გასპარ II დე კოლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გასპარ II დე კოლინი დე შატიიონი

გასპარ დე კოლინი. მხატვარი: იან ვან რავესტეინი, დაახლ. 1609-1633. რეიკსმუზეუმი, ამსტერდამი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1519
დაბადების ადგილი შატიიონ-სიურ-ლუანი
გარდაცვალების თარიღი 24 აგვისტო, 1572
გარდაცვალების ადგილი პარიზი
წოდება ადმირალი
ბრძოლები/ომები საფრანგეთის რელიგიური ომები
ჯილდოები Admiral of France

გასპარ II დე კოლინი დე შატიიონი (ფრანგ. Gaspard de Coligny, Seigneur de Châtillon; დ. 16 თებერვალი, 1519, შატიიონ-სიურ-ლუანი, ახლანდ. შატიიონ-კოლინი, ლუარე, საფრანგეთი, — გ. 24 აგვისტო, 1572, პარიზი) — ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ადმირალი (1552); ჰუგენოტების ლიდერი საფრანგეთის რელიგიური ომების (1562-1598) საწყის ეტაპზე. გამოირჩეოდა კარგი ორგანიზატორული უნარით, მხარს უჭერდა სარწმუნოებრივ ნიადაგზე დაპირისპირებული ფრანგების მორიგებას და რელიგიურ ტოლერანტობას. კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის 1570 წლის ზავის შემდეგ საფრანგეთის მეფე შარლ IX-თან დაახლოებული კარისკაცი გახდა. მოკლეს პარიზში, წმინდა ბართლომეს ღამეს, სხვა მრავალ ჰუგენოტთან ერთად.

ადრეული სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასპარ II დე კოლინი 1519 წელს დაიბადა ბურგუნდიულ არისტოკრატულ ოჯახში. მამა, გასპარ I დე კოლინი, შატიიონის სენიორი, იყო საფრანგეთის მარშალი და იტალიური ომების მონაწილე; დედა, ლუიზ დე მონმორანსი — საფრანგეთის კონეტაბლის, მარშალ ან დე მონმორანსის და. გასპარ-უმცროსს ჰყავდა ორი ძმა, მომავალში ჰუგენოტების მოძრაობის აქტიური მონაწილეები. 22 წლის ასაკში გასპარ-უმცროსი სამეფო კარზე გამოჩნდა და მალევე დაუმეგობრდა ჰერცოგ ფრანსუა დე გიზის. ჰაბსბურგებთან ომის დროს, კოლინიმ თავი გამოიჩინა 1543 წლის კამპანიაში და დაიჭრა მონმედისა და ბენის ციხესიმაგრეების ალყების დროს. 1544 წელს იტალიურ კამპანიაში მონაწილეობდა და კერეზოლის ბრძოლის ველზე რაინდად აკურთხეს, 1547 წლის აპრილში კი ქვეითი ჯარის გენერალ-პოლკოვნიკად დაინიშნა. გამოავლინა სამხედრო ადმინისტრატორისა და რეფორმატორის კარგი უნარი. 1552 წელს კოლინიმ ადმირლის წოდება მიიღო. 1557 წელს ხელმძღვანელობდა ესპანელებისგან სენ-კანტენის დაცვას, მაგრამ დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ორი წლის პატიმრობის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ დიდი გამოსასყიდის ფასად ტყვეობიდან დაიხსნა.

რელიგიური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დროისთვის კოლინი უკვე ჰუგენოტი გამხდარიყო, მისი ძმის — ფრანსუა დე კოლინი დ'ანდელოს ზეგავლენით. ჟან კალვინის მიერ მისდამი გაგზავნილი პირველი წერილი 1558 წლის 4 სექტემბრით თარიღდება. კოლინი თავის რელიგიურ თანამოძმეებს ფარულად ეხმარებოდა და 1555 წელს ბრაზილიაში ჰუგენოტებისთვის უსაფრთხო კოლონიის შექმნა სცადა (კოლონია საბოლოოდ პორტუგალიელებმა მოშალეს). ოფიციალურად რეფორმაციის მხარდაჭერა მან მხოლოდ 1560 წელს განაცხადა. კოლინის პროტესტანტიზმზე მოქცევა უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, ვიდრე სარწმუნოებრივი. მართალია კოლინი გატაცებული იყო კალვინისტური ფილოსოფიით, მისთვის რეფორმაცია უპირველეს ყოვლისა წესრიგისა და სამართლიანობის შენარჩუნების გზა იყო. ბიძამისის, მარშალ დე მონმორანსის მფარველობა კოლინის ჰუგენოტების დაცვის საშუალებას აძლევდა; ის რელიგიურ ტოლერანტობას ითხოვდა და კანცლერ მიშელ დე ლ'ოპიტალის მხარდაჭერაც მოიპოვა. ერთი პერიოდი მისდამი კეთილგანწყობილი იყო დედოფალი ეკატერინე მედიჩიც. სამაგიეროდ, კოლინიმ გიზების გავლენიანი ოჯახის სახით მოსისხლე მტრები შეიძინა.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმ. ბართლომეს ღამე. მხატვარი ჯორჯო ვაზარი, 1572. სალა-რეჯია, ვატიკანი.

