თამაზ ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ (თომა) ორბელიანი
თამაზ ორბელიანის კოშკი ვაშლოვანში

თამაზ (თომა) მამუკას ძე ორბელიანი (დ. 1769 — გ. 12 ივლისი, 1815) — თავადი, ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თავად მამუკა ორბელიანის და გიორგი ქსნის ერისთავის ასულის, მაიას ოჯახში. მისი და იყო ანა, იმერეთის მეფე დავით II-ის მეუღლე. ერეკლე II-ის მეფობის ბოლო წლებში და გიორგი XII-ის მეფობაში ქართლ-კახეთის კარზე თამაზ ორბელიანს ეშიკაღაბაშის წოდება ჰქონდა. ის ასევე ფლობდა ქვემო ქართლში დემურჩი–ასანლუს მოურავის სახელოს. ეს სამოურავო ერეკლე II-მ მზითვად გაატანა თავის დას ანას, რომელიც იყო თამაზ ორბელიანის ბებია (მამის დედა). მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში (1795) და შემდეგ თბილისის აღდგენით სამუშაოებში. ბაგრატიონთა შორის შინააშლილობის დროს იულონ ბატონიშვილის პარტიაში იყო. გიორგი XII-მ ღალატის ბრალდებით ჩამოართვა წოდებები. 1801 წელს ფარნაოზ და იულონ ბატონიშვილებთან ერთად თავი იმერეთს შეაფარა, თუმცა მოგვიანებით შეურიგდა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიას, რუსეთის სამსახურში ჩადგა და დაიბრუნა დაკარგული პრივილეგიები.

1802 წელს მიენიჭა სახელმწიფო მრჩეველის, შემდეგ — ბრიგადირის სამხედრო წოდება. 1803 წლის იანვარში პავლე ციციანოვის მიერ წარგზავნილი იყო ერევნის ხანთან მოსალაპარაკებლად სომხებში დანიელის გაპატრიარქების თაობაზე. მთიულეთის აჯანყების დროს, 1804 წლის ოქტომბერში, ორბელიანმა შეიპყრო ირანისკენ ლტოლვილი ბიძამისი, ფარნაოზ ბატონიშვილი და თბილისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1810 წელს მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში ახალციხის წინააღმდეგ. 1811 წელს ააგებინა „სალხინო“ კოშკი სოფელ ვაშლოვანში (ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). 1812 წლიდან იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი (მარშალი). 1813 წელს სხვა ქართველ თავადებთან ერთად თან ახლდა ნიკოლაი რტიშჩევს ირანთან გულისტანის ზავის დასადებად გამართულ მოლაპარაკებებზე. გარდაიცვალა 1815 წელს, 47 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის სიონის ტაძარში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაზ ორბელიანს ცოლად ჰყავდა ქეთევან დავითის ასული ქობულაშვილი (გ. 1852), და სერგი და ოთარ ქობულაშვილებისა. მათი შვილები იყვნენ:

  • ანა (დ. 1796 — გ. 1844), თავად ლუარსაბ ორბელიანის მეუღლე,
  • დიმიტრი (დ. 1797 — გ. 1868), გენერალ-ლეიტენანტი,
  • მამუკა (დ. 1800 — გ. 1871), გენერალ-მაიორი,
  • ნინო (დ. 1808 — გ. 1827), თავად იოანე ქსნის ერისთავის მეუღლე,
  • ივანე (დ. 1809 — გ. 1866), გენერალ-მაიორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]