ანა (იმერეთის დედოფალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ორბელიანი

ანა მამუკას ასული ორბელიანი, ანა-მათე, (დ. 17 ივლისი, 1765 — გ. 4 ივნისი, 1832, მოსკოვი) — იმერეთის სამეფოს დედოფალი, მეფე დავით II-ის მეუღლე, თავად მამუკა ორბელიანის ქალიშვილი. დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ ცდილობდა რუსეთის იმპერიის დახმარებით თავისი შვილისთვის, კონსტანტინე ბატონიშვილისთვის იმერთა ტახტის მემკვიდრეობა უზრუნველეყო. რუსეთის მიერ იმერეთის ანექსიის შემდეგ ის ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის დისშვილის მამუკა (მათე) ორბელიანისა და მისი მეუღლის, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენლის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ანა და მისი ძმები თბილისში, ერეკლეს კარზე იზრდებოდნენ. დაახლოებით 1781 წელს ანა იმერთა ბატონიშვილ დავითს მიათხოვეს. წყვილს ერთადერთი ვაჟიშვილი — კონსტანტინე და სამი ქალიშვილი — მზეხათუნა, ანასტასია და თამარი ჰყავდა. დავითი სოლომონ I-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის იმხანად თბილისში ცხოვრობდა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დავითი იმერეთში დაბრუნდა და ტახტისთვის ბრძოლაში ჩაება. ხანმოკლე მეფობის შემდეგ ის დაამარცხა ერეკლე II-ის შვილიშვილმა დავითმა, რომელიც იმერეთის ტახტზე სოლომონ II-ის სახელით ავიდა. დავითი დევნილობაში გარდაიცვალა ახალციხის საფაშოში, ხოლო ანა და კონსტანტინე სოლომონ II-ის მძევლები აღმოჩნდნენ. მიუხედავად მეფის მხრიდან შევიწროებისა, ანამ მოახერხა და გარდაცვლილი მეუღლის ნეშტი ახალციხიდან ჯრუჭის მონასტერში გადმოასვენა. შემდეგ ანამ მფარველობა სოლომონ II-ის პაპას, ერეკლე II-ს სთხოვა. 1798 წელს ერეკლემ ანას მამული უბოძა იმერეთ-ქართლის სასაზღვრო ზონაში, ხეფინისხევში.

ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ (1798), სოლომონ II ცდილობდა ანა ქუთაისში გადასვლაზე დაეთანხმებინა, ხოლო თავადი გოგია აბაშიძე დაქვრივებულ დედოფალს მამულებს ეცილებოდა. 1802 წლის მარტში მეფემ შეიარაღებული რაზმი გაგზავნა ხეფინისხევში. დედოფლის მსახურებმა მომხდურთ წინააღმდეგობა გაუწიეს და ანას მახლობელ ტყეში გაქცევის საშუალება მისცეს. სურამთან ის რუსთა ჯარის ნაწილმა კაპიტან ბარტენევის მეთაურობით საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა. ანა პეტერბურგს გაემგზავრა და იმპერატორ ალექსანდრე I-ს დახმარება სთხოვა. 1804 წელს რუსეთის მთავრობამ აიძულა სოლომონ II გაეთავისუფლებინა კონსტანტინე ბატონიშვილი მუხურის ციხეში პატიმრობიდან და იმერთა ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, ხოლო იმერეთის სამეფო რუსეთის „მფარველობაში“ შეეყვანა. იმავე წელს იმპერატორის გადაწყვეტილებით ანას მიეცა უფლება სიცოცხლის ბოლომდე დედოფლის ტიტული ეტარებინა. მას ასევე მიენიჭა წმინდა ეკატერინეს ორდენის დიდი ჯვარი. ანა და კონსტანტინე თბილისში დასახლდნენ.

რუსეთის მთავრობას იმერეთის საბოლოო დაპყრობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და სამეფო ოჯახის წევრების საქართველოდან გასახლებას შეუდგა. ამის საპასუხოდ კონსტანტინე ბატონიშვილი სოლომონს შეურიგდა და მის მხარდამხარ იბრძოდა რუსების წინააღმდეგ იმერეთის სამეფოს დაცემამდე 1810 წლის მარტში. რუსეთის ხელისუფლებამ ანა აიძულა 1809 წელს გადასახლებულიყო სანქტ-პეტერბურგში, სადაც სახელმწიფოსგან დანიშნული მცირე პენსიით ცხოვრობდა რძალთან და შვილიშვილთან ერთად. მას ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ მწიგნობრებთან. პეტერბურგიდან უშედეგოდ ცდილობდა იმერეთში მისი და კონსტანტინე ბატონიშვილის მამულები დაებრუნებინა ან სათანადო ფულადი კომპენსაცია მიეღო. დედოფალს ასევე უარი ეთქვა სამშობლოში დაბრუნების თხოვნაზე. 1811 წელს პეტერბურგში, ნაქირავებ სახლში მაცხოვრის შობის სახელობის სალოცავი მოაწყო. გარდაიცვალა მოსკოვში 1832 წელს, 62 წლის ასაკში. ის სამეფო პატივით დონის მონასტერში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]