ივანე გიგინეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიგინეიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ივანე მოსეს ძე გიგინეიშვილი (დ. 9 აგვისტო, 1909, ქუთაისი — გ. 28 იანვარი, 1982, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). 1946–1953 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი, ხოლო შემდგომ — 1982-მდე — ჯერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან, შემდეგ კი — საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი და მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1950–1966), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე (1951–1982), „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების“ (კრებული. I, 1970) კრებულის რედაქტორი, ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1973–1982). ხელმძღვანელობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილების (1966-იდან — ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება) სამეცნიერო და პრაქტიკულ მუშაობას. დააარსა განყოფილების კრებული „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, რომლის 5 წიგნი გამოვიდა მისი რედაქტორობით (1972–1983). შეიმუშავა უცხოურ პირთა სახელების ქართულად გადმოცემის მეცნიერული პრინციპები. ქართული ენის დიალექტთა შესწავლის შედეგად საყურადღებო მოსაზრებები აქვს ქართლურსა და იმერულს შორის გარდამავალი ზოლის მეტყველების, გუდამაყრულის დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულად მიჩნევის, ე. წ. „საშუალო ქართულის“ შესახებ და სხვა.

გიგინეიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას. იგი ეწეოდა ფართო ლექსიკოგრაფიულ მუშაობას: ქართული ლიტერატურის ძეგლთა ლექსიკონები („რუსუდანიანი“1957, „დავითიანი“ 1980), დიალექტების ლექსიკონები (წიგნში: „ქართული დიალექტოლოგია I“, 1961), სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვარლამ თოფურიას თანაავტორობით, 1941, 1946, 1949), ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვარლამ თოფურიას თანაავტორობით, 1968). მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (1-8, 1950-1964) მომზადებაში (VIII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). შესრულებული აქვს ტექსტოლოგიური სამუშაოები „რუსუდანიანის“, ვაჟა-ფშაველას პოემების, ვეფხისტყაოსნის ტექსტის დასადგენად.

1934-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის დაუსწრებელ პედაგოგიურ ინსტიტუტში, პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში — კითხულობდა ქართული ენის კურსს, აგრეთვე სპეციალურ კურსს „ვეფხისტყაოსნის ენა“ (თსუ-ში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]