ნანტის ედიქტი
ნანტის ედიქტი — კანონი, რომელიც ფრანგ პროტესტანტ-ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლებას ანიჭებდა. კანონი შედგენილ იქნა მეფე ანრი IV-ის ბრძანებით და დამტკიცდა ნანტში, 1598 წლის 13 აპრილს. კანონი შედგებოდა 93 მუხლისა და 36 საიდუმლო დადგენილებისგან; ეს უკანასკნელი პარლამენტის მიერ განხილული არ იყო და მის პროტოკოლში არ შეუტანიათ. ედიქტის მიღებას წინ უძღოდა ჰუგენოტების მრავალრიცხოვანი საჩივრები და ხანგრძლივი მოლაპარაკებები მეფესთან.
მონაწილეთა მთავარი განხილვის თემა სამოქალაქო კავშირი იყო. შედეგად, ედიქტმა სამოქალაქო კავშირი რელიგიურისგან გამოყო, ასევე პირველად ისტორიაში ზოგიერთ პროტესტანტს ერეტიკოსის წოდება მოუხსნა, გაუხსნა რა გზა სეკულარიზმსა და ტოლერანტობას. პიროვნებისთვის თვითგამორკვევის თავისუფლების მინიჭებით, ედიქტი პროტესტანტებს მრავალ მნიშვნელოვან დათმობას სთავაზობდა, მათ შორის ამნისტიასა და მათი სამოქალაქო უფლებების აღდგენას (მოიცავდა ნებისმიერ სფეროში სამსახურის უფლებას და საჩივრების პირდაპირ მეფესთან მიტანის უფლებას). ედიქტმა ბოლო მოუღო რელიგიურ ომებს, რომელიც საფრანგეთის მოსახლეობას ერთმანეთთან აქიშპებდა XVI საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში.
ნანტის ედიქტი გაუქმდა 1685 წელს ფონტებლოს ედიქტის საფუძველზე ლუი XIV-ის მიერ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Edict of Nantes დაარქივებული 2012-12-14 საიტზე Wayback Machine.
- The Edict of Nantes დაარქივებული 2018-09-16 საიტზე Wayback Machine.