შინაარსზე გადასვლა

ვაშლოვანის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაშლოვანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში.

ეკლესია დარბაზულია ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. სამშენებლო მასალა ექსტერიერის და ინტერიერის შელესვის გამო არ ირკვევა. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სარკმლის ჭრილები თეთრი ქვის ნათალი კვადრებითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი სწორკუთხაა ტიმპანისებური თავსართით დასრულებული, რომელზეც ანგელოზთა და ყვავილთა რელიეფებია მოცემული. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია. მათგან აღმოსავლეთის თაღოვანია, დანარჩენი კი სწორკუთხა. შიგნითა მხრიდან სარკმლის წირთხლები მნიშვნელოვნად გაფართოვებულია. აღმოსავლეთის კედლის ფრონტონში აგურის დადაბლებით გოლგოთის ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. მხრის კაპიტელებზე კონქის საბჯენი შეისრული თაღია გადაყვანილი. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი ნიშია გაკეთებული, სამხრეთ კედელში კი სწორკუთხა. კედელზე, სარკმლის ქვეშ ქვის ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზი თითო წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლის ორსაფეხურიან პროფილირებულ კაპიტელებზე კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი ნიშია, რომელიც თავის დროს მონოფიზიტური წესისამებრ მოწყობილი სანათლავი უნდა ყოფილიყო. ინტერიერი მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. იატაკად ფილაქანია დაგებული. ხოლო ამბიონზე კერამიკული ფილაა გამოყენებული. კანკელი ხისაა. ტაძრის დასავლეთ კიდეში სახურავზე სამრეკლოს ფანჩატურია დაშენებული, რომელიც გაცილებით გვიანია ტაძარზე. შესასვლელის წინ კი ორ სვეტზე დაყრდნობილი ორქანობა სახურავის მქონე პორტიკის როლის მქონე ფანჩატურია მოწყობილი. ტაძრის ეზოში შემონახულია ხაჩქარი სომხური წარწერით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45673