1562 წელს საფრანგეთში რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომი დაიწყო. კოლინი მორიგების მომხრე იყო და ბრძოლაში უხალისოდ ჩაება. განსაკუთრებული მხედართმთავრული ნიჭით ის არ გამოირჩეოდა და არც ომის დიდი მოტრფიალე იყო. 1569 წელს ჟარნაკის ბრძოლაში პრინც კონდეს დაღუპვის შემდეგ, კოლინი ჰუგენოტების ერთპიროვნული სამხედრო ხელმძღვანელი გახდა. 1569 წლის ოქტომბერში მონკონტურის ბრძოლაში მძიმე დამარცხების მიუხედავად, მან შეძლო საფრანგეთის სამხრეთში ახალი არმიის შეგროვება, არნე-ლე-დიუკთან კათოლიკეთა არმიაზე გამარჯვება და მალე სენის ზედა წელამდე მიაღწია, რასაც 1570 წლის აგვისტოში სენ-ჟერმენის ზავის დადება მოჰყვა. სამშვიდობო შეთანხმების პირობები ჰუგენოტებისთვის მეტად ხელსაყრელი იყო. 1571 წელს კოლინი სამეფო კარზე დაბრუნდა, სწრაფად დაუახლოვდა მეფე შარლ IX-ს და მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა. მან მეფეს შესთავაზა ფრანგი კათოლიკეებისა და ჰუგენოტების ერთიან არმიას ჩასდგომოდა სათავეში და ესპანელების წინააღმდეგ ნიდერლანდებში გაელაშქრა. ამით კოლინი ცდილობდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომავალ გამარჯვებაში წვლილის შეტანით საფრანგეთში ჰუგენოტების პოზიციები განემტკიცებინა და მეფეზე კათოლიკური პარტიის ლიდერების — დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩისა და ფრანსუა დე გიზის ზეგავლენა შეესუსტებინა. კათოლიკები ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ; მათთვის ესპანეთი მოკავშირე იყო. მედიჩი და გიზი ასევე შიშობდნენ, რომ კოლინის აღზევებასთან ერთად ისინი მეფეზე გავლენას კარგავდნენ.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1572 წლის 22 აგვისტოს, პარიზის ერთ-ერთი ქუჩაში, ეკატერინე მედიჩის წაქეზებით კოლინის მკვლელობა სცადეს; ტყვიამ ადმირალს ხელი დაუზიანა, მაგრამ თავად გადარჩა. დაჭრილი კარისკაცი მეფე შარლმა მოინახულა და მომხდარის დაუყოვნებელ გამოძიებას შეჰპირდა. დედა-დედოფალი დარწმუნებული იყო, რომ თავდასხმაში მისი როლი გამჟღავნდებოდა. მან კარგად გამოიყენა მისი გვირგვინოსანი შვილის მუდმივი შიშები და მერყევი ხასიათი და დაარწმუნა შარლი, რომ ჰუგენოტები მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ. განრისხებულმა შარლმა ჰუგენოტების ბელადების სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, რასაც 24 აგვისტოს პარიზის ქუჩებში ბართლომეს ღამის სახელით ცნობილი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. გამთენიისას, ანრი დე გიზის მსახურები კოლინის საკუთარ სახლში დაესხნენ თავს და მრავალგზის დაჭრილი, ჯერ კიდევ ცოცხალი ფანჯრიდან გადააგდეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. კოლინის წერილები და სხვა დოკუმენტები ეკატერინე მედიჩის ბრძანებით ცეცხლს მისცეს. განადგურებულ ნაწერებს შორის, იმდროინდელი ზომიერი კათოლიკე ისტორიკოსის — პიერ დე ბრანტომის ცნობით, იყო კოლინის „სამართლიანი და კარგად დაწერილი“ თხზულება, რომელიც საფრანგეთის რელიგიურ ომს აღწერდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Coligny, Gaspard de". Encyclopædia Britannica. 6 (11th ed.). Cambridge University Press. p. 683.
  • Sutherland, N. M. (1974). „The role of Coligny in the French civil wars“. Bulletin de la Société de l'Histoire du Protestantisme Français. ACTES du COLLOQUE L’AMIRAL DE COLIGNY et son temps (Paris, 24-28 octobre 1972): 323–339.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]