შინაარსზე გადასვლა

გურული დიალექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურული დიალექტიქართული ენის ერთ-ერთი დიალექტი, გურულების მეტყველება. გავრცელებულია გურიაში. გურულ დიალექტში შთამბეჭდავია მეგრულ-ჭანური ფენა. მჭიდრო კონტაქტშია ქვემოიმერულ და აჭარულ კილოკავებთან.

ისტორიკოსთა და ენათმეცნიერთა გამოკვლევებიდან ცნობილია, რომ გურიის ტერიტორია ძველად ზანურ მოსახლეობას ეჭირა. I საუკუნეში მოხდა ქართულ ენაზე მოლაპარაკე ხალხის მიერ მეგრული და ჭანური მოსახლეობის შუაზე გაყოფა. ამიტომ გურული ჩამოყალიბდა კილოდ, სადაც უხვადაა ზანიზმები როგორც ლექსიკაში (ოჭვათო, ორჩხუში, ჯარგვალი...), ასევე ტოპონიმიკაში (ჯუმათი, ოჩხამური...)

დღევანდელ გურულს დაცული აქვს ზოგი ისეთი ზანური სიტყვა, რომელიც არ შემორჩა მეგრულში. ზანიზმების სიუხვის მაგალითებია სახელების ბრუნებისას ხმოვანთა რედუქციის სისუსტე (აკვანის, ურემით... ხმაის, რძეით...), ზმნებში ობიექტის მრავლობითობის გამოხატვა III სუბიექტური პირის -ენ სუფიქსით (შეგრჩებიენ, მოგინდებიენ...), ქვემდებარე მოთხრ. ბრუნვაში ნაცვლად სახელობითისა გარდაუვალ ზმნებთან (კაცმა დიეცა, კაცმა მევიდა...) და სხვ. მეორეს მხრივ, გურულ დიალექტს შენოახული აქვს ძველ ქართულ, კერძოდ შავშურ-კლარჯულ მეტყველბასთან დაკავშირებული ზოგიერთი არქაული ფორმა.

ტოპონიმია-ანთროპონიმიაში აფხაზურ-ადიღურ ენათა ანალოგიური ფორმებიც გვხვდება (სუფსა, მალთაყვა... ინგოროყვა, ჭანუყვაძე...). ამავე დროს, გურულ დიალექტს შემოუნახავს არაერთი არქაული სიტყვა და ენობრივი მოვლენა: -ავ/-ამ თემისნიშნიანი ზმნების ვნებითი გვარი მთელ რიგ შემთხვევებში არქაული წესითაა ნაწარმოები (იმალვის, იკარქვის...). გურული დიალექტის ზოგ თქმაში გარდაუვალ ზმნათა III სუბიექტური პირის მრავლობითობა -ეს სუფიქსითაც გამოიხატება (ადგეს და მიეგებეს იგინმა...). არცთუ იშვიათია ადამიანის საკუთარ სახელთა გაუფორმებელი წარმოება სახელობითსა და მოთხრობით ბრუნვებში (სამსონ მოკლენ, გირგოლ გამეიარა...) და სხვ. მრავალი არქაული სიტყვა შემორჩენილია ლექსიკაში (ზარმელი, მერე, უსხი...).

გურულ დიალექტში გამოიყოფა ძველი მესხურის ფენა: „ე“ ხმოვნის იოტიზებული შემართვა (ჲერთი...); მრავლობითობის ორმაგად წარმოება (ძმანები...); რეგრესული ასიმილაცია როგორც ხმოვნებში (მუუტანა), ასევე თანხმოვნებში (აშჯერ = ასჯერ). ბევრი საერთოა ლექსიკაში (ფხეჭი, ზენგილი, ჭიბოშანი, ოტური...). გურულში არაერთი სიტყვაა შესული თურქულიდან (ბალდუმი, სილაღი, ოდა...). მრავალფეროვნებას ქმნის კილოკაური და ზოგჯერ თქმებს შორისაც არსებული ფონეტიკური ან მორფოლოგიური ხასიათის სხვაობა, ინტონაცია, ტონი, რიტმი, მახვილი. სხვაობა ძირითადად მაინც ლექსიკაში შეიმჩნევა (ოფიჩო – ქვემოგურულში წისქვილის ჩიბოა, ზემოგურულში – ბლის ხის ქერქისაგან გაკეთებული ამოსაფარებელი ქვევრის სახურავისათვის). განსაკუთრებით საინტერესოა საკუთრივ გურულ დიალექტში ნაწარმოები ფორმები: ამორანქვა – წყლის ამოსხმა, ამოხაპვა; გაკოპიტება – ხის მასალის ლამაზად გათლა, გამოყვანა; გაკუჭება – გაბრაზება; ელანძე – სწრაფად; ურწყული – ნიგვზისაგან გამოხდილი ზეთი და სხვ.

