ეშიკაღასბაში
ეშიკაღასბაში, ეშიკაღასი (თურქ. ეშიქ — ზღურბლი, აღა — ბატონი, ბაშ — თავი) — საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის უფროსი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. შემოიღეს სპარსეთის სამოხელეო წყობილების მიხედვით. ვახუშტის ცნობით, ეშიკაღასბაშობა როსტომ მეფის დროიდან დაწესდა მანდატურთუხუცესობის მაგიერ. ეშიკაღასბაშის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ ხელჯოხიანები — ბოქაულთუხუცესი (ეშიკაღასბაშის მოადგილე), ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი და თალიში.
ისინი ეშიკაღასბაშის ხელმძღვანელობით აღასრულებდნენ სხვადასხვა ბრძანებას, სასამართლოს განაჩენ-გადაწყვეტილებას და ხვა. ეშიკაღასბაში იყო სასახლის მთავარი გამრიგე, მეფის მეჯლისებთან დაკავშირებული ცერემონიალის ხელმძღვანელი, წესრიგის დამცველი; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაჭრაში. ვახტანგ მეფის დასტურლამალში მოხსენიებულია 2 ეშიკაღასბაში. მოგვიანებით დაწესდა აგრეთვე არმის და ხალვათხანის ეშიკაღასბაშის სახელოები. ეს ეშიკაღასბაშები იყვნენ სასახლის ხელშინაური მოხელეები. XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლისა და კახეთისათვის ცალ-ცალკე არსებობდა სამეფო, არმისა და ხალვათხანის ეშიკაღასბაშის სახელოები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13, გვ. 185-195;
- სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 258.