გუდარეხის ნასოფლარი და სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდარეხის ნასოფლარი და სამონასტრო კომპლექსი — არქეოლოგიური ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდ. გუდარეხისწყალის (მდ. ალგეთის მარჯვენა შენაკადი) სათავესთან, მდინარის მარცხენა მხარეს. გუდარეხში პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა 1938-1939 წლებში ლ. მუსხელიშვილის ხელძღვანელობით.

გუდარეხი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ნასოფლარი და სამონასტრო კომპლექსი. ნასოფლარისგან შემორჩენილი იყო მხოლოდ ნასახლარი ორმოები, კირხსნარზე ქვით ნაგები, შენობების კედლები. სამონასტრო კომპლექსი შემოსაზღვრულია გალავნით (პერიმეტრი 400 მ, სიმაღლე 4მ). გალავნის კედელი თლილი ქვის პერანგით იყო მოპირკეთებული. გალავანს ჰქონდა სამკუთხა, ტრაპეციისებური და წრიული ფორმის კონტრფორსები. შესასვლელი ორი ჰქონია.

გალავნის შიგნით, მაღალ ბორცვზე მონასტერი და მის ირგვლივ განლაგებული ნასახლარია (4,4 ჰა), რომელთა შორის გამოიყო: 1. XII-XIII საუკუნეების ნაგებობები - სენაკები, "ჯვრიანი" და "ჩუქურთმიანი" შენობები, "საჯინიბო", "პილასტრებიანი ნაგებობის" ნაშთები, "სასახლე", მთავარი ტაძარი და სხვ. 2. XVI-XVII საუკუნეების ნაგებობები.

გალავანში მოქცეულ და არქეოლოგიურად შესწავლილ სხვადასხვა ნაგებობებს შორის აღსანიშნავია გალავანზე მიშენებული საჯინიბო, რომელიც გალავნის თანადროულადაა მიჩნეული (XII-XIII საუკუნეები). საჯინიბოში აღმოჩნდა ორმო და თონეები, რომლებიც, არქეოლოგების აზრით, შედარებით გვიანდელია. მოგვიანებით საჯინიბოზე მიუშენებიათ მარანი, სადაც მიკვლეულ იქნა ქვის სარქველებით დახურული 7 ქვევრი.

საჯინიბოს ჩრდილოეთით გამოვლინდა კირხსნარზე თლილი ქვით ნაგები ე.წ. "პილასტრენიანი ნეგებობის" ნაშთები, რომელიც მიშენენული იყო გალავანზე. შენობაში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, რამდენიმე რკინის ნივთი, ლაშა-გიორგის სახელით მოჭრილი მონეტა და სხვ.

მონასტრის დასავლეთით აღმოჩნდა "პილასტრებიანი კედელი" (სიმაღლე 1,4 მ), რომელიც მოპირკეთებული იყო თლილი ქვებით. "პილასტრებიანი კედლის" წინ მდებარე ტერიტორია წარმოადგენდა კირხსნარზე ქვის ფილებით მოკირწყლულ ქუჩას. პილასტრებიანი კედლის ფენაში აღმოჩნდა ფაიანსის ნატეხი, თხელკედლიანი თიხის ჭურჭლის ნატეხი, რუსუდან მეფის ორი მონეტა. მასალის მიხედვით "პილასტრებიანი კედლის" აგების ხანად XII-XIII საუკუნეები მიიჩნევა.

ტაძრიდან 3 მეტრის დაშორებით შემორჩენილი იყო სასახლის თლილი ქვით ნაგები კედელი(სიმაღლე 7,8 მ). ორსალთულიანი სახლის პირველი სართული ეკავა მარანს, სადაც აღმოჩნდა საწნახელი და 16 ქვევრი. ზედა სართულიდან შემორჩენილი იყო კედლის ფრაგმენტი დეკორაციული თაღებითა და ვიწრო სარკმლებით. სასახლეში აიკიფა კრამიტის, ფაიანსის, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები და სხვ.