კავშირი მეზობელ დიალექტებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეზობელ აჭარულთან გურულ დიალექტს აერთიანებს მთელი რიგი ენობრივი მოვლენები: შავგრიმანი, ლაპარიკი... (ხმოვანთა შენაცვლება); ზაბუთი, ამ შიშორე... (ასიმილაცია); კალონი, ანბავი... (დისიმილაცია), გვერჩიგვერდში, ბეძე-ბედზე... (აფრიკატიზაცია); ჩთილი-ჩრდილი, ფთაფრთა... (ბგერათდაკარგვა); ხესან, ძროხასან... (-თან თანდებულის ნაცვლად -ან); მიასტრა, იცნა... (სუბიექტური მესამე პირის ნიშნად წყვეტილში -ა). საერთოა ლექსიკის დიდი მარაგი (დელი, ეტოშება, კატარი)...

ბევრი ერთნაირი ფონეტიკური და გრამატიკული მოვლენა დასტურდება გურიისა და იმერეთის ურთიერთმოსაზღვრე სოფლების მეტყველებაშიც: ქ’არ<ქე არ, ქი არ; კ’ვერ<კი ვერ... (ხმოვანთა ელიზია); კჭირს, კყავს... (ასიმილაციური დაყრუება); ღმერც, გვერძე (აფრიკატიზაცია); იმგენმა იმღერენ... (მოთხრობითში დასმული სახელის მრავლობითობის გამოხატვა -ენ სუფიქსით); ღრიალოფს, სრიალოფს... (თემის ნიშნის შენაცვლება); დგანა, ჟდანა... (ფუძის გართულება -ან სუფიქსით); მაგენი ამბობდა... (რიცხვში შეუთანხმებლობა ქვემდებარე–შემასმენელს შორის) და სხვ. საერთოა მრავალი ლექსიკური ერთეული (თანაქა, ტარაბუა, ლორთქო...). იმერხეულ (კლარჯულ) კოლოსთან გურულს აახლოვებს არაერთი ენობრივი მოვლენა: მეითავა, დეიჭირა... (ნაწილობრივი ასიმილაცია), გუუხსნა, დუუბა... (სრული ასიმილაცია), ვინცხა, რაცხა... (თანხმოვანთა ასიმილაცია); შიეძლო, შიეხვეწა... (დისიმილაცია); მუა, გოგუები... (ოა<უა, ოე<უე რეგრესული დისიმილაციის შედეგად); სუნთელი... (თანხმოვანთა დისიმილაცია); იცნა (სუბიექტური III პირის ნიშნად წყვეტილში მხ. რიცხვში -ა); დაწვა კაცმა... (გარდაუვალ ზმნებთან სუბიექტი II სერიაში მოთხრ. ბრუნვაში) და სხვ. ამას ადასტურებს ლექსიკაც: გვარდა, ზორი, ალიკაპი, არტაშანი, ჭინჭი, ჭაჭვი და ა. შ.

გურული დიალექტი იყოფა ორ კილოკავად: ზემოგურულად (ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მთიანი ნაწილი) და ქვემოგურულად (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი). თუმცა ეს დაყოფა პირობითია და ზუსტი არ არის. კილოკავებში შემავალი თქმები, თავის მხრივ, იყოფა განსხვავებულ ქცევებად, მაგ., ჩოხატაურის თქმაში განირჩევა ზემო სურების, შუა სურებისა და დიდვანის ქცევები.

გურული დიალექტი მწერლობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურული დიალექტი ფართოდ აქვს გამოყენებული ეგნატე ნინოშვილს, ის განსაკუთრებით ხშირად იყენებს დიალექტს პერსონაჟთა მეტყველებაში. გურული მეტყველებისთვის დამახასიათებელი მოვლენები უფრო ხშირადაა წარმოდგენილი ლალიონის და ნინო ნაკაშიძის ნაწარმოებებში. გურული კილოს ზოგიერთი თავისებურება ასახულია ადრინდელ ქართულ მწერლობაშიც. „რუსუდანიანში“ არაერთი გურული ფორმაა დადასტურებული.