გოლგოთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლგოთის მთის მართლმადიდებელთა მხარე

გოლგოთა (ძვ. ბერძნ. Γολγοθᾶ[ς] [Golgotha[s]] < არამ. gūlgūetā, სიტყვასიტყვით — თავის ქალა) — ბორცვი, სადაც სახარების მიხედვით — ქრისტე აწამეს (ჯვარს აცვეს).

I საუკუნეში გოლგოთა იერუსალიმის გარეთ იყო, ჩრდილო-დასავლეთით. ამჟამად ძველ ქალაქშია მოქცეული. IV საუკუნეში გოლგოთაზე იმპერატორ კონსტანტინე I-ის დედამ ელენემ ააშენა ტაძარი, სადაც დღეს უფლის საფლავის ტაძარია. გოლგოთა არის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იერუსალიმის სამ უმთავრეს მონასტერს აერთიანებს: გოლგოთის, უფლის საფლავისა და აღდგომის მონასტრებს. ქართველები დიდი ხნის წინათ დამკვიდრდნენ გოლგოთაზე და მისი საკმაო ნაწილი, იქ არსებული ნაგებობების სახით, საუკუნეების მანძილზე მათ განკარგულებაში იყო. ქართველებს, საკუთრივ გოლგოთის ეკლესიის ერთი ნაწილის გარდა, სხვადასხვა დროს ეკავათ: ღვთისმშობლის სამლოცველო, მარიამ მაგდალინელის სამლოცველო, ჯვრის აღმოჩენის სამლოცველო და ე. წ. სამლოცველო გოლგოთის მთის ძირას. დასახელებული სამლოცველოების შესახებ ცნობები უაღრესად მწირია, ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან გოლგოთის წმ. საფლავის ბაზილიკას და მათი ცალკე გამოყოფა თითქმის შეუძლებელია. გოლგოთის ტაძარი აშენდა იქ, სადაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. იგი 1010 წელს დაანგრია ეგვიპტის სულთანმა ჰაქემმა. მის აღდგენაში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ ქართველებსაც, ამის გამო მათ გოლგოთაზე გარკვეული უფლებები მოიპოვეს და ადგილიც დაიმკვიდრეს. ამას მოწმობს 1049 წელს გადაწერილი ივლის-აგვისტოს „თვენი“ და ისიც, რ ომ, ხელნაწერის ანდერძის მიხედვით, მისი დამკვეთი იოვანე „გოლგოთელად“ მოიხსენიება. დაახლოებით 1050 წელს საქართველოს მეფემ ბაგრატ IV-მ ბიზანტიის კეისრისაგან გოლგოთაზე მიიღო თხემის ნახევარი, სადაც ქართველი ეპისკოპოსიც დანიშნა. 1308 წელს ქართველებმა ბიზანტიის კეისრის დახმარებით „გოლგოთის სავანე თავიანთ კერძო საკუთრებად დაამტკიცებინეს ეგვიპტის მამლუკ სულთანსა“. 1320 წელს გიორგი ბრწყინვალის მიერ ეგვიპტის სულთანთან გაგზავნილმა ელჩმა პიპა ერისთავმა შეძლო წმინდა საფლავის მთელი კომპლექსის გათავისუფლება, რის შემდეგაც „ბერძნებს და დანარჩენ ქრისტიანებს ქართველებისათვის უნდა ეთხოვათ, რომ წმინდა საფლავზე ლოცვის უფლება მიეღოთ... ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ქართველები მშვიდობიანად ფლობდნენ გოლგოთის თხემის მთელ სავანესამლოცველოს“. როგორც რუსი დიაკვანი ეგნატე 1391 წელს აღნიშნავდა „ქართული წირვა იმართება გოლგოთაზე... გოლგოთის ძირში იბერიელების მიწაა და იბერიელთა ლოცვები იმართება. ფრანკები თავის წირვებს ქართველთა შემდეგ ასრულებენ“. გოლგოთის მფლობელობაში ქართველებს სომხები და ფრანცისკელები ეცილებოდნენ. სომხებმა წარმატება მოიპოვეს 1407 წელს. 1422 წლამდე იგი ხან ქართველების, ხანაც სომხების ხელში იყო. სულთანმა ჯაკმაკმა კი ეს საკითხი მეფე ალექსანდრე I -ის დროინდელ საქართველოსთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა და გოლგოთა ქართველებს გადასცა. ქართველებისათვის გოლგოთის წართმევა 1475 წელს ფრანცისკელებმა სცადეს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. 