ჩეჩნეთის პირველი ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩეჩნეთის პირველი ომი
Evstafiev-chechnya-palace-gunman.jpg
თარიღი 11 დეკემბერი, 1994 – 31 აგვისტო, 1996
მდებარეობა ჩეჩნეთი
ინგუშეთის, სტავროპოლის მხარის და დაღესტნის ნაწილი
შედეგი ხასავ იურტის შეთანხმება
ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა
მხარეები
რუსეთის დროშა
რუსეთის ფედერაცია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა
ჩეჩნეთი
მეთაურები
რუსეთის დროშა პავლე გრაჩოვი
რუსეთის დროშა ანატოლი კულიკოვი
რუსეთის დროშა კონსტანტინე პულიკოვსკი
რუსეთის დროშა ანატოლი რომანოვი
რუსეთის დროშა ანატოლი შკირკო
რუსეთის დროშა ვიაჩესლავ ტიხომიროვი
რუსეთის დროშა გენადი ტროშევი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა ჯოჰარ დუდაევი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა ასლან მასხადოვი
ძალები
38,000 (1994 წლის დეკემბერი)
70,500 (1995 წლის თებერვალი)
15,000[1]
დანაკარგები
სამხედრო:
5,732 მოკლული ან დაკარგული
უდანაშაულო მოსახლეობა:
სულ ცოტა 161 მოკლული ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარეთ[2]
სამხედრო:
17,391 გარდაცვლილი (რუსული წყაროების მიხედვით)

სულ ცოტა 5,000 გარდაცვლილი
უდანაშაულო მოსახლეობა:
50,000–100,000 გარდაცვლილი[3]

ჩეჩნეთის პირველი ომი ეწოდება იმ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სეპარატისტულ ანკლავში — ჩეჩნეთში. 1994 წელს დაწყებული ეს კონფლიქტი 1996 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.

რუსული წყაროების მიხედვით, კონფლიქტში 5,500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი წყაროებით კი იგი 14,000 აღწევს. რაც შეეხება ჩეჩნების დანაკარგს, იგი რუსეთის მტკიცებით 15,000–ს, ხოლო ჩეჩნეთის მტიცებით - 3,000 უტოლდება. 50,000 - 100,000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 200,000 დაიჭრა და 500,000 დევნილად იქცა.


კონფლიქტის დასაწყისი[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იგი მხოლოდ საქართველომ აღიარა.

1992 წელს, ბორის ელცინის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ რეგიონებს ფართო ავტონომიის უფლებას აძელვდა, 88 რეგიონიდან მხოლოდ ორმა, ჩეჩნეთმა და თათრეთმა არ მოაწერეს ხელი. თუმცა თათრეთმა მას 2 წლის შემდეგ, 1994 წელს მოაწერა ხელი.

რუსეთი ინტესნიურად ამარაგებდა ოპოზიციურ ძალებს ჩეჩნეთში. მათ 1992 წლის მარტში ჩეჩნეთის მთავრობის ჩამოგდებაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

1994 წლის 30 ოქტომბერს რუსულმა ავიაციამ გროზნო დაბომბა. შეტევას მხარი აუბეს ჩეჩნეთის ოპოზიციურმა ძალებმაც. მეორე ფართომასშტაბიანი შეტევა გროზნოზე 26-27 ნოემბერს განხორციელდა. ორივე შეტევა, ჯოჰარ დუდაევის მებრძლების მიერ მოგერიებულ იქნა.

1994 წლის 29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჩეჩნეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა. ჯოჰარ დუდაევმა ულტიმატუმი არ მიიღო.

1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული შენაერთები ჩეჩნეთში შეიჭრნენ. მიზეზად "კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება" დასახელდა. რუსეთის მაშინდელმა თავდაცმის მინისტრმა პაველ გრაჩევმა განაცხადა, რომ "უსისხლო ბლიცკრიგი" მაქსიმუმ 20 დეკემბრამდე გასტანდა.


