გოლდ-კოსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გოლდ-კოსტი
ინგლ. Gold Coast
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი კუინზლენდი
კოორდინატები 28°01′00″ ს. გ. 153°24′00″ ა. გ. / 28.01667° ს. გ. 153.40000° ა. გ. / -28.01667; 153.40000
მმართველი Tom Tate
დაარსდა 1959
ფართობი 1402 კმ²
ცენტრის სიმაღლე 12 მეტრი
მოსახლეობა 494 501 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 352,71 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+10
ოფიციალური საიტი goldcoastcity.com.au/t std.asp?pid=322
გოლდ-კოსტი — ავსტრალია
გოლდ-კოსტი
გოლდ-კოსტი — კუინზლენდი
გოლდ-კოსტი

გოლდ-კოსტი (ინგლ. Gold Coast) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 494 501 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლებობის მიხედვით გოლდ-კოსტს მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო კუინზლენდის შტატში მეორე. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 352,71 ადამიანია. ფართობი — 1402 კმ². შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენიდან დაშორებულია 94 კილომეტრით. დაარსდა 1959 წელს. გაშენებულია ტასმანიის ზღვის სანაპიროზე. გოლდ-კოსტის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა უტოლდება 1218,2 მმ-ს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი გოლდ-კოსტი გადაჭიმულია 60 კმ-ზე ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, რომელსაც გარს ეკვრის მარჯნის ზღვა, კუინზლენდის შტატის დასახლება ბინლიდან ამავე შტატის დასახლება კულანგატამდე ახალი სამხრეთი უელსის შტატის საზღვრის შორიახლოს. ტუიდ-ჰედსის და ბოდეზერტის დასახლებები ასევე ჩვეულებრივ განიხილება გოლდ-კოსტის რეგიონის შემადგენელ ნაწილად, თუმცა ისინი არ შედიან ქალაქ გოლდ-კოსტის სტატისტიკურ საზღვრებში.

ქალაქის კომერციული ცენტრებია — ქალაქი-თანამგზავრები საუთპორტი და სერფერს-პარადაისი. ქალაქ გოლდ-კოსტის რეგიონების — ბინლის და ლოგან-სიტის აქტიური დასახლების შედეგად ბრიზბენი დღეისათვის წარმოადგენს კონურბაციას.

ქალაქის მთავარი მდინარეა ნერანგი. ძველად სანაპიროსა და გოლდ-კოსტის შიდა რაიონებს შორის სივრცე დაკავებული იყო დაჭაობებული ადგილებით, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომში ამოაშრეს. მაგრამ ჭაობის ნაწილი გადაიქცა ხელოვნურ საწყლოსნო გზებად (საერთო სიგრძე — დაახლოებით 260 კმ[2]) და მომცრო კუნძულებად.

გოლდ-კოსტის დასავლეთი ნაწილი ესაზღვრება დიდ წყალგამყოფ ქედს. უშუალო სიახლოვეს მდებარეობს ლამინგტონის ეროვნული პარკი, რომელიც გონდვანის ტენიანი ტყეების ნაწილია და მიეკუთვნება მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, თანამედროვე ქალაქ გოლდ-კოსტის ტერიტორიაზე ავსტრალიელი აბორიგენები დასახლდნენ 23 ათას წელზე უფრო მეტი ხნის წინ ევროპელების გამოჩენამდე. XIX საუკუნის დასაწყისისთვის ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა რვა ტომი, რომელთა წევრები იყვნენ იუგამბეჰის (ინგლ. Yugambeh people) ხალხის წარმომადგენლები. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო ნადირობა და თევზჭერა. თანამედროვე გოლდ-კოსტის თანამგზავრის — ბანდელის (ინგლ. Bundall) შორიახლოს მდებარეობდა ადგილობრივი ტომების ტრადიციული შეკრების ადგილი.

