აბსენთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბსენტი)
ნატურალური შეფერილობის მქონე აბსენთი, გვერდით აბსენთის კოვზი.

აბსენთი, უფრო ცნობილი ორთოგრაფიულად არასწორი სახელით აბსენტი[1] (ფრანგ. absinthe < ბერძ. absinthion — „აბზინდა“) — რამდენიმე დისტილაციის შედეგად მიღებული მაღალი ალკოჰოლური შემცველობის მქონე სითხე ანისულის არომატით, რომელიც იოლად ექვემდებარება აქროლვასა და აალებას.

აბსენთის მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, ბადიანი ვარსკვლავა, ანისი, ბარამბო, ტრიფოლიატა, პიტნა, სამკურნალო უსუპი, კოთხუჯი, ქინძი და სხვა, თუმცა აბსენთის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუჯონის შემცველობაზე. საშუალო სიმძლავრის ტუჯონის ეფექტის მისაღებად საჭიროა, რომ აბსენთის შემადგენლობაში შედიოდეს მინიმუმ 150 მილიგრამი ტუჯონი ყოველ 1 ლიტრზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სხვა კომპონენტის ან კომპონენტების არასრულად შერევის შემთხვევაში, არანაირი ეფექტი არ აღინიშნება.

აბსენთის ორიგინალური მწარმოებელია შვეიცარია და საფრანგეთი, მისი რეცეპტი ეკუთვნის ერთ-ერთ XIX საუკუნის შვეიცარიელ ექიმს, რომელმაც ხველების და ასთმის საწინააღმდეგო წამლის გამოგინების მიზნით ერთმანეთში შეურია ზემოთჩამოთვლილი მცენარეები და ეთერზეთების რაფინირების მიზნით მოახდინა მიღებული ალკოჰოლური მასის გამოხდა.

აბსენთის პოპულარობას საფუძველი ექიმის გარდაცვალების შემდეგ ჩაეყარა, რომელმაც აბსენთის რეცეპტი სიკვდილის წინ გაყიდა და ამით სასმელის მასობრივ წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.

საქართველოში აბსენთის წარმოება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ხორციელდებოდა, თუმცა ხარისხის და ნედლეულის შეუსაბამობის გამო, მწარმოებელმა კომპანიებმა ვერ მიაღწიეს საჭირო ხარისხსა და ეფექტს, შედეგად კი იძულებული გახდნენ წარმოება დაეხურათ.

საშუალოდ, ერთი პორცია აბსენთის დამზადებას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება, რომელიც თავის თავში მოიცავს მასალების მოგროვების პერიოდს, ნაყენობის პერიოდს, გამოხდის პერიოდს. უკეთესი ხარისხის მისაღებად ნაყენი იხდება 2-3-ჯერ, მანამ, სანამ ბოლომდე არ მოხდება მავნე სახის ზეთების მოცილება და მიღებული სპირტის დაყვანა 70-80%-იან ალკოჰოლის შემადგენლობამდე.

კანონმდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში აბსენთის წარმოება და მოხმარება არ იკრძალება კანონმდებლობით. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს უმთავრესი მოთხოვნა ალკოჰოლური და ბალზამისებული სასმელების მწარმოებელი კომპანიების მიმართ მხოლოდ ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვაა.

რიტუალი (მომზადება)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსენთის მომზადების ტრადიციული გზა. მინიშნება, მომზადება წვის გარეშე.

ტრადიციულად აბსენთის მომზადება ხდება სპეციალურ აბსენთის ჭიქაში, ჭურჭელში ისხმება დაახლოებით 50 მილილიტრი სუფთა აბსენთი და ჭიქის თავზე სპეციალური ნახვრეტებიანი კოვზი თავსდება. შაქრის კუბიკი თავსდება აბსენთის კოვზის ცენტრში და მასზე ვიწყებთ ყინულივით ცივი ან ყინულიანი წყლის დასხმას წვეთ-წვეთად, 1 პორცია აბსენთს უნდა დაემატოს 3 ან 5 პორცია წყალი, წყალი უნდა დაესხას დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში (წვეთ-წვეთად), იმისათვის რომ მოხდეს შაქრის ნატეხის კარგად გახსნა სასმელში და მიღებული ეფექტის მაქსიმიზაცია. ამ პროცესის განმავლობაში თავს იჩენს ის ზეთები რომლებიც შედის ანისის, ანისულის, კამის, ცერეცოსა და ბადიანი ვარსკვლავას შემადგენლობაში, აბსენთის კოქტეილი წყლის რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აიმღვრევა და გახდება მომწვანო რძისფერი (სითხეში 5 სანტიმეტრის სისქის პირობებში შუქი ატანს).

აბსენთის მომზადება შესაძლებელია ასევე ჩვეულებრივ ჭიქაში, სარიტუალო აბსენთის კოვზის სანაცვლოდ იყენებენ ჩვეულებრივ ნასვრეტებიან სუფრის კოვზს ან ჩანგალს.

ადამიანს, რომელიც პირველად სვამს აბსენთს, შეიძლება აღენიშნოს მცირე დისკომფორტი დალევის დროს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელმა ვერ გააცნობიეროს ტუჯონის ეფექტი. საერთო ჯამში აბსენთის ეფექტიანობა უფრო და უფრო იზრდება იქიდან გამომდიანრე თუ რამდენად ხშირად მოიხმარს მას მომხმარებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]