უშუალო კონფლიქტი[რედაქტირება]

11 დეკემბერს რუსეთის არმიამ დედაქალაქ გროზნოზე შეტევა 3 მხრიდან დაიწყო. ერთ–ერთი ფრონტი კოლონელ–გენერალის, ედუარდ ვორობიოვის მიერ შეჩერებულ იქნა. მან პროტესტი გამოხატა "ჯარის გაგზავნაზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ". მას ბევრმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა ფიგურამ მიბაძა. მათ შორის ბორის ელცინის მრჩეველმა - ემილ პაინმა.

ელცინის განზრახვა, გროზნო ბლიცკრიგით აეღო, ამაო გამოდგა. რუსი ჯარისკაცების ჟინი უმდაბლესი იყო. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თუ რისთვის გაგზავნეს ომში.

ინგუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს რუსული კოლონა, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიიწევდა. მათ 30 ჯავშანმანქანა ცეცხლში გახვიეს. 1995 წლის იანვრამდე რუსეთის საარტილერიო და ხალიჩურ დაბომბვებს ათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა მოჰყვა.[4]

ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში ბუნკერბსა და სანგრებს თხრიდნენ და გამალებით ემზადებოდნენ თავდაცვისთვის.

29 დეკემბერს ჩეჩენმა მებრძოლებმა უშედეგო იერიში მიიტანეს გროზნოს აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ წერტილზე - ხანკალაზე(იხ. ხანკალას ბრძოლა).


გროზნოს ბრძოლა[რედაქტირება]

1994-1995 წლების დეკემბერ-იანვარში რუსეთის საავიაციო და საარტილერიო შეტევებს გროზნოზე ათასობით მშვიდობიანი მოსახლის სიკვდილი მოჰყვა.

"ახალი წლის ღამის" ბრძოლას 1,000-2,000 რუსი ჯარისკაცი შეეწირა. 60-საათიან ბრძოლას მაიკოპის მოტორმსროლელი ბრიგადის ყველა დანაყოფი შეეწირა. მათგან მხოლოდ 230 ჯარისკაცი გადარჩა ცოცხალი(1/3 ჩეჩნების მიერ დატყვევებული).

მიუხედავად ჩეჩენი მებრძოლების გმირული წინააღმდეგობისა, რუსეთის არმიამ გროზნოს აღება შეძლო. 19 იანვარს რუსეთის არმიამ პრეზიდენტის სასახლე აიღო. ბრძოლა ქალაქის სამხრეთ რაიონებში კი 1995 წლის 6 მარტამდე გაგრძელდა.

რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა, სერგეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ შეტაკებებს გროზნოში 27,000 უდანაშაულო მოსახლის სიკვდილი მოჰყვა. დმიტრი ვოლკოგონოვის თქმით კი - 35,000, მათგან 5,000 ბავშვი. რაც შეეხება ჯარისკაცებს, რუსეთის მტკიცებით, კონფლიქტის პირველ 5-კვირიან შეტაკებებში, მხოლოდ 2,000 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა .[5]

შეტევის გაგრძელება[რედაქტირება]

ჩეჩენი მებრძოლი ბორზით ხელში

1995 წლის 15 აპრილს რუსულმა კოლონებმა ჩეჩნეთის სამხრეთით იწყეს სვლა. 1995 წლის ივლისში ჩეჩენმა აჯანყებულებმა, შამილ ბასაევის მეთაურობით ქ.ბუდიონოვსკში(სტავროპოლის რაიონი) 1,500 ეთნიკური რუსი აიყვანეს ტყვედ. რუსეთი დროებით ულტიმატუმს დათანხმდა და დროებით შეაჩერა სამხედრო ოპერაციები. ამით ისარგებლეს ჩეჩნებმა და სამხედრო გადაჯგუფებები მოახდინეს. ამ დროს ჩეჩენი მებრძოლები პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდნენ რუსების წინააღმდეგ.

აჰმად კადიროვმა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა და არა–ჩეჩენ ხალხს მოუწოდა ჩართულიყვნენ ომში. ამას, 5,000 მოხალისის ჩასვლა მოჰყვა ჩეჩნეთში. უმეტესობა კავკასიელი ხალხი: 1,500 დაღესტნელი; 1,000 ქართველი; 500 ინგუში; 200 აზერბაიჯანელი; 300 თურქი; 400 სლავი უკრაინიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. ასევე 100-მდე არაბი და ირანელი.