სასახლის გაგრძელებაზე არსებული სენაკების ზედა კულტურულ ფენაში (XVIII საუკუნე) გამოვლინდა ზღურბლისა და ლავგარდნის ქვები; ქვედა XII-XIII საუკუნეების ფენაში: თიხის ჯამები და ქართული ასომთავრული ნიშნებით; რკინის სახნისი; 13 მონეტა: გიორგი III-ის 3 ცალი; თამარის 5 ცალი; ლაშა-გიორგის 3 ცალი და XIII საუკუნის მონღოლური ვერცხლის მონეტა. მარანში აღმოჩენილი ქვევრები ამოვსებული იყო კერამიკის ნატეხებით.

მონასტრის მთავარი ეკლესია მდებარეობს ბორცვზე. ის დარბაზულია (16,2 მ X 9,5 მ). ნაგებია ქვათლილებით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთი კედელი მოჩუქურთმებულია. ინტერიერი მოხატულია, რომელსაც XVII საუკუნის ბერძნული წარწერები ახლავს: "მიქაელი", "გაბრიელი". საკურთხევლის ფრესკებზე არსებული ნუსხური წარწერები არ იკითხება. კანკელი ნაგებია აგურით და რიყის ქვებით კირხსნარზე. მასში შემორჩენილია XII საუკუნის კანკელის ფრაგმენტები.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან გვიანდელი მინაშენი აქვს — აფსიდიანი ეგვტერი, რომლის ჩრდილოეთ კედელში ორი ქვაა ჩადგმული, ასომთავრული წარწერებით: "ქრისტე შეიწყალე გიორგი" და "ქრისტე შეიწყალე ადამ". მეორე მინაშენი — სვეტებიანი კარიბჭე ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა. ეკლესიის სამხრეთ კედელში, შესასვლელთან შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: "ავაშენე ესე ეკლესია ხელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორისძისაითა. სალოცავად და სადიდებლად დედოფალთ დედოფლისათვის, რუსუდან დედოფლის და შვილთა მისთა დღეგრძელობისა და ჩემისა სულისათვის ესე წმინდაი ეკლესია მე გლეხმან ანტონი მანგლელმან ვაკურთხე უფასოდ სალოცავად სულისა ჩემისა".

