკავა მეორე წლიურ რეიტინგში ყოფილი სსრკ-ს ყველაზე გავლენიანი ადამიანები აშშ-ში „Washington Profile“-დან // 2004 წლის 28 დეკემბერი ნომინაციაში „მეცნიერება, ტექნოლოგია და განათლება“, „ტექნოლოგია და განათლება“.[16]

  • David Willman. Selling the threat of bioterrorism. www.latimes.com. Los Angeles Times (1 ივლისი 2007)
  • Валерий Митюшёв. Глава 75. В Институте прикладной биохимии // Записки обыкновенного человека. — Т. 3. — С. 487.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #121094316 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Czech National Authority Database
  3. NUKAT — 2002.
  4. MAK
  5. Anderson, D. (2006), Lessons Learned from the Former Soviet Biological Warfare Program; UMI Dissertation Services, UMI NO. 3231331
  6. Митюшёв В. Записки обыкновенного человека. Том третий. Глава 75. В Институте прикладной биохимии. mybio.ru. ციტირების თარიღი : 18 მარტა 2017. დაარქივებულია 17 მარტი 2017 .(რუს.)
  7. Williman,David (2007), "Selling the Threat of Bioterrorism", The Los Angeles Times, 1 July 2007.
  8. Jacobsen, Annie (2015), The Pentagon's Brain: An Uncensored History of DARPA, America's Top Secret Military Research Agency; New York: Little, Brown and Company, pg 293.
  9. В Украине заработал новый фармацевтический завод, объединяющий производство лекарств и науку. დაარქივებულია 15 მარტი 2018.(რუს.)
  10. Компания «MaxWell»: когда слова не расходятся с делами (რუს.) დაარქივებულია 15 მარტი 2018 .
  11. Чем небезызвестный Кен Алибек "купил" казахстанские власти?. დაარქივებულია 15 მარტი 2018
  12. Кен Алибек: «Я сделал всё, чтобы люди узнали правду о биологическом оружии» (რუს.)
  13. Как Канатжан Алибеков сделал миллионы на страхах США — иноСМИ 1 часть. დაარქივებულია 15 მარტი 2018 .
  14. Как Канатжан Алибеков сделал миллионы на страхах США. 2 часть. დაარქივებულია 15 მარტი 2018 .(რუს.)
  15. "Find Doctors and Medical Facilities | USAGov". www.usa.gov. Retrieved 2022-03-17.
  16. Наиболее влиятельные в США выходцы из бывшего СССР (რუს.)