პირველი ევროპელების გამოჩენის შემდეგ, რომლებმაც დაიწყეს ფერმერობა და ტყის გაჩეხვა, იუგამბეჰის ტომები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი ტრადიციული სანადირო ადგილები და გადასახლებულიყვნენ მატერიკის შიდა რაიონებში. 1890 წლისთვის ტომების წარმომადგენლების დარჩენილი ნაწილი გადაასახლეს რეზერვაციებში ქალაქ გოლდ-კოსტის რაიონის ფარგლებს გარებს.

პირველი ევროპელი, რომელიც ეწვია თანამედროვე გოლდ-კოსტის ტერიტორიას, ითვლება ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელიც ამ ადგილის გვერდით მიცურავდა 1770 წლის 16 მაისს. 1802 წელს თანამედროვე გოლდ-კოსტის ტერიტორიის გვერდით გაცურა მეორე მოგზაურმა მეტიუ ფლინდერსმა, მაგრამ ამ ადგილებში ევროპელები არ დასახლებულან 1823 წლამდე, სანამ მერმეიდის პლაჟზე არ გადავიდა მკვლევარი ჯონ ოკსლი. მიუხედავად იმისა, რომ გოლდ-კოსტის ტერიტორია კოლონიალურ რუკებზე გაჩნდა შედარებით უფრო ადრე, ის არ იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს ევროპელ კოლონიზატორებში 1840 წლამდე, როდესაც რეგიონი დაიტანეს რუკებზე ახალმა სამხრეთ უელსელმა ტოპოგრაფებმა.

გოლდ-კოსტის ტერიტორიაზე არსებულმა ტყეებმა ძვირფასი ავსტრალიური წითელი კედარით (ლათ. Toona ciliata) უმალვე მიიპყრო კომერსანტების ყურადღება, რომლებიც დაკავებული იყვნენ ხე-ტყის წარმოებით: 1865 წელს გამოკვლეული იქნა პატარა დასახლება ნერანგი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ქალაქის შიდა რაიონებში და შემდგომში გახდა ხე-ტყის დამამუშავებელი ერთ-ერთი ცენტრი. ახლომდებარე ველებზე და ბორცვებზე ევროპელებმა დაიწყეს ნახირის მოშენება, შაქრის ლერწმის და ბამბის მოყვანა. ხოლო 1869 წელს დასახლებამ მიაღწია იმ ადგილს, სადაც მდინარე ნერანგი უერთდება მორეტონის უბის სამხრეთ ნაწილს.

1885 წელს კუინზლენდის გუბერნატორმა ენტონი მასგრეივმა (ინგლ. Anthony Musgrave) გოლდ-კოსტის თანამედროვე თანამგზავრ — საუთპორტის ჩრდილოეთით ბორცვზე ააშენა დასასვენებელი სახლი. იმ დღიდან იქვე მდებარე სანაპირო გახდა საკურორტე ადგილი ბრიზბენის მდიდარი და გავლენიანი წრეებისთვის. 1889 წელს საუთპორტამდე მიიყვანეს რკინიგზა, რაც გახდა ამ ადგილის განვითარების ერთ-ერთი საბაბი.

XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე რეგიონის მუდმივი მოსახლეობა იზრდებოდა საკმაოდ ნელა. მაგრამ 1925 წელს სანაპირო გზის, რომელიც ბრიზბენს საუთპორტთან აერთებდა, ასევე საუთპორტიდან ორ კმ-ში მდებარე ოტელ სერფერს-პარადაისის გახსნის შემდეგ, დაიწყო ნამდვილი ტურისტული ბუმი.