ამ წარწერის მიხედვით, დიდი ხნის მანძილზე გუდარეხი ითვლებოდა რუსუდან მეფის აშენებულად, რადგან ტაძრის სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი რუსუდანი. თუმცა ის აზრიცაა გამოთქმული, რომ წარწერაში მოხსენიებული რუსუდანი არის არა თამარის შვილი — მეფე რუსუდანი, არამედ დემეტრე თავდადებულის ასული რუსუდანი. არგუმენტები ასეთია: 1. არცერთ სამშენებლო წარწერაში ხუროთმოძღვარი არ იხსენიება მეფის წინ; 2. არცერთ ისტორიულ წყაროში რუსუდან მეფე არ იხსენიება, როგორც "დედოფალთ-დედოფალი". ის მეფის ტიტულით ან დავით მეფის დედადაა მოხსენიებული; რუსუდანის მეფობისას ჯერ ხვარაზმელთა, შემდეგ მონღოლთა ლაშქრობებმა ისე მოაოხრა საქართველო, რომ ქვემო ქართლში ასეთი მონასტრის აგების შესაძლებლობა არ იყო. მითუმეტეს, რომ მეფე რუსუდანი არც სამეფოს მართვაში იჩენდა ნიჭს და არც ეკლესიების მშენებლობაში; 4. XVII საუკუნეში საქართველოს სამეფო კარზე და გუდარეხის მონასტრის ბერებში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ლეგენდა იმის შესახებ, რომ მონასტრის მთავარი ტაძრის მაშენებელი რუსუდან დედოფალი გუდარეხში ყოფილა დასაფლავებული. გუდარეხში არსებული რუსუდანის საფლავი ლუარსაბ მეფეს მოუნახულებია; 5. ცნობლია, რომ რუსუდანი დაკრძალულია გელათში; 6. წარწერაში რუსუდან მეფე რომ ყოფილიყო მოხსენიებული, მას უთუოდ უნდა ჰქონოდა მეფის ტიტული, რასაც წარწერაში ვერ ვხვდებით. განსხვავებული მოსაზრების მიხედვით, დემეტრე თავდადებულის ასულს რუსუდანს გუდარეხის მთავარი ტაძარი უნდა აეგო 1306-1320 წლებში(გ. მჭედლიძე). მაგრამ აქ საეჭვო ხდება ის გარემოება, რომ წარწერის მიხედვით დემეტრეს მეფობაში 1278 წელს მონასტრის სამრეკლოს აგებს კათალიკოსი აბრაჰამი (მეფის ყოფილი ჯვარისმტვირთველი). გამოდის, რომ სამრეკლო აუგიათ, შემდეგ კი მთავარი ტაძარი,რაც არალოგიკურია. თუმცა ძეგლის გამთხრელები თავის დროზე აღნიშნავდნენ, რომ მთავარი ტაძრის ადგილას მდგარა უფრო ძველი, X-XI საუკუნეების ნაგებობა, რომლის წარწერიანი ორი ქვა ჩაშენებულია რუსუდანის მიერ აგებული ტაძრის კედელში. მათ შორის ერთი წარწერა — "ქრისტე შეიწყალე გიორგი" გვერდულადაა ჩაშენებული კედელში. ცხადი ხდება, რომ სამრეკლოს აგებისას აქ მდგარა უფრო ძველი ეკლესია. მოგვიანებით კი რუსუდანს ძველი ტაძრის ადგილას ახალი ტაძარი აუგია.

მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი, გეგმაში კვადრატული ფორმის, ქვათლილებით ნაგები სამრეკლო, თაღიანი ღია შესასვლელითა და რვაწახნაგა ღია პავილიონით აღმოსავლეთ კედელზე წარწერაა: "ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე... უღისრსი მღვდელი ჯუარის მტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღმშენებლად სამრეკლოთა ამათ...". ქორონიკონის მიხედვით 1278 წლით დათარიღებულ წარწერაში მოხსენიებულია მეფე დემეტრე II, რომლის დროსაც სამრეკლო აუშენებია კათალიკოს აბრაჰამს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებულ დათარიღებულ სამრეკლოთა შორის გუდარეხის სამრეკლო ყველაზე უფრო ძველია.

გალავნის გარეთ ქვათლილებით ნაგები დარბაზული ტიპის ეკლესიაა, ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთ კედელში მოჩუქურთმებული სარკმელია. ეკლესია "მწვანე მონასტრის" სახელითაა ცნობილი.

გუდარეხის განათხარი კერამიკა ორ ქრონოლოგიურ ჯგუფად იყოფა: განვითარებული (XIII-XIV საუკუნეები) და გვიანდელი შუა საუკუნეების ნაწარმად. ეს უკანასკნელი XVII საუკუნეზე ადრეული არ ჩანს. გუდარეხში აღმოჩნდა 19 მონეტა, რომელთაგან 18 ქართულია, 1 მონღოლური. ქართული მონეტები მოჭრილია გიორგი III-ის, თამარის, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის სახელით.

კერამიკული მასალიდან აღსანიშნავია მწვანედ, სოსანისფრად და მოყავისფროდ მოჭიქული კრამიტები. განვითარებული შუა საუკუნეების მასალაში გვხვდება მრავალფრად მოხატულ-მოჭიქული გეომეტრიული, მცენარეული და ფრინველის გამოსახულებით შემკული ჯამები. მოუჭიქავ კერამიკას შორის აღსანიშნავია თხელკედლიანი, მოჩალისფროდ გამომწვარი ყურიანი სასმისი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი II-III, გამომცემლობა "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", ბათუმი, გვ. 66-68.