ჩეჩნეთის კონტრშეტევა[რედაქტირება]

1996 წლის 6 მარტს 1,500-2,000-მა ჩეჩენმა მებრძოლმა მოულოდნელი იერიში მიიტანა დედაქალაქზე. გროზნოში ბრძოლები 3 დღე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ჩეჩნებმა იარაღის უდიდესი მარაგი და ამუნიცია ჩაუგდეს ხელთ. 1 თვეში, 16 აპრილს, არაბი მხედართმთავრის, იბნ ალ–ხატაბის მეთაურობით ჩეჩენმა მებრძლებმა სოფელ შატოისთან რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს. შეტაკების შედეგად 53 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

1996 წლის 21 აპრილს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი რუსეთის დაბომბვებს შეეწირა.

რაც დრო გადიოდა და დაღუპულების რიცხვი იზრდებოდა, რუსეთში ეს ომი უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა. 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ჩეჩნეთის ახალ პრეზიდენტთან, ზელიმხან იანდარბიევთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ფრონტის ხაზზე ბრძოლები არ წყდებოდა. 6 აგვისტოს, ბორის ელცინის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე, ჩეჩნურმა შენაერთებმა გროზნოზე მოულოდნელი იერიში მიიტანეს.

გროზნოს მესამე ბრძოლა[რედაქტირება]

ჩეჩენი მებრძოლი დამწვარი რუსული ტანკის უკან იმალება

6 აგვისტოს 1,500–მა ჩეჩენმა მებრძოლმა, შამილ ბასაევის, ასლან მასხადოვისა და ჰამზატ გელაევის მეთაურობით დედაქალაქზე იერიში მიიტანა. ამ დროისთვის, ქალაქში 12,000-მდე რუსი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი. ჩეჩნების შეტევა წარმატებით მიმდინარეობდა. 19 აგვისტოს რუსეთის მხედარმთავარმა, კონსტანტინ პულიკოვსკიმ ქალაქში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენა და 48 საათის განმავლობაში იარაღის დაყრა უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. პულიკოვსკის განცხადების შემდეგ, ქალაქი პანიკამ მოიცვა. მოსახლეობა ცდილობდა სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი სანამ რუსეთი მის დაბომბვას დაიწყებდა. რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ ლტოლვილთა კოლონების დაბომბვა დაიწყო, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. 22 აგვისტოს ულტიმატუმი სამშვიდობო ხელშეკრულებამ შეცვალა, რომლის ინიციატივაც, ბორის ელცინის მრჩევლისგან, ალექსანდრ ლებედისაგან იყო წამოსული. ამ უკანასკნელმა, პულიკოვსკის ულტიმატუმს - "ცუდი ხუმრობაც" კი უწოდა.

ხასავ იურტის შეთანხმება[რედაქტირება]

1996 წლის 31 აგვისტოს, 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ალექსანდრ ლებედსა და ასლან მასხადოვს შორის მიმდინარეობდა, ხასავ–იურტის ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილებით დასრულდა. შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებდა:

  • დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები
  • ორივე მხარის მიერ გროზნოს დატოვება
  • გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება ქალაქში გამეფებული მოროდიორობის აღსაკვეთად.
  • ფედერალური ძალების გამოსვლა ჩეჩნეთიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე.
  • პირობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე.

მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულება[რედაქტირება]

ხასავ იურტის შეთანხმებიდან 9 თვის შემდეგ, 1997 წლის 12 მაისს ახლადარჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ბორის ელცინთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.[6]

მასხადოვი იმედოვნებდა, რომ რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდებოდა, თუმცა ამაოდ. 2 წლის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში, ჩეჩენი მებრძოლები, შამილ ბასაევისა და იბნ ალ-ხატაბის მეთაურობით დაღესტანში შეიჭრნენ. რამაც რუსეთში ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხელ–ფეხი გაუხსნა, რათა მსხვილ მასშტაბიანი კამპანია წამოეწყო ჩეჩნური სეპარატიზმის საბოლოო განადგურებისთვის.

სქოლიო[რედაქტირება]