1492 წელს ადგილობრივი სასამართლოს განჩინებით გოლგოთის თხემი ორად გაიყო – ჩრდილოეთი ნაწილი ქართველებს დარჩათ, სამხრეთი კი — ფრანგებს. XVI საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში ფრანცისკელები გოლგოთიდან გააძევა ბეენა ჩოლოყაშვილმა. ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ ხელნაწერში ბეენა გვამცნობს: „ნებითა ღმრთისითა აქა ფრანგთა გოლგოთა დავაგდებინე და მათი ყულა გარეთ გამოუყარე – კანდელი და რაცა მათი იყო მე ცოდვილმა ბეენ ამინ“. იტალიური წყაროს მიხედვით, 1514 წელს ფრანცისკელებმა რაღაც საშუალებით გამოისყიდეს ჯვარცმის ეკლესია. ეს ცნობა დასტურდება ნ. მარის მიერ გამოქვეყნებული ჯვრის მონასტრის ერთი აღაპით, რომელშიც საუბარია იმავე წელს ზოსიმე კუმურდოელის მიერ გოლგოთის გამოსყიდვაზე. ქართველებისა და ფრანგების მეტოქეობა გოლგოთის გამო იმდენად ცნობილი და მწვავე ხასიათისა იყო, რომ შემდგომი პერიოდის ადგილობრივ (იერუსალიმის) და ქართულ ზეპირ თუ წერილობით წყაროებშიც კი აისახა. ქართველების მდგომარეობა გოლგოთასა და საერთოდ იერუსალიმში გაუარესდა XVI ს. I მეოთხედში, ოსმალების გაბატონების შემდეგ. მიუხედავად ამისა, კახთა მეფის ლევანის მიერ წარგზავნილმა ჯვარის მამა იოაკიმმა (1535 ან 1536) „საფლავი ქრისტესი დაქცეული და გოლგოთა“ აღაშენა. ალექსანდრე II-ის ჩარევით კი ოსმალეთის სულთანმა მურად III-მ გოლგოთის ქრისტეს საფლავის ეკლესია ქართველ ბერებს გადასცა. XIX საუკუნის I ათწლედში „გოლგოთას შუაზე ეპისკოპოსის საჯდომი სკამი“ ქართული წარწერით უნახავს „ლავრენტი ბერს გოგელაძეს ოკრიბელს“. 1534-1540 წლებში ლათინები ქართველებს ედავებოდნენ გოლგოთის თხემზე არსებული საკურთხევლის მფლობელობაში. XVI საუკუნის დასასრულს გოლგოთაზე ქართველების ყოფნას აღნიშნავდნენ პოლონელი ნ. რაძივილი და რუსი ტ. კორობეიკოვი. 1584 გოლგოთის ეპისკოპოსი ქართველი ეპიფანე ყოფილა, XVII საუკუნეში – თეოდოსე მანგლელი (რევიშვილი), თუმცა ქართველთა წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა — ფრანცისკელებმა საერთო ენა გამონახეს ადგილობრივ ოსმალო მოხელეებთან და 1582 წლისთვის ქართველებს გოლგოთაზე მხოლოდ სამლოცველო შემორჩათ. XVII საუკუნის 40-იან წლებში კი ქართველებმა საერთოდ მიატოვეს გოლგოთა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადასახლდნენ. ქართველი მეფე-მთავრებისა და მოსახლეობის მიერ გოლგოთასთვის შესაწირავების, მოწყალების გაგზავნისა და ფინანსური დახმარების შესახებ ცნობები X საუკუნიდან მოიპოვება (კონსტანტინე პორფიროგენეტი). ქართველები გოლგოთასა და ქრისტეს საფლავს აგრეთვე სწირავდნენ მიწებსა და სხვა ქონებას. იერუსალიმში, ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის დაკარგვის მიუხედავად (XVII– XVIII სს. მიჯნა), შესაწირავების გაგზავნა და მოწყალების მოკრება გრძელდებოდა XIX საუკუნეშიც.

გოლგოთა გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს მძიმე, ძნელ გზას, ტანჯვის გზას („გოლგოთაზე ასვლა“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამისთვალიშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 82-83.
  • მამისთვალიშვილი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, თბ., 1998;
  • მამისთვალიშვილი ე., საქართველოიერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008;
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.