ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვეფხვი თბილისის ზოოპარკში

ზოოპარკი, ზოოლოგიური პარკი — სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ვოლიერებში ან გალიებში, ან ბუნებრივ გარემოს მიმსგავსებულ დიდ ფართობებზე სადემონსტრაციოდ, სამეცნიერო მიზნით ან გასამრავლებლად ჰყავთ გარეული ცხოველები. ზოგიერთ ზოოპარკში შინაური ცხოველებიც არიან. ზოოლოგიური ბაღისაგან განსხვავებით ზოოპარკი დიდი ტერიტორიითა და ცხოველების მრავარიცხოვანი კოლექციით განსხვავდება. ზოოპარკებში სწავლობენ ცხოველთა ბიოლოგიას, სამეურნეო მნიშვნელობას, პროპაგანდას უწევენ მათ დაცვას, გარდა ამისა, დიდი ყურადღება ექცევა გადაშენების გზაზე მდგომი ცხოველების დაცვასა და მოშენებას. მაგ., ზოოპარკის პირობებში გადაურჩა ამოწყვეტას პრჟევალსკის ცხენი (მისი ერთი ეგზემპლარი დღეს თბილისის ზოოპარკშიც ჰყავთ[1]), ჰავაიური ღერღეტი და სხვ. ზოოპარკებში ტარდება ექსკურსიები, ეწყობა ლექციები და სხვ.

ზოოპარკების წინამორბედად ითვლება სამხეცეები. დიდი ზოოპარკები ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში ჯერ კიდევ 3500 წლის წინათ. 3000-ზე მეტი წლის წინათ ჩინეთში იყო ზოოპარკი, რომელსაც „ცოდნის ბაღს“ უწოდებდნენ. 2010 წლის მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1300 ზოოპარკია, რომელთა ნახევარი ევროპაში, ხოლო 20% ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს.[2] ევროპაში უძველესია ვენის ზოოპარკი (1752), შემდეგ მადრიდის (1774), პარიზის (1793), ლონდონის (1828), ამსტერდამის (1838), ბერლინის (1844), ჰამბურგის (1863), მოსკოვის (1864), სანქტ-პეტერბურგის (1865), ნიუ-იორკის (1865), ბუდაპეშტის (1886) და სხვ. ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე ზოოპარკია.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი მარტორქა თბილისის ზოოპარკში

თბილისის ზოოპარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თბილისის ზოოპარკი.

საქართველოში პირველი — თბილისის ზოოპარკი 1927 წლის 10 თებერვალს დაარსდა. თავდაპირველად ამისათვის გამოიყო 70 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდგომ ხანებში 120-მდე გაფართოვდა. მისი პირველი დირექტორი იყო გ. ა. ჰანსონი.[3] 90-იან წლებში სახეობათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო.[4]

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ მეტწილად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. გმირთა მოედანზე შენიშნეს ბეჰემოთი. საპატრულო პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე მტაცებელი ცეცხლსასროლი იარაღით მოეკლა, ცხოველების უმრავლესობის წინააღმდეგ დასაძინებელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. მოკლეს ვეფხვი, ლომი, აფთარი.[5]

სტიქიის შემდეგ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაიწყო. მისი დირექტორის, ზურა გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკის სრულყოფილად ასაშენებლად საჭიროა 50 მილიონამდე ლარი, რაზეც მოლაპარაკებები მიდის მერიასთან და სხვადასხვა ფონდებთან.[6]

დღეისათვის თბილისის ზოოპარკში 200-დან 300-მდე სახეობის ცხოველია თავმოყრილი, მათ შორის ბუნებაში იშვიათი სახეობები.[7][8] მიმდინარეობს საფრთხეში მყოფი სახეობების კოსერვაციისა და ველურ ბუნებაში დაბრუნების აქტიური სამუშაოები.[9]

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვავი გორის ზოოპარკში

წლების წინ ზოოპარკი ფუნქციონირებდა ქალაქ რუსთავში.[10] მცირე ზომის ზოოპარკი (ზოოლოგიური ბაღი) მდებარეობს ქალაქ გორში,[11] ბათუმში — ზოოპარკი[12] და დელფინარიუმი.[13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თბილისის ზოოპარკის არსებული კოლექცია. თბილისის ზოოპარკის საიტი. წაკითხვის თარიღი: 2 აპრილი, 2019.
  2. Скуратова 2010.
  3. ჩვენ შესახებ. თბილისის ზოოპარკის ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  4. ვლადიმერ ნიბლიაშვილი, ცოცხლად დამარხული ზოოპარკი, ჩვენი მწერლობა, №3, 2011, გვ. 56
  5. 13 ივნისის წყალდიდობა: ქრონიკა და შედეგები. რადიო აფხაზეთი (2015-06-14). წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  6. ზურაბ გურიელიძე: ახალი ზოოპარკის სრულყოფილად ასაშენებლად 50 მილიონ ლარამდეა საჭირო. Imedinews.ge (4 აპრილი, 2019). წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  7. არსებული კოლექცია. თბილისის ზოოპარკის ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  8. სტუმრად ზოოპარკში. თბილისის ზოოპარკის ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  9. თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად კამპანიას იწყებს. Imedinews.ge (10 ოქტომბერი, 2018). წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  10. რა იყო და რა აღარ არის რუსთავში. Inforustavi.ge (31 მარტი, 2019). წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  11. გორის ზოოპარკში დათვს ეფერებიან. Qartli.ge (28 ივნისი, 2017). წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  12. ბათუმის ზოოპარკი. Floranimals.wordpress.com. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  13. ბათუმის დელფინარიუმი. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2019.