ფაზისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფაზისი (მრავალმნიშვნელოვანი).
პტოლომიოსის რუკა II ს. გამოცემულია ვენაში 1541 წ.

ქალაქი ფაზისი (ძვ. ბერძნ. Φάσις) იგივე ფასისი, (თანამედროვე - ფოთი, საქართველოს ერთერთი უძველესი ქალაქთაგანია. იგი წარმოიქმნა მდინარე ფასისის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ. წ. აღ. VII-VI საუკუნეებში.

პირველი ეპიგრაფიული ძეგლი, სადაც მოხსენიებულია ფაზისი არის — მრგვალი ვერცხლის ჯამი-ფიალა წარწერით „მე ვეკუთვნი წინამძღვარ აპოლონს, რომელიც ფასისშია“ (Απόλλωνος Ήγεμόνος είμ τõμ Φάσι), ნაპოვნია ხუტორ ზებოვსკში ყუბანში (რუსეთი), დათარიღებულია V ს. ბოლო — IV ს. დასაწყისი ჩ. წ. ა. [1], წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება სკილაქი კარიანდელის მიერ როგორც «ელინური ქალაქი ფასისი» (IV ს. ჩ.წ.ა.). ფაზისის კოლონია დაუარსებიათ მილეთელ მოახალშენე ბერძნებს.

სახელწოდება[რედაქტირება]

საქართველოს რუკა II ს. ძვ.წ.ა. - III ს.ახ.წ.ა.

სახელწოდება ფაზისი ქალაქმა მიიღო მდინარე რიონის ძველი სახელისგან. უნდა ვიფიქროთ, რომ ბერძენი კოლონიზატორები თუ მოახალშენენი, ამ სიტყვით, გამოხატავდნენ კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობას გამდინარე წყლისა. ჩანს, არა ყველა მდინარეს უწოდებდნენ ისინი ფასისს, არამედ მხოლოდ მას, რომელსაც ეთანადებოდა ბერძნული სიტყვა „ფასისი“. ფასისი ბერძნულად ერთ-ერთი ღვთაების სახელი იყო, რომელსაც მდინარის სახე ჰქონდა. მდინარე-ღვთაება ფასისის გენეალოგია ასეთი ყოფილა ის ღმერთ ოკეანესა და თეტისის შვილი იყო - ძვ. წელთაღრიცხვის VIII ს-ის პოეტის ჰესიოდეს სიტყვებით (თეოგონია) - „თეტესმა ოკეანეს უშვა ბობოქარი მდინარეები: ნილოსი, ალფეიოსი, მეანდროსი, ლამაზტალღებიანი ისტოსი, ფაზისი, რეზოსი“....

ცნობილია, რომ ბერძნები ფასისს უწოდებდნენ რამდენიმე მდინარეს, მათ შორის ევფრატსაც (მის ზემოწელში) და ჭოროხსაც, თუ არას ვიტყვით სხვა მდინარეებზე. სიტყვა „ფასისი“ ბერძნულად თურმე ერქვა საზოგადოდ სუფთა სითხეს, მათ შორის სუფთა წყალს, სუფთა ზეთს და სხვათა, რომელნიც სისუფთავისა და სიწმინდის გამო გამოიყენებოდა ღვთისმსახურებისას.

ფასისი ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში ეწოდებოდა წმინდა ზეთს, რომელიც იხმარებოდა მეფის ან სასულიერო პირის მიერ სხვა პიროვნების ზეთისცხების დროს [2].

IV საუკუნის (ძვ.წ.ა.) ბერძენი მწერლის ფსევდო სკილაქ კარიანდელის ცნობით, მდინარე ფაზისის ზღვაში შესართავთან გაშენებულია ელინთა ქალაქი ფაზისი. ქალაქი ფაზისი წარმოადგენდა მაღალგანვითარებულ, მრავალდარგოვან, ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრს. ფაზისის სარაფხანაში იჭრებოდა ლეგენდარული ვერცხლის მონეტა - კოლხური თეთრი. ფართო იყო მისი ურთიერთობის სფერო ბერძნულ სამყაროსთანაც, რომლის მეშვეობით ფაზისი მთელ აღმოსავლეთსაც უკავშირდებოდა.

