პეპუ მეუნარგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეპუ მეუნარგია (დ. უცნობია ― გ. 1851, სოფ.ცაიში, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი) — ქართველი ოქრომჭედელი. ძველი ქართული ჭედური ხელოვნების უკანასკნელი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიღო თუ არა სპეციალური განათლება, არ არის ცნობილი. 1839 წელს იგი მეფის მთავრობამ ოქრომჭედლობის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მედლით დააჯილდოვა. ქართული ჭედური ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნა თავისი დროისათვის მნიშვნელოვანი ჭედური ძეგლები. მეუნარგიას ნამუშევრებიდან ცნობილია მის მიერ ხელმოწერილი მარტვილის მაცხოვრის დიდი ჭედური ხატი და სოფ. აიას წმ. გიორგის შედარებით პატარა ხატი.

გარდა ამისა, მეუნარგიას აკუთვნებენ წალენჯიხის, ცაიშის (1843) ჭედურ ხატებს, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. აგრეთვე სოფ.ორბელის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატს (1837). ამ ნამუშევრებს გარდა, ცაიშის ეკლესიაში ინახებოდა მეუნარგიას ხელმოწერილი ჯვარი და 2 სამწერობელი. ყველაზე მნიშვნელოვანია მარტვილის მაცხოვრის ხატი (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში), რომელიც მეუნარგიას 1849 წელს შეუქმნია. ხატზე მოცემულ ფიგურათა პროპორციები მძიმეა, შედარებით მსუბუქად და ლამაზადაა დამუშავებყლი სამოსლის ნაოჭები. ხატს ეტყობა გამოცდილი ოსტატის ხელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქარუმიძე ნ., ქსე, ტ. 6, გვ. 621-622, თბ., 1983