შინაარსზე გადასვლა

დოესის მინდორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოესის მინდორი — ისტორიული ადგილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესთან, მცხეთა-ძეგვ-ხიდისთავ-გორის საავტომობილო გზაზე, კასპიდან 25 კმ-ზე.

ვრცელდება ყარაღაჯიდან ხიდისთავ–ქვახვრელ–ხოვლემდე. წარმოადგენს სოფელ დოესის მოსახლეობის მთავარი სამეურნეო ბაზას. უწინ მინდვრის მხოლოდ ქვედა ნაწილი ირწყვებოდა თეძმისა და მტკვრის (გორის) არხებით. თეძმის არხი „მამაპაპური“ იყო, სოფ. ახალქალაქიდან მოდიოდა და დურსუ ერქვა. მას სათავე ედო სოფ. თეძმისხევზე (ქონდარიანი). გორის არხი გაიყვანეს 1917–1918 წლებში.

ბრძოლა დოესის მინდორზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1638 წელს დოესის მინდორზე მოხდა ბრძოლა როსტომსა და თეიმურაზ I-ს მომხრეებს შორის. ეს იყო ერთ-ერთი ეპიზოდი იმ პერიოდში ქართლის სამეფო ტახტისათვის მიმდინარე მწვავე კონფლიქტისა.

თეიმურაზის მომხრე ფეოდალებმა არაერთხელ მოუწყეს შეთქმულება გამაჰმადიანებულ ტახტის მფლობელს. მათი გამოხდომები მარცხით მთავრდებოდა. 1638 წელს თეიმურაზ I-სი მომხრეებმა — ნოდარ ციციშვილმა, იოთამ ამილახვარმა, ზაალ არაგვის ერისთავმა და ქართლის კათალიკოსმა ევდემოზ დიასამიძემ მორიგი შეთქმულება მოაწყვეს. თეიმურაზ I-ს სთხოვეს ქართლში გადმოსვლა და ტახტის დაჭერა. შეიკრიბა ლაშქარიც, რომელიც ნოდარ ციციშვილის სარდლობით დოესის მინდორზე დაბანაკდა. თავის მხრივ, როსტომიც დოესისაკენ გამოემართა. ციციშვილმა გადამწყვეტ ბრძოლას თავი აარიდა. როსტომს მხოლოდ იმერელი თავადები — ძმები ჩხეიძეები შეებრძოლნენ, რომლებიც დამარცხდნენ და ტყვედ ჩაუვარდნენ როსტომს.

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ. 1973 წ.