ისტორიული წყაროები[რედაქტირება]

ძველი ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის სიტყვებით ფაზისში თავს იყრიდა 60 ტომი, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, მათ შორის ბარბაროსები ინდოეთიდან და ბაქტრიიდანო.

მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ფაზისის ბერძნული კოლონია მალევე გამდიდრებულა და კეთილმოწყობილა, თავად ფაზისელებს კი უებრო მასპინძელთა სახელი მოუხვეჭიათ.

„ფაზისელები სტუმართმოყვარენი არიან ... ისინი ამარაგებენ მათ, ვისაც გემი ეღუპებათ. სამ ნავს აძლევენ და ზღვითვე სამშობლოში აგზავნიან“ - წერდა არისტოტელე.

ფაზისის თანამედროვე ფოთის მიდამოებში არსებობას ანტიკური ხანის ისტორიკოსთან და გეოგრაფთა ცნობებიც ადასტურებენ. სტრაბონის [3] ცნობით, ფაზისი მდებარეობდა მდ. ფაზისსა (რიონი), ტბასა (პალიასტომი) და ზღვას შუა. ამის შესახებ იგი წერს: "ფაზისის პირას მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხების ემპირიონი, რომელსაც წინ უძევს მდინარე, ტბა და ზღვა." და ჰეროდოტეს [4] რუკაზე ამ ადგილას ფაზისია აღნიშნული.

წარმოშობის სადაურობა[რედაქტირება]

ანტიკური ხანის საქართველო

საინტერესოა გაირკვეს ფაზისის წარმოშობის სადაურობა. პ. ინგოროყვამ მეცნიერული სიზუსტით ნათელჰყო, რომ სიტყვა - ფაზისი ქართული წარმოშობისაა. ამის შესახებ იგი წერს: "სიტყვა ფას-ი || ფს-ი აქედან ფას-ისი, ფს-ის ი ძირეულია და აღნიშნავდა ცნებას "წყალი". ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ ფუძესმრავალგვარი განშტოება მოეპოვება ქართულში." აქედან გამომდინარე პ. ინგოროყვა ასკვნის, "....სახელი კოლხეთის მთავარი მდინარისა, ფას-ი, ფას-ის-ი არაა უცხოური წარმოშობისა, არამედ ქართული ენობრივ სამყაროს ეკუთვნის". მკვლევარი აღნიშნავს: "პირველადი სახელწოდება ამ პუნქტისა არის ფაზისის ქალაქი ანუ ფასტი (ფას-თი), რომლის პარალელური სახეობაა - ფოსთი, საიდანაც შემდებ წარმოიშვა ფოთი, ფოთ." ფოთიდან წარმომდგარია მეგრული გეოგრაფიული სახელწოდება ფუთი ამასთან ერთად. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბეში გამოქვეყნებულია, რომ ფაზისი - მერმინდელი ფოთი - ადგილობრივ, ქართულ ფორმასთან დაკავშირებულ წყაროდან მომდინარეობს.

ისტორია[რედაქტირება]

უკვე ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებში ფაზისი დიდ როლს ასრელებდა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში. სხვადასხვა დროს ფაზისის ნავსადგურით ხშირად უსარგებლიათ საბერძნეთის, რომის, კონსტანტინოპოლის, ეგვიპტის სასულთნოს, გენუის, და ევროპის მრავალ სხვა ქვეყნის სავაჭრო ხომალდებს. თვითნიერ სიმდიდრისა, მომხდურ-დუშმანის ცეცხლი და მახვილიც ჭარბად უგემია ფაზის - ქალაქს. დაარსებიდან უცხოთა მიერ მრავალგზის ნათარეშევი, ფაზისი მოგვიანებით კი ფოთი მუდამ რჩებოდა სხვადასხვა ჯურის დამპყრობელთა სასურველ ლუკმად. საკუთარ მფარველს მოკლებული, მუდამ ხელიდან-ხელში გადადიოდა და უფრო და უფრო უღვივებდ მომხდურს აქ გაბატონების სურვილს. აქ ულაშქრიათ პონტოელ მითრიდატე ევპატორს, რომაელ პომპეუსს, სპარს ნახორაგენეს, ბიზანტიელ კეისრებს - იუსტინიანეს და თურქ-ოსმალებს...

