დიმიტრი ბაქრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, დიმიტრი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.
დიმიტრი ბაქრაძე
დაბ. თარიღი 26 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1826
დაბ. ადგილი ხაშმი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 (22) თებერვალი, 1890 (63 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ანთროპოლოგი, არქეოლოგი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფი[1]
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი მოსკოვის სასულიერო აკადემია

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (დ. 26 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1826, სოფელი ხაშმი, თბილისის გუბერნია — გ. 10 (22) თებერვალი1890, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879). 1970 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. მამა მას სასულიერო მოღვაწედ ამზადებდა. დაწყებითო განათლება სოფლად მიიღო. 1841 წელს წარმატებით ჩააბარა მისარები გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (1850). 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. ბაქრაძის ინიცოატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886).

1873 წლის 28 ივლისიდან — 1874 წლის 4 იანვრამდე დიმიტრი ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი, კლარჯეთი და სხვა). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვა. 1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის საეკლესიო მუზეუმი.

ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). 1880-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქერობე პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტორიის წყაროს მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (რუსულ ენაზე), რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოს და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ.

ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვა).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“. თხზულება. თბილისი. 1880 წ.
  • „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“. თხზულება. თბილისი. 1880 წ.
  • Д. Бакрадзе и Н. Берзенов „Тифлис в историческом и этнографическом отношениях“. 1870г.
  • Д. Бакрадзе „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. 1878г.
  • Д. Бакрадзе „Сборник законов грузинского царя Вахтанга VI. Под редакцией Бакрадзе“. Тифлис. 1887г.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 240-241.
  • დუმბაძე მ., ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა) — ბათუმი, 1950;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 74, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]