მთიულეთის მოსახლეობის იძულებითი გამოსახლება და გზის სამუშაოებზე გამოყენება ერევნის ლაშქრობისას
სტატუსი
დასრულებული
ტერიტორიული ცვლილებები
აღმოსავლეთ საქართველო (მთიულეთი და მიმდებარე მთიანი რეგიონები)
მხარეები
მთიულეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონების აჯანყებული მოსახლეობა
რუსეთის იმპერია
მეთაურები
ბურდული, ნაზღაიძე, ჩქარეული, ბენიაიძე, ბედოიძე; ფარნაოზ ბატონიშვილი
პავლე ციციანოვი; გენერალი ნესვეტაევი
სამხედრო ნაწილები
მთიულები; ფშავ-ხევსურები; გუდამაყრელები; თრუსოსა და ქართლის მთიანი მოსახლეობა
რუსეთის იმპერიული არმია; ქსნის ერისთავთა რაზმები
ძალები
უცნობია
დაახლოებით 3000 ჯარისკაცი და 30 ქვემეხი
დანაკარგები
უცნობია
უცნობია
აჯანყებას შეუერთდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი
მთიულეთის აჯანყება 1804 — რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, შევიწროვებულ საქართველოს გლეხობას კოლონიური პოლიტიკის სიმძიმე დააწვა. რუსული ჯარების შენახვა და მათი სამსახური სულ უფრო აუტანელი ხდებოდა, რასაც მოხელეთა თვითნებობა და უსამართლობა ემატებოდა.
1804 წლის დასაწყისში ერევანზე სალაშქროდ ჩრდილოეთ კავკასიიდან („ლინიიდან“) ჯარის გადმოსვლისას გზისპირის მოსახლეობა მთიულეთში სახლებიდან გამორეკეს და აუტანელ სიცივეში სტეფანწმინდიდანანანურამდე გზის გაწმენდა-შეკეთება დაავალეს. ცარიზმის მოხელეები უხეშად ექცეოდნენ მოსახლეობას, უწიოკებდნენ ოჯახებს, გაწეული სამუშაოებისათვის გასამრჯელოს არ უხდიდნენ. 1804 წლის მაისში, როდესაც პავლე ციციანოვი ერევანზე სალაშქროდ გაემგზავრა, მთიულეთში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებული მთიულები პირველად თავს დაესხნენ კაიშაურის საგუშაგოს და 17 კაცისგან შემდგარი რაზმი გაწყვიტეს. ამის შემდეგ აჯანყებულთა ნაწილი ანანურსა და დუშეთს შემოერტყა, ნაწილი კი ხევისაკენ გაეშურა, რათა ხელთ ეგდო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი - სტეფანწმინდა. გაბრიელ ყაზბეგის გავლენით ხევის ზოგი სოფელი აჯანყებულებს არ მიემხრო. აჯანყებულებმა მოციქულები დაგზავნეს ქართლის მთიანეთში და ხალხს აჯანყებისაკენ მოუწოდეს. მთიულებს მიემხრნენ გუდამაყრის, ქართლის, ხანდოს, ფშავ-ხევსურეთისა და თრუსოს მცხოვრებნი. აჯანყებულებმა მოციქულები გაუგზავნეს იმერეთში მყოფ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს და აჯანყებაში მონაწილეობა სთხოვეს. აჯანყებულთა თავკაცები იყვნენ ბურდული, ნაზღაიძე, ჩქარეული, ბენიაიძე, ბედოიძე.
აჯანყებულთა წინააღმდეგ გამოვიდნენ ქსნის ერისთავები, რომელთაც რუსეთის ხელმწიფემ ცოტა ხნის წინ დაუბრუნა ერეკლე II-ის მიერ ჩამორთმეული ყმა-მამულები. ივნისში იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები იმერეთიდან ქართლში გადავიდნენ და აჯანყებულ მთიანეთში გაჭრა სცადეს. ისინი გაუქმებული სამეფო ხელისუფლების აღდგენას ცდილობდნენ. ბატონიშვილებმა ვერ მოახერხეს მთიულეთში გაჭრა და კვლავ იმერეთში გაბრუნდნენ. 24 ივნისს მათ ულევის ეწერში თავს დაესხა რუსთა რაზმი, რომელსაც თავადი გიორგი ამირეჯიბი მეგზურობდა. შეიპყრეს იულონ ბატონიშვილი, ხოლო ფარნაოზ და ლევან ბატონიშვილები ბამბაკს გადავიდნენ. 3 აგვისტოს ლომისასთან მთავრობის ჯარებსა და აჯანყებულებს შორის მოხდა ძლიერი შეტაკება, რომელიც აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მთავრობისა და ქსნის ერისთავის ჯარებმა პოზიციები დატოვეს. აჯანყებულებმა ლომისა აიღეს. ამის შემდეგ აჯანყება ქსნის ხეობასაც მოედო. აქ გლეხები დაერივნენ თავიანთ მებატონეებს და მათი კარმიდამო აიკლეს. 20 აგვისტოს აჯანყებულებმა დუშეთში დაწვეს ყაზარმა. სექტემბერში, მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, მთიულეთში ჩავიდა ფარნაოზ ბატონიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა კახელ თავადთა საგრძნობმა ნაწილმა. სექტემბერში ციციანოვი ერევნის წარუმატებული ლაშქრობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
რუსეთიდან გენერალ ნესვეტაევის ხელმძღვანელობით დამატებითი ჯარები გამოგზავნეს (3000 მეომარი და 30 ქვემეხი). ოქტომბრის დასაწყისში მთავრობის ჯარებმა აჯანყებულებს ყოველი მხრიდან შეუტიეს. ბრძოლას თვითონ გენერალი ციციანოვი ხელმძღვანელობდა. 19 ოქტომბერს კავკასიის მთავარმმართებლისა და გენრალ ნესვეტაევის ჯარები ანანურში შეერთდნენ. მთიულეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ციციანოვი ჯარით ლიახვის ხეობაში შევიდა. მთავრობის ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ მთიულეთის აჯანყების მონაწილეებს: დააპატიმრეს 300-ზე მეტი კაცი, შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს ფარნაოზ ბატონიშვილი.