ინფექციური დაავადებები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შეფერადებული მიკრო სურათი რომელიც აჩვენებს მალარიის სპორების მიდგუტში შეჭრას

ინფექციური დაავადებები - გადამდები დაავადებები. ორგანიზმში მაავადებელი აგენტის შეჭრით გამოწვეული დაავადებები. რომელთა საერთო ძირითადი ნიშანი ის არის, რომ დაავადება ავადმყოფის ან ინფექციამატარებლისაგან შეიძლება გადაედოს ჯანმრთელ ადამიანს. ინფექციური დაავადებები იმით განსხვავდება არაინფექციური დაავადებებისაგან, რომ ინფექციული დაავადებათა დროს როგორც ორგანიზმს, ისე მაავადებელ აგენტს აქვს გარკვეული ბიოლოგიური აქტივობა. პათოგენური მიკროორგანიზმის მოქმედების შედეგად ვითარდება რთული პროცესი, რომლის თავისებურებებს განსაზღვრავს დაავადების გამომწვევი და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს ავადმყოფი, გამოჯანმრთელებული ადამიანი (რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე კიდევ გამოყოფს დაავადების გამომწვევებს, მაგ., დიფთერიის, კუჭნაწლავის ინფექციის და სხვა დროს) და ინფექციის მატარებელი. ინფექციური დაავადებათა დროს პათოლოგიური პროცესი ჩვეულებრივ კანონზომიერად ვითარდება და გამოიყოფა შემდეგი ეტაპები:

  1. დასნებოვნების მომენტი, ე. ი. დაავადების გამომწვევის შეჭრა ორგანიზმში;
  2. ფარული (ლატენტური) ანუ ინკუბაციური პერიოდი - დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე;
  3. წინამორბედების (პროდრომული) პერიოდი, რომელსაც თან ახლავს საერთო სისუსტე, უგუნებობა, თავის ტკივილი, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება და სხვა;
  4. დაავადების განვითარების პერიოდი - დაავადების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა;
  5. დაავადების სრული სურათის ჩამოყალიბების პერიოდი;
  6. დაავადების ჩამთავრების პერიოდი, როდესაც თანდათანობით (ლიზისი) ან უეცრად (კრიზისი) ეცემა სხეულის ტემპერატურა და ქრება კლინიკური ნიშნები;
  7. გამოჯანსაღების (რეკონვალესცენციის) პერიოდი. ინფექციური დაავადებათა გადატანის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში ვითარდება იმუნიტეტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]