ბარამბო
| ბარამბო | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Melissa officinalis | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ბარამბო (Melissa officinalis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ღერო და ფოთოლი შებუსული აქვს. ფოთლები ღეროზე განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ, კვერცხისებრი ფორმით. თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედადაა შეკრებილი. კვერცხისებრი ფოთლის ორივე მხარე დაფარულია ეთეროვანი ზეთის შემცველი მბრწყინავი ჯირკვლებით, რომელიც მცენარეს ლიმონის სუნს აძლევს. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. მთელი მცენარე ნაზ-ბუსუსებიანია, განსაკუთრებით აყვავებამდელ ფაზაში. გრძელყუნწიანი ფოთლები კვერცხისებრ-გულისებრია, კიდეებში ბლაგვი, მსხვილი კბილებით, ღეროზე ერთიმეორის მოპირისპირედ არის განლაგებული. მოვარდისფრო-მოყვითალო თეთრი ყვავილები ფოთლების ყუნწების იღლიებში 3-10 ცალის რაოდენობით ცალმხრივა ჩხროებადაა განლაგებული ღეროს ზედა ნაწილში.
ველურად იზრდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე უკრაინაში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში — მთის ქვედა სარტყელში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. ყვავის ივნის-აგვისტოს განმავლობაში.
ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა. კულტივირებულია ძირითადად უკრაინაში. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც ნერვების დამაწყნარებელი, საკვების მომნელებელი, მასტიმულირებელი, მადისმომგვრელი და პირღებინების შემაჩერებელი საშუალება. მედიცინაში მისი ეთერზეთი გამოიყენება, როგორც საგულე, რევმატიზმის საწინააღმდეგო, ნერვებდამაწყნარებელი და ოფლმდენი საშუალება. მასში არსებულ ეთერზეთს ლიმონის არომატი აქვს და ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში, ლიქიორ-არაყის წარმოებაში, მედიცინაში და კვების მრეწველობაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.