1930-იან წლებში ავტოტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ტურისტების ნაკადი მუდმივად იზრდებოდა, რის გამოც 1935 წლისთვის სანაპიროს დიდ ნაწილზე საუთპორტსა და ახალი სამხრეთ უელსის საზღვარს შორის გაშენდა დიდი კერძო სახლები და სასტუმროები. 1933 წელს ამ ადგილს დაერქვა სერფერს-პარადაისი. 1936 წელს ამავე დასახელების ოტელი დაიწვა, მაგრამ უკვე მალევე მის ადგილას აშენდა კიდევ უფრო გრანდიოზული კომპლექსი, რომელშიც არსებობდა საკუთარი ზოოპარკი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონი რჩებოდა საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ადგილად და 1940-იანი წლების ბოლოსათვის ჟურნალისტებმა მას დაარქვეს «Gold Coast» (ინგლისური ენიდან თარგმანში «ოქროს სანაპირო»). 1958 წლის 23 ოქტომბერს საუტ-კოსტის (ინგლ. South Coast Town Council) საქალაქო საბჭოს ოფიციალურად ეწოდა გოლდ-კოსტი. სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ დასახლება გამოცხადდა ქალაქად (ინგლ. city).

1960 წლისთვის გოლდ-კოსტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გაჩნდა პირველი მაღალი საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. 1981 წელს გაიხსნა გოლდ-კოსტის აეროპორტის ტერმინალი, ხოლო მთელი 1980-იანი წლები გახდა წარმატებული უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით: იაპონელმა ბიზნესმენებმა ჩადეს უზარმაზარი თანხები ცათამბჯენების მშენებლობაში და თემატურ პარკებში.

1994 წელს გადაისინჯა ქალაქის საზღვრები, ასევე ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ორგანო — გოლდ-კოსტის საქალაქო საბჭო (ინგლ. City of Gold Coast Council). დღეისათვის ქალაქი რჩება ავსტრალიის მსხვილ ტურისტულ ცენტრად. აქტიურად ვითარდება მაღალი შენობების მშენებლობა, მათ შორის, 2005 წელს გოლდ-კოსტში დამთავრდა ცათამბჯენ Q1 Tower-ის მშენებლობა, რომლის სიმაღლეა 322,5 მეტრი, 2007 წელს კომპლექს Circle on Cavill-ის მშენებლობა, რომლის სიმაღლეა 220 მეტრი.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივ დონეზე ქალაქი იმართება გოლდ-კოსტის საქალაქო საბჭოს (ინგლ. Gold Coast City Council) მიერ. 1958 წლის 23 ოქტომბერს ადგილობრივმა ადმინისტრაციამ შექმნა გოლდ-კოსტის დასახლებული პუნქტის საბჭო (ინგლ. Gold Coast Town Council), მაგრამ სულ ექვსი თვის შემდეგ, 1959 წლის 16 მაისს, კუინზლენდის მთავრობამ დასახლეობას მიანიჭა ქალაქის სტატუსი (ინგლ. city). 1995 წელს გოლდ-კოსტის საქალაქო საბჭოში შევიდა ალბერტის საგრაფოს (ინგლ. Albert Shire Council) საბჭო.

კუინზლენდის შტატის დონეზე გოლდ-კოსტი წარმოდგენილია ცხრა დეპუტატით კუინზლენდის საკანონმდებლო ასამბლეაში, ფედერალულ დონეზე — ოთხი დეპუტატით ავსტრალიის წარმომადგენელთა პალატაში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლდ-კოსტში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი დარგია მომსახურების სფერო, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი პლაჟები, ასევე მაღალი ტალღები, რომლებიც იზიდავენ სერფინგის მოყვარულებს. წელიწადში ერთხელ ქალაქში ტარდება განთქმული IRL IndyCar-ის სერიის რბოლები — გოლდ-კოსტის გრან პრი.

ქალაქში მდებარეობს მაღალი შენობების დიდი რაოდენობა, მათ შორის, განთქმული ცათამბჯენი Q1 Tower, სიმაღლით 322,5 მეტრი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-20. ციტირების თარიღი: 2015-02-09.
  2. Gold Coast City Council — Boating. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-06-17. ციტირების თარიღი: 2015-02-09.