საქართველო პომპეუსის მოსვლის დროს

66 წელს ძვ.წ.ა. ფაზისთან ერთმანეთს შეხვდნენ იბერიიდან გადმოსული პომპეუსი და რომაელების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი სერვილიუსი, რომლის ფლოტიც ზღვიდან კეტავდა და აკონტროლებდა ქალაქს.

I ს-ის (ძვ. წ. ა.) პირველი ათეულის დამლევს პონტოს მეფე მითრიდატე ევპატორმა კოლხების ძლიერი სამეფო დაიმორჩილა და მისი ერთ-ერთი ეკონომიკური ცენტრი და ნავსადგური ქალაქი ფაზისი ხელში ჩაიგდო. მაგრამ მითრიდატ ევპატორის ბატონობას კოლხეთსა და მის ეკონომიკურ ცენტრში ქ, ფაზისში ბოლო მოუღო რომაელთა შემოსევამ ამიერკავკასია-საქართველოში.

მაშინ ქალაქს ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა ხის გალავანი, მაგრამ რომაელებს ეს გალავანი დაუნგრევიათ და მის ნაცვლად ქალაქისათვის ქვის გალავანი შემოუვლიათ.

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელების გავლენის გაძლიერების შემდეგ ფაზისში ჩადგა რომაული სამხედრო გარნიზონი. II ს. (ძვ. წ. ა.) რომაელებს ფაზისში თავიანთი ჯარი ჩაუყენებიათ და იმპერიის მფლობელობის ჩრდილო საზღვარს წარმოადგენდა (ბოსფორის სამეფო მდებარეობდა უფრო ჩრდილოეთით მაგრამ განიცდიდა იმპერიის ზეგავლენა. თუმცა დამოუკიდებელი იყო იმპერიისაგან), ქალაქის სტატუსი III ს. დაუდგენელია, თუმცა ზოსიმე "ახალ ისტორიაში" გვამცნობს რომ სკვითეთის ომის დროს III საუკუნეში გოთებმა რომლებმაც მიიღეს ბოსფორის გემები, წარუმატებლად ეცადნენ ფასიანის არტემიდის ტაძრის სამლოცველოს აღება.

IV-V საუკუნეებში ახ.წ.ა. ლაზიკის სამეფოს გაძლიერებისას, ალბათ ფაზისი ხდება ლაზიკის დაქვემდებარებაში; პროკოპი კესარიელი გვამცნობს ლაზიკის ინტენსიურ გარე საზღვაო ვაჭრობის შესახებ, რაც ალბათ ქალაქ ფაზისის მეშვეობით მიმდინარეობდა [5].

542-562 წწ. ბიზანტია - ირანის ომის დროს ბიზანტია-ლაზიკის გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ირანელები. 555 წელს ირანისა და რომაელი ჯარების სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად ქალაქმა ფაზისმა დიდი აოხრება განიცადა, მაგრამ არ დაუკარგავს თავისი საერთაშორისო მნიშვნელობა. [[1]]

ადრე ფეოდალურ ხანაში ფაზისი კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობას. საქართველო შავი ზღვით უკავშირდებოდა დასავლეთის ქვეყნებს, რიონი - მტკვრის სანაოსნო გზით კი სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოებს. უცხოელ ვაჭრებს კოლხეთიდან გაჰქონდათ რკინა, ხე-ტყე, ოქრო, სელი, ტყავეული, კოლხური ხოხობი. ბერძენ ვაჭრებს შემოჰქონდათ ნელსაცხებლები, ზეითუნის ზეთი, მარცვლეული, სამკაული და კერამიკის ჭურჭელი. ამავე ხანაში ფაზისი იყო ბიზანტიურ სამყაროში კარგად ცნობილი კულტურული ცენტრი. ბიზანტიელი ორატორი და ფილოსოფოსი თემისტე (317-338 წ ახ.წ.ა.) იძლევა უდაო ცნობას ქალაქ ფაზისში უმაღლესი სკოლის არსებობის შესახებ. ქართველი მეცნიერები კოლხეთის ფაზისის აკადემიის დაარსების თარიღად III საუკუნის შუა ხანებს თვლიან. რუდოლფ შტაინერის ცნობით კოლხეთის აკადემია VII - VIII საუკუნეებშიც არსებობდა. ეს საკითხი კვლევის საქმეა. ამ აკადემიაში უსწავლიათ: ბერძენ ფილოსოფოსებს ევგენიოსს და მის შვილს თემისტეს, ნუცუბიძე შალვას მტკიცებით იბერიის უფლისწულს ბაკურს. კოლხეთის აკადემიაში ასევე მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე პეტრე იბერი.

ქალაქი ფაზისი ფოთად ოფიციალურ ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებული აქვს VIII საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ღევონდის. ქართულ წყაროთა შორის ფოთი პირველად გვხვდება XI საუკუნის ძეგლში "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება" . ამ ცნობის თანახმად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ათონელი ქ. სამსუნიდან ნავით ფოთის ნავსადგურში შემოსულა.

ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირვეწოდებულმა ფაზისში იქადაგაქრისტიანობა. ადრე შუა საუკუნეებში ფაზისი დასავლეთ ქართველთა საეკლესიო ცენტრს - ფაზისის სამიტროპოლიტოს წარმოადგენდა. მე-5 დან მე-8 საუკუნემდე ფაზისის საეპისკოპოსო იყო კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში. შემდგომში ფაზისში რეზიდენცია ჰქონდა ლაზიკის მიტროპოლიტს, რომელსაც სამი საეპისკოპოსო ექვემდებარებოდა. რომლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ 533 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებას სხვებთან ერთად ფაზისელი ეპისკოპოსიც აწერდა ხელს: "თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფასოსამან სოფელსა შინა მეგრელთასა განვსაზღვრენ და წავწერენ". 787 წლის ნიკეის მსოფლიო კრებას ხელს აწერს ქრისტოფერე ეპისკოპოსი ფაზისისა. ერთ-ერთი ფაზისელი ეპისკოპოსი კვიროსი დაწინაურებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქად.

მე-10 საუკუნიდან ფაზისის სამიტროპოლიტო საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის მცხეთის კათალიკოსს დაექვემდებარა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჰეროდოტე. ისტორია 9 წიგნად. / თარგმნ., მიშენკო ფ.გ. 2 ტ. მ., 1885—1886.
    • 2-ე გამოც., გასწ. 1888.
    • 2-ე გამოც.: მ.: ეკსმო. 2008.
  • ჰეროდოტე. ისტორია. / თარგმნა და შენ. გიორგი სტრატანოვსკი. ლ.: მეცნიერება, 1972. 600 ფ. 50000 ეგზ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. როსტოვცევი მ. ი. სკვთეთი და ბოსფორი. ლ., 1925
  2. იხილეთ სიტყვა „ფასის“ გ. ფრიდრიხის ხეთურ-გერმანულ ლექსიკონში, გვ. 17
  3. სტრაბონი. გეოგრაფია, წიგნი XI, II, 17
  4. ჰეროდოტე. ისტორია 9 წიგნად. / თარგმნ., მიშენკო ფ.გ. 2 ტ. მ., 1885—1886.
  5. პროკოფი კესარიელი. ომი სპარსელებთან, II, 15-28