შინაარსზე გადასვლა

ბაქოს სლავური უნივერსიტეტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Azərbaycan Pedaqoji Dillər İnstitutu, Bakı Slavyan Universiteti, Azərbaycan Pedaqoji Rus dili və Ədəbiyyatı İnstitutu და Azərbaycan Dövlət Müəllimlər İnstitutu
დაფუძნდა 1946[1] [2]
ტიპი უნივერსიტეტი
მდებარეობა აზერბაიჯანი
ქვეყანა აზერბაიჯანი
ბაქოს სლავური უნივერსიტეტი — აზერბაიჯანი
ბაქოს სლავური უნივერსიტეტი
https://bsu-uni.edu.az
ბაქოს სლავური უნივერსიტეტი

ბაქოს სლავური უნივერსიტეტი (აზერ. Bakı Slavyan Universiteti) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

უნივერსიტეტის რექტორი - ნურლანა ალიევა

1946 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს 1313 ბრძანების მიხედვითა და აზერბაიჯანის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ახუნდოვის მასწავლებელთა სახელმწიფო ინსტიტუტი დაარსდა. პირველ წელს ინსტიტუტში 108 სტუდენტი ჩაირიცხა. ინსტიტუტში 28 ადამიანი იყო დასაქმებული.

1952 წელს რუსული ენის მასწავლებელთა მოსამზადებლად ახუნდოვის მასწავლებელთა ინსტიტუტი ოთხწლიან აკადემიურ დაწესებულებად - პედაგოგიურ ინსტიტუტად გარდაიქმნა. 1952-1953 აკადემიურ წელს ინსტიტუტში 40 მასწავლებელი მუშაობდა, რომელთაგანც 12-ს მაგისტრის ხარისხი ჰქონდა მოპოვებული. 1956-1957 წლებში ინსტიტუტში ხუთწლიანი საგანმანათლებლო სისტემა შემოიღეს. თავდაპირველად რუსული ენისა და რუსული ენის ლიტერატურის ახუნდოვის პედაგოგიური ინსტიტუტი ყველაზე დიდ სპეციალიზებულ ინსტიტუტს წარმოადგენდა.

1959 წლისთვის ინსტიტუტში 15 განყოფილება იყო შექმნილი, სადაც 188 პროფესორი და მასწავლებელი ასწავლიდა. ამ პერიოდში უნივერსიტეტში 3700 სტუდენტი სწავლობდა. 1966-1967 წლებში განყოფილებების რეორგანიზება მოხდა და ახალი ფაკულტეტები შეიქმნა. რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ორ სექციად გაიყო: რუსული ენის მიმართულებად და აზერბაიჯანში ენის ფუნქციონირების მიმართულებად.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოთხწლიანი სწავლების სისტემა 1994 წელს ჩამოყალიბდა. 1997 წელს სამაგისტრო განყოფილება შეიქმნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის 2000 წლის 13 ივნისის ბრძანების თანახმად, რუსული ენისა და ლიტერატურის აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტი ბაქოს სლავურ უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ბაქოს სლავური უნივერსიტეტი არის კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი.[3]

დღეისთვის ბაქოს სლავურ უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი და 2 დეპარტამენტი ფუნქციონირებს. პედაგოგიის ფაკულტეტი მოიცავს რუსული ლიტერატურისა და ენის საბაკალავრო პროგრამას. ლინგვისტიკისა და უცხო ენათა სწავლების ფაკულტეტი მოიცავს ლინგვისტიკის (რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენა და ლიტერატურა) და უცხო ენათა სწავლების საბაკალავრო პროგრამებს. ფაკულტეტი შეიცავს 7 დეპარტამენტს. თარგმნის ფაკულტეტი მოიცავს ინგლისური, ბერძნული, რუსული, ბულგარული, უკრაინული, პოლონური და ჩეხური ენების მთარგმნელობით საბაკალავრო პროგრამებს. საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული კვლევების ფაკულტეტი მოიცავს აღმოსავლური (რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი) და ცენტრალური ევროპის (ჩეხეთი), ბალკანეთის (ბულგარეთი), საბერძნეთისა და თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აზერბაიჯანული ლინგვისტიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

ბაქოს სლავური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი

ბაქოს სლავური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე დაფუძნდა, 1946 წელს. უნივერსიტეტში მომხდარი ცვლილებების დიდი ნაწილი გავლენას ახდენდა ბიბლიოთეკის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე. 2008 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიბლიოთეკის განახლების ბრძანებას მოაწერა ხელი. ბიუჯეტის დიდი ნაწილი ბიბლიოთეკის ახალ სივრცეში განთავსებაზე დაიხარჯა.[4]

ბაქოს სლავური უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართული არიან სპორტის სხვადასხვა დიციპლინაში: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ჩოგბურთში, ბადმინტონში, ჭადრაკსა და სხვა სახეობებში. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ როგორც რესპუბლიკის, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში. ბაქოს სლავური უნივერსიტეტის ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდები აქტიურად მონაწილეობენ თანამეგობრობის თამაშებში და მოსკოვში, კიევსა და მინსკში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არაერთი თასი და მედალი მოიპოვეს.[5]

ვლადიმერ პუტინი ბაქოს სლავური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მიღებისას

ბაქოს სლავური უნივერსიტეტის მუზეუმი 2000 წელს დაარსდა. მუზეუმი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი. მუზეუმში სტუდენტთა ნახატები, საფეიქრო ნაწარმი და სხვა ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ცნობილი კურსდამთავრებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს სლავური უნივერსიტეტი დაამთავრეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან: ელდარ გასიმოვი — მომღერალი, 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული; თელმან ჯაფაროვი — ბაქოს სლავური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საკითხთა ვიცე-რექტორი; ვალი ხიდიროვი — ლინგვისტი და კავკასიის კვლევების სპეციალისტი; ხეირულა აღაევი — მკვლევარი და მწერალი; ამინა იუსიფღიზი — მსახიობი და